08.05.2023
ჩემი დაკვირვებით, კრიმინალის გაშუქებისას ტრაგედიის რეიტინგად ქცევის “სურვილი” ხშირია. მედიასაშუალებებს ავიწყდებათ, რომ მათი ამოცანა საზოგადოების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება არ არის.
ჟურნალისტები მოქმედებენ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც ამხელენ დანაშაულს, ხელს უშლიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ააშკარავებენ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
რატომ ვსაუბრობ ამაზე? იმიტომ, რომ 4 მაისს თბილისში სროლა იყო. შეიარაღებული პირი მოქალაქეს მიუახლოვდა და რამდენჯერმე ესროლა. ცეცხლი გახსნა ბიზნესმენის დაცვამაც და თავდამსხმელს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაცვას ბრალი დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობისათვის წაუყენეს.
ბუნებრივია, ეს ამბავი უნდა გაშუქებულიყო, მაგრამ საკითხავია როგორ.
მედიას ხშირად ავიწყდება, ან არც იცის, რომ კრიმინალის ცალკეული შემთხვევა პანიკისგან დაცლილად, მთავარი პრობლემის გამოკვეთით და სწორი აქცენტების დასმით უნდა გაშუქდეს. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.
ტელევიზიებმა თავდაპირველად სროლის კადრები კონტექსტის გარეშე გააშუქეს:
- “მთავარმა არხმა” მათ მიერ “ექსკლუზიურად მოპოვებული” ვიდეომასალა გაავრცელა — "დაბლარული" მხოლოდ იარაღი იყო და ყველა პირის იდენტიფიცირება შეიძლებოდა.
- უშუალოდ მკვლელობის კადრი ცალკე ვიდეოდ დადეს “რუსთავი 2-მა” და “TV პირველმა”.
ტელევიზიები თითქოს ვიდეოს მეშვეობით ადასტურებდნენ, რომ თავდამსხმელს მეორე იარაღიც ჰქონდა, მაგრამ მასალა პანიკისგან და სენსაციისგან დაცლილი მაინც არ იყო, კონტექსტი აკლდა - აქცენტი კეთდებოდა მკვლელობის ფაქტზე თან ეს ხდებოდა მანამ, სანამ გამოძიების დეტალები გაირკვეოდა.
მედიას შეეძლო ეს კადრები მოეპოვებინა, შეენახა, მაგრამ მის გამოქვეყნებამდე რედაქციას უნდა ემსჯელა, რა ზიანი შეიძლება მოჰყოლოდა მკვლელობის კადრების ასე გავრცელებას.
მსგავსი კადრის გავრცელება გამართლებულია, თუ ტელევიზიამ მას იყენებს სიუჟეტისთვის სადაც ჰყვება რა და როგორ მოხდა, განმარტავს, და სვამს კითხვებს იყო თუ არა ეს დაცვის წევრის მხრიდან ძალის გადამეტება, თუ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. მაგრამ ასეთ დროსაც კი, კადრები აუცილებლად უნდა იყოს რედაქტირებული, დაბლარული და აუდიტორიას არ სთავაზობდეს ღია ძალადობის ამსახველ მასალას.
კონტექსტის, გააზრებისა და კითხვების დასმის გარეშე გაშუქებული კრიმინალი კომერციული, წმინდად რეიტინგზე გათვლილი გადაწყვეტილებაა და რა საჯარო ინტერესი. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა მედიამ ტრაგედია სენსაციად აქცია, ან მკვლელობის კადრები ეთერში “ექსკლუზიურად” გაუშვა. ალბათ, თავის მოტყუება იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ ეს ბოლო შემთხვევა იყო და ასეთი რამ აღარ მოხდება.
ჟურნალისტებმა კარგად უნდა გაითავისონ პასუხისმგებლობა, რისკები, საფრთხეები და ზიანი, რაც კრიმინალური ამბების არასწორ გაშუქებას შეიძლება მოჰყვეს.
არის საერთაშორისო პრაქტიკა, რა დროს აშუქებს მედია სროლისა და მკვლელობის კადრებს. ასეთი იყო, მაგალითად, აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის, 2016 წელს კი თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა.
დავუშვათ, მედია მიხვდა, რომ ამბავი სტანდარტების დარღვევით გააშუქა და სროლის კადრები ეთერში არ უნდა გაეშვა, ან სოციალურ ქსელებში არ უნდა განეთავსებინა. რა ხდება ასეთ დროს? არსებობს ჩასწორების სტანდარტი, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, დღეს ეს ეფექტური არ არის. საკითხი განსაკუთრებით პრობლემატურია ინტერნეტისა და სოციალურ ქსელების გამო.
სოციალურ ქსელებში ერთხელ დადებული კადრი, ვიდეო შესაძლებელია, ვერასდროს გააქრო ინტერნეტსივრციდან. მედიამ ვიდეო რომც წაშალოს, ის მაინც გავრცელდება, რადგან მისი ჩამოტვირთვა და თავიდან ატვირთვა ნებისმიერ მომხმარებელს წამებში შეუძლია.
ასეთ ეპოქაში თითოეულმა რედაქციამ კიდევ უფრო მეტად უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა. ჟურნალისტიკა მხოლოდ ფაქტის გავრცელება არ არის, ესაა ინფორმაციის მიღება, გააზრება და ისე გაშუქება, რომ მან საზოგადოების ინტერესი არ დააზიანოს. ნახვები კომერციულად მომგებიანია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მედიისთვის რეპუტაციის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს.