აღსანიშნავია, რომ Mediachecker-მა ChatGPT-ის უკვე დააწერინა სტატია ჟურნალისტიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებისა და რისკების შესახებ. ამ სტატიაში, თავად ხელოვნური ინტელექტი „ამტკიცებს“, რომ ChatGPT და მსგავსი პლატფორმები მედიის პროფესიონალებს საქმეებს გაუადვილებთ. თუმცა მისი გამოყენების დროს გარკვეული რისკებიც არსებობს. მაგალითად, ChatGPT-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ყოველთვის ზუსტი ან ტენდენციურობისგან თავისუფალი არ არის.
საკითხავია, თუ უფრო კონკრეტულად, რა დონეზეა გამოსადეგი ChatGPT მედიის მუშაკებისთვის და რამდენად მიზანშეწონილია მისი გამოყენება. ამ ბლოგში, თავად ChatGPT-ის დახმარებით, სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდები.
ChatGPT-ის „აზრით“, ჟურნალისტებს ხელოვნური ინტელექტი შემდეგი აქტივობების ჩასანაცვლებლად შეუძლიათ გამოიყენონ:
1. დიდი ტექსტების შეჯამებისა და მთავარი აქცენტების გენერირებისთვის;
2. ინფორმაციის გადამოწმებისთვის;
3. კვლევის დროს შესაბამისი მონაცემებისა და წყაროების მოძიებისთვის;
4. რუტინული ამოცანების შესრულებისთვის - მაგალითად, სპორტული ანგარიშებისა და ამინდის სიახლეების გენერირებისთვის.
ოთხივე ეს აქტივობა მართლაც ადვილად შეიძლება ჩანაცვლდეს ან მინიმუმ, გაადვილდეს ChatGPT-თი (ცხადია, ჯერჯერობით, მხოლოდ ინგლისურ ენაზე). როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითი გვაჩვენებს, ChatGPT, ასევე, უადვილებს საქმეს პუბლიცისტებსა და ანალიტიკოსებსაც. პუბლიცისტებს ამიერიდან გარკვეული ტიპის არგუმენტების მოფიქრებისთვის ტვინის ჭყლეტა შედარებით უფრო ნაკლები დოზით დაგვჭირდება.
მას შემდეგ, რაც ChatGPT გამოვიდა, გადავწყვიტე, რომ როგორც პუბლიცისტს, თავად შემემოწმებინა ის, თუ რამდენად შეძლებდა ხელოვნური ინტელექტი ჩემს ბლოგებში გამოთქმული მოსაზრებების გენერირებას. მინდა გითხრათ, რომ ამ ექსპერიმენტის შედეგები მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
მაგალითად, mediachecker-ზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წინა ბლოგში, ვცდილობ, დავასაბუთო ის, რომ ტვიტერი ქალაქის ვირტუალური მოედანი არ არის. ბლოგში მთავარ არგუმენტად მომყავს ის, რომ ტვიტერზე, ქალაქის მოედნისგან განსხვავებით, ინფორმაციის გავრცელებას ალგორითმები უზრუნველყოფენ. როდესაც ChatGPT-ზე ამ საკითხის შესახებ ვკითხე, მან პირველ არგუმენტად სწორედ ზემოთაღნიშნული მოსაზრება მომიყვანა.
ერთ-ერთ სხვა ბლოგში ვწერდი, რომ ფეისბუქი პოლიტიკურ პოლარიზაციას ამწვავებს. ამ სტატიაში მთავარ არგუმენტად ის მომყავდა, რომ ფეისბუქი ქმნის ე.წ. ბაბლებს (echo chambers), რაც თავის მხრივ, სოციალური ქსელის მომხმარებლებს განსხვავებული მოსაზრებების გაცნობაში უშლით ხელს. როდესაც ამ თემის შესახებ ChatGPT-ის დავუსვი კითხვა, მან ჩემ მიერ მოყვანილი არგუმენტი თითქმის ერთი ერთში გაიმეორა.
რა თქმა უნდა, ChatGPT-იც და მეც აქამდე არსებულ კვლევებსა და ექსპერტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ვეყრდნობით. მაგალითად, ის მოსაზრება, რომ სოციალურ ქსელებში არსებულ„ბაბლებს“ პოლარიზაციისკენ მივყავართ, მედიის მკვლევრებსა და პოლიტიკის მეცნიერებს ადრე არა ერთხელ გამოუთქვამთ. ჩვენ, ამ შემთხვევაში, მხოლოდ დამკვიდრებული მოსაზრებები შევაჯამეთ.
თუმცა პუბლიცისტებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოსადეგობა მხოლოდ შეჯამების ფუნქციით არ ამოიწურება. მაგალითად, უნდა ვაღიარო, რომ ის არგუმენტი, რომ ტვიტერი ქალაქის ვირტუალური მოედანი არ არის, სხვებისგან დამოუკიდებლად განვავითარე. ამ შემთხვევაში, ChatGPT-მ post factum დამანახა ის, რომ ამ საკითხზე იდენტური მოსაზრება უკვე სხვა ადამიანებსაც გამოუთქვამთ. ეს მაფიქრებინებს იმას, რომ მომავალში, უკვე გამოთქმული არგუმენტების ხელახლა მოსაფიქრებლად ბევრი ტვინის ჭყლეტა ნაკლებად დამჭირდება.
ცხადია, ChatGPT პუბლიცისტებს ნაკლებად დაგვეხმარება მიმდინარე ამბების (მას უახლოეს და მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია არ აქვს) ან საქართველოში მომხდარი მოვლენების (ის, ძირითადად, ინგლისურენოვან სივრცეში არსებული ინფორმაციით ხელმძღვანელობს) გაანალიზებაში. თუმცა ის დაგვეხმარება ყველაზე უფრო ცხადი და გავრცელებული არგუმენტების მოძიებაში (რაც მე დამოუკიდებლად გავაკეთე ვირტუალურ „ბაბლებზე“ წერის დროს) და ველოსიპედის თავიდან გამოგონებასაც აგვარიდებს თავიდან (ფაქტია, რომ ტვიტერზე წერის დროს უკვე არსებული არგუმენტის თავიდან გამოგონება მომიწია).
იმის გამო, რომ ხელოვნურ ინტელექტს ასეთი შთამბეჭდავი კოგნიტური ამოცანების შესრულება შეუძლია, ზოგიერთმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა შეიძლება მისი გამოყენება ითაკილოს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება ერთგვარად რეაქციონერული პოზიცია ახალ ტექნოლოგიაზე. იმისთვის, რომ მედია განვითარდეს, ახალ ტექნოლოგიებზე უარის თქმის ნაცვლად, ხელოვნურ ინტელექტთან თანაცხოვრება და მისი საუკეთესო დანიშნულებით გამოყენება უნდა ვისწავლოთ.