თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის საერთაშორისო
დაცვის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლო 15 იანვარს
იმსჯელებს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სააპელაციოში აფგან სადიგოვისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 3 დეკემბერს გაასაჩივრა.
SJC-ის ინფორმაციით, 2024 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 9 დეკემბრის განჩინებებით, დასაშვებად იქნა მიჩნეული აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციაც.
როგორც ორგანიზაცია განმარტავს, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის” შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში, საქართველოს იუსტიციის მინისტრს აქვს შესაძლებლობა ექსტრადიციის თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღოს და ჟურნალისტი აზერბაიჯანს არ გადასცეს. როგორც „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აფგან სადიგოვის იურისტი, ქეთი ჩუთლაშვილი განმარტავს, მათ იუსტიციის სამინისტროს მიმართეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. სამინისტროს დაუკავშირდა რედაქციაც და პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა შესაბამისად განახლდება.
აფგან სადიგოვი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის მიზნით 3 აგვისტოს თბილისში დააკავა. მას ამ დრომდე აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული. სადიგოვი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში 111-ე დღეა შიმშილობს.
ჟურნალისტის მეუღლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, აფგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
„მდგომარეობა რთულია, მაგრამ შიმშილობას აგრძელებს. ექიმი ძალიან ღელავს, მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშააა. რამდენ ხანს გაძლებს ასე და ხვალ რა იქნება, არ ვიცი“.
სადიგოვა აღნიშნავს, რომ ის სასამართლოს აღარ ენდობა. „იცით, რომ ისინი ბრძანებებს ასრულებენ. აფგანი ძალიან ცუდად არის. ალიევის რეჟიმმა ბრძანება მისცა ივანიშვილის რეჟიმს. მათ გაანადგურეს ხალხი, კანონი და სასამართლო. მე და ჩემმა შვილებმა არ ვიცით, რა ვქნათ, ჩვენთვის ძალიან რთულია, რადგან ისინი აფგანს კლავენ“.
აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია.