„სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში“ - საია მზია ამაღლობელის საქმეზე
05.03.2025


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გამართულ წინასასამართლო სხდომას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი კვლავ უკანონო პატიმრობაში დატოვა. 

„პროცესზე ბრალდების მხარემ დააფიქსირა პოზიცია იმის შესახებ, რომ აღარ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, თუმცა, ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხის საფუძვლით, კიდევ ერთხელ სრულიად დაუსაბუთებლად მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება. ბრალდების მხარე ამ არგუმენტს კვლავ ამყარებდა მზია ამაღლობელის უკანონო ადმინისტრაციული დაკავების ფაქტით, რომლის უკანონობის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იყო ამავე საქმეში, რომლებიც დაუშვებლად ცნო სასამართლომ“.

როგორც საია განმარტავს, სასამართლომ პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძვლად მხოლოდ ის მიუთითა, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და ხერხის გათვალისწინებით, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა, რადგან ბრალდებამ არც კი მიუთითა, რომელი კონკრეტული მტკიცებულება თუ ფაქტობრივი გარემოება მიანიშნებდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე.

ორგანიზაციის განცხადებით, პროცესზე დაცვის მხარემ უზენაესი სასამართლოს მიერ 20-მდე მსგავს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები წარადგინა, რომელთა მიხედვითაც, სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმად ისეთი ძალადობრივი ქმედებებიც კი არ შეაფასა, როგორებიცაა: პოლიციელისთვის თავში ბოთლის ჩარტყმა, თავში ქვის ჩარტყმა, სახის არეში მუშტის გარტყმა არაერთხელ, თვალბუდის, ტუჩის დაზიანება, 4 პირის მიერ 2 პოლიციელის ცემა და ა. შ.

„აღნიშნულით საბუთდება, რომ მზიას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული და შესაბამისად, არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის კანონით დადგენილი სტანდარტი“.

რაც შეეხება მტკიცებულებათა დასაშვებობას, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის 1 შუამდგომლობა, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხიდან მოწმე ეთერ თურაძის ამოღებასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად არ ცნო ბრალდების მხარის  „უკანონო და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგოდ გაცემული განჩინება, რომლითაც საგამოძიებო ორგანოს მიეცა უფლება, მზია ამაღლობელის მობილური ტელეფონიდან გამოითხოვოს პირადი, პერსონალური მასალა შეუზღუდავად. ამით, ირღვევა მისი საკუთრების, პირადი კომუნიკაციისა და პროფესიული საქმიანობის კანონითა და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები“.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო: 17 პირი, 18 ვიდეო მტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება. 

„აღნიშნული ქმედებით სასამართლომ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში“.

მზია ამაღლობელის დაცვის მხარე წინასასამართლო სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის დაცვის უფლების გარეშე დატოვების თაობაზე, 5 დღის ვადაში გაასაჩივრებს.

„მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად  ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“. 

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. 

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა. 

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

linked icon styling WI

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