ბლოგი
კატეგორია - ბლოგი


რა შემთხვევაში შეიძლება ვენესუელელმა მადურომ, რომელიმე ამაყმა ქოცმა ზარქუამ, რუსეთის ყოფილმა პრემიერმა მედვედევმა, ბელარუსის მარადიულმა პრეზიდენტმა ლუკაშენკამ და მარინ ლე პენმა თანამედროვე სამყაროს ყველაზე მამაცი ლიდერი ზელენსკი კლოუნად მოიხსენიონ?!

ა) თუ ზელენსკი მართლა კლოუნია
ბ) თუ ზემოთ აღიშნული პირები საერთო პროპაგანდისტულ ხაზს მიჰყვებიან, რომელიც, მათ შორის, ერთი და იგივე სიტყვების, ფრაზებისა და კონცეფციების გავრცელებას გულისხმობს. 

დიქტატურის საყრდენი რომ ძალოვნების გარდა პროპაგანდაცაა, ეს თეორიულად ყველამ იცის, თუმცა პრაქტიკაში, მთელი ბრწყინვალებით, მაშინ ვიხილეთ, როცა ივანიშვილის თავზეხელაღებულმა სპეცრაზმელებმა მომიტინგეები არაერთხელ, არამხოლოდ სამსახურეობრივი, არამედ იდეოლოგიური მოტივებითაც დაასისხლიანეს პროპაგანდისტული შეძახილების ფონზე: „ომი გინდათ?“; „კაცები უნდა გაათხოვოთ?“ ; „ასლარიანო პუტანკებო“ … აშკარად ჩანდა, რომ ხალხის ცემისგან თავისუფალ დროს მთლიანად პროპაგანდისტული მედიებიდან იღებდნენ „განათლებას“.

პროპაგანდისტული ჰაბი რუსეთშია. ყველა ქართველი, სამხრეთ ამერიკელი თუ ევროპელი პრორუსული ძალა აქედან იღებს მთავარ მესიჯებსაც, ლოზუნგებსაც და „არგუმენტებსაც“.

მხოლოდ პირდაპირი პროპაგანდა რეჟიმის მომხრეებზე მუშაობს, მერყევი, დაბნეული და გარკვეულწილად ინდეფერენტული ხალხისთვის კი ირიბი მესიჯები მუშავდება, რომელიც ერთი მხრივ, გულგრილი ნაწილის გადმობირებას ემსახურება, მეორეს მხრივ კი, პროტესტში განხეთქილების შეტანას, ფოკუსის გადღაბნას და დემორალიზაციას ცდილობს.

როგორ ახშობდა ლუკაშენკას რეჟიმი პროტესტს?

პროტესტის მონაწილეების დისკრედიტაცია - სამთავრობო მედიები ( ОНТ, СТВ и Беларусь 1) ცდილობდნენ პროტესტის მომხრეების გაშავებას. ტელევიზორთან მიმსხდარ ხალხს არწმუნებდნენ, რომ პროტესტის მონაწილეებს დასავლეთის ფულით ნაყიდი სასმელი, ნარკოტიკები და გეობა აინტერესებდათ. მათი მიზანი ქვეყნის ტრადიციული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრიობის შერყვნა იყო. ვრცელდებოდა ამის „დამადასტურებელი“ დამონტაჟებული ვიდეოები.

არანაირი რეალური უკმაყოფილება არ არსებობს, პროტესტი ხელოვნურად ორკესტრირებულია დასავლეთის ფულით და პროპაგანდით - აცხადებდნენ რეჟიმის კარის მომღერლები, სპორტსმენები და ინფლუენსერები. 

ოპოზიციის დისკრედიტაცია - ლუკაშენკას რეჟიმი მედიების საშუალებით ავრცელებდა ნარატივს, რომ ოპოზიციას სინამდვილეში არანაირი მხარდაჭერა ხალხისგან არ გააჩნია, იმართება დასავლეთისგან, იღებს ბრძანებებს ამერიკელი და ევროპელი დონორებისგან (ბელარუსში ასეთ „ბუა ქვეყნებად“ ძირითადად პოლონეთი და ლიტვა სახელდებოდა), იტანჯება კოლონიალური სინდრომით, სურს ბელარუსის სრული გაჩანაგება და მისი დასავლეთის კოლონიად გადაქცევა. 

მედია ხშირად იმეორებდა სიტყვებს: „რადიკალი“; „ექსტრემისტი“; „მოღალატე“, რომ კარგად გამჯდარიყო მაყურებლის, მსმენელის, მკითხველის ლექსიკონში. 

რეპრესიების გამართლება - ბელორუსში ათასობით მომიტინგე აქტივისტია დაჭერილი. უმეტესობას აწამებენ, შეურაცხყოფენ, ულახავენ ღირსებას. ამ ყველაფერს კი პროპაგანდა იმით ამართლებს, რომ სხვა შემთხვევაში ქვეყანა ჩამოიშლება და დასავლეთის მარიონეტი გახდება. სამაგალითო დასჯა როგორც „ომონის“, ისე ტიტუშკების მხრიდან ემსახურებოდა მოსახლეობის დაშინებას და თვითცენზურის ჩართვას. 

„გამწარებული ხალხის“ ჩართულობა სამთავრობო თავდასხმებში - ონლაინ ტროლების გარდა, რომლებიც პროტესტის მონაწილეებს თავს ესხმოდნენ სხვადასხვა სოციალურ მედიაპლატფორმაზე, ტიტუშკებიც ჩართულები იყვნენ პროტესტთან ბრძოლაში. ჩვეულებრივ მოქალაქეებად გადაცმული სპეცსამსახურების თანამშრომლები მინსკის მეტროში თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მოქალაქეებს, რომლებიც თეთრ-წითელ-თეთრ საპროტესტო სიმბოლიკას ატარებდნენ. ხშირად ჯანიანი ტიტუშკები პატრულირებდნენ სხვადასხვა უბანში, „მოღალატე პროტესტანტებს“ სადარბაზოებთან აკავებდნენ და გადასცემდნენ „ომონს“. 

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს გალინა აბაკუნჩიკს დაუდგენელმა პირებმა სასტიკად სცემეს „ხალხის მტრობის“ გამო. 

სამთავრობო მედიების ამოცანა დაპირისპირების გამძაფრება და პროტესტის მონაწილეების დეჰუმანიზაცია იყო. პროპაგანდით მოწამლულ ბელორუსს უნდა ეთქვა: „ღირსია! ხალხის მტრები უნდა განადგურდნენ!“ 

განხეთქილება ოპოზიციაში - 2020 წლის მერე ქვეყნიდან წასულ ოპოზიციონერებს შორის, ერთი შეხედვით, არსებობს შეთანხმება კონსოლიდაციაზე, ფოკუსის გასწორებაზე, პოლიტპატიმრების დახსნაზე, თუმცა ხშირად მეტი დრო ურთიერთბრალდებებსა და გარჩევებს მიაქვს, ვიდრე რეალურ სტრატეგიაზე მუშაობას. პროტესტის აქტიურმა ფაზამ და დუღილმა დიდი ხანია გადაიარა. ოპოზიციონერების დიდი ნაწილი განეიტრალებული, დაჭერილი ან ქვეყნიდან განდევნილია. 

„ბუნებრივია, რომ ხალხი დღევანდელ, ყოფით პრობლემებზე ფოკუსირდა, პოლიტიკა ყოველთვის ემოციაა, ემოციას კი ყოველთვის მაღალ დონეზე ვერ შეინარჩუნებ“, - ამბობს ქვეყნიდან წასული ოპოზიციონერი ვალერი ცეპკალო. ირიბად აღიარებს, რომ ამ ეტაპზე მომენტუმი ხელიდან გაშვებულია. 

ლუკაშენკმა დასავლეთში ლეგიტიმურობა სრულად დაკარგა, ამიტომ მისი პოლიტიკური ბედი და რეჟიმის სიმყარე მთლიანად ჩამოკიდებულია რუსეთზე. რუსეთი ავტოკრატების და ქაოსში ღლავებზე მონადირეების ნამდვილი მეგობარია.
დღეს, ოფიციალური მონაცემებით, რეჟიმს 2020 წლიდან დღემდე 1420 პოლიტიკური ტყვე ჰყავს. სამართალდამცველები ამბობენ, რომ სისხლის სამართლებრივად დევნილია 4300 ადამიანი. 

ლუკაშენკას პოპულიზმიც და რეპრესიებიც მზარდია. სხვანაირად შეუძლებელია ხელისუფლების შენარჩუნება. ამიტომ არავის გაკვირვებია, რომ 2025 წლის არჩევნებში ლუკაშენკამ 86, 82% აიღო. 

რუსული პროპაგანდის პატერნი, სამწუხაროდ, უკვე ბელარუსის მაგალითზე კი არა, საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ. უბრალოდ, ჩვენ ჯერ პროცესში ვართ და გვაქვს შანსი, საკუთარი, სხვანაირი წარსული და ბელარუსების წარუმატებელი ბრძოლა გაკვეთილად გამოვიყენოთ. თავი კი არ დავიმშვიდოთ, „აქ ბელარუსი არ გამოვაო“, არამედ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მრავალჯერ გამოცდილი რუსული შაბლონის კიდევ ერთ ქვეყანაში გამარჯვება.

დღეს ლუკაშენკას სტრატეგია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ხმის ამომღებების სრული განეიტრალება, პროტესტის ხმის ჩახშობა და ყოფილი ამბოხებულების საკუთარ სამსახურში ჩაყენებაა. ავტოკრატია და დიქტატურა უკიდურესად ცინიკური მექანიზმია, სწორედ ამით იხსნება ყოფილი ბელორუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის ბედი, რომელიც ჯერ თვითმფრინავიდან ჩამოსვეს, აწამეს და დაამცირეს, მერე კი, 2025 წელს ლუკაშენკას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად აქციეს. 

ამიტომ ჩვენ ბევრი და ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ ყველასა და ყველაფერზე, რასაც ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლება ეხება და ჩაგრავს. რაც მთავარია, ჩვენი ხმა უნდა ესმოდეს არამარტო დასავლეთს, არამედ ტელეკომპანია „იმედის“ მსხვერპლთაც, რომლებიც კორუფციის, დაუდევრობისა და ფეოდალური მართვის გამო მომხდარ ტრაგედიებზეც ერთხმად იმეორებენ: „ნუ აპოლიტიკურებთ“. ალბათ, მრავალი წუთი, საათი და დღე დასჭირდება იმის ახსნას, რატომ არის ბავშვების სიკვდილი ამ ქვეყანაში პოლიტიკური. 

ახლა მთავარია, რეჟიმის სამი ძირითადი საყრდენიდან ერთ-ერთი - პროპაგანდა დავასუსტოთ. ამას სჭირდება კრიტიკული მედიების, პროტესტში მონაწილე ხალხის, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საერთო მიზანი, რომელიც პირველ რიგში, რეჟიმის პროპაგანდას გაანეიტრალებს და არა - ერთმანეთს. 

მრავალფეროვნება და განსხვავებულობა ერთობას არ გამორიცხავს. შიში, ნიჰილიზმი და კონფლიქტები, რომელსაც „იმედის“, „რუსთავი 2-ის“, POSTV-ისა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გარდა, პროპაგანდით მოწამლული საზოგდოების ნაწილიც ასე აქტიურად კვებავს, დასაძლევი და გადასატეხია. ზოგჯერ ერთმანეთის მიმართ გულწრფელი და სამართლიანი ბრაზი რეჟიმს აძლიერებს, ჩვენ კი გვასუსტებს და ენერგიას გვაცლის. ბანალურად ჟღერს, მაგრამ ზოგჯერ ეშმაკი სწორედ ბანალური ჭეშმარიტების დაცინვასა და უარყოფას ცდილობს.





ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
კატეგორია - ბლოგი



ამ ბლოგში, როგორც თავად „საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში“ წერია, მხოლოდ უტყუარ ფაქტებს, ზუსტ მონაცემებს დავეყრდნობი და დასკვნების გამოტანას მკითხველს მოგანდობთ. 

2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. პირველ დღეებში სპეციალური დანიშნულების რაზმი აქციების დასარბევად სპეციალურ საშუალებებსაც იყენებდა. შსს-ის ძალები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ მედიის წარმომადგენლების მიმართ. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ შორის აღმოჩნდნენ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლებიც. 

შესადარებლად ვნახოთ, როგორ გააშუქა მაუწყებელმა დათო ბეჟანიშვილისა და ბესო გაფრინდაშვილის შემთხვევები. ტელევიზიის პირდაპირი ჩართვის ოპერატორი, დათო ბეჟანიშვილი 29 ნოემბერს სპეცრაზმელებმა სცემეს, „მოამბის“ ოპერატორს, ბესო გაფრინდაშვილს კი 4 დეკემბერს საპროტესტო აქციის მონაწილის მიერ ნასროლი პიროტექნიკა ხელში მოხვდა.




დათო ბეჟანიშვილის საქმე


29.11.2024, „მოამბე“ 12:00 საათზე 

“საპროტესტო აქცია თბილისში. რუსთაველზე შეკრებილების მოთხოვნა, დაპირისპირება პოლიციასთან და დაკავებები”, - ასეთია 12-საათიანი „მოამბის“ ინტრო. ამ გამოშვებაში ნახსენებია დაშავებული ჟურნალისტები, მაგრამ არ არის ნაჩვენები კადრები.

„მოამბის” წამყვანი, ლიზა წიკლაური გვიამბობს, რომ: „გუშინ, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებული სხვადასხვა საშუალებების შედეგად აქციის მონაწილეებთან ერთად დაშავდნენ ასევე, სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები. მათ შორის არის „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ ჩართვის თანამშრომელი დავით ბეჟაშვილი, რომელსაც სახის და სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება.” 

ამის შემდგომ მასალაში წამყვანი ამბობს, რომ გასულ ღამეს, „აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებიც დაშავდნენ. 20-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა უფრო კონკრეტულად, მათ შორის ფიზიკური დაზიანება მიიღო „ფორმულას“ ჟურნალისტმა, გურამ როგავამ, „პუბლიკას” ჟურნალისტმა, ალექსანდრე ქეშელაშვილმა და ასევე, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა, დავით ცაგარელმა.” 

ამის შემდეგ „პირველი არხი“ უკვე ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებს: “რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. მათ შორის დაზიანება მიიღო საქართველოს პირველი არხის თანამშრომელმა დავით ბეჟანიშვილმა. პირველი არხი მიმართავს შესაბამის უწყებებს, აღნიშნული ფაქტი გამოიძიონ და მოახდინონ რეაგირება, ასევე, გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს შესაბამის სტრუქტურებთან.”

