21.01.2021
ვახო სანაიას წინააღმდეგ ქარტიას “საქართველოს პარალიმპიურმა კომიტეტმა” მიმართა. კომიტეტი 2020 წლის 13 ნოემბერს გასული გადაცემის იმ ნაწილზე დავობდა, სადაც მიწვეული სტუმრები 12 ნოემბრის საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩს განიხილავდნენ.
მსჯელობისას, ერთ-ერთმა სტუმარმა, გიორგი ჯანელიძემ ასეთი რამ თქვა: “ჩემი აზრით, მაკედონიას უნდა მოეგო, წესით. ამ D ჯგუფში, ეს ფორმატი, რაც მოიგონა “უეფამ”, ჩვენთვის სასარგებლო იყო, მაგრამ, დაახლოებით, ჰგავს, აი, ოლიმპიადაზე რომ დაამატო პარაოლიმპიელი. ამ D ჯგუფის დამატება იქ, ევროპის ჩემპიონატზე. აგერ, იქნება გაისად და ნახავთ, რას მიაღწევს ეს მაკედონია…” შემდგომ კვლავ განაგრძო დისკრიმინაციული მსჯელობა: “ამ D ჯგუფში, ამ პარაოლიმპიელებში, უხეშად რომ ვთქვათ...” რესპონდენტის ამ განცხადებებზე გადაცემის წამყვანს ვახო სანაიას რეაგირება არ ჰქონია.
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”, - ვკითხულობთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაციის) პრინციპში.
განმცხადებელი საჩივარში უთითებდა, რომ ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გამიჯვნოდა ან დაპირისპირებოდა რესპონდენტის დისკრიმინაციულ განცხადებებს.
“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის წევრი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, აღიარებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის გამო ნებისმიერი პიროვნების დისკრიმინაცია არის ადამიანის თანდაყოლილი და განუყოფელი ღირსების დარღვევა. აგრეთვე ეროვნულ დონეზე, კერძოდ, “სპორტის შესახებ” საქართელოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი აღიარებულია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანასწორ ორგანიზაციად. შესაბამისად საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის და ამ კომიტეტის ქვეშ გაერთიანებული პარალიმპიერი სპორტსმენების კნინობით კონტექსტში მოხსენიება არაეთიკურია და ეს ქმედება დისკრიმინაციულად ხაზს უსვავს ამ ადამიანთა შეზღუდულ შესაძლებლობებს. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით კი აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია”, - ვკითხულობთ “საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის” განცხადებაში.
მეტი დეტალი, რას მიაქცია ქარტიის საბჭომ ყურადღება საქმის განხილვისას, მოგვაინებით გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება.