პარლამენტის
ინფორმაციით, 2025 წლისთვის აკრედიტაცია 33
მედიასაშუალების 312 წარმომადგენელზე გაიცა. მათ შორის 13
ტელეკომპანია, 16 ონლაინ გამოცემა, 3 გაზეთი და 1 რადიოა. ერთწლიანი
საპარლამენტო აკრედიტაცია გაიცა უცხოურ მედიასაშუალებებზეც.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გასული წლის შეფასებისას, პარლამენტის მიერ აკრედიტაციის წესის მედიის წინააღმდეგ გამოყენება ჟურნალისტებისა და მედიის მიმართ ძალადობის ერთ-ერთ ძირითად კატეგორიაში გააერთიანა:
„აპრილში, ე.წ. რუსული კანონის განხილვებისას, პარლამენტში ე.წ. უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდა, რის გამოც, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება შეეზღუდათ ონლაინმედიის წარმომადგენლებს. ეს იმ დროს, როდესაც საკანონმდებლო ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებთნ ერთად, ონლაინმედიასაც ეხებათ.
ივნისში, ქართული ოცნების დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნით, პარლამენტში 1 და 6 თვით შესვლა აუკრძალეს, ტელეკომპანია “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ჟურნალისტებს - ნინი ბალანჩივაძესა და სოფო გოზალიშვილს. ამავე თვეში, უმრავლესობის კიდევ ორი დეპუტატის განცხადების საფუძველზე აკრედიტაცია შეუჩერეს “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტებსაც - ნატა ქაჯაიასა და მაკა ჩიხლაძეს.
ივნისში, პრემიერის საპარლამენტო გამოსვლაზე ონლაინმედიის ჟურნალისტები არ დაუშვებეს.
ნოემბერში, კვლავ ე.წ. უსაფრთხოების ყვითელი დონის ამოქმედების შედეგად, ონლაინმედიის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლა გაურკვეველი დროით შეეზღუდათ. შეზღუდვა 12 დეკემბერს გაუქმდა“.
მედიას პარლამენტისგან სპეციალური აკრედიტაციის მიღება დასჭირდა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციისა და პრეზიდენტად არჩევის დღის გასაშუქებლადაც.
„საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება 2023 წლის 6 თებერვალს გამოიცა. შალვა პაპუაშვილის ამ ბრძანებამდე პარლამენტში უვადო აკრედიტაციების წესი არსებობდა.
პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესი, როგორც გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის დამაბრკოლებელი საკითხი სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშშიც მოხვდა.
პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს და მისი ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვეს „ტელეკომპანია პირველმა“ და ნატალია ქაჯაიამ.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ დახმარებით, აკრედიტაციის წესით გათვალისწინებული ნორმა, რესპონდენტის უარის მიუხედავად, კითხვების დასმის გამო აკრედიტაციის შეჩერება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს ტელეკომპანია „ფორმულას“ აკრედიტაცია შეჩერებულმა ჟურნალისტმა, გიორგი კიკაბიძემ და ოპერატორმა, გიორგი ქვაჩახიამ.
„პროტესტი“ და „ადევნება“ - რატომ დაიხურა პარლამენტი მედიისთვის - წაიკითხეთ „მედიაჩეკერის“ მასალა ვრცლად.