29.11.2024, „მოამბე” 15:00 საათზე 

15:00-საათიან „მოამბეში“ უკვე გავიდა, „რადიო თავისუფლების“ ლოგოთი, გურამ როგავაზე თავდასხმის კადრები. ასევე, ჩანს დავით ბეჟაშვილის ცემის კადრებიც, მაგრამ მისი იდენტიფიცირება და ახსნა, რომ სწორედ ეს ადამიანია „პირველი არხის“ ჩართვის ოპერატორი არ ყოფილა. ასევე, იდენტიფიცირების გარეშე ჩანს „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტზე თავდასხმის რამდენიმეწამიანი კადრი. 

29.11.2024, „მოამბე” 18:00 საათზე, წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელიც გამოთქმული პროტესტის გამო, დაახლოებით ერთ თვეში გამოშვებას ჩამოაცილეს.

18:00-საათიან „მოამბეში“ ჩანდა, რომ წამყვანის ტექსტი, რომელიც ჟურნალისტების დაშავების ფაქტებს დეტალურად აღწერდა, ეთერში გასულ კადრებთან აცდენილი იყო. მიზეზი გახლდათ ის, რომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ტექსტი მხოლოდ მას ეკუთვნოდა და არ იყო შეთანხმებული წინასწარ აწყობილ კადრებთან. 



ამის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ 29.11.2024-ის „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში, 21:00 საათზე, მაყურებელი დეტალურად მოისმენდა და ნახავდა ინფორმაციას ტელევიზიის დაშავებული თანამშრომლის შესახებ, მაგრამ ასე არ მოხდა. 

 „დაშლილი საპროტესტო აქცია და დაშავებული ჟურნალისტები“, - პირველივე სიუჟეტიამ სახელწოდებით გადის. აქაც ისმის დაშავებული ჟურნალისტების გვარები, მაგრამ ისევ და მაინც არ არის აღწერილი, როდის, რა პირობებში და რამდენად დაშავდნენ ისინი. კადრებში, რომელიც ეკრანზე ჩანს, დაზარალებულების იდენტიფიცირება ისევ შეუძლებელია. “რამდენიმე ჟურნალისტი სამართალდამცავთა მიერ ძალის გადამეტების შედეგად დაშავდა და მათ საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიიღეს, მათ შორის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური ჯუფის წარმომადგენელი დავით ბეჟანიშვილი, „ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა, „რადიო თავისუფლების” რეპორტიორი, დავით ცაგარელი, ონლაინ გამოცემა “რესპუბლიკას” [იგულისხმება „პუბლიკა“, ნ.კ.] ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი და სხვები“, - ისმენს მაყურებელი.



ბოლოს, მხოლოდ 10 დღის შემდეგ, 9 დეკემბერს, 21:00-საათიან “მოამბეში” გადის ვრცელი სიუჟეტი დაშავებული ჟურნალისტების შესახებ, რომლის ავტორიც ბელა ზაქაიძეა. აქ მაყურებელი ნახავს ინტერვიუს ყველა დაშავებულთან და მათ შორის დათო ბეჟანიშვილთანაც. 


ბესო გაფრინდაშვილის საქმე 

ბესო გაფრინდაშვილი 04.12.2024-ის „მოამბის“ 12:00-საათიანიამოშვების პირველივე სიუჟეტში - „დაშავებულების მდგომარეობა“ ახსენეს და ოთხჯერ, განმეორებით აჩვენეს კადრი, როგორ ესვრის მას აქციის მონაწილე პიროტექნიკას. შემდეგი სიუჟეტის სახელწოდებაა - „საპროტესტო აქცია თბილისში“, სადაც „მოამბის” წამყვანი, ლიზა წიკლაური დაშავებული მედიის წარმომადგენლების შესახებ კითხულობს ტექსტს: “რაც შეეხება უშუალოდ მედიის წარმომადგენლებს, როგორც უკვე მოისმინეთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა. ბესო გაფრინდაშვილს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე გაუწია სამედიცინო დახმარება, თუმცა დამატებითი კვლევებისთვის ის გადაიყვანეს საავადმყოფოში. ოპერატორს ხელი აქვს დაზიანებული და ის კლინიკიდან ცოტა ხნის წინ გაწერეს.”  

04.12.2024-ის 15:00-საათიან „მოამბეში” წამყვანი „პირველი არხის“ თანამშრომლის დაზიანების შესახებ ისევ გვიამბობს და ისევ განმეორებითი კადრებით გვაჩვენებენ მომიტინგეს, რომელიც ბესო გაფრინდაშვილს ფოიერვერკს დამიზნებით ესვრის.

თუკი, 12:00-საათიან „მოამბეში“ ექიმის სატელეფონო ინტერვიუ გაუშეს, რომელიც დაზარალებულების შესახებ ჰყვებოდა და რთული გასარჩევი იყო, ვის მდგომარეობას აღწერდა, 15:00-საათიან გამოშვებაში უკვე მისი ვიდეო ინტერვიუ აჩვენეს, რომელიც დაშავებული ოპერატორის, ბესო გაფრინდაშვილის შესახებ ამბობს: „შემოვიდა ჩივილებით, ტკივილები მესამე/მეოთხე თითის საფრჩხილე ფლანგის არეში. დაედო რბილი ნახვევი ფლანგებზე და რეკომენდაციით გაეწერა ბინაზე.” 

4 დეკემბრის მთავარ გამოშვებაში -მოამბე” 21:00 საათზე, ისევ განმეორდა ტელევიზიის ოპერატორის დაშავების ამბავი, სადაც ნაჩვენები იყო ექიმის კომენტარი, აქციის მონაწილის კადრები განმეორებით, რომელიც ბესო გაფრინდაშვილს ფოიერვერკს ესვრის და ოპერატორი სასწრაფო დახმარების მანქანიდან. 

როგორ ფიქრობთ, „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ საინფორმაციო გამოშვებაში ერთი და იმავე პერიოდში დაზარალებული თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია რატომ გაშუქდა განსხვავებულად? მაგალითად, თუკი ერთ შემთხვევაში არ დასახელდა თავდამსხმელი, არ გვაჩვენეს დაზარალებული და არ ჩაწერეს ექიმის კომენტარი, რატომ მოიქცნენ მეორე ინციდენტის დროს საპირისპიროდ? რატომ გვაჩვენეს თავდამსხმელი, დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანიდან და ექიმის კომენტარი?  

სამაგიეროდ, 30 იანვარს, „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც არხის მენეჯმენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა, თინა ბერძენიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განსხვავებული პოზიციის მქონე ჟურნალისტების და მათ შორის, ვასილ ივანოვ ჩიქოვანის მისამართით თქვა: „მე არ მახსოვს, ჩვენს თანამშრომლებს, იმ ოცამდე ადამიანს, რომელიც ახლა იდეას იცავს, დათო ბეჟანიშვილის სახელი და გვარი ეხსენებინოს სადმე. რატომ? რადგან ის ცნობადი სახე არ არის? რადგან ის ჩართვის ოპერატორია?” 





ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.




კატეგორია - ბლოგი



„საზოგადოებრივი მაუწყებლის” შესახებ მეც მოვყვები ერთ პატარა ამბავს, მოგვიანებით კიდევ უფრო მეტ საინტერესო რამეს გაგიზიარებთ კოლეგებთან ერთად, მაგრამ სხვა ფორმატში. 

ამ სქრინზე ჩანს "პირველი არხის" ვების რედაქტორთან, ირინა დეკანოიძესთან ჩემი ბოლო მიმოწერა. 

2024 წლის 19 აპრილს ფლორიდაში, ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში შეკრებილ თანამოქალაქეებს. იმ დროს მეც იქ ვიყავი და შეკრების ორგანიზატორებს ამბის გავრცელებაში ვეხმარებოდი.

ემიგრანტების თხოვნით, ძალიან ამომწურავი ინფორმაცია (პრესრელიზის სახით), ფოტოები და ვიდეომასალა პირადად ირინა დეკანოიძეს გავუგზავნე. 

ყველას გვეგონა, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” არათუ კეთილ ნებას გამოიჩენდა, არამედ, ვალდებულიც კი იყო, ემიგრანტებისთვის დაეთმო ყურადღება, თუმცა, დეკანოიძისგან პასუხად მხოლოდ ეს დამცინავი ემოჯი მივიღე - alt

ასეთი რეაქცია ძალიან გულსატკენი იყო ყველასთვის. 

“საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” ანუ საზოგადოების ყველა წარმომადგენლის, მათ შორის ქართველი ემიგრანტების ტელევიზიიდან, წესით, ზუსტადაც რომ ხალხის ხმა უნდა ისმოდეს, -  ”საზოგადოებრივი  მაუწყებელის” იდეაც ხომ ეს არის, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს საზმაუს ხალხისთვის არ სცალია. 

ირინა დეკანოიძე იყო ის ერთ-ერთი რედაქტორი, რომელიც “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ჩემზე თავდასხმის ამბავს ბლოკავდა. 

ამ თემის იგნორირება "მოამბის" თანამშრომლების ნაწილმა ხმამაღლა გააპროტესტა და მათ შორის იყო ვასილ მაღლაფერიძის კადრად მიჩნეული ჟურნალისტიც, მას უკითხავს: “რატომ არ ვაშუქებთ ჩვენს კოლეგაზე თავდასხმას? სხვა სააგენტოს ნიუსს რატომ უნდა ვდებდე ფეისბუქზე, მინდა, ჩვენი ვებგვერდის მასალა გავაზიაროო". 

გაინტერესებთ, რა უპასუხა ირინამ? - alt

წნეხის შედეგად, ჩემზე თავდასხმა პირველად 10 საათის დაგვიანებით აჩვენეს "მოამბის" ეთერში. 

29 ნოემბერს, 15 საათსა და 11 წუთზე აიტვირთა "პირველი არხის" საიტზე მასალა სათაურით - "დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა", სადაც გაკვრით ჩემზეც ეწერა. 

აი, ასეთია "ხალხის არხი" დღეს. 

დიახ, საზმაუ ნამდვილად იქცა "ჯი-დი-ესად" (GDS), ბიძინა ივანიშვილის კერძო ტელევიზიად, იმ განსხვავებით, რომ ბევრი სხვა პროექტის მსგავსად, ამჯერად ფულს ჩვენ ვიხდით ჩვენივე ჯიბიდან,  მუსიკას კი მაინც ოლიგარქი უკვეთავს (Танцуют все). 

ვიცი, მტკივნეულია ამის აღიარება,  ჩემთვისაც მტკივნეულია, როგორც საზმაუს ყოფილი ჟურნალისტისთვის, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ! -  საზმაუ დღეს არის GDS-ი, ანუ "ქართული ოცნების სტუდია", მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ბევრი ღირსეული და კეთილსინდისიერი ადამიანია, ვინც ამას არ ეგუება და შიგნიდან იბრძვის თამამად და შეუპოვრად! 

მადლობა მათ გამბედაობისთვის!









კატეგორია - ბლოგი


ზოგჯერ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ კაცები რომ იყვნენ რეჟიმის მოძალადე კაცებთან დაპირისპირებული, რამდენ ხანს გასტანდა წინააღმდეგობა?! ამ ბრძოლაში მხოლოდ კაცები რომ იდგნენ - ქალების გარეშე - რამდენ თვეს გავუძლებდით, რამდენ დღეს, რამდენ საათს? 

შეკითხვა რიტორიკულია, რადგან გამოცდილებაც ამას ამბობს და რეალობაც: ქალების გარეშე ეს ბრძოლა ვერც ერთ ჯერზე ვერ მიაღწევდა წარმატებას და კაცებიც ვერაფერს გახდებოდნენ, უსამართლობასთან შეურიგებელი და კოლოსალური მოთმინების, ძალისა და შეურიგებლობის მატარებელი ქალები რომ არ იყვნენ ამ ბრძოლის დომინანტები. ყველაფერ ამას იმიტომ ვუძლებთ, რომ ქალები იბრძვიან და პროტესტი დიდწილად მათ მხნეობაზე, ჭკუასა და უკომპრომისობაზე დგას.

ჟურნალისტ ქალს დიქტატურასთან მებრძოლი ფილიპინელი ქალის წიგნი ეჭირა სასამართლოზე - ასევე ქალი პოლიტიკოსის მიერ თარგმნილი ქართულად: „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“, რაც გადამდებ სიმბოლოდ იქცა უამრავი ადამიანისთვის.

გისოსებს მიღმა მყოფმა მდუმარედ მაცქერალმა ჟურნალისტმა წიგნის სათაურით გადმოგვცა გამამხნევებელი სიგნალი: „აი, ასე უნდა ვებრძოლოთ დიქტატორს!“ - შეუპოვრად, თანმიმდევრულად, დაუღლელად და... წიგნით! ანუ სხვათა გამოცდილების გათვალისწინებითაც, რადგან ახალი დიქტატორები ერთმანეთს გვანან თავიანთ მეთოდებსა და ვნებებში. 

რახან წიგნის ყდა და სათაური წინააღმდეგობის ვიზუალურ მეტაფორად იქცა ამ დღეებში, გავბედავ და ხატსახის შესაძლო პათეტიკურობის მიუხედავად, მეც ახლებურად დავინახავ ქართველი ქალის არცთუ მეტაფორულ სახეს: „ქართლის დედა“ ღვინის თასით და ხმლით დგას სოლოლაკის გორაზე, მაგრამ ჩემთვის ეს ეთნოგრაფიული სიმბოლოა, რომელსაც ქართველის როლის\სახის ზოგადსაბჭოური ელფერი დაჰკრავს - გამრთობიც რომ უნდა იყოს აუცილებლად პერფორმატულ მოხანჯლავეობასთან ერთად, ღვინის თასის მიმწოდებელი... მით უმეტეს, რუსის პირობებში ქართველს მხოლოდ ბუტაფორული ხმალი თუ ეპყრა ხელთ და თუ ნამდვილი ჰქონდა, მხოლოდ რუსის ბრძანებით და რუსულ ომებში საქნევი, ჩემთვის კი დღეს ქართველი ქალი გმირი - ჟურნალისტი ქალია - მოძალადესთან შერკინებული და თასის და ხმლის მაგიერ, წიგნით ხელში მდგომი - ასი ათასჯერ რომ აღემატება ცოდნით, ზნეობითა და გაბედულებით მის წინააღმდეგ დაგეშილ არარაობებს და ახლაც რომ ცამდე მართალია და ისტორიის პერსპექტივითაც რომ მართალი იქნება უკუნითი უკუნისადმე - შვილიშვილები რომ მოჰყვებიან მის ამბავს: როგორ აფურთხებდნენ მას საქართველოს სიყვარულისთვის და ის კი რა მხნედ იდგა! მეტიც, როგორ არ შედრკა დიქტატურის წინაშე!

