ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და ღამის კლუბების დემონიზაცია ონლაინმედიაში
02.05.2018
ბოლო რამდენიმე დღეში სავარაუდოდ უცნობი ნივთიერების ინტოქსიკაციით ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი ახალგაზრდა ამ დრომდე კომაშია. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და გარემოებები დადგენილი არაა, ონლაინმედიის ნაწილი კი გვარწმუნებს, რომ ეს ადამიანები ე.წ. კლუბური ნარკოტიკის ზედოზირებამ იმსხვერპლა, რომლებიც თითქოს კლუბებში იყიდება.

მომხდარს სოციალურ ქსელში დისკუსია და ბევრი ემოციური კომენტარი მოჰყვა. მომხმარებელთა ნაწილი კლუბების დახურვას მოითხოვს და წერს, რომ იქ “ბავშვებს რყვნიან”, ნაწილი კი თემას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ჭრილში განიხილავს და ამბობს, რომ ამით უარეს შედეგებს მივიღებთ.

ეს შემთხვევაც, ისევე როგორც სხვა, მსგავსი ფაქტები, ახლაც მედიის დღის წესრიგში მოხვდა. თუმცა, ონლაინმედიის ნაწილი მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარების ციტირებით შემოიფარგლა. ამგვარ გამოცემებს მკითხველისთვის არც გადამოწმებული ფაქტები შეუთავაზებიათ, არც პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციაზე უმსჯელიათ და არც სხვადასხვა მხარის პოზიცია უჩვენებიათ. ასეთმა მიდგომამ კი, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად, არასწორ დისკუსიას, სტერეოტიპების გამყარებასა და თემის დემონიზაციას (ნეგატიურად წარმოჩენას) შეუწყო ხელი.

ამის ნათელი მაგალითია ჯონდი ბაღათურიას მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსის ახალ ამბად ქცევა. ბაღათურიამ 29 აპრილს დაწერა, რომ “ბოლო 4 დღეში თბილისში 12 მოზარდი გარდაიცვალა კლუბური ნარკოტიკით და ეს ტრაგედია ყველა ოჯახს შეიძლება დაატყდეს, რადგან პოლიცია ვერაფერს აკეთებს იმის გამო, რომ კლუბები უმაღლესი თანამდებობის პირებს ეკუთვნის”.

ბაღათურიას ეს განცხადება ონლაინმედიების ნაწილმა უცვლელად, დამატებითი ინფორმაციის გარეშე გამოაქვეყნა.  მაგალითად: Alia.ge, ww.ge, dainteresdit.ge, metronome.ge, cyc.ge, sazogadoeba.ge, newsroom.com.ge, sarkenews.ge, dianews.ge, gmvt.ge. ამით მათ ფაქტობრივად მხოლოდ ჯონდი ბაღათურიას პლატფორმის როლი შეასრულეს. გარდა იმისა, რომ სტატუსი დაუდასტურებელ და არაზუსტ ინფორმაციას შეიცავს (რეალურად ორი ადამიანი გარდაიცვალა), გამოცემებს მომხმარებლისთვის ალტერნატიული აზრი არ შეუთავაზებიათ. მასალებში არაა წარმოდგენილი არცერთი კლუბისა თუ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლის პოზიცია.

მსგავსი, დაუბალანსებელი და გადაუმოწმებელი მასალა გაავრცელა 30 აპრილს newposts-მაც. სტატიის - "კლუბური ნარკოტიკების გასაღების უკან ხელისუფლების და შოუბიზნესის წარმომადგენლები დგანან - მამა პეტრეს სკანდალური განცხადება”, უდიდესი ნაწილი ეთმობა მღვდელ პეტრე კოლხის მოსაზრებებს, რომლის მტკიცებით, ღამის კლუბებში არასრულწლოვნები დადიან და მათ იქ ნარკოტიკებს სთავაზობენ. მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა პეტრე კოლხის ნათქვამის გადასამოწმებლად.

“როგორც ამბობენ” - წერს ავტორი და აგრძელებს - “სწორედ “მეფედრონმა” იმსხვერპლა 22 წლის ახალგაზრდა”, თუმცა ბუნდოვანია ვინ ამბობს ამას. მკითხველისთვის გაუგებარი რჩება ვინაა ინფორმაციის წყარო. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად კი, ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.

ტერმინი “კლუბური ნარკოტიკი” აერთიანებს იმ ნივთიერებებს (MDMA, LSD და სხვა), რომელთა მოხმარების შემთხვევაში ადამიანი ეიფორიისა და ენერგიის მოზღვავებას გრძნობს. “კლუბური ნარკოტიკი” არ ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ კლუბებშია ხელმისაწვდომი და არ შეიძლება მათი მოხმარება რესტორანში, სახლში, პარკში და ა.შ. (თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ქმედება დასჯადია). შესაბამისად, ბუნდოვანია, რატომ უკავშირებს ქართული მედიის ნაწილი ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებულ ამბებს, ხშირად, კლუბებს.

უცნობი ნარკოტიკული საშუალებით შესაძლო ინტოქსიკაცით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევების გაშუქებისას, უმჯობესია, მედიამ კარგად გადაამოწმოს ყველა ფაქტი და განცხადება, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, ფოკუსირდეს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, სავარაუდოდ რომელი ნივთიერება გახდა ადამიანების დაღუპვის მიზეზი, არის თუ არა მხოლოდ ამ ნივთიერების მოხმარება მომაკვდინებელი თუ ფატალური შედეგი მხოლოდ სხვა ნივთიერებებთან ერთად მიღების დროს დგება, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ზედოზირების დროს და ა.შ. მით უმეტეს, როდესაც არსებობს ნარკოტიკების საკითხზე მომუშავე ჯგუფი და მათი რეკომენდაციაც ისევე მარტივად ხელმისაწვდომია, თუნდაც იგივე სოციალურ ქსელში, როგორც სხვადასხვა პირების განცხადებები.


თეგები : სტიგმატიზება; არაზუსტი ინფორმაცია ; ბალანსი;
ავტორი : თორნიკე მანდარია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