როგორ დავამარცხოთ „დიფ სთეითი“?
09.01.2025


რამდენიმე კვირის წინ დედა, რომელიც 82 წლისაა მირეკავს და მეკითხება: “ერთი გამაგებინე, ეს „დეპსტეტი“ რა არის?” მივხვდი, რა საკვირველია, რომ „დიფ სთეითს“ გულისხმობდა. ავუხსენი შეძლებისდაგვარად. დღეს ისევ მეორდება ზარი - “დამავიწყდა, რას ნიშნავდა „დიფ სტეიტიო“” (ალბათ „ოცნების“ 8 იანვრის განცხადება წაიკითხა) და ისევ ავუხსენი. ამას მეორე კითხვა მოაყოლა - “და ბალაკლავა რა არისო? რომ აკრძალესო?” ესეც ავუხსენი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს უსმენს და კითხულობს და ამ ასაკში სოციალურ ქსელსაც კარგად ფლობს, მაინც მიუწვდომელია მისთვის ეს ტერმინები და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვისაც. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 2024 წლის 8 იანვრის განცხადების მიზანი არ იყო, ვინმეს აზრი გამოეტანა, არამედ ადამიანების გონებაში ჩარჩენოდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კონცეფცია: 

  • მსოფლიოში ტურბულენტური ვითარებაა, მოშლილია უსაფრთხოების სისტემა, ჩვენ კი ჩვენი ნავსაყუდელი გვაქვს - ბიძინა და „ქართული ოცნება“;
  • ისეთი კატაკლიზმებია, რომ თვით აშშ-ის პრეზიდენტიც კი შეიძლება დამარცხდეს ბრძოლაში - ჩვენ რას გვიზამენ - ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ნავსაყუდელი უფრო შემოვიმტკიცოთ; 
  • იზოლაცია კარგიც და აუცილებელიცაა - რაც შეიძლება უნდა მოვშორდეთ ამ აურზაურს, ჩავიკეტოთ, ჩავრაზოთ კარი - ქარიშხალი რომ გადაივლის და გამოიდარებს, მერე გავაღოთ და შემოვუშვათ ჰაერი;
  • მანამდე, თუ ტრამპიც დამარცხდა, ჩვენი კარი იმდენად ამოქოლილი უნდა გვქონდეს, რომ აქაც ვერ შემოაღწიონ - რუსეთი და ჩინეთი თუ დაგვეხმარება ამოქოლვაში, რა - არ გავაკეთოთ ეს? 
  • შეიძლება გაგვიჭირდეს, რაღაცები აღარ გვქონდეს, წამლებისა და განათლების დეფიციტი გაჩნდეს, მაგრამ ახლა ეს უნდა გადავაგოროთ - რაც უფრო ჩავიკეტებით, დავიმალებით, უფრო დიდი შანსია, არავინ შეგვამჩნიოს და ყველას დავავიწყდეთ - ხომ ეს გვინდა?

მოკლედ რომ ვთქვათ, 8 იანვრის განცხადებით „ოცნებამ“ თითქოს წერტილი დაუსვა ომისა და მშვიდობის დილემას და ის აქცია ძალიან ოსტატურად ახალ დიქოტომიად: კარჩაკეტილობის სიკეთეები VS ღიაკარისა და ღია საზოგადოების საფრთხეები. საბოლოოდ, ის მივიდა იმ წერტილამდე, როდესაც დაუფარავად გვითხრა - კარჩაკეტილობა ახლა გადაგვარჩენს, ხოლო ღიაობა - დაგვღუპავს. 

„ოცნების“ მასტერნარატივი ახლა ასეთია: გარეთ ქარბუქი, თოვლი და ქარიშხალი, ხეები ირწევა, ისმის ქარის წუილი და ტოტების მტვრევის ხმა - შენ კი გამთბარ, ჭრაქით განათებულ ქოხში ზიხარ, შუაცეცხლზე ქვაბი კიდია და ლობიო იხარშება, ბებო შეშის ღუმელთან ზის. ისეთი ამინდია, გარეთ ძაღლსაც არ გააგდებ. ზამთარი გრძელია, შენ მართალია შეშის ღუმელთან ხარ, მაგრამ არ გცივა, დელიკატესებს ვერ მიირთმევ, მაგრამ არ გშია. იცი, რომ გარეთ თუ გახვალ, მგელი ან „დიფ სთეითი“ შეგჭამს. სოფლის თავში კი გამოქვაბულში ბრძენი ცხოვრობს, რომელიც გეტყვის, როდის გამოხვიდე. შენ ნუ შეეკითხები, თვითონ იცის და შენც მიხვდები, როდის მოვა დრო. 

ეს მუდბორდი მალე შეიცვლება - უფრო მეტი ასკეტიზმი გახდება საჭირო და მსხვერპლშეწირვა, რადგან გაგვიჭირდება, მაგრამ სირთულეები გარეთ სიცივეში გაგდების შიშს მაინც ყოველთვის გადაწონის, თუ მართლა არ ამოვიხოცეთ შიმშილით. ასე რომ დრო ჯერ კიდევ აქვთ, ვიდრე არ გაჩნდება რამე წონიანი ალტერნატივა. 