მებრძოლი და პრინციპული ქალი ქართული ლიტერატურის დისკურსში ყოველთვის წამებული იყო, მწრამსის დაცვა მას სიცოცხლის ფასად უჯდებოდა. ასეთია ქართული ლიტერატურის სათავეებთან მდგომი შუშანიკიც, რომელიც პრინციპს არ ღალატობს, მაგრამ სიცოცხლეს კი კარგავს. ეს მოდელი ქალთა მიმართ ძალადობებისა და ტრაგედიების მიუხედავად, ჩვენ თვალწინ, ფაქტობრივად ყოველდღიურად კარგავს აქტუალობას: ქალი იბრძვის, მაინც იმარჯვებს და სხვებს მიუძღვება გამარჯვებისკენ. ქალი უარს ამბობს იყოს მსხვერპლი, იყოს ბეჩავი და თმენით უპასუხოს შეურაცხმყოფელსა და მოძალადეს. 

თუკი ტრადიციამ ასე ასწავლა, რომ დამცირება უნდა ითმინოს, მაშინ მოძალადებაც უნდა იცოდეს, რომ მონური თმენის ტრადიცია უკვე აღარ არსებობს და ძალადობასა და დამცირებაზე ქალისგანაც მიიღებს პასუხს... როგორც ისტორიულ პასუხს, როგორც ისტორიის მიერ სილის გაწვნას ყველა ფსევდოკანონის საპირწონედ, რომელიც ბოროტმოქმედს იცავს და პატრიოტს ტოვებს ციხეში... 

ეს სილა ყველა იმ ქალის პასუხია, ვისაც მოძალადეები ადუმებდნენ, ტკენდნენ და კლავდნენ არათუ წლების, არამედ საუკუნეების განმავლობაში. და ახლაც - ამ თვეების მანძილზე, როცა წამების „მინივენებში“ და „კორიდორებში“ ცემდნენ ამ ქალების შვილებს, ქმრებს, მამებსა და თავად ახალგაზრდა ქალებსაც! 

ეს მსუბუქი სილა ის ხმალია, გაქვავებულ „ქართლის დედას“ რომ უპყრია და მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია ჰქონდა აქამდე, - რომ ეგონათ, სულ ასე ამაოდ ეჭირებოდა, მხოლოდ ლექსებსა და სადღეგრძელოებში სათქმელად, და თურმე დრო შეცვლილა: ქალი უკვე პასუხობს, იბრძვის და დიქტატორზე იმარჯვებს!        








ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
კატეგორია - ბლოგი


პასუხი დამიგვიანდა, იმიტომ რომ შენი რჩევა გავითვალისწინე და წავედი ბიბლიოთეკაში. ჩავუჯექი ოცდაათიანი წლების პრესას. მართალი აღმოჩნდი, არ ჰქონიათ იმ დროს სოციალური ქსელები. ვფურცლავდი „კომუნისტის“ გაყვითლებულ ფურცლებს და არ მტოვებდა განცდა, რომ ყოველი მეორე წერილის ავტორი შენ იყავი. ყველას ვურჩევ, წავიდეს ბიბლიოთეკაში და გამოიწეროს გაზეთი „კომუნისტი“. გადაშალოს და შემდეგ უკვე დაგიგდოს ყური. აი, თუნდაც იმ სიტყვას მოუსმინოს, ახალი შენობის პროექტით ბატონ ბიძინასთან მისვლის ამბავს რომ ჰყვები. ისე „კომუნისტთან“ ერთად შეცდომით შენი გაზეთიც მომიტანეს - „კავკასიონი“.  გახსოვს, ხომ? პირველი ეს რეკლამა მომხდა თვალში: „პრივატიზაცია საქართველოს მომავალი წარმატების საწინდარია!“ ასე აგიხდა ყველაფერი.

რადგან ბიბლიოთეკაში ვიყავი, მოდი, ჰოლდენ კოლფიდსაც ვკითხავ-მეთქი რჩევას. ხომ იცი, ამერიკელ კონგრესმენებს არც კი გაუგიათ, ალბათ, ეგ პერსონაჟი. ისე ბიძინას თუ აქვს წაკითხული სელინჯერი? თუ მხოლოდ დისტოპიურ ჟანრს კითხულობს, მერე რომ ჩვენი ქვეყნის რეალობად აქციოს?! მოკლედ, დაველაპარაკე ჰოლდენს და გადავეცი შენი კითხვაც და იცი რაო? ჰოლდენმა ვასიკოზე ეგრევე მისტერ ჰაასი გამახსენდაო... გახსოვს, რა ტიპია მისტერ ჰაასი? ახლა ჰოლდენზეც არ თქვა, საქართველოში დაუწერეს ეგ სიტყვები და მერე ხელი მოაწერაო. ხომ იცი, ჰოლდენი მაგას არ იკადრებდა, უბრალოდ ფუყე და თვალთმაქც ადამიანში არ შეცდება, ოკეანის გაღმაც კი ამჩნევს. 

სანქციებზეც ჩავეკითხე, მაგრამ აზრზე არ იყო. თვითონ თუ ასე გაუხარდა, მიდი და მიულოცე, შენი რა მიდისო. ჰოდა, გილოცავ, იმ სიაში მოხვედრას, რომელშიც გირგვლიანის საქმის მოსამართლეც არის, „ოცნების“ კლანის წევრად ქცეული. მაგრამ შენც ეგრე არ იყავი? ჯერ სააკაშვილის რწმუნებული მცხეთა-მთიანეთში, მერე „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე. მსგავსი „ტრანსფერები“ ხომ ნაც-ქოცობის ჟანრის კანონია. 

ერთადერთი რას ვერ ვხვდები, იცი, რომ აცხადებ ამ დასასანქცირებელთა სიაში ყოფნა ჩემთვის პატივიაო და იქვე გვიმტკიცებ საზოგადოებრივი ტელევიზია ობიექტური ტელევიზიააო. როგორ უნდა იყოს ობიექტური, როგორ დასვან კითხვები ჟურნალიტებმა, როგორ მოამზადონ ჟურნალისტური გამოძიება, თუ არხის ბორდის ხელმძღვანელი პატივისცემას უცხადებ, მეტიც პატივად თვლი იმ ადამიანებთან ერთად სიაში მოხვედრას, ვინც ამ კითხვების ადრესატია, ვინც ლონდონი - ბომბეის გვირაბის გათხრაზე კი არა, სისტემურ ძალადობაზე, კორუფციაზე, გარემოსთვის მილიონობით ლარის ზიანის მიყენებაზე და ა.შ. არიან პასუხისმგებელი. 

P.S. აქვე შენი ბოლო რჩევის გათვალისწინებაც მინდოდა და სანქციის შუბლზე მიკვრა, მაგრამ ჯერ ვერსად ვნახე. იმედია მალე დაგიდასტურებენ და ჩაგახუტებენ. 

აბა, დროებით. იქნებ სერიალ „გულს“ მივუსწრო და ცოტა გული გადავაყოლო, თორემ აღარ შემიძლია ამდენი უსამრთლობა. „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების ამბავს კი გაიგებდი. 

კატეგორია - ბლოგი


რამდენიმე კვირის წინ დედა, რომელიც 82 წლისაა მირეკავს და მეკითხება: “ერთი გამაგებინე, ეს „დეპსტეტი“ რა არის?” მივხვდი, რა საკვირველია, რომ „დიფ სთეითს“ გულისხმობდა. ავუხსენი შეძლებისდაგვარად. დღეს ისევ მეორდება ზარი - “დამავიწყდა, რას ნიშნავდა „დიფ სტეიტიო“” (ალბათ „ოცნების“ 8 იანვრის განცხადება წაიკითხა) და ისევ ავუხსენი. ამას მეორე კითხვა მოაყოლა - “და ბალაკლავა რა არისო? რომ აკრძალესო?” ესეც ავუხსენი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს უსმენს და კითხულობს და ამ ასაკში სოციალურ ქსელსაც კარგად ფლობს, მაინც მიუწვდომელია მისთვის ეს ტერმინები და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვისაც. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 2024 წლის 8 იანვრის განცხადების მიზანი არ იყო, ვინმეს აზრი გამოეტანა, არამედ ადამიანების გონებაში ჩარჩენოდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კონცეფცია: 

  • მსოფლიოში ტურბულენტური ვითარებაა, მოშლილია უსაფრთხოების სისტემა, ჩვენ კი ჩვენი ნავსაყუდელი გვაქვს - ბიძინა და „ქართული ოცნება“;
  • ისეთი კატაკლიზმებია, რომ თვით აშშ-ის პრეზიდენტიც კი შეიძლება დამარცხდეს ბრძოლაში - ჩვენ რას გვიზამენ - ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ნავსაყუდელი უფრო შემოვიმტკიცოთ; 
  • იზოლაცია კარგიც და აუცილებელიცაა - რაც შეიძლება უნდა მოვშორდეთ ამ აურზაურს, ჩავიკეტოთ, ჩავრაზოთ კარი - ქარიშხალი რომ გადაივლის და გამოიდარებს, მერე გავაღოთ და შემოვუშვათ ჰაერი;
  • მანამდე, თუ ტრამპიც დამარცხდა, ჩვენი კარი იმდენად ამოქოლილი უნდა გვქონდეს, რომ აქაც ვერ შემოაღწიონ - რუსეთი და ჩინეთი თუ დაგვეხმარება ამოქოლვაში, რა - არ გავაკეთოთ ეს? 
  • შეიძლება გაგვიჭირდეს, რაღაცები აღარ გვქონდეს, წამლებისა და განათლების დეფიციტი გაჩნდეს, მაგრამ ახლა ეს უნდა გადავაგოროთ - რაც უფრო ჩავიკეტებით, დავიმალებით, უფრო დიდი შანსია, არავინ შეგვამჩნიოს და ყველას დავავიწყდეთ - ხომ ეს გვინდა?

მოკლედ რომ ვთქვათ, 8 იანვრის განცხადებით „ოცნებამ“ თითქოს წერტილი დაუსვა ომისა და მშვიდობის დილემას და ის აქცია ძალიან ოსტატურად ახალ დიქოტომიად: კარჩაკეტილობის სიკეთეები VS ღიაკარისა და ღია საზოგადოების საფრთხეები. საბოლოოდ, ის მივიდა იმ წერტილამდე, როდესაც დაუფარავად გვითხრა - კარჩაკეტილობა ახლა გადაგვარჩენს, ხოლო ღიაობა - დაგვღუპავს. 

„ოცნების“ მასტერნარატივი ახლა ასეთია: გარეთ ქარბუქი, თოვლი და ქარიშხალი, ხეები ირწევა, ისმის ქარის წუილი და ტოტების მტვრევის ხმა - შენ კი გამთბარ, ჭრაქით განათებულ ქოხში ზიხარ, შუაცეცხლზე ქვაბი კიდია და ლობიო იხარშება, ბებო შეშის ღუმელთან ზის. ისეთი ამინდია, გარეთ ძაღლსაც არ გააგდებ. ზამთარი გრძელია, შენ მართალია შეშის ღუმელთან ხარ, მაგრამ არ გცივა, დელიკატესებს ვერ მიირთმევ, მაგრამ არ გშია. იცი, რომ გარეთ თუ გახვალ, მგელი ან „დიფ სთეითი“ შეგჭამს. სოფლის თავში კი გამოქვაბულში ბრძენი ცხოვრობს, რომელიც გეტყვის, როდის გამოხვიდე. შენ ნუ შეეკითხები, თვითონ იცის და შენც მიხვდები, როდის მოვა დრო. 

ეს მუდბორდი მალე შეიცვლება - უფრო მეტი ასკეტიზმი გახდება საჭირო და მსხვერპლშეწირვა, რადგან გაგვიჭირდება, მაგრამ სირთულეები გარეთ სიცივეში გაგდების შიშს მაინც ყოველთვის გადაწონის, თუ მართლა არ ამოვიხოცეთ შიმშილით. ასე რომ დრო ჯერ კიდევ აქვთ, ვიდრე არ გაჩნდება რამე წონიანი ალტერნატივა. 

„ოცნების“ ეს სთორითელინგი თავიდან ბოლომდე არის აგებული დაცულობის შეგრძნების შენარჩუნებაზე - დამღლელი დღის შემდეგ თბილ ლოგინში ჩაწოლის მოლოდინზე. ამით გამართლდება მის მომხრეებში სისასტიკე, უკანონობა, რომელსაც სჩადის მოქალაქეების წინააღმდეგ - იცავს სტაბილურობას.  

სასწორზე იმდენად დიდი რაღაც დევს - ჩვენი ევროპული მომავალი, ეროვნული მისია, რომ პროპაგანდა ყველა ღონეს იხმარს, სულ უფრო გააღრმავოს გადარჩენის ინსტინქტი, რომ აღარ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დავკარგეთ, რა ქვეყანად ვიქეცით. ყოფით დონეზე წრიალი ამ სტრატეგიის ღერძი იქნება - რა სასამართლო რეფორმა, ან განათლების რეფორმა ან ინსტიტუტების მშენებლობა და სხვა ღირებულებები - ჯერ კუჭი და გადავრჩეთ ფიზიკურად. 

კარჩაკეტილობის აგიტაცია იქნება საპროგრამო ხაზი - იზოლაცია, რომელიც დაცულობას გვძენს (მშვიდობა და სტაბილურობა). ხოლო საპროტესტო მოძრაობის მიზანია კარის გახსნა, ევროპასთან ინტეგრაცია და ეს ახლა საშიშია, ორპირი ქარია, შეარყევს არსებულ წყობას და სახიფათოა (ტერმინი: რადიკალები). 

ამ ისტორიის განმტკიცებას პროპაგანდის მარტივი ტექნიკებით შეძლებენ. „დიფ სთეითის“ ხშირად ხსენება მხოლოდ იმიტომ იყო აუცილებელი აღნიშნულ ტექსტში, რომ რაც შეიძლება სქელ საბურველში გახვიოს სიმართლე, ათასი ფენა შემოაბლანდოს. საპასუხოდ კი დიდი დრო დაგვჭირდეს ამ შრეების დასაშლელად და ადამიანებამდე მისატანად. ამიტომ ეს წამგებიანი სტრატეგიაა და იმის ახსნაზე კი არ უნდა ვიმუშავოთ, რა არის „დიფ სთეითი“ და რა - არ არის, ან გლობალური ომის პარტიის მითი დავანრგიოთ. ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ იმ დონეზე, რა დონეზეც პროპაგანდა მუშაობს მოქალაქეების შეგნებაზე. 

პროპაგანდამ კარგად მოახერხა ჯერ გადარჩენის ინსტინქტამდე დაეყვანა ჩვენი ეროვნული და პიროვნული მისია და შემდეგ ამის გადაწყვეტად (solution) შესთავაზა საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა და ამით შექმნა, როგორც აღვნიშნეთ დაცულობის, შემოსაზღვრულობის განცდა საკუთარ მომხრეებში. ის არ სთავაზობს არაფერს კარგს - როგორ შეიძლება კურსის ცვლილება და კარჩაკეტილობა სასურველი იყოს ვინმესთვის, მაგრამ საპირწონედ შესთავაზა საპროტესტო აქციებით მოტანილი შფოთი და ოპოზიციური ალტერნატივის გაურკვევლობა. ყველამ იცის, რომ სტრესის ყველაზე დიდი წყარო არის გაურკვევლობა. ნაჭუჭში კი უკვე ყველაფერი განსაზღვრულია. 

მაშ, როგორ უნდა დავუპირისპირდეთ პროპაგანდას ამ პირობებში? პასუხი, ალბათ, მარტივია - რადგან შფოთს გაურკვევლობა კვებავს, სიცხადე უნდა შემოვიტანოთ. არ დავცინოთ, არ გავაქილიკოთ და დავიწყოთ საუბარი ეგზისტენციალურ საკითხებზე - გარე და შიდა უსაფრთხოების - ანუ ვაღიაროთ, გარეთ რა ამინდია და მივიღოთ პასუხები შემდეგ კითხვებზე:

  • როგორ ვივლით ქარტეხილებში? 
  • როგორ გავუმკლავდებით რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს?
  • როგორ გავუმკლავდებით და დავაზღვევთ დასავლეთის შეცდომებს (რაც თვალსაჩინოა უკრაინის კონტექსტში)? 
  • და ამის შემდეგ, როგორ დავიცავთ ყველას, რომ ისევ არ წავიდეთ შურისძიების ან რევანშის წრეზე და პასუხს მოვითხოვთ მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს პირობებში. 

საზოგადოებამ უნდა მოვითხოვოთ, პოლიტიკურმა აქტორებმა რაც შეიძლება სწრაფად გასცენ ამ კითხვებს სანდო და კვალიფიციური პასუხები და შექმნან წონიანი ალტერნატივა ცვლილების მოსატანად - გავაჩინოთ უსაფრთხოების განცდა. პროპაგანდის პოსტულატები თავისით გაბათილდება და გაქრება, როგორც გუშინდელი თოვლი და ის არავის ემახსოვრება. ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენი მცდელობა გამოვხლართოთ პროპაგანდის შრეები, წარუმატებელი იქნება - ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გასაკეთებელია მეინსტრიმ მედიისა და საზოგადოების ზეწოლით. 








ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 
კატეგორია - ბლოგი


საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მათ წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების შემდეგ ეთერი გახსნა — „პირველი არხის“ საეთერო დროის მცირე ნაწილი დაუთმო საზოგადოების ისეთ წარმომადგენლებს, რომლებიც წლებია, მათ ძირითად საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში საერთოდ არ ჩანან. თუმცა, მაუწყებელმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანთა ეთერში გამოჩენა დააბალანსოს, თან, ეს გააკეთოს ეთერში „ქართული ოცნების“ იმ მხარდამჭერთა მიწვევით, რომლებსაც თავიანთ ეთერს აქამდეც საკმაოდ ხშირად უთმობდნენ.

ეს მიდგომა 100 მილიონზე მეტი ლარით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოგონილი არ არის და მედიამკვლევრები მსგავს პოლიტიკას სხვადასხვა ტერმინებით აფასებენ: „ცრუ ბალანსი“, „დამაზიანებელი ბალანსი“, „ცრუ ეკვივალენტი“ და ა.შ. 

ირლანდიელი მკვლევარი და სამეცნიერო ჟურნალისტი დეივიდ რობერტ გრაიმსი სამეცნიერო ჟურნალ EMBO reports-ში გამოქვეყნებულ კვლევაში დეტალურად მიმოიხილავს, მეცნიერების გაშუქების კონტექსტში თუ რას ნიშნავს „დამაზიანებელი დაბალანსება“. ამის საილუსტრაციოდ ის კლიმატის ცვლილების საკითხს იხსენებს. 

როგორც დეივიდ რობერტ გრაიმსი წერს, ძალიან ბევრი მონაცემი მიუთითებს, რომ კლიმატი ადამიანთა ზემოქმედების შედეგად იცვლება. მეცნიერები ამ შეფასებაზე არ დავობენ. თუმცა, ამერიკული მედიის ანალიზი აჩვენებს, რომ მედიაში მეცნიერებსა და კლიმატის ცვლილების უარმყოფლებს თანაბარი გაშუქება აქვთ — ჟურნალისტები „ბალანსის“ მისაღწევად მეცნიერულ ცოდნას თანაბარი დოზით უპირისპირებენ საწინააღმდეგო აზრს, რომელიც არც შესაბამისი მონაცემებით არის გამყარებული და არც სამეცნიერო ცოდნით. 

დაახლოებით მსგავსი შემთხვევა გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაშიც. ნაცვლად იმისა, რომ მაუწყებელს ისედაც ჰქონოდა მეტად გახსნილი საინფორმაციო სივრცე საზოგადოების მრავალფეროვანი ჯგუფებისთვის, ეს მხოლოდ პროტესტის შედეგად გააკეთა, ისიც ლიმიტირებულად და „დაბალანსებულად“, უფრო სწორად, თავისებური ცრუ ბალანსის შექმნით. 

ცრუ ბალანსის მარტივი მაგალითია, როცა სხვადასხვა სიმძიმისა და მნიშვნელობის საკითხს ჟურნალისტი ერთ წონასა და მნიშვნელობას ანიჭებს — ფაშიზმსა და ბულინგს უწოდებს ხელისუფლების მომხრეთა მიმართ სოციალურ ქსელებში დაწერილ მოსაზრებებს, ხოლო იმ შემთხვევებში, როცა ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გაშვებით ემუქრებიან, აქტივისტებს დაკავების შემდეგ ფიზიკურად უსწორდებიან და.ა.შ პირად შეფასებას ერიდება და ამბობს, რომ ის მიუკერძოებელი ჟურნალისტია. 

ცრუ და დამაზიანებელი ბალანსის ერთ-ერთი ნიმუშია ეთერში არარელევანტური სტუმრების მიწვევა. მაგალითად, 7 დეკემბრის გადაცემაში მაკა ცინცაძემ პირდაპირ ეთერში ჩართო სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს წევრი დაჩი ცაგურია. რკინიგზის მაღალჩინოსანი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაყურებელს „ყოფილი პოლიტპატიმრის“ სტატუსით წარუდგინა. ცაგურიამ, ტრადიციულად, 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარ დარბევასა და მიმდინარე მოვლენებთან პარალელებზე ისაუბრა. 

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბოლო 12 წელია, დაჩი ცაგურია „საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტშია. საზოგადოებრივ მაუწყებელს ნამდვილად რომ აინტერესებდეს საზოგადოების ინტერესების დაკმაყოფილება, ნაცვლად 17 წლის წინ მომხდარი ამბისა, „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს წევრს აუცილებლად ჰკითხავდა, მაგალითად, რამ გამოიწვია რამდენიმე თვის წინ თბილისში, სარკინიგზო ხაზზე წინასწარი დაგეგმილი სამუშაოებისას სარკინიგზო ავარია, რასაც რკინიგზის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა, ამის გამო აგო თუ არა ვინმემ პასუხი, რატომ არ იყო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი, რკინიგზის მენეჯმენტმა მიიღო თუ არა ზომები მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად და ა.შ. საზოგადოების ინტერესზე მზრუნველი მაუწყებელი რკინიგზის მაღალჩინოსან დაჩი ცაგურიას ასევე აუცილებლად დაუსვამდა კითხვას, როგორ მოახერხა მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ ბოლო წლებში სახელმწიფო კლინიკებთან მილიონამდე ლარის კონტრაქტის გაფორმება და სხვ.

თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანი ამ შემთხვევაში ცხადია — შექმნას ცრუ ბალანსი და ნიღბიანი სპეცრაზმელების მიერ პროევროპული აქციის მონაწილეთა სამაგალითო დასჯასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას დაუპირისპიროს 2007 წელს მომხდარი დარბევა, ამით კი ერთგვარი ლეგიტიმაცია მისცეს 2024 წელს ჩადენილ ძალადობას. 

დამაზიანებელი და ცრუ ბალანსის მაგალითია, როცა მწერალი ნაირა გელაშვილი გადაცემის დასაწყისში „ქართულ ოცნებას“ ძალადობისა და ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილების გამო აკრიტიკებს, გადაცემის ბოლოს კი „ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანს ეძლევა საშუალება, ისაუბროს ყველაფერზე, გარდა თავისი პარტიისა და დანაშაულის ჩამდენთა პასუხისმგებლობისა. 

ხელისუფლების კრიტიკოსთა ეთერში გამოჩენის მსგავსი ფორმით დაბალანსება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველმა არხმა“ წესად აქცია. ამ წესის მიხედვით კი, „ქართული ოცნების“ წევრები და მათი მხარდამჭერი სპიკერები აუცილებლად გადაცემის ბოლო ბლოკში საუბრობენ, ბოლო, დასკვნითი სიტყვა მათია. წამყვანის როლი ასეთ შემთხვევაში, ძირითადად, მოსმენით შემოიფარგლება, „ქართული ოცნების“ როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ სპიკერებს შეუზღუდავად შეუძლიათ, გაავრცელონ სიცრუე, ჰომოფობია და ა.შ. 

18 დეკემბერს მაკა ცინცაძის გადაცემის ბოლო ბლოკის სტუმრები „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია და მსახიობი ნიკოლოზ გაბელია იყვნენ. 

ჯონდი ბაღათურიას ანტიდასავლური, სიცრუით გაჯერებული სატელევიზიო მონოლოგისას წამყვანის როლი, ძირითადად, მოსმენითა და პერიოდულად, თანამოაზრის რეპლიკებით შემოიფარგლა. ჯონდი ბაღათურიამ ახსენა, რომ აქციის მონაწილეები „მამა შალვა კეკელიას მიუვარდნენ“, რაც სიცრუეა. თავად სასულიერო პირმაც აღნიშნა, რომ მასთან ეკლესიაში არავინ მივარდნილა, თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანს მისთვის ამის შესწორება არც კი უცდია. მაკა ცინცაძემ გადაცემის ორივე სტუმარს საშუალება მისცა, ჰომოფობიური ტექსტებით დაეცინათ გერმანელი პოლიტიკოსის მიხაილ როთისთვის. 

დაკვირვება აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის გადაცემებში ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების „დასაბალანსებლად“, ძირითადად, ისეთ ადამიანებს იწვევს, რომლებიც ხელისუფლების ღიად პროპაგანდისტული ტელეარხის, „იმედის“ სტუმრები არიან. ამ გადაცემებში მაუწყებლის წამყვანები ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ დისკუსიის აუცილებლობაზე, დებატებზე, რათა ქვეყანაში შექმნილი კრიზისული სიტუაცია განიმუხტოს. თუმცა, ავიწყდებათ მთავარი: დისკუსიისთვის სივრცე თავად დახურეს და ახლა, როცა საზოგადოების ზეწოლის შედეგად ეთერი ნაწილობრივ გახსნეს, ცდილობენ, მმართველი პარტიის კრიტიკა ცრუ, პროპაგანდისტული ნარატივებით დააბალანსონ. 

მიუხედავად იმისა, რომ „პირველი არხის“ წამყვანმა, მაკა ცინცაძემ პირდაპირ ეთერში არაერთხელ თქვა, რომ ტელეარხი მუდამ თავისუფალი იყო და არ არსებობდა იმ ადამიანთა „შავი სია“, ვისი ეთერში მიწვევაც აკრძალული იყოო, სხვა სურათს აჩვენებს ის, თუ რა გადიოდა „პირველი არხის“ ეთერში. 

2024 წლის გაზაფხულ-ზაფხულში, მაშინ, როცა საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შემზღუდავი „რუსული კანონი“ მიიღო, მაკა ცინცაძის ყოველკვირეული გადაცემის სტუმრები, ძირითადად, ხელისუფლების წარმომადგენლები, ან მასთან აფილირებული სპიკერები იყვნენ:

  • ირაკლი გოგავა – პოლიტოლოგი
  • დაჩი ცაგურია – „საქართველოს რკინიგზის“ მაღალჩინოსანი ყოფილი პოლიტპატიმრის სტატუსით
  • ვლადიმერ ბოჟაძე (ორჯერ) – თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი
  • ბიძინა გიორგობიანი – ყოფილი პოლიტპატიმარი
  • გურამ მაჭარაშვილი – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“
  • იაგო ხვიჩია – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ თავმჯდომარე 
  • ნიკოლოზ გაბელია – მსახიობი 
  • რამაზ საყვარელიძე (ორჯერ) – პოლიტოლოგი 
  • ალექსანდრე რაქვიაშვილი – პარტია „გირჩი“, პარლამენტის წევრი 
  • სოზარ სუბარი – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე 
  • ჯონდი ბაღათურია – „ქართული დასის“ თავმჯდომარე 
  • მამუკა არეშიძე – პოლიტოლოგი, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი 
  • ვასილ მაღლაფერიძე – საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე 
  • გიორგი გვიმრაძე – საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი

აღნიშნული სია არის ყველაზე კარგი ილუსტრაცია იმისა, თუ რა სარედაქციო პოლიტიკა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს და როგორია თავად ერთი კონკრეტული წამყვანის, მაკა ცინცაძის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხი. 

იმ რამდენიმეთვიან პერიოდში, როცა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ქვეყანაში მრავალათასიან აქციებს მართავდა საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედია, რატომღაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ წამყვანისთვის ამ თემაზე სასაუბროდ რელევანტური სტუმარი იყო ჯონდი ბაღათურია, დაჩი ცაგურია, ლადო ბოჟაძე, მამუკა არეშიძე და სხვები. ხოლო იმ ადამიანებისთვის, ვისაც კანონი უშუალოდ შეეხო და ვინც პირადად ეწინააღმდეგებოდა მის მიღებას, მაუწყებლის ეთერი დაიხურა და არხს ამ ეთერის ფორმალურად დაბალანსებაც კი არ უცდია. 

