სადიგოვი: „დიქტატორ კობახიძეს და განგსტერ, მაფიოზ ივანიშვილს ბედმა არ გაუღიმა, რადგან თქვენნაირი ჟურნალიტები ჰყავთ საქართველოში“
17.04.2025


დღეს, 17 აპრილს „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ აფგან სადიგოვთან ერთად, რომელიც საპატიმროდან გუშინ გაათავისუფლეს, პრესკონფერენცია გამართა.


აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, რომელიც თბილისში, გასული წლის აგვისტოში დააკავეს და საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს, შეხვედრაზე საუბარი ქართველი ჟურნალისტებისადმი მადლიერების გამოხატვით დაიწყო:

„მოგესალმებით გაბედულ, მამაც ჟურნალისტებს. დიქტატორ კობახიძეს და განგსტერ, მაფიოზ ივანიშვილს ბედმა არ გაუღიმა, რადგან თქვენნაირი ჟურნალიტები და მედიის  წარმომადგენლები ჰყავთ საქართველოში. ასევე, ძალიან მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ჩემთან დაკავშირებულ ამბებს ყოველთვის აყენებდით დღის წესრიგში და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ამყოფებდით“. 

აფგან სადიგოვის თქმით, ის 2024 წლის 3 აგვისტოს ილჰამ ალიევის შეკვეთით და საქართველოში ირაკლი კობახიძის დავალებით დააკავეს.

„საქართველოში დამაკავეს დიქტატორი ალიევის შეკვეთით და საქართველოში დიქტატორობის გზაზე ახლადშემდგარი კობახიძის დავალებით…უნდა იცოდნენ, რომ შეიძლება აფგან სადიგოვი დაიჭირონ, შეიძლება მოკლან კიდეც, მაგრამ მათ ნაცვლად აუცილებლად სხვები გამოჩნდებიან. აზერბაიჯანში უკვე 400-მდე პოლიტიკური პატიმარია და არსებული რეჟიმის სიველურე და სიმხეცე პიკს აღწევს. ბევრი ქალი ჟურნალისტია დაკავებული ცილისწამებით. 

აზერბაიჯანში ყოველ ჯერზე როცა მაკავებდნენ, ჩემს ოჯახს აშანტაჟებდნენ და მცირეწლოვანი შვილების მკვლელობით მემუქრებოდნენ. ყოველ ჯერზე მივმართავდი ალიევს, რომ ეს ჩვენი ბრძოლაა და ოჯახს უნდა შეშვებოდა, კრიტიკოსების გაჩუმებას კი ვერ მიიღებდა. სამწუხაროდ, დიქტატორები არასდროს გამოსწორდებიან“. 

სადიგოვმა სოლიდარობა გამოუცხადა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტროს, მზია ამაღლობელსაც და აღნიშნა, რომ ის ცილისწამების საფუძველზეა დაკავებული.

გუშინ, 16 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აფგან სადიგოვისთვის გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა. სადიგოვი პატიმრობიდან გუშინვე გათავისუფლდა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეს შეადგენს, რომელიც აფგან სადიგოვისთვის 3 მაისს იწურებოდა, რის გამოც პროკურატურა იძულებული გახდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით, სასამართლოსთვის მიემართა.  

„თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის მიმართ აღნიშნული განჩინება სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული  სასამართლოს მიერ 2025 წლის 27 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას დააფუძნა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას დევნილი ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აეკრძალა. აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში აკრძალულია მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო საქმეზე არსებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს - პროცესი კი შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს,“ - წერს ორგანიზაცია. 

Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი თბილისში, გასული წლის 3 აგვისტოს დააკავეს და მეორე დღეს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს პატიმრობა მეორედ, კიდევ 3 თვით 2025 წლის 31 იანვარს გაუხანგრძლივა.

ვრცლად აფგან სადიგოვის საქმის შესახებ გაეცანით „მედიაჩეკერის“ სტატიას - სადიგოვის საქმე ვრცლად: საექსტრადიციო პატიმრობა სააპელაციოში გასაჩივრდა

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