„ოცნების“ ეს სთორითელინგი თავიდან ბოლომდე არის აგებული დაცულობის შეგრძნების შენარჩუნებაზე - დამღლელი დღის შემდეგ თბილ ლოგინში ჩაწოლის მოლოდინზე. ამით გამართლდება მის მომხრეებში სისასტიკე, უკანონობა, რომელსაც სჩადის მოქალაქეების წინააღმდეგ - იცავს სტაბილურობას.  

სასწორზე იმდენად დიდი რაღაც დევს - ჩვენი ევროპული მომავალი, ეროვნული მისია, რომ პროპაგანდა ყველა ღონეს იხმარს, სულ უფრო გააღრმავოს გადარჩენის ინსტინქტი, რომ აღარ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დავკარგეთ, რა ქვეყანად ვიქეცით. ყოფით დონეზე წრიალი ამ სტრატეგიის ღერძი იქნება - რა სასამართლო რეფორმა, ან განათლების რეფორმა ან ინსტიტუტების მშენებლობა და სხვა ღირებულებები - ჯერ კუჭი და გადავრჩეთ ფიზიკურად. 

კარჩაკეტილობის აგიტაცია იქნება საპროგრამო ხაზი - იზოლაცია, რომელიც დაცულობას გვძენს (მშვიდობა და სტაბილურობა). ხოლო საპროტესტო მოძრაობის მიზანია კარის გახსნა, ევროპასთან ინტეგრაცია და ეს ახლა საშიშია, ორპირი ქარია, შეარყევს არსებულ წყობას და სახიფათოა (ტერმინი: რადიკალები). 

ამ ისტორიის განმტკიცებას პროპაგანდის მარტივი ტექნიკებით შეძლებენ. „დიფ სთეითის“ ხშირად ხსენება მხოლოდ იმიტომ იყო აუცილებელი აღნიშნულ ტექსტში, რომ რაც შეიძლება სქელ საბურველში გახვიოს სიმართლე, ათასი ფენა შემოაბლანდოს. საპასუხოდ კი დიდი დრო დაგვჭირდეს ამ შრეების დასაშლელად და ადამიანებამდე მისატანად. ამიტომ ეს წამგებიანი სტრატეგიაა და იმის ახსნაზე კი არ უნდა ვიმუშავოთ, რა არის „დიფ სთეითი“ და რა - არ არის, ან გლობალური ომის პარტიის მითი დავანრგიოთ. ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ იმ დონეზე, რა დონეზეც პროპაგანდა მუშაობს მოქალაქეების შეგნებაზე. 

პროპაგანდამ კარგად მოახერხა ჯერ გადარჩენის ინსტინქტამდე დაეყვანა ჩვენი ეროვნული და პიროვნული მისია და შემდეგ ამის გადაწყვეტად (solution) შესთავაზა საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა და ამით შექმნა, როგორც აღვნიშნეთ დაცულობის, შემოსაზღვრულობის განცდა საკუთარ მომხრეებში. ის არ სთავაზობს არაფერს კარგს - როგორ შეიძლება კურსის ცვლილება და კარჩაკეტილობა სასურველი იყოს ვინმესთვის, მაგრამ საპირწონედ შესთავაზა საპროტესტო აქციებით მოტანილი შფოთი და ოპოზიციური ალტერნატივის გაურკვევლობა. ყველამ იცის, რომ სტრესის ყველაზე დიდი წყარო არის გაურკვევლობა. ნაჭუჭში კი უკვე ყველაფერი განსაზღვრულია. 

მაშ, როგორ უნდა დავუპირისპირდეთ პროპაგანდას ამ პირობებში? პასუხი, ალბათ, მარტივია - რადგან შფოთს გაურკვევლობა კვებავს, სიცხადე უნდა შემოვიტანოთ. არ დავცინოთ, არ გავაქილიკოთ და დავიწყოთ საუბარი ეგზისტენციალურ საკითხებზე - გარე და შიდა უსაფრთხოების - ანუ ვაღიაროთ, გარეთ რა ამინდია და მივიღოთ პასუხები შემდეგ კითხვებზე:

  • როგორ ვივლით ქარტეხილებში? 
  • როგორ გავუმკლავდებით რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს?
  • როგორ გავუმკლავდებით და დავაზღვევთ დასავლეთის შეცდომებს (რაც თვალსაჩინოა უკრაინის კონტექსტში)? 
  • და ამის შემდეგ, როგორ დავიცავთ ყველას, რომ ისევ არ წავიდეთ შურისძიების ან რევანშის წრეზე და პასუხს მოვითხოვთ მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს პირობებში. 

საზოგადოებამ უნდა მოვითხოვოთ, პოლიტიკურმა აქტორებმა რაც შეიძლება სწრაფად გასცენ ამ კითხვებს სანდო და კვალიფიციური პასუხები და შექმნან წონიანი ალტერნატივა ცვლილების მოსატანად - გავაჩინოთ უსაფრთხოების განცდა. პროპაგანდის პოსტულატები თავისით გაბათილდება და გაქრება, როგორც გუშინდელი თოვლი და ის არავის ემახსოვრება. ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენი მცდელობა გამოვხლართოთ პროპაგანდის შრეები, წარუმატებელი იქნება - ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გასაკეთებელია მეინსტრიმ მედიისა და საზოგადოების ზეწოლით. 








ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