 
კატეგორია - ბლოგი



რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოვიპოვოთ. მოვიპოვოთ და არა დავიბრუნოთ, რადგან ის არასდროს ყოფილა ხალხის, ის დღიდან მისი არსებობისა არსებული ხელისუფლებების კონტროლის ქვეშ იყო. სამწუხაროდ, ვიდრე საქართველოს პარლამენტში ერთი პოლიტიკური პარტია იქნება უმრავლესობაში, იქამდე იქნება საზოგადოებრივი მაუწყებელიც საპარლამენტო უმრავლესობის და მმართველი გუნდის დაქვემდებარებაში. ვინაიდან პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს ირჩევს, სამეურვეო საბჭო - დირექტორს, დირექტორი დანარჩენ მენეჯმენტს ნიშნავს და ისინი ერთად საპარლამენტო უმრავლესობისთვის მისაღებ საინფორმაციო პოლიტიკას აწარმოებენ. 

მოლოდინი იმისა, რომ ოდესმე და რომელიმე მმართველი ძალა გამოავლენს პოლიტიკურ ნებას, მისცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისუფლება, ფუჭია. ამიტომ, მრავალპარტიული პარლამენტი თუ კოალიციური მთავრობა ამ შემთხვევაშიც ერთადერთი გამოსავალია. 

ბოლო პერიოდამდე  „პირველი არხის“ მუშაობას თვალს არავინ ადევნებდა, ამიტომაც იყო მისი რეიტინგი მინიმალური და მისი ეთერი - ნაცრისფერი. თუ არავინ გიყურებს, საინფორმაციო გამოშვებებში ცოტ-ცოტას ყველას აჩვენებ, ხელისუფლებისთვის პრობლემურ თემებს არ გააშუქებ, სიუჟეტებს „შენი ხმით“ ანუ მთავრობის წევრის ან მხარდამჭერის სიტყვებით დაასრულებ და თუკი მონიტორინგის ქვეშ მოყვები, შენი მიკერძოებულობაც გამოჩნდება. 

აი, მაგალითად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, „პირველ არხს“ წინასაარჩევნო პერიოდში თითქმის არ ჰქონია ხელისუფლების რომელიმე შტოს მამხილებელი მწვავე, ექსკლუზიური მასალა და  არხის ჟურნალისტებს არ გამოუვლენიათ კორუფციისა და ადამიანის უფლებების შემლახავი ფაქტები. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ „მოამბის” ეთერში აქტიურად  შუქდებოდა მწვავე პოლიტიკურ ამბები, რა დროსაც  რედაქცია დროს უთმობდა ამბავში ჩართულ ყველა მხარეს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს ის ხშირად ფორმალური ბალანსის დაცვით აშუქებდა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფსონი გასართობ და შემეცნებით გადაცემებზე დადო და ნებისმიერი პოლიტიკური შინაარსის გადაცემა მეორე ფლანგზე გადაწია. ამიტომ იხარჯება მილიონები „მასტერ შეფის“, „რანინას“ და ამ ტიპის სხვა შოუებზე. არხის მიზანი არ არის ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ობიექტური გაშუქება. ქვეყანაში, სადაც Unicef-ის კვლევის თანახმად, ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის, ისინი კი, ვინც სკოლის საათებში საკვებს არ იღებენ, ხშირად ფინანსური შესაძლებლობების არმქონე ოჯახებიდან არიან და სტატისტიკურად დაახლოებით  44.9%-ს შეადგენენ, „პირველი არხის“ მთავარი სავიზიტო ბარათი მეგა შოუ “მასტერ შეფია”, (რომლის 2023 წლის ბიუჯეტიც 1 100 000 ლარი იყო) სადაც ამ ბავშვებს უგემრიელეს კერძებს  შორიდან აჩვენებენ. სწორედ ასეთი შოუები ქმნის იმ პარალელურ, ილუზორულ რეალობას, რომლის არსებობასაც მმართველი პარტია გვაჯერებს.  

დავუბრუნდეთ მთავარ თემას. იმის თქმა მსურს, რომ სწორედ ეს დაბალი რეიტინგი აძლევს საზოგადოებრივ მაუწყებელს იმის „უფლებას“, რომ საინფორმაციო გამოშვებებში რესპონდენტების მოსაზრებები ფორმალურად დააბალანსოს. 

ბოლო პერიოდში, საუბარია უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, არხის ნეიტრალური ტონი უფრო მკვეთრად პროსახელისუფლო ტონით შეიცვალა. მაგრამ, მისი პოზიცია არასდროს ყოფილა ისეთი მკვეთრი, როგორც ეს დღეს არის. მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი საზოგადოებრივმა მოძრაობამ მოიპოვა და არხს უწევს არა ურეიტინგო პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ საზოგადოების უპარტიო წევრებთან ოპონირება და მთავრობის პოზიციების დაცვა.  

„პირველი არხის“ წამყვანები თუ დირექტორი მუდმივად გვიმეორებენ, რომ არხი მთელი ამ წლების მანძილზე ეთერს უთმობდა განსხვავებულ მოსაზრებებს, თუმცა ბოლო 20 დღის მანძილზე, ტელევიზიის საგანგებო ეთერში მისული სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს, რომ: „პირველად არის მათთან სტუმრად“, „2016 წლის შემდეგ აღარ ყოფილა“, „ბოლო  4-5 წელია არ ყოფილა“ და ა.შ. 

„პირველი არხის“ ჟურნალისტებმა კარგად იციან, როგორ უნდა მოიქცნენ ახლა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის მიერ მოპოვებულ ეთერში, ასე ვთქვათ, მათი კვოტით პოლიტიკოსები არ შედიან, გადაცემის წამყვანები მონოტონურად ცდილობენ, სწორედ ოპოზიციის გადაწყვეტილებებზე ალაპარაკონ სტუმრები, მათ ქმედებებზე მოსთხოვონ პასუხი და მაყურებლის თვალში ისინი ოპოზიციის მიერ მართულ ძალად წარმოაჩინონ. ზუსტად ისე, როგორც ირაკლი კობახიძე თუ მამუკა მდინარაძე ცდილობს, საპროტესტო აქციები „ნაცმოძრაობის“ თუ „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ მართულად წარმოაჩინოს. იმავეს აკეთებს „პირველი არხიც“. 

მესიჯებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს, “მოამბის საგანგებო ეთერის” წამყვანი, მაკა ცინცაძეც მიჰყვება: „29 დეკემბრიდან სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტი იქნება“, „დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, 20 იანვრიდან საქართველოსთან ურთიერთობები გადაიტვირთება“, „ქუჩის პროტესტის უკან რადიკალური ოპოზიციაა“, „ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა“ და ა.შ. 

რა ხდება მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებმა „პირველი არხის“ 2-საათიანი საგანგებო ეთერიდან ნახევარი საათი მოიპოვეს? ტელევიზიის ეთერში გაისმა ისეთი ადამიანების ხმა, რომლებიც სამთავრობო პროპაგანდის მიხედვით, ქვეყნის მთავარ მტრებად (აგენტებად) იყვნენ გამოცხადებულები, გაისმა იმ ადამიანების პოლიტიკური მოსაზრებები, რომელთაც აქამდე ეს არხი მხოლოდ გასართობ ან შემეცნებით გადაცემებში თუ ეპატიჟებოდა, გაისმა ნაცემი და დაზარალებული ადამიანების ხმა, რომელნიც აქამდე კადრ-სინქრონს არ გასცდენიან, გაისმა ხმა რეგიონიდან. მაყურებელი ამ არხზე გადმორთვას იწყებს. 

ამ ეთერით ჩვენ ფაქტიურად მოვიპოვეთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ აღიარება, რომ გარედან, ხალხის ჩარევა აუცილებელია, რადგან განსხვავებულ აზრს თავად ისინი არ აჟღერებენ. მაგალითად, აქამდე „პირველის არხის“ სტუდიაში არ ყოფილან: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი ნინო დოლიძე, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, „კანონის უზენაესობის ცენტრის“ თავმჯდომარე ლონდა თოლორაია, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტები გურო იმნაძე და თამთა მიქელაძე, ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე და კიდევ 57 რესპონდენტი. წინ კიდევ უზარმაზარი სიაა, ყველა მოთმინებით ელის თავის რიგს, რომ მის კუთვნილ ტელევიზიაში მისი ხმა გაისმას. 

ცხადია, პროპაგანდა მაინც იბრძვის, ამავე გადაცემებში ცდილობს, პროტესტი მხოლოდ პოლიტიკოსებს დაუკავშიროს, ამიტომ განსხვავებულ ხმებს აუცილებლად ან წინ აბამს რომელიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ან შემდეგ, გადაცემას კი აუცილებლად აქტიური პროპაგანდისტებით ასრულებს და საზოგადოების მიერ მოპოვებულ ნახევარ საათს სენდვიჩის პრინციპით ისე ჭყლეტს, რომ არ დაგვანახოს, შუაში რა დევს. 

დანარჩენი ეთერი კიდევ უფრო მეტად გადავსებული და გაჟღენთილია პროპაგანდით, არხი საკუთარი თანამშრომელის მოთხოვნასაც კი არ აჟღერებს კადრ- სინქრონს მიღმა, ეთერს მათაც არ უთმობს და შეშინებული მაამებლურ საინფორმაციო პოლიტიკას აგრძელებს. 

მიუხედავად ამისა, ნავსი გატყდა. ხალხი ისევ ითხოვს ღია ეთერს და როგორც ქვეყანაში, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მთელი ძალით ებღაუჭება ძალაუფლებას - წარმავალია! აუცილებლად დადგება დრო, როდესაც აღარავის ექნება სათქმელი: „მადლობა შესაძლებლობისთვის, თქვენს ეთერში პირველად ვარ…” 








ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 
კატეგორია - ბლოგი


ისე მოხდა, 16 დეკემბრის დილას სოლოლაკში აღმოვჩნდი. ჩემი მეგობარი მანდ ცხოვრობს და დილის ყავაზე ავუარე. ისიც ძალიან ჩართულია მიმდინარე ამბებში და სხვა თემა არცა ყოფილა. ლუსტრაციის კანონსაც შევეხეთ. მე ვთქვი, რომ საბჭოთა დროინდელი უშიშროების თანამშრომლების უმეტესობა ალბათ ცოცხლები აღარც არიან - დიდი დრო გავიდა, ხოლო ამჟამინდელი კაგებეშნიკები კონტრ-დაზვერვის კომპეტენციაა. 

საღამოს შინ ნამარშალ-დამაშვრალი მოვბრუნდი. ძალიან მომწონს, რომ საზოგადოების აქტივობამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტს საეთერო დრო გამოგლიჯა. საერთოდაც საზოგადოებრივი აქტივობის მჯერა: მჯერა, რომ ამ გზით მიიღწევა სასიკეთო და მდგრადი ცვლილებები. ამიტომ, ამ არხს მივუჯექი. 

თამთა სანიკიძეს სტუმრად იურისტი საბა ბრაჭველი და ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე ჰყავდა. ბრაჭველს პირადად არ ვიცნობ, ხოლო ლევანის ფეისბუკ პოსტები ძალიან მომწონს. მწყობრად, არგუმენტირებულად და ლაზათიანად აყალიბებს აზრს. ასევე მეტყველებს. რაც მთავარია, ლიბერალურ დემოკრატიაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნა მისთვის უმაღლესი ღირებულებაა. ამჯერადაც მშვენიერი მოსასმენი გახლდათ. რამოდენიმე ძირითადი პუნქტი რომ გამოვყოთ, მან და საბა ბრაჭველმა თქვეს რომ:

  1. ხელახალ არჩევნებს დემონსტრანტები ითხოვენ არა ახირებისთვის, რომ ძალაუფლება სხვა პოლიტიკურ ჯგუფს გადააბარონ, როგორც ამას ხელისუფლება გვიხატავს, არამედ იმისთვის, რომ ხელისუფლების მიერ წართმეული ძალაუფლება ხალხმა დაიბრუნოს;
  2. მიმდინარე პროტესტის საფუძველია: სერიოზული ეჭვები არჩევნების სამართლიანობაზე და ტოტალური უნდობლობა სასამართლოს მიმართ. შემდეგ უკვე ამას დამატებული ხელისუფლების მხრიდან დეკლარირებული უარი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და ის წამებამდე მისული ძალადობა, რაც დემონსტრანტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული;
  3. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება აცხადებს მზადყოფნას საზოგადოებასთან დიალოგზე, რეალურად ეს მხოლოდ რიტორიკაა და ის ამისთვის მზად არ არის, რადგან ამზადებს დრაკონულ კანონებს, რათა დრამატულად შეზღუდოს საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. გარდა ამისა, უწყვეტი ტყუილები, მაგალითად „ომის პარტიის“ არსებობის შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის დიალოგს; 
  4. რეალურად არ არსებობს პოლარიზაცია საზოგადოებაში, რადგან მიმდინარე აქციებზე დგანან ის ადამიანებიც, ვინც გასულ არჩევნებში ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა და საჯარო მოხელეებიც, რადგან მათთვისაც მიუღებელია იმ ტიპის სახელმწიფოს არსებობა საქართველოში, რომელსაც „ოცნება“ გვთავაზობს. და რომ მმართველი პარტიის ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობაც ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა და რომ საზოგადოებაში არსებობს სრული კონსენსუსი არაძალადობრივი სახელმწიფოს შექმნის თაობაზე.

ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ კარგია, თუ ამას უსმენს ის ხალხი, ვინც წლებია საზმაუსა და „იმედს“ უყურებს და მსგავსი არაფერი გაუგონია. ვფიქრობდი, ნეტა როგორ იღებენ ასეთი ადამიანები, რეგიონებსა თუ თბილისში, მსგავს ინფორმაციას, რამდენად მოქმედებს მათ პოზიციებზე ღამბაშიძისა და ბრაჭველის საუბარი. თანაც თამთა სანიკიძეც საკმაოდ ლოიალურად იქცეოდა: არ აწყვეტინებდა, არ აპროტესტებდა ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ მათ უმწვავეს შეფასებებს, რადგან პროსახელისუფლო ჟურნალისტებს ოპოზიციური სპექტრის რესპოდენტებთან დავა თავიანთ უშუალო პასუხისმგებლობად მიაჩნიათ.

ამის შემდეგ წამყვანი რესპოდენტებს დაემშვიდობა, აქციიდან ჩართვა შემოგვთავაზა და სტუდიაში ახალ სტუმარს დაგვპირდა. აქციიდან ჩართვა ერთობ ხანმოკლე აღმოჩნდა და კვლავ სტუდიაში დავბრუნდით, სადაც უკვე მამუკა არეშიძე იმყოფებოდა. არეშიძე 90-იანი წლების პირველ ნახევარში ჟურნალისტობდა. შემდეგ, თუ არ მეშლება, კონფლიქტოლოგი იყო, შემდეგ კავკასიის საკითხთა ექსპერტი. ამჟამად, როგორც ის სანიკიძემ წარგვიდგინა, უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტის სახელით ასპარეზობს.

რუსული პროპაგანდა - მთელ მსოფლიოს აზანზარებს ეს სიტყვათშეთანხმება. მისი მთავარი მიზანია, ფაქტების დამახინჯებით ადამიანები სწორი არჩევანისკენ მიმავალი გზიდან მოასრიალოს - ანუ, ლიბერალურ-დემოკრატიულ საფუძვლებზე დამყარებული სახელმწიფოს შექმნაში შეუშალოს ხელი. იმდენად ხშირად ისმის ეს ცნება საქართველოში, იმდენი უბედურება ბრალდება, რომ ზოგს ის უკვე რაღაც არარეალური, მითოლოგიურ-ზღაპრული ბუა ჰგონია, აი, ბალღობაში რომ გვაშინებდნენ. და ერთი რამე მართალია: ის არ არის ტყვია, რომ მოგხვდეს და მოგკლას, არ არის კუალდა - გითავაზონ და დაგაგდოს. ის სიტყვებშია, ის ბგერებშია და ის ჰაერშია. და ის ძალიან ბევრი იყო მამუკა არეშიძის იმ დღევანდელ გამოსვლაში. თუ ვინმეს გაინტერესებთ რუსული პროპაგანდის კლასიკური ნიმუში, თუ სად და როგორს ხედავს რუსეთი საქართველოს, გადაახვიეთ: საზმაუ, 16 დეკემბერი, 23:16 წუთი. უნაკლო იყო, როგორც შინაარსით, ასევე ტექნიკური შესრულებით. გამიჭირდება და მეზარება კიდეც არეშიძის მონოლოგი თავიდან ბოლომდე გავხრა, განევრცო კაცი, მაგრამ მოდით მის მთავარ პოსტულატებსა და ილეთებს მაინც თანამიმდევრულად მივყვეთ. 

კადრში შემოსული უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტს შევერცხლილი თავი დაუხრია და წინ დადებულ თაბახის ფურცელს დაჰყურებს. რა კარგია! კაცი სახლში მოემზადა, ჩამოწერა რაზე ესაუბროს საზოგადოებას და მომზადებული გვეახლა! მაგრამ იქვე ნაზად მისვენებული საწერი მიგვანიშნებს, რომ ის ახლახანს წერდა ამ ფურცელზე. რა შეიძლებოდა ეწერა ბატონ მამუკას სტუდიაში შემოსვლის წინ, ისე რომ უსარგებლო კალმის დატოვება, ქურთუკის ჯიბეში ჩადებაც ვერ მოასწრო? ის იწერდა, რა უპასუხოს ლევანსა და საბას, იწერდა მათი მხრიდან ხელისუფლების კრიტიკის იმ კონკრეტულ ნაწილებს, რომლებზეც ეს ორი „ახალგაზრდა“ წუთის წინ საუბრობდა და რომელზეც უსაფრთხოების საქმეთა ექსპერტმა უნდა უპასუხოს. რა საკვირველია, ეს ვარაუდია და მისტერ ჰოლმსამდე ბევრი მიკლია, მაგრამ თვალი ოხერია. ხოლო ტვინი გაწაფული. თანაც, როდესაც შენი ეთერის სამ მეოთხედს შენამდე გამოსული „ახალგაზრდებისთვის“ პასუხის გაცემას უთმობ, ნათელია რა გიწერია ფურცელზე. პანიკა აქვთ, ე მანდ ხალხს „ახალგაზრდების“ ნალაპარაკები მართლა ჭკუაში არ დაუჯდეს. სასწრაფოდ უნდა ვუპასუხოთ.

წინა აბზაცში სიტყვა ახალგაზრდები სამჯერ ჩავსვი ბრჭყალებში. ასე იხსენიებდა უსაფრთხოების საქმეთა ექსპერტი ლევან ღამბაშიძესა და საბა ბრაჭველს. ეჰ, აბა სჯობს რამე ახალგაზრდობას? ტესტოსტერონის ოკეანეები, სიგიჟეები, რისკები, თავქარიანობა. ლევან ღამბაშიძე 41 წლის არის, ხოლო საბა ბრაჭველი 31. ვისთვის როგორ ეხლა. ორმოცს გადაცილებულ უცნობ ადამიანს „ახალგაზრდა“ უძახო, პირადად მე თავაზიანი არ მგონია. ამ პატარა ეთიკურ-ტუტუცურ გადაცდომას როგორ არ ვაპატიებდით ღვაწლმოსილ ექსპერტს, მაგრამ ამ კონტექტსტში სიტყვა „ახალგაზრდას“ ასაკობრივი დატვირთვა სულაც არ ჰქონია. ის გამოუცდელზე, დაუფიქრებელზე, მოუმწიფებელზე მიგვანიშნებდა. წარმოიდგინეთ, რომელი უფრო სოლიდურად ჟღერს „ბატონი ლევანი“ (ან თუნდაც ლევან ღამბაშიძე) თუ „ახალგაზრდა“?  მაგრამ მათი სახელები დამახსოვრებადაც არ ღირს, ისინი გზააბნეული, უწიფარი ახალგაზრდები არიან. ამ მცირე საკომუნიკაციო ხრიკს გაქნილი ადამიანები თავისით სწავლობენ ან სპეციალურ დაწესებულებებში ასწავლიან. ყველა შემთხვევაში ეს არის ერთი შეხედვით ძალზე უწყინარი (აბა, რა არის ცუდი ახალგაზრდობაში???), მაგრამ საკმაოდ მზაკვარი ილეთი დაამცრო ოპონენტი. უხ შე ბებერო ძუკნა.

ისე არ გამოგვივიდეს ბატონი მამუკას ნააზრევი გვერდზე მოგვრჩეს. პირველი, რაც მან გვამცნო იყო, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება „ახალგაზრდა კაცის“  (ღამბაშიძე) აზრს, რომ საზოგადოებაში არ არის პოლარიზაცია. არეშიძეს არგუმენტი არ მოუყვანია, მაგრამ პირდაპირ გაავლო პარალელი 91 წლის დეკემბრის მოვლენებთან, როდესაც ერთმანეთის პირისპირ კბილებამდე შეიარაღებული ორი მხარე იდგა და რაც ხელისუფლების დამხობითა და შემდგომი სამოქალაქო ომით დასრულდა. სად აქვთ ახლა დემონსტრანტებს იარაღი? სად არის მსგავსება? მაგრამ ეს ამბავი უახლეს ისტორიაში შემზარავია და უბრალოდ მისი ხსენებაც კი შიშის ზარს ჰგვრის მსმენელს, რაც ასეთი ექსპერტების ამოცანაა: ნუ იქნება ნურაფერი, იყვნენ ესენი ხელისუფლებაში, ოღონდ სისხლი არ დაიღვაროს. ვინ დაღვრის სისხლს თუ არა ხელისუფლება? იარაღი განსხვავებით 1991 წლისგან მხოლოდ მათ აქვთ.

შემდეგ ბატონმა მამუკამ, როგორც ჭეშმარიტ ქოცს ეკადრება, დაგმო ორმხრივი ძალადობა. ანუ, ერთი მხრივ დემონსტრანტების საწამებლად მოწყობილი ავტომობილები, ტიტუშკები, ნაგვემი, დასახიჩრებული ხალხი და მეორე მხრივ არც ერთი სერიოზულად დაზიანებული პოლიციელი, არც ერთი ჩამტვრეული ვიტრინა ან დაზიანებული ავტომობილი და ექსპერტი მაინც ორმხრივ ძალადობაზე საუბრობს.

შემდეგ პატარა ექსკურსი გეოგრაფიაში, რომ თურმე სირია ახლოა და 28 ნოემბერს კობახიძის განცხადებას წინ უძღვოდა სირიაში მოვლენები 27 ნოემბერს. მთავარი საფრთხეებიდან ყურადღების გადატანის უსუსური მცდელობა: რომ ვითომ სირიიდან ჰიპოტეტურად მომდინარე საფრთხე რამეს ცვლის ჩვენ საგარეო პოლიტიკაში. თუ მაინცა და მაინც, როდის უფრო გაიქაჩება სირია შენზე ევროკავშირის წევრი რომ ხარ თუ რომ არ ხარ? შე ნაძირალა.

შემდეგ კლასიკური ბოდვა იმაზე, რომ აქ მიმდინარე მოვლენები ამ რეგიონში გიგანტების დაჯახების შედეგია, ოღონდ ეს ისე, მშრალად და იმის დაყოლებით, რომ ვისაც ფიქრი უყვარს, თვითონ გამოიტანოს დასკვნა. ანუ არაფერი. წყალი. ხალხის ბნელეთში შეყვანა, ვითომ დიდ პოლიტიკასა და კონსპირაციებზე საუბრით. ვციტირებ: „ჩვენ ხომ ვიცით, რომ შუა დერეფნის პროექტი არსებობს. ეს შუა დერეფნის პროექტი არის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი სავაჭრო გზა. ასევე, არსებობს ჩრდილოეთდან სამხრეთისკენ მიმავალი სავაჭრო გზა. სამხრეთ კავკასიის სივრცეში ეს ორი გზა ერთმანეთს კვეთს და რატომ არ უნდა უნდოდეს მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეს (ამჯერად მხოლობითში) აქაურობის კონტროლი? და ამ კონტროლის გამოა სერიოზული პოლიტიკური ბრძოლა ამ პატარა სივრცეში“. ძნელია ამ ვითომ დიდი ჭკვიანური იდიოტიზმის ადამიანურ ენაზე მოთარგმნა, მაგრამ ვცადოთ: აქაურობას ეხლა რუსეთი აკონტროლებს და რატომ უნდა მივცეთ სხვა „მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეს“? Ничего не скажешь. Эксперт! სინამდვილეში ამ კონსპირაციული ბოდვის მიზანია, მაყურებელს ჩააგონოს, რომ „მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეს“ (დასავლეთს) ჩვენი კონტროლი სურს და შეიქმნას ილუზორული ბრძოლის ველი, სადაც ჩვენ ამ კონტროლს შევეწინააღმდეგებით, ხოლო ვინც მართლა გვაკონტროლებს და დამონებას ცდილობს, ის გვერდზე რჩება და მშვიდად აგრძელებს თავის საქმეს.

გზები ბევრგან გადის. ნაკლებად სტრატეგიულიც და უფრო სტრატეგიულიც. დასავლურ სამყაროში ისწავლეს მათგან სარგებლის მიღება ისე, რომ ნაწყენი არავინ რჩება და ურთიერთობები ცივილურ ფორმებს არ სცილდება. მაგიტომ გვინდა იქ და არა რუსეთთან, სადაც ასეთი საკითხები კალაშნიკოვებით წყდება. 

შემდეგი გახლდათ არეშიძის ექსპერტული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერის 28 ნოემბერის განცხადება არ ნიშნავს ევროპისკენ სვლის შეწყვეტას. გაოცებულმა სანიკიძემ არგუმენტები მოიკითხა. არეშიძე სკამში შესწორდა და „აი, თუნდაც ის, რომ ევროპელების მოქმედება ხშირ შემთხვევაში იძულებით ფორმას ატარებდა“. გაიგეთ ხომ? მიხვდით? სად იყო ნეტა ეს არგუმენტი აქამდე! რა გვინდოდა ყინვიან ქუჩებში? რას ვასკდებოდით რობოკოპებს! დამშვიდდით! ევროპისკენ მივდივართ!

აქ ეტყობა თვითონ მიხვდა, რომ საქმე შეჭირდა და მომდევნო წინადადებაშივე გაჰკიცხა ახალგაზრდა ღამბაშიძე ომის პარტიის არსებობის არდაჯერების გამო. და მეტი დამაჯერებლობისთვის „დიფ სთეითის“ (deep state) ცნებაზე საუბარს შეუდგა, რომელსაც თურმე ჯერ კიდევ პრეზიდენტი ეიზენჰაუერი ახსენებდა. სინამდვილეში „დიფ სთეითი“ და ქოცების „გლობალური ომის პარტია“ სრულიად განსხვავებული რამ არის. მაგრამ ექსპერტი ნეიმდროფინგით (არც თუ ნაცნობი ცნებების და გვარების არასაჭირო დროს გამოყენება) ცდილობს, თავისი ექსპერტული მნიშვნელობის გაზრდას მაყურებლის თვალში, რომ აი, მან რაღაცეები იცის.

აბა, ისე როგორ დაასრულებდა ექსპერტი, დასავლეთის მხრიდან ჩვენი ომში ჩათრევის მცდელობაზე რომ არ ესაუბრა. რაღაც კონფერენციაზე, ვიღაც დასავლელმა კოლეგებმა, რაღაც კითხვები დასვეს. გვარებს ვერ იტყვის! უხ ბოდიში! იმოდენა რანგის, ისეთი წარმომადგენლობით და საიდუმლო ღონისძიებას ესწრებოდა ეს პატივცემული გვამი, რომ გვარებს ვერ გვეტყვის. არა და დღეს ყველაფერი ტვიტერზეა, ბოდიში, იქსზე, არაფერია დამალული ვინ, სად, რა თქვა. 

საკმარისია. აღარ მინდა ამის სმენა. 

გულწრფელად? არა მჯერა, მამუკა არეშიძე რუსეთის სპეცსამსახურებს წარმოადგენდეს. მაგრამ ის გაჭყეპილია მათი ინფორმაციით, მსოფლიოს მათი პრიზმიდან ხედავს, მათ ყაიდაზე გველაპარაკება. და ეხლა სხვებს ჭყიპავს ამ ნაგვით. უკიდურესად იაფფასიანი ილეთებით შექმნილი პლატფორმიდან პროქოცური ტყუილებით ჭყიპავს. აი, იმ ხალხს, ვინც ბრაჭველსა და ღამბაშიძეს შესაძლოა, პირველად უსმინა და რაღაც შანსი გაუჩნდა ქვეყანა სხვანაირად დაინახოს. 

