11.01.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სახელმძღვანელოში - “შესწორების სტანდარტი მედიაში”, ვკითხულობთ, რომ “ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია კი, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე".
როგორ მოიქცნენ მედიასაშუალებები და
როგორია სტანდარტი
გამოცემების ნაწილი, რომლებიც თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ
ატყობინებნენ აუდიტორიას, ინფორმაციის წყაროდ, ძირითადად, ჟურნალისტ
ელისო კილაძეს, მამა პეტრე კოლხს ან/და სოციალური ქსელის
მომხმარებლებს უთითებდნენ. ელისო კილაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე
დაწერა, რომ ინფორმაცია პეტრე
კოლხის სტატუსის შემდეგ გაავრცელა, რომელშიც იგი წერდა, რომ თემურ
წიკლაურს “გაუჩერეს დედამიწა და ჩავიდა”. ამ დროისთვის არც ელისო
კილაძის და არც პეტრე კოლხის თავდაპირველი ფეისბუქ პოსტები აღარ
იძებნება.მედიასაშუალებების ნაწილმა თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გადამოწმების გარეშე გაავრცელა და მოგვიანებით საერთოდ წაშალა ვებგვერდიდან. ამგვარად მოიქცნენ ისეთი გამოცემები, როგორებიცაა, მაგალითად: პალიტრავიდეო, სპუტნიკი, მედიაცენტრი მთავარი, მეტრონომი, არტინფო, გურია TV, newspress, 2020news.ge, news.ge, cyc.ge, tv4, ntv.ge და სხვა. ასევე მოიქცა ტელეკომპანია “მაესტროც” და ფეისბუქ გვერდზე დადებული თემურ წიკლაურის ფოტო, რომელიც მისი გარდაცვალების შესახებ იუწყებოდა, წაშალა.
აღნიშნულმა გამოცემებმა თავდაპირველად სათაურშივე, მტკიცებით ფორმაში დაწერეს, რომ მომღერალი გარდაიცვალა. მოგვიანებით კი, როდესაც ცნობილი გახდა, რომ უკვე ვირუსულად გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და როდესაც ოჯახის წევრებმა დაადასტურეს, რომ თემურ წიკლაური, რომელიც კორონავიურუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს, ცოცხალია, ზემოთჩამოთვლილმა მედიასაშუალებებმა მასალები ვებგვერდიდან წაშალეს. მიუხედავად ამისა, გუგლის საძიებო სისტემაში ამ გვერდების მიერ გავრცელებული მასალები კვლავ იძებნება.
შესწორების სტანდარტის მიხედვით, მასალის სრულიად წაშლა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დაშვებული და მაშინაც კი, როდესაც მასალა იშლება, სასურველია, რედაქციამ განმარტება გააკეთოს, თუ რატომ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება.
შესწორების სტანდარტის სახელმძღვანელოში ახსნილია, თუ როდის არის დაშვებული უკვე გამოქვეყნებული მასალის წაშლა და როგორ უნდა მოიქცეს რედაქცია ასეთ შემთხვევაში:
- მასალა სრულად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება
წაიშალოს. მაგალითად მაშინ, როდესაც საჯარო ინტერესის
არარსებობის შემთხვევაში ის ზიანს აყენებს, ლახავს სხვათა უფლებებს და
განსაკუთრებით უხეშად არღვევს ეთიკურ სტანდარტებს.
- მასალა შესწორების ნაცვლად როგორც წესი, მაშინ შეიძლება
წაიშალოს, როდესაც მხოლოდ თქვენ ხართ ინფორმაციის გამავრცელებელი
ერთადერთი ღია წყარო. თუკი ინფორმაცია სხვების მიერაც არის
გავრცელებული, მაშინ ჩამოხსნის ნაცვლად იმავე ბმულზე შესწორება
სჯობს.
- მასალის წაშლის შემთხვევაში სასურველია რედაქციამ ახსნას
ამ გადაწყვეტილების მიზეზი.
