ხალხი - პირველად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში
24.12.2024



რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოვიპოვოთ. მოვიპოვოთ და არა დავიბრუნოთ, რადგან ის არასდროს ყოფილა ხალხის, ის დღიდან მისი არსებობისა არსებული ხელისუფლებების კონტროლის ქვეშ იყო. სამწუხაროდ, ვიდრე საქართველოს პარლამენტში ერთი პოლიტიკური პარტია იქნება უმრავლესობაში, იქამდე იქნება საზოგადოებრივი მაუწყებელიც საპარლამენტო უმრავლესობის და მმართველი გუნდის დაქვემდებარებაში. ვინაიდან პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს ირჩევს, სამეურვეო საბჭო - დირექტორს, დირექტორი დანარჩენ მენეჯმენტს ნიშნავს და ისინი ერთად საპარლამენტო უმრავლესობისთვის მისაღებ საინფორმაციო პოლიტიკას აწარმოებენ. 

მოლოდინი იმისა, რომ ოდესმე და რომელიმე მმართველი ძალა გამოავლენს პოლიტიკურ ნებას, მისცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისუფლება, ფუჭია. ამიტომ, მრავალპარტიული პარლამენტი თუ კოალიციური მთავრობა ამ შემთხვევაშიც ერთადერთი გამოსავალია. 

ბოლო პერიოდამდე  „პირველი არხის“ მუშაობას თვალს არავინ ადევნებდა, ამიტომაც იყო მისი რეიტინგი მინიმალური და მისი ეთერი - ნაცრისფერი. თუ არავინ გიყურებს, საინფორმაციო გამოშვებებში ცოტ-ცოტას ყველას აჩვენებ, ხელისუფლებისთვის პრობლემურ თემებს არ გააშუქებ, სიუჟეტებს „შენი ხმით“ ანუ მთავრობის წევრის ან მხარდამჭერის სიტყვებით დაასრულებ და თუკი მონიტორინგის ქვეშ მოყვები, შენი მიკერძოებულობაც გამოჩნდება. 

აი, მაგალითად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, „პირველ არხს“ წინასაარჩევნო პერიოდში თითქმის არ ჰქონია ხელისუფლების რომელიმე შტოს მამხილებელი მწვავე, ექსკლუზიური მასალა და  არხის ჟურნალისტებს არ გამოუვლენიათ კორუფციისა და ადამიანის უფლებების შემლახავი ფაქტები. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ „მოამბის” ეთერში აქტიურად  შუქდებოდა მწვავე პოლიტიკურ ამბები, რა დროსაც  რედაქცია დროს უთმობდა ამბავში ჩართულ ყველა მხარეს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს ის ხშირად ფორმალური ბალანსის დაცვით აშუქებდა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფსონი გასართობ და შემეცნებით გადაცემებზე დადო და ნებისმიერი პოლიტიკური შინაარსის გადაცემა მეორე ფლანგზე გადაწია. ამიტომ იხარჯება მილიონები „მასტერ შეფის“, „რანინას“ და ამ ტიპის სხვა შოუებზე. არხის მიზანი არ არის ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ობიექტური გაშუქება. ქვეყანაში, სადაც Unicef-ის კვლევის თანახმად, ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის, ისინი კი, ვინც სკოლის საათებში საკვებს არ იღებენ, ხშირად ფინანსური შესაძლებლობების არმქონე ოჯახებიდან არიან და სტატისტიკურად დაახლოებით  44.9%-ს შეადგენენ, „პირველი არხის“ მთავარი სავიზიტო ბარათი მეგა შოუ “მასტერ შეფია”, (რომლის 2023 წლის ბიუჯეტიც 1 100 000 ლარი იყო) სადაც ამ ბავშვებს უგემრიელეს კერძებს  შორიდან აჩვენებენ. სწორედ ასეთი შოუები ქმნის იმ პარალელურ, ილუზორულ რეალობას, რომლის არსებობასაც მმართველი პარტია გვაჯერებს.  

დავუბრუნდეთ მთავარ თემას. იმის თქმა მსურს, რომ სწორედ ეს დაბალი რეიტინგი აძლევს საზოგადოებრივ მაუწყებელს იმის „უფლებას“, რომ საინფორმაციო გამოშვებებში რესპონდენტების მოსაზრებები ფორმალურად დააბალანსოს. 

ბოლო პერიოდში, საუბარია უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, არხის ნეიტრალური ტონი უფრო მკვეთრად პროსახელისუფლო ტონით შეიცვალა. მაგრამ, მისი პოზიცია არასდროს ყოფილა ისეთი მკვეთრი, როგორც ეს დღეს არის. მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი საზოგადოებრივმა მოძრაობამ მოიპოვა და არხს უწევს არა ურეიტინგო პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ საზოგადოების უპარტიო წევრებთან ოპონირება და მთავრობის პოზიციების დაცვა.  

„პირველი არხის“ წამყვანები თუ დირექტორი მუდმივად გვიმეორებენ, რომ არხი მთელი ამ წლების მანძილზე ეთერს უთმობდა განსხვავებულ მოსაზრებებს, თუმცა ბოლო 20 დღის მანძილზე, ტელევიზიის საგანგებო ეთერში მისული სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს, რომ: „პირველად არის მათთან სტუმრად“, „2016 წლის შემდეგ აღარ ყოფილა“, „ბოლო  4-5 წელია არ ყოფილა“ და ა.შ. 

„პირველი არხის“ ჟურნალისტებმა კარგად იციან, როგორ უნდა მოიქცნენ ახლა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის მიერ მოპოვებულ ეთერში, ასე ვთქვათ, მათი კვოტით პოლიტიკოსები არ შედიან, გადაცემის წამყვანები მონოტონურად ცდილობენ, სწორედ ოპოზიციის გადაწყვეტილებებზე ალაპარაკონ სტუმრები, მათ ქმედებებზე მოსთხოვონ პასუხი და მაყურებლის თვალში ისინი ოპოზიციის მიერ მართულ ძალად წარმოაჩინონ. ზუსტად ისე, როგორც ირაკლი კობახიძე თუ მამუკა მდინარაძე ცდილობს, საპროტესტო აქციები „ნაცმოძრაობის“ თუ „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ მართულად წარმოაჩინოს. იმავეს აკეთებს „პირველი არხიც“. 

მესიჯებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს, “მოამბის საგანგებო ეთერის” წამყვანი, მაკა ცინცაძეც მიჰყვება: „29 დეკემბრიდან სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტი იქნება“, „დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, 20 იანვრიდან საქართველოსთან ურთიერთობები გადაიტვირთება“, „ქუჩის პროტესტის უკან რადიკალური ოპოზიციაა“, „ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა“ და ა.შ. 

რა ხდება მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებმა „პირველი არხის“ 2-საათიანი საგანგებო ეთერიდან ნახევარი საათი მოიპოვეს? ტელევიზიის ეთერში გაისმა ისეთი ადამიანების ხმა, რომლებიც სამთავრობო პროპაგანდის მიხედვით, ქვეყნის მთავარ მტრებად (აგენტებად) იყვნენ გამოცხადებულები, გაისმა იმ ადამიანების პოლიტიკური მოსაზრებები, რომელთაც აქამდე ეს არხი მხოლოდ გასართობ ან შემეცნებით გადაცემებში თუ ეპატიჟებოდა, გაისმა ნაცემი და დაზარალებული ადამიანების ხმა, რომელნიც აქამდე კადრ-სინქრონს არ გასცდენიან, გაისმა ხმა რეგიონიდან. მაყურებელი ამ არხზე გადმორთვას იწყებს. 

ამ ეთერით ჩვენ ფაქტიურად მოვიპოვეთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ აღიარება, რომ გარედან, ხალხის ჩარევა აუცილებელია, რადგან განსხვავებულ აზრს თავად ისინი არ აჟღერებენ. მაგალითად, აქამდე „პირველის არხის“ სტუდიაში არ ყოფილან: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი ნინო დოლიძე, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, „კანონის უზენაესობის ცენტრის“ თავმჯდომარე ლონდა თოლორაია, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტები გურო იმნაძე და თამთა მიქელაძე, ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე და კიდევ 57 რესპონდენტი. წინ კიდევ უზარმაზარი სიაა, ყველა მოთმინებით ელის თავის რიგს, რომ მის კუთვნილ ტელევიზიაში მისი ხმა გაისმას. 

ცხადია, პროპაგანდა მაინც იბრძვის, ამავე გადაცემებში ცდილობს, პროტესტი მხოლოდ პოლიტიკოსებს დაუკავშიროს, ამიტომ განსხვავებულ ხმებს აუცილებლად ან წინ აბამს რომელიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ან შემდეგ, გადაცემას კი აუცილებლად აქტიური პროპაგანდისტებით ასრულებს და საზოგადოების მიერ მოპოვებულ ნახევარ საათს სენდვიჩის პრინციპით ისე ჭყლეტს, რომ არ დაგვანახოს, შუაში რა დევს. 

დანარჩენი ეთერი კიდევ უფრო მეტად გადავსებული და გაჟღენთილია პროპაგანდით, არხი საკუთარი თანამშრომელის მოთხოვნასაც კი არ აჟღერებს კადრ- სინქრონს მიღმა, ეთერს მათაც არ უთმობს და შეშინებული მაამებლურ საინფორმაციო პოლიტიკას აგრძელებს. 

მიუხედავად ამისა, ნავსი გატყდა. ხალხი ისევ ითხოვს ღია ეთერს და როგორც ქვეყანაში, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მთელი ძალით ებღაუჭება ძალაუფლებას - წარმავალია! აუცილებლად დადგება დრო, როდესაც აღარავის ექნება სათქმელი: „მადლობა შესაძლებლობისთვის, თქვენს ეთერში პირველად ვარ…” 








ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