კატეგორია: ეთიკა
ბოლო რამდენიმე დღეა გამოცემების ნაწილი აქვეყნებს მასალებს თბილისში
ახალგაზრდა კაცის დაჭრის შესახებ და აქცენტირებს, რომ დანაშაული
ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანმა ჩაიდინა.
კაცის დაჭრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში
ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა გაავრცელა. მან ფეისბუკის პირად
გვერდზე ჩართო
პირდაპირი ეთერი საავადმყოფოდან,
სადაც დაზარალებულის მშობელი და ადვოკატი იმყოფებოდნენ. დაშავებულის
დედა პირდაპირ ეთერში შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებდა
ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს. ტელეწამყვანი და ადვოკატი, ისევე
როგორც დაშავებულის მშობელი, აქცენტს აკეთებდნენ სავარაუდო დამნაშავის
ფსიქიკური ჯანმრთელობაზე და მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანები
საზოგადოებისთვის საშიშად და პოტენციურ დამნაშავეებად
გამოჰყავდათ.
ვიდეო მალევე გაავრცელეს სხვადასხვა ონლაინ გამოცემებმა და საიტებმა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის არ არსებობს არც სამედიცინო
დასკვნა და არც სხვა ოფიციალური ცნობა დამნაშავის ფსიქიკური
მდგომარეობის შესახებ, გამოცემები მტკიცებით ფორმაში იუწყებოდნენ, რომ
კაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირი დაესხა თავს და
დანაშაულის მოტივსაც სწორედ მის ფსიქიკურ აშლილობას
უკავშირებდნენ.
მსგავსი გაშუქებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე
ადამიანების სტიგმატიზება მოხდა. გავრცელებულ ინფორმაციას მალევე
მოჰყვა სტერეოტიპული და სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები.
კონტექსტი ცალსახად მიუთითებდა იმაზე, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის
პრობლემების მქონე ყველა ადამიანი პოტენციური დამნაშავეა.
“რასაკვირველია, ძალადობა და
ფსიქიკური ჯანმრთელობა დაკავშირებულია ერთმანეთთან, მაგრამ უფრო იმ
თვალსაზრისით, რომ თვითონ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე
ადამიანები არიან, ასე ვთქვათ, სამიზნე. ისინი უფრო არიან
მსხვერპლები, ვიდრე მოძალადეები. თითოეული შემთხვევა, რომელსაც მედია
აქცევს ხოლმე ყურადღებას, ისე უნდა გაშუქდეს, რომ ეს კონტექსტი
გათვალისწინებული იყოს”, - ამბობს GIPA-ს პროფესორი, მედიამკვლევარი
და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერი მოძრაობა „ღია-ს”
დამფუძნებელი თიკო ცომაია.
მისივე თქმით, მედია განსაკუთრებული სიფრთხილით და ყურადღებით უნდა
მოეკიდოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული
საკითხების გაშუქებას: “მედიამ ისე უნდა მოახერხოს ინფორმაციის
გადმოცემა, რომ იარლიყები არ მიაწებოს ადამიანს. მითუმეტეს, თუ რაღაც
ტერმინებს ისედაც აქვს სტერეოტიპული და წინასწარგანწყობითი
მნიშვნელობები. მსგავსი საკითხების გაშუქებისას, ყველაზე დიდი ამოცანა
არის, რომ ჟურნალისტმა არ დააშავოს უფრო მეტად და დაიცვას პრონციპი -
„არ ავნო“ . თუ კიდევ უფრო გააღრმავებ სტიგმას, უსაფუძვლო, არასწორ
შიშებს შექმნი და გააძლიერებ სტერეოტიპებს, პრობლემა მეტად
გაღრმავდება".
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაშუქების
სახელმძღვანელო ხაზგასმით
მიუთითებს, რომ მიუღებელია, ადამიანის მიერ სხვადასხვა ქმედების
მტკიცებითი ფორმით დაკავშრება მის დიაგნოზთან, როდესაც დადასტურებული
არ არის, რომ კონკრეტული ქმედება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო
გამოწვეული. მსგავსი მიდგომა საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას, თითქოს
ფსიქიკური ჯანმრთელობის რომელიმე კონკრეტული პრობლემის მქონე
დიაგნოზის მქონე ყველა პირი ამგვარად იქცევა.
“სტიგმის გაძლიერებაში შესაძლებელია დიდი როლი ითამაშოს მედიის მიერ
ამ თემის არასწორმა გაშუქებამ. ამიტომაც ჟურნალისტმა კარგად უნდა
გააცნობიეროს რატომ ასახელებს პირის დიაგნოზს, რა დამატებით
ინფორმაციას აწვდის აუდიტორიას და რა უარყოფითი შედეგი შეიძლება
მოიტანოს არამხოლოდ მასალის გმირისთვის, არამედ ყველა იმ პირისთვის,
ვისაც რაიმე სახის პრობლემა აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან
დაკავშირებით”, - ვკითხულობთ ქარტიის სახელმძღვანელო წესებში.
თიკო ცომაია ამბობს, რომ კონკრეტული შემთხვევების გაშუქებისას მედიის
ამოცანა სისტემური პრობლემის ჩვენება უნდა იყოს: “პასუხისმგებლობა ვის
ენიჭება იმაზე, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე
ადამიანმა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა? სახელმწიფოში არსებობს კი
სერვისები? რა პოლიტიკაა, რა დაფინანსებაა, რამდენად დაცულები არიან
და აქვთ თუ არა ხელმისაწვდომობა საჭირო სერვისებთან? - მედიამ უნდა
გაითვალისწინოს ეს ყოველივე და ისე გააშუქოს კონკრეტული შემთხვევები.
კონტექსტი უნდა მოაყოლოს, სტიგმა რომ არ გააძლიეროს, უფრო არ გარიყოს
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები საზოგადოებისგან
და უფრო მეტი ძალადობა არ გამოიწვიოს.”
ფსიქიკური ჯანმრთელობის გაშუქების სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ
პირის შესაძლო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის ხსენება კრიმინალის
ან ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, განსაკუთრებით დაუშვებელია.
“კრიმინალური ამბების გაშუქებისას ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე
ხაზგასმა ხელს უწყობს ზოგადად თემის სტიგმატიზებასა და ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების პოტენციურ დამნაშავეებად
წარმოჩენას. კვლევები ცხადყოფს, რომ მოძალადეთა და მძიმე დანაშაულების
ჩამდენთა უმეტესობას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, ხოლო
ფსიქიკური ჯანმრთელობის რომელიმე პრობლემის დიაგნოზის მქონე
ადამიანების სრული უმეტესობა მოძალადე არ არის და არც კანონთან
ჰქონიათ პრობლემები”.. - ვკითხულობთ დოკუმენტში.