- თუკი მომდევნო დღეებში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დეტალები, რაც არსობრივად ცვლის წინა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია, უმჯობესია ცალკე მომზადდეს ახალი მასალა, უკვე გამოქვეყნებულ სტატიაში კი ცხადად მიეთითოს ბმული და გაუკეთდეს შესაბამისი წარწერა ახლად გამოვლენილი გარემოების შესახებ
ზემოთჩამოთვლილი გვერდებისგან განსხვავებით, გამოცემების ნაწილმა თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ მასალა არ წაშალა და თავდაპირველ ვერსიაშივე ჩაასწორა. თუმცა, არ მიუთითა, რომ სტატია შესწორებული და განახლებულია და არც სარედაქციო განმარტება შესთავაზა მკითხველს. ამგვარად მოიქცა: რეზონანსი, ნიუპოსტი, ახალი თაობა, report.ge. ამ დროისთვის, ამ ვებგვერდებზე შეცვლილია მასალების სათაურები და ტექსტი ისე, რომ მკითხველს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
გუგლის საძიებო სისტემაში მასალები კვლავ იძებნება თავდაპირველი სათაურებით. მაგალითად, მკითხველს გაზეთი “ახალი თაობის” სტატიაზე გადასვლისას, რომელსაც აწერია “თემურ წიკლაური გარდაიცვალა”, დახვდება მასალა შეცვლილი სათაურით და შინაარსით - "თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არაა სწორი”.
ანალოგიურად, რეზონანსის სტატია, რომელსაც თავდაპირველად სათაუშივე ეწერა, რომ “თემურ წიკლაური გარდაიცვალა”, ამ დროისთვის შემდეგნაირადაა შეცვლილი - "თემურ წიკლაურის გარდაცვალება არ დასტურდება - მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა".
ზემოთჩამოთვლილმა ვებგვერდებმა ისე ჩაასწორეს მასალები, რომ მკითხველს არც იმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თავდაპირველი ვერსია შეცვლილია და არც იმის შესახებ, რომ თვითონ ეს გამოცემები იყვნენ იმ ცრუ ინფორმაციის ერთ-ერთი გამავრცელებლები, რაზეც მოგვიანებით თავადვე წერდნენ.
როდესაც მედიასაშუალება მასალას ასწორებს, საჭიროა, რომ ამის შესახებ აუდიტორია ინფორმირებული იყოს. შესწორების სტანდარტის სახელმძღვანელო გვეუბნება, რომ მასალის ბოლოს, შენიშვნის სახით, მითითებული უნდა იყოს, თუ რა ეწერა თავდაპირველ, მცდარ ვერსიაში. ამავე სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ მასალა ისე უნდა შესწორდეს, რომ ყველა პლატფორმაზე განახლებული ვერსია იძებნებოდეს:
- გამოქვეყნებული მასალა უნდა შესწორდეს ისე, რომ
აუდიტორიისთვის ცნობილი გახდეს თუ რა გასწორდა. ყველგან,
სადაც ეს შესაძლებელია და არ უწყობს ხელს ვინმესთვის საზიანო
ინფორმაციის გავრცელებას, მასალის ბოლოს შენიშვნის სახით უნდა
მიეთითოს რა ეწერა მცდარ ვერსიაში.
- სათაურის შეცვლის შემთხვევაში მედია უნდა დარწმუნდეს, რომ მასალის სათაური შესწორდა ყველა პლატფორმაზე, სადაც კი გაზიარებული იყო ინფორმაცია. ყურადღება მიაქციეთ ბმულის ფრაგმენტსაც (URL), რომელიც ხშირად სათაურის ანალოგია. ფაქტობრივი უზუსტობა იქაც ჩაასწორეთ.
თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე იძებნება interpost.ge-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ვებგვერდზე მოგვიანებით სამი სხვა მასალა დაიდო, რომლებიც მის გარდაცვალებას უარყოფდა, მკითხველი, რომელიც მხოლოდ პირველ სტატიას გაეცნობა, შესაძლოა შეცდომაში შევიდეს.