რატომ დახურა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „კინოკლუბი“? - ინტერვიუ სალომე რაზიკაშვილთან
21.02.2025


სალომე რაზიკაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის „ტელესკოლის“ შემეცნებით-ახალგაზრდული გადაცემა - „კინოკლუბის“ ავტორი და რეჟისორი იყო. გადაცემა ეთერში 2022-2023 წლებში, 6 თვის განმავლობაში გადიოდა. რატომ დაიხურა „კინოკლუბი“ მოულოდნელად? - წაიკითხეთ სალომე რაზიკაშვილთან „მედიაჩეკერის“ ინტერვიუში. 


სალომე, როდის დაიწყეთ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მუშაობა? 

- „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ მუშაობა ორჯერ დავიწყე. ერთხელ 16 წლის რომ ვიყავი და მეორედ 2021 წელი იყო. ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ რამდენიმე გადაცემისთვის რეჟისორი სჭირდებოდათ. „ტელესკოლის“ (რომელიც 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს შეიქმნა) გენერალური პროდიუსერი მაშინ თამუნა ციციშვილი იყო და სწორედ მისდამი ნდობით, მივედი იქ სამუშაოდ. რამდენიმე ღია პროექტი დამხვდა, რომლებსაც რეჟისორი არ ჰყავდა.

ჯერ ერთი გადაცემის საპილოტო ვერსია გავაკეთეთ და არ დაამტკიცეს, შემდეგ ვმუშაობდი გადაცემაზე, რომელსაც თავიდან „ჯენზი“ ერქვა. ამის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, „ზეტი“ უსიამოვნო კონოტაციას ატარებდა, ამიტომ შევუცვალეთ სახელწოდება და „თაობა“ დავარქვით. კარგი გადაცემა იყო და რეიტინგიც ჰქონდა, რადგან მასში ტიკ-ტოკის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. შემდეგ ეს გადაცემა დახურეს. 

ამის შემდეგ უკვე ჩემი საავტორო გადაცემის კეთება დავიწყე, რომელსაც კინოკლუბი ერქვა. საფესტივალო გამოცდილება გავიზიარე, ვაჩვენებდით ფილმს და შემდეგ იყო ამ ფილმის ე.წ. Q&A ანუ კითხვა-პასუხი რეჟისორთან, მსახიობთან, კინომცოდნესთან, მხატვართან თუ მუსიკოსთან. შერჩეული გვყავდა შესანიშნავი სტუდენტები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებს სვამდნენ. მოდერატორი მსახიობი გიორგი შარვაშიძე იყო, რომელიც თავადაც ძალიან ჭკვიანი და განათლებული ბიჭია. გიორგის ძალიან უყვარს, ძალიან კარგად იცის კინო და ამიტომ მართლა ძალიან საინტერესო და კარგი გადაცემა გვქონდა. ბევრი სტუმარი გვყავდა ამ გადაცემაში: ნანა ჯანელიძე, დიტო ცინცაძე, მერაბ კოკოჩაშვილი… მაგალითად, მიკა მდინარაძეც გვყოლია, რომელმაც თავიდან გაახმოვანა ვასილ ამაშუკელის ფილმი „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ და ამაზე ილაპარაკა. ერთი სიტყვით, მართლა ძალიან საინტერესო და კარგი გადაცემა იყო. გადაცემას ბიუჯეტი მინიმალური ჰქონდა. პრაქტიკულად ეს გადაცემა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ არაფერი არ უჯდებოდა. 


როგორც ვიცით, გადაცემა კინოკლუბი მოულოდნელად დაიხურა. რა იყო ამის მიზეზი? 


- კი, მიზეზი ერთი ფილმი აღმოჩნდა. ვიდრე კონკრეტულად ამ ფილმზე ვისაუბრებ, გეტყვი, რომ მე პროდიუსერთან ფილმების სიასა და თემებს წინასწარ ვათანხმებდი. ანუ, თავიდანვე მივიტანე სია, სადაც ჩამოწერილი იყო, რა ფილმები გვჭირდებოდა, სავარაუდო სტუმრები ვინ იქნებოდნენ, რა იყო თემები და ა.შ. ჩემი პასუხისმგებლობა გადაცემის ვიზუალი და შინაარსი იყო. მოკლედ, იმ საბედისწერო გადაცემის ფილმი თამარ შავგულიძის „კომეტები“ იყო, სტუმარი კი - ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ნინო კასრაძე. 