ლუსტრაციის კანონი კი ნამდვილად გვჭირდება. რომ ვიცოდეთ, ვინ გველაპარაკება. მართალი იყავი შენ, კოტე. ასე ქვია იმ მეგობარს, რომელთანაც იმ დილით ყავას გეახელით. 

P.S. დღეს, 20 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ დიდი ხნის შემდეგ პირველად ახსენა „დიფ სთეითი“. ექპერტი (მამუკა არეშიძე) ეგეთი უნდა იყოს, პრემიერს პასებს აძლევდეს! 

 
კატეგორია - ბლოგი


როგორც ჟურნალისტი ჯერ კითხვას დავსვამ, იქნებ პასუხიც ვიპოვო - რატომ შეიძლება ნებისმიერი რესპონდენტის სტუმრობა, ნაწამებ ადამიანთან ინტერვიუზე ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს? კადრებად ვხედავ საბჭოთა მასწავლებლის გაავებულ, ბრაზიან სახეს, როცა ჟურნალისტს ვუყურებ და მის ხმას ვუსმენ: „არა! არ დაასრულებთ! მე გკითხავთ და პარალელურ რეჟიმში გააგრძელებთ! არა! შეურაცხყოფას მაყენებთ! თქვენ იმყოფებით ჩემთან სტუდიაში!“ „მოამბის“ საგანგებო ეთერში წამყვანის ეს აკრძალვა და ხისტი ტონი რესპონდენტის კიდევ ერთ, მშვიდობიან გაბრძოლებას მოჰყვა, რომელიც საკუთარი აზრის დასრულებას ცდილობდა. სტუმარი რაღაც მომენტში იძულებული გახდა პრემიერის „ფრთიანი ფრაზა“ გამოეყენებინა - „ზრდილობა, კულტურა, IQ”. ირაკლი კობახიძე სწორედ ჟურნალისტებთან შეხვედრისას იმეორებდა ამ სიტყვებს და ამით არიდებდა თავს არასასურველ კითხვებს. „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ კი ეს ფაქტი, არც მაშინ და არც შემდეგ, ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფად არ შეუფასებია. 

რატომ ვერ ვივიწყებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 15 დეკემბრის საგანგებო ეთერს? ამაზე მეტიც ხომ გვინახავს? და ისიც ხომ ალილუიასავით ვიცით, როგორ ქმნიან ალტერნატიულ „სიმართლეს“ და მდიდრდებიან მენეჯმენტში ჩვენი გადასახადების წყალობით. ჩვენ კი ისევ ვშრომობთ, რომ სიმართლე დავიბრუნოთ, ტელეეთერიდან საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა, რომ ჩვენც აქ ვართ, ჩვენც საზოგადოება ვართ...  თითოეული საეთერო საათისთვის ვიბრძვით, მერე თითო-თითოდ ვუთანხმებთ სტუმრებს და საგანგებო ეთერში „საგანგებო სიტუაციას“ ვუყურებთ. ამიტომ არ დავივიწყებ განრისხებული ჟურნალისტის სახეს და ტონს, რომელიც - „კი ბატონო, ვგმობთ ძალადობას, მაგრამ…“ იმეორებდა და თან თავად ძალადობდა ჟურნალისტიკის სახელით. ხშირად ჯავშანივით იყენებდა “ჩეკისტი” გამომძიებლების საყვარელ სიტყვას - „გასაგებია“. ცინიკური ქვეტექსტი კი, არც ისე ძნელი ამოსაცნობი იყო, კი ბატონო, გავიგეთ, რომ გაწამეს და მერე რა? იქნებ მეტი ვნებით და უფრო სხვა თემით გავაგრძელოთ...

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „მოამბის“ საგანგებო ეთერი, 15 დეკემბერი, 22:16 სთ- 23:29 სთ.

აკრძალვები და „თითის ქნევა“ ხელების გარეშე, ეთერში კიდევ გაგრძელდა, ისევ ფაქტებისა და ევროპული სტანდარტების დაცვის სახელით: მაგალითად, რამდენ გზავნილს იღებს მაყურებლისგან, როცა სტუდიაში მყოფი რესპონდენტი არ მოსწონთ (გაურკვეველი დარჩა შეტყობინებების ავტორი), მაგრამ ის მაინც იცავს პარიტეტს და დროს უთმობს ხალხს; როგორ ძალადობს საინიციატივო ჯგუფი საკუთარი მოთხოვნების დაყენებისას, რამდენად კატეგორიულად მოითხოვს ეს ჯგუფი მონოლოგის რეჟიმში საუბარს, როგორ ხელმძღვანელობს შავი სიებით და ამ დროს „განსხვავებული პოზიციის მქონე საზოგადოება“ დებატების, დისკუსიის გარეშე რჩება; ან როგორ შეიძლება ჯონდი ბაღათურიას სტუმრობა დაუწუნონ, „როგორ, ჯონდი ბაღათურიაზე პირდაპირ მიმითითებდით და მეუბნებოდით, როგორ გავბედე და მოვიყვანე სტუდიაში!“- სხვა სტუმრების უფლებებსაც იცავდა ჟურნალისტი და ყოველი მისი, როგორც უფლებადამცველის მონოლოგი 2, 3  და ხანდახან 4 წუთსაც გრძელდებოდა.

ირაკლი ფიფია მშვიდად ცდილობდა „შეგონებას”,  რომ აქ არავინ მოსულა ვინმეს გასალანძღად, არც საინიციატივო ჯგუფის წევრია, არც გადაცემის წამყვანის კერძო სტუდიაში იმყოფება და ის ხალხის კუთვნილ „საზოგადობრივ მაუწყებელზეა“. ხშირად იმეორებდა, რომ აზრის დამთავრება სურს, საუბარს ცდილობს და აინტერესებს, რატომ არ სვამს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ კითხვებს იმ ადამიანების პასუხისმგებლობაზე, ვინც ძალადობას აკანონებს... და არც ერთხელ არ გაუსვამს ხაზი, როგორ აწამეს თავად, იმ მოკლე მონათხრობის გარდა, რომელიც დასაწყისში მოასწრო. სანაცვლოდ, სტუდიაში ისევ ხმამაღალი ტონი ნარჩუნდებოდა: „ჩვენ ავიტანთ, პრობლემა არ არის... თქვენ შეგიძლიათ, მლანძღოთ, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ შეგიძლიათ მუდმივ რეჟიმში ლანძღოთ, ეს ტრენდად იქცა უკვე, ეს არ არის სიმართლე, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ეს თქვენი პოზიციაა“. „არა, ეს ფაქტია, მოქალაქები მოვიდნენ და დაიცვეს საკუთარი უფლება... მრავალხმიანობის უფლება“ - მშვიდ რეჟიმში განაგრძობდა ირაკლი ფიფია. 

წამყვანს, ალბათ, არაფერი უშლიდა ხელს, რომ ინფორმაცია გადაემოწმებინა, თუ ეს ტყუილი მას ხელს არ აძლევდა და მაყურებლის სიცრუეში დარწმუნება, არ უნდოდა. უცოდინრობის, ხშირად ამ მონოტონური მოთხოვნის ფონზე, უსაგნო ბრალდებებისა და მთავარ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ბრძოლით მოპოვებული ოქროს წუთები იკარგებოდა. არაერთი უარის მიუხედავად, ჟურნალისტი მაინც დაჟინებით ითხოვდა არარსებულ სიებს და პასუხს: „ვისი მოწვევაც ნებადართულია სტუდიაში და ვისი - არა“. 

ერთგვარი სიცხადე გადაცემაში მარინე ჩიტაშვილმა შემოიტანა, რომელმაც მადლობით დაიწყო, მისი სტუმრობის დელეგირების ავტორებთან და ეთერი იხსნა ლამის ზედმეტად კორექტული და კვალიფიციური საუბრით. ფსიქოლოგმა პრემიერის მიერ მოგვიანებით უარყოფილი განცხადება, რომ მას ეს არ უთქვამს „ინტერპრეტაციად“ (სტილი დაცულია- მ.ჩ.) შეაფასა. არგუმენეტების წინაშე წამყვანი უძლური აღმოჩნდა და „ჩაკითხვების“ გარეშე დატოვა მარინე ჩიტაშვილის პოზიცია, რომ პრემიერის განცხადება ანტიკონსტიტუციურია. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 15 დეკემბრის საგანგებო ეთერი ერთგვარი სტრატეგიაა - დრო გავიყვანოთ და ვიხმაუროთ არაფრის მთქმელ დეტალებზე, რომ მთავარი სათქმელი სადღაც, მათ შორის ჩაიკარგოს. ეს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყბადაღებულ ბალანსზე საუბარსაც ჰგავს - დაბალანსებული ეთერი და თანაბარი დრო ყველასთვის... უნებლიეთ, მახსენდება ფრაგმენტიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის პირველადი დასკვნიდან: „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაყურებელს ყველა საარჩევნო სუბიექტი უმეტესწილად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა (89 პროცენტი), წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების უდიდესი წილი კი „ქართულ ოცნებას“ დაუთმო (58 პროცენტი)”.  

ალბათ, ამ პროცენტების გამო კიდევ უფრო ხმამაღლა ცდილობდა საგანგებო ეთერის წამყვანი არხის პოზიციის დაცვას: “ეს არის თავისუფალი არხი, ერთმნიშვნელოვნად, ევროპული ღირებულებების გამხმოვანებელი, ევროპული პლატფორმა, რომელიც ასე იქნება ყოველთვის და ეს არის მიზეზი იმის, რომ გარკვეული ჯგუფი, ფაქტია, ითხოვს ჩვენს სივრცეს, რომ ეს ასე არ იყოს“...  

„მოამბის“ საგანგებო ეთერში პირველი 5 წუთი ერთდაერთი, უწყვეტი საეთერო დრო იყო, როცა ანთროპოლოგმა, ირაკლი ფიფიამ საკუთარი ამბის მოყოლა შეძლო. ეტყობოდა, რომ გადაცემებში სტუმრობის დიდი გამოცდილება არ აქვს, რაც წამყვანმა კარგად გამოიყენა, არც რესპონდენტის კულტურა შეიმჩნია და არც მისი შემზარავი ამბავი. მას მიმდინარე გადაცემაში, მთელი საეთერო დროის მხოლოდ 7-8 წუთი დაეთმო, 1 საათისა 13 წუთის განმავლობაში. „ტაიმ კოდებისა“ და დროის დათვლის შთაგონება მარინე ჩიტაშვილის ზედმიწევნით ზუსტად ჩანიშნულმა დრომ მომცა და იმ „თავისუფალმა სივრცემ“, სადაც ადამიანებს საკუთარი აზრის გამოსახატად იძულებით მასპინძლობენ. 

15 დეკემბრის „მოამბის“ საგანგებო ეთერი ტყუილად მაინც არ ჩაივლის. თუ არხი მხოლოდ ტექნიკურად არ დაითვლის ბალანსს, მაუწყებელს ცარიელ შენობად არ დატოვებს და იმ ადამიანებსაც მოუსმენს, ვისი აზრიც არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდება, მაშინ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მთავარ მისიას შეასრულებს - იქნება ხალხის ხმა და არა მთავრობის. 

და ვიდრე ასე არ არის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტი საზეპიროსავით გაიმეორებს: „ეს არხი არის ისეთი თავისუფალი, როგორც არასდროს, არის ევროპული ინსტიტუცია... მენეჯმენტს რაც შეეხება, ამ მოცემულობაში,  როდესაც ეს აქციები მიმდინარეობდა, ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო...“ 

 
კატეგორია - ბლოგი


დისტოპიურ ნაწარმოებებში, სადაც დიქტატურის ანატომია და რეპრესიებია აღწერილი, ყოველთვის ჩნდება ერთი პერსონაჟი მაინც, პირობითად ბატონი ან ქალბატონი „გაუგებრობა“. ეს პერსონაჟი, როგორც წესი, ანტაგონისტად გვევლინება, მაგრამ მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ სულიერი მეტამორფოზა უნდა განიცადოს და გაკეთილშობილდეს. ავტორის თუ სამყაროს გადაწყვეტილებით, ის მაინც ბოლომდე რჩება რეჟიმის ერთგულ მსახურად. მაგალითად, ასეთია დეიდა ლიდია „მხევლის წიგნში“, ასეთია მოსამართლე ტოტალიტარული ირანის შესახებ დაწერილ დოკუმენტურ რომანში - „შვიდი ზამთარი თეირანში“. ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე მათგანი ჰუმანურ იმპულსს ავლენს, საბოლოოდ, რეჟიმის ერთგული რჩება. რეალურ სამყაროშიც ასეა, - ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმებში „გაკეთილშობილების სინდრომი“ იმაზე იშვიათია, ვიდრე მსხვერპლს ჰგონია ხოლმე. 

2024 წლის 28 ნოემბრის დილის 2 საათიდან 30 ნოემბრის დილამდე თბილისის ქუჩებში დატრიალებული ძალადობრივი ქაოსი დისტოპიური რომანის ან ფილმის აღწერას ჰგავს, - ბოროტი მდიდარი მმართველის მსახური შავი რობოტები ქვეყნის დასაცავად გამოსულ მოქალაქეებზე ნადირობდნენ. დარბევისას ორ ღამეში 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა. მათ მიზანმიმართულად ურტყამდნენ, დევნიდნენ, ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმის შესრულებაში და ერთ-ერთ მათგანს, „პუბლიკის“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს სცემეს და დააპატიმრეს. მაგ ღამეს ოლიგარქის რეჟიმმა სამი წითელი ხაზი ერთდროულად გადაკვეთა: ოფიციალურად შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაცია, მიიღო შექება მსოფლიოს პირველი ტერორისტისგან, ვლადიმერ პუტინისგან და ტერორი მოუწყო აქტივისტებსა და ჟურნალისტებს. ესეც, ალბათ, ერთგვარი რეპეტიციაა რუსული კანონისა და რუსული მმართველობის მძლავრად ამოქმედებისთვის.

ამ ნადირობის დღეს ჩემთვის უაღრესად საინტერესო მაინც სამთავრობო მედიაორგანიზაციებში დასაქმებული ჟურნალისტების რეაქცია აღმოჩნდა, - ცოტა ბუნდოვანი, ცოტა ირონიული, ცოტა მოკრძალებული, ცოტა აროგანტული და ცოტაც ამაზრზენი. ყველაფერი ცოტ-ცოტა, საერთო ჯამში, კარგად გაწერილ პროპაგანდისტულ სტრატეგიას ქმნის. 