„კომეტები“; 2019 წელი; რეჟისორი: თამარ შავგულიძე

სინოფსისი: „ფილმი ორი შუახნის ქალის ბავშვობისდროინდელ მეგობრობასა და სიყვარულზე მოგვითხორბს. შეიძლება დიდი დრო გავიდეს, მაგრამ ზაფხულის თბილ საღამოს გატარებული მოგონებები და გრძნობები მუდამ რჩება“.

ამ გადაცემაში ნინო კასრაძემ ასეთი სიტყვები თქვა, რომ ჩვენ არ შეიძლება, ვღელავდეთ სხვა ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე, არაჯანსაღია, რომ ჩვენ ვრეაგირებთ სხვა ადამიანის პირად ცხოვრებაზეო. 

გადაცემის გასვლამდე ყოველთვის 2-3 თიზერი მზადდებოდა და მთელი კვირის განმავლობაში ტრიალებდა. ველოდი, რომ რაღაც ტიპის გამოხმაურება მოჰყვებოდა. ასეც მოხდა. გურამ ფალავანდიშვილმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ და მათმა თანამოაზრეებმა გადაცემის ეთერში გასვლის [2023 წლის 11 თებერვალი] შემდეგ თიზერი გადააზიარეს და საოცარ კომენტარებს წერდნენ. მერე „პირველი არხის“ შენობასთანაც მოვიდნენ და იქ ჰყვიროდნენ. ამის შემდეგ მდგომარეობა საკმაოდ დაიძაბა, დაიწყო ლაპარაკი გადაცემის დახურვაზე და მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ჩაწერილი კიდევ 4 გადაცემა გვქონდა, გადაცემა დაიხურა და აღარც ერთი მათგანი ეთერში აღარ გასულა. ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი ლანა ღოღობერიძე იყო, რომელიც ძალიან საინტერესო გამოვიდა და იმ გადაცემაზე გული განსაკუთრებით მწყდება. 


გადაცემის დახურვის მიზეზად რა დაასახელეს?

- არაფერი. არც რუსიკო მანჯგალაძესთან და არც თიკო ბერძენიშვილთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ვისაც ფილმი ნანახი აქვს, იცის, რომ იქ არაფერია ისეთი, რაც, თუნდაც გამოსადავებლად შეიძლება ვინმემ პროპაგანდად ჩათვალოს. თანაც გადაცემა 21:00 საათზე იწყებოდა და ასეთი წყობა ჰქონდა: ჯერ წამყვანის სიტყვა იყო, შემდეგ სტუმრის სიტყვა, ფილმი და ბოლოს კითხვა-პასუხი. თიზერში გავრცელებულმა ნინო კასრაძის სიტყვებმა - „სექსუალური ორიენტაცია“ კი ეს ამბავი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, იმიტომ რომ „ტელესკოლის“ პროდიუსერი, თამუნა ციციშვილი ნამდვილად ძალიან კარგი გოგო იყო, რაღაცნაირად მას ანგარიში გავუწიე და სკანდალი მეც არ ამიტეხია. 


„კინოკლუბის“ დახურვის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მუშაობა კიდევ გააგრძელეთ? 

- ცოტა ხანი ვიყავი. თითქოს, უნდოდათ, რომ სხვა გადაცემაზე მემუშავა, მაგრამ საბოლოოდ, ვერ შევთანხმდით და გამომიშვეს. ადგილი, სადაც ასე გავიწროვებენ, გიკონტროლებენ საქმეს და პირდაპირი მნიშვნელობით, ხელოვნებას აცენზურებენ, იქ მუშაობა სასიამოვნო აღარც ჩემთვის იქნებოდა.

რაღაც დროის შემდეგ, ამ გადაცემის ნახვა მინდოდა, ვეძებე და ვერ ვიპოვე. წაშლილი აღმოჩნდა. რატომ წაშალეს, არ ვიცი. ისიც კი არ მითხრეს, წავშალეთო.

სოციალურ ქსელში შემორჩენილია სხვების მიერ გაზიარებული გადაცემის ბმული (იხილეთ ფოტო N1), მაგრამ თუკი გადაცემის ნახვას გადაწყვეტთ და ბმულზე გადახვალთ, დაგიწერთ, რომ გვერდი ვერ მოიძებნ (იხილეთ ფოტო N2).  


(ფოტო N1)

(ფოტო N2)


შენიშვნა: „პირველი არხის“ ვებგვერდზე, „კინოკლუბის“ კატეგორიაში განთავსებული მასალებიდან ბოლო ვიდეო 2023 წლის 5 თებერვლით თარიღდება, ბოლო გადაცემა კი - 4 თებერვლით. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

linked icon styling WI

ასევე იხილეთ