გულგრილი სოლიდარობის კამპანია გუშინ დილიდან დაიწყო, დაახლოებით 10:00 საათის შემდეგ, როცა ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურში მუშაობა განახლდა. შემდგომ ერთმანეთის მიყოლებით „იმედის“ რამდენიმე ჟურნალისტებმა კოლეგებისადმი „სოლიდარობის“ ნიშნად ერთმანეთის მსგავსი პოსტები გამოაქვეყნა. შინაარსი დაახლოებით ასეთია: „ვგმობ ორმხრივ ძალადობას“ და შემდეგ ტექსტი გრძელდება, რომ ჟურნალისტს აქვს თავისუფლად მუშაობის უფლება და ა.შ. ჩნდება კითხვა, რომელ ორმხრივ ძალადობაზეა საუბარი მშვიდობიანი აქციების დროს?! ვინ არის მოძალადე მეორე მხარეს?! სად იდგა მოძალადე, რომელსაც „მეორე მხარედ“ მოიხსენიებს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი?!

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანებს აქვთ უფლება, გამართონ მანიფესტაციები, დემონსტრაციები და არავინ დაისაჯოს, რადგან მთავრობისგან მრავალჯერ უგულვებელყოფილი კონსტიტუცია გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს. იმ ღამითაც, ისევე როგორც წინა თვეებში, რუსთაველზე მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა. შესაბამისად, ოდნავი ბრალეულობაც კი არ არსებობს რომელიმე ნაცემი აქტივისტის ან ჟურნალისტისა, არ არსებობს პოლიციაზე ფიზიკური ძალადობის მტკიცებულებები, კადრები, ჩანაწერები, მაგრამ რეჟიმის სახედ ქცეული პროპაგანდისტებისთვის ეს ძალადობა მაინც „ორმხრივია“. მათთვის ტოლობის ნიშანი ზის დაპატიმრებულ ჟურნალისტსა და პოლიციელს შორის, ნაცემ ჟურნალისტსა და იმ სპეცრაზმელს შორის, რომელიც გამეტებით ურტყამს გურამ როგავას, აკა ზარქუას და შენობებში უვარდება დამალულ აქტივისტებს. 

ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები და ნუ ვიფიქრებთ, რომ „ორმხრივი ძალადობის“ შესახებ გზავნილი შემთხვევითია. შემთხვევითში სამსახურის დაკარგვის შიშს არ ვგულისხმობ. რეალურად, ეს „ორმხრივი ძალადობა“ და ბუნდოვანება ძალადობის შესახებ, ძალადობის ზოგადი გმობა სამთავრობო მედიის ჟურნალისტების მხრიდან, პროპაგანდის ნაწილია. მათი მიზანია, აუდიტორია დაარწმუნონ, რომ „უსამშობლოების“ (როგორც აქციის მონაწილეებს უწოდებენ ხოლმე) მიმართ ჩადენილი ძალადობა პროპორციული ძალის გამოყენებაა, რომ სპეცრაზმელები იძულებულები არიან ამგვარი “მცირე გადაცდომით” დაიცვან სამშობლო, - ის სამშობლო, რომელიც მათი თქმით, დასავლეთმა „ომში უნდა ჩაითრიოს“ აქციების საშუალებით. რამდენადაც არარეალურად არ უნდა ჟღერდეს, გულგრილი სოლიდარობაც „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივზე აგებული სიცრუის ნაწილია.   

სამთავრობო მედიის ამ გულგრილ სოლიდარობაზე 2022 წლის მარტი-აპრილის რუსული ქრონიკები მახსენდება. სწორედ კრემლის პროპაგანდის ნაწილი იყო, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და ფართომასშტაბიანი ომის პარალელურად, სხვადასხვა რუსი პროპაგანდისტის გზავნილი უკრაინელების მისამართით. ისინი ცდილობდნენ, უკრაინის მოსახლეობა დაერწმუნებინათ, რომ სინამდვილეში “მოძმე ერების გაერთიანების სპეცოპერაცია” მიმდინარეობს. კრემლის პროპაგანდის ცინიზმიც ამაშია, - როცა ბუჩაში რუსული არმია 14-15 წლის გოგოებს აუპატიურებდა, ხოლო რუსული ავიაცია უკრაინის ქალაქებს ბომბავდა, კოლექტიური მარგარიტა სიმონიანები „კეთილ“ მიზნებზე, „დიდი რუსეთის“ გამთლიანებასა და კეთილდღეობაზე საუბრობდნენ. 

29 ნოემბრის ღამის სისხლისღვრისადმი გულგრილობაში „იმედის“ ჟურნალისტები მარტო არ არიან. მათ გვერდით დგას დანარჩენი სამთავრობო მედიის ლეგიონი მცირედი განსხვავებით. “პოსტივის”, “რუსთავის 2”-ისა და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების უმრავლესობა მდუმარედაა (მხოლოდ რამდენიმეს ეყო გამბედაობა, დაეგმო სპეცრაზმის სიმხეცე). მათი დუმილი დაშავებული ყოფილი თანამშრომლების და მოქმედი კოლეგების შელახულ უფლებებზე ზედმეტად ხმამაღლა ისმის. ცარიელია მათი facebook-ის გვერდები, ცარიელია სივრცე, რომელიც სწორედ ჟურნალისტების პროტესტს უნდა შეევსო. ეს „ქართულმა ოცნებამაც“ შესანიშნავად იცის. იცის, რომ ოლიგარქისა და ბიუჯეტის ფულზე დამოკიდებულ მედიაში დასაქმებული ადამიანები ხმის ამოღებას ვერ და არ გაბედავენ. ამიტომაც მათ შეუძლიათ, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ინკვიზიცია მოუწყონ იმის იმედით, რომ სამთავრობო მედია-კლანიდან არავინ უსაყვედურებს, არავინ აუჯანყდება. 

არადა მორალურად გაუმართლებელია, გესმოდეს პატარა გოგოების ტირილი კადრებში და დუმდე; დანაშაულია, ხედავდე როგორ ურტყამენ წიხლებს წაქცეულ აქტივისტებს, როგორ წევს სასწრაფოს მანქანაში დასისხლიანებული მარიამ გაფრინდაშვილი („ტვ პირველი“), როგორ ეხვეწება პოლიციელს ნინო წვერავა („სტუდია მონიტორი“), არ დააგოროს კიბეებზე, როგორ უხსნის აკა ზარქუა („რეალ პოლიტიკა“) ათამდე სპეცრაზმელს არ სცემონ, რადგან ჟურნალისტია და მოვლენებს აშუქებს, შენ კი, სამთავრობო მედიის პროპაგანდისტმა, ხელფასის შესანარჩუნებლად მდუმარება შეინარჩუნო… ახლა დუმილი ყველაზე დიდი დანაშაულია!

დასაწყისში დისტოპიური რომანების ანტაგონისტებიც თვალსაჩინოებისთვის ვახსენე. გაზაფხულის აქციებიდან დღემდე მქონდა განცდა, რომ ჟურნალისტების ნაწილი სამთავრობო მედიას პროტესტით დატოვებდა. ახლა კიდევ უფრო ნათლად ვაცნობიერებ, რამდენად ინფანტილური ყოფილა ჩემი მოლოდინი. 

მთელ იმ ორი ღამის ქაოსში კი, ყველაზე სევდიანი რამ აქციაზე ნაცემმა და ძალიან ღირსეულმა ჟურნალისტმა, გურამ როგავამ (ტელეკომპანია ფორმულა) თქვა: „მე არ მაინტერესებს ის ნიღბიანი ვინ არის, საერთოდ არ ვბრაზდები მაგ ნიღბიანზე, გულწრფელად. ის არ იყო სპეცრაზმელი. იცი, მე ვინ მცემა დღეს იქ, ვინ ჩამარტყა?! ირაკლი ჩიხლაძემ, „იმედის“ ჟურნალისტმა, ჩემი ბავშვობის მეგობარმა... მე მცემეს დღეს და გონება დამაკარგვინეს იქ პირველი არხის თანამშრომლებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემი მეგობრები იყვნენ... მე იქ მცემა „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა მცემეს დღეს მე იქ”.  

 
კატეგორია - ბლოგი


„არჩევნების შემდეგ თვითრეფლექსიის დრო დადგა და ერთგვარ ტენდენციად იქცა საკუთარ შეცდომებზე ფიქრი და საუბარიც, რაც ცალსახად მისასალმებელია. კრიტიკა ისმის როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე ოპოზიციურად განწყობილი მედიის მისამართითაც. ჩვენც ვცადოთ სატელევიზიო მედიის კრიტიკა”, - ასე იწყებოდა ჩემი ბლოგი, რომლის წერაც გუშინ დავიწყე და დღეს უნდა დამესრულებინა. შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა. 

ექსტრემალურ სიტუაციებში სამთავრობო არხების ყურება უკვე პროფესიად მექცა, ყველაზე აქტიურად კი მაინც საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელი ვარ, როგორც ამ ინსტიტუციის გულშემატკივარი. 

გუშინ, საღამოს, 20:00 საათზე მაკა ცინცაძის „აქტუალური თემა“ დაიწყო, სადაც ერთი საათის განმავლობაში მაყურებელს ტვინს არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ურეცხავდა. ამის შემდეგ „პირველმა არხმა“ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციიდან კადრების ჩვენება დაიწყო. „მოამბის“ კარგად გაწვრთნილმა ოპერატორმა კარგად იცის, რა გადაიღოს: დატეხილი ქვები, აგრესიული მომიტინგე, უწმაწური ჟესტები და ა.შ.

 

მან იცის, რომ საკუთარი კამერის ობიექტივი შსს-ის ძალების მხრიდან გამოყენებულ ძალას შეძლებისდაგვარად უნდა მოარიდოს. ამ კარგად გაწვრთნილმა პარტიის მუშაკმა მისთვის უცნაურად ჩაცმული ქალიც შენიშნა და გარშემო დიდხანს უტრიალებდა, რომ მაყურებლისთვის კარგად ეჩვენებინა - „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ლგბტქ თემის წევრები აპროტესტებენო. 

ეს ამორალური მედიასაშუალება, რომელიც ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების გადახდილი გადასახადებით ფინანსდება, თავდაპირველად მხოლოდ ჭიჭინაძის ქუჩის პერიმეტრს აჩვენებდა, რადგან იქ დაძაბული მდგომარეობა იყო, შემდეგ ქვის ნატეხების „დევნა“ დაიწყო. საპროტესტო აქციის კომენტატორი თავად მაკა ცინცაძე იყო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ხშირად გვიკითხავდა და გვაფრთხილებდა, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შსს-ს მხრიდან პასუხი გაეცემოდა. დროდადრო გვაცნობდა მამუკა მდინარაძისა და სხვათა განცხადებებს, მოგვიანებით სტუდიაში სატელეფონი ჩართვით შემოიყვანეს „ქართული ოცნების“ სხვა წევრებიც: გივი მიქანაძე, სოზარ სუბარი, გიორგი ვოლსკი. 

მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა სატელევიზიო არხის მეშვეობით ჩვენ ვუყურებდით უმძიმეს სურათს. მათ შორის, თვალს ვადევნებდით კადრებს, როგორ ხდებოდნენ მედიის წარმომადგენლები შავებში ჩაცმული სადამსჯელო რაზმის ძალადობის მსხვერპლნი, მაგრამ ამაზე ყურადღებას არ ამახვილებდა არც ერთი სამთავრობო ტელევიზია და მათ შორის არც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. 

ათობით ჟურნალისტი დაშავდა ჩვენ თვალწინ. სასტიკად სცემეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ გურამ როგავას, სცემეს სახისა და თავის არეში. გაიტაცეს და დააპატიმრეს „პუბლიკას“ ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი. პირდაპირ ეთერში სცემეს და ძირს დააგდეს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი, დავით ცაგარელი. ამ ყველაფერს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს, მაგრამ ამ ყველაფრის შესახებ 29 ნოემბრის ღამეს საკუთარ ვებგვერდზეც კი, ინფორმაცია არც ერთ სამთავრობო ტელევიზიას არ გაუვრცელებია. ჟურნალისტმა თაზო კუპრეიშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე იმ ახალი ამბების ჩამონათვალიც გამოაქვეყნა, რომელიც „პირველმა არხმა“ გამოაქვეყნა. ცხადია, აბსოლუტურად იდენტური მდგომარეობაა სხვა სამთავრობო ტელევიზიების ვებგვერდებზეც. 

„რუსთავი 2“-მა ინფორმაცია რამდენიმე დაშავებული ჟურნალისტის შესახებ მხოლოდ დილის 8 საათსა და 15 წუთზე გამოაქვეყნა. მანამდე კი, მათი ახალი ამბების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 

ცხადია, გადამოწმებას არ საჭიროებდა, მაგრამ „ქართული ოცნების“ წამყვანი პროპაგანდისტების ახალი ამბების სექციას მაინც გადავხედე. „იმედმა“ 29 ნოემბრის 14:30-ზე ამგვარი ინფორმაცია გაავრცელა: „ჯანდაცვის სამინისტრო: აქციაზე დაშავებულთა ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, ნაწილი კი კლინიკაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება“.

უნდობლობის შემთხვევაში იმედი არქივი შეგიძლიათ, თავადაც გადაამოწმოთ. მედიად წოდებულ POSTV-ზეც ცხადია, ქვებს მხოლოდ მანიფესტანტები ისროდნენ. სინამდვილეში კი, სურათი ამგვარია: 

ფოტოზე: დაშავებული ჟურნალისტები ალექსანდრე ქეშელაშვილი და გურამ როგავა

ბოლოს ისევ „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ შესახებ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მისი აი, ამ კოლეგების სახელს არ ახსენებს, მაგრამ დილის 06:17-ზე აქვეყნებს მასალას სახელწოდებით: „პირველი არხის ჟურნალისტს აქციაზე აგრესიულად განწყობილი ჯგუფი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლის“. 

ძალიან რთულია ამგვარი სურათის, ასეთი გახრწნილი და ამორალური ტელემედიის აკადემიური ენით შეფასება, ამიტომ დასკვნები და ეს შეფასებაც თქვენთვის მომინდია. მე კი ამ ტექსტის დასაწყისს დავუბრუნდები და ვიტყვი: ცხადია, დღეს აღარ დაიწერება ის ტექსტი, სადაც საკუთარ და სხვა ჩვენი კოლეგების შეცდომებს გავაანალიზებთ, შევაფასებთ და მათზე ღიად ვისაუბრებთ, მაგრამ ჩვენ სწორედ ეს განგვასხვავებს ძალაუფლებას დამონებული „ჟურნალისტებისგან“ - თვითრეფლექსიისა და თვითკრიტიკის უნარი. 

 

linked icon styling WI