„გენდერი“ და „გენდერული მიკუთვნება“ - ამ სიტყვებს „მაუწყებლობის
შესახებ“ კანონიდანაც ამოიღებენ. „ქართული ოცნების“ პარლამენტმა
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონსა და მისგან გამომდინარე
კანონპროექტთა პაკეტში შესატან
ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი გუშინ, 4 მარტს
დაუჭირა.
პროექტის მიხედვით, ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის სამ მუხლს შეეხება. აქამდე მოქმედი კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული იყო, რომ პროგრამებში საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება აესახა. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის ახალი რედაქციით კი, ამ ჩამონათვალიდან „გენდერი“ გაქრება.
„გენდერი“ და „გენდერული მიკუთვნება“ გაქრება იმ მუხლიდან, რომელიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვას შეეხება.
..................................................................................................................................................................მუხლი 55(2). სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა
1. აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო.
ახალი
რედაქციით: 1. აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის
გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული
შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, სქესის,
ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის,
კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა
შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების
ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას
(სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია
პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის
გავრცელების განზრახვა. პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ
იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ
მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო.
..................................................................................................................................................................
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, აქამდე ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იყო საზოგადოება ისეთი ვიდეორგოლის, პროგრამის ან აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის გავრცელებისგან დაეცვა, რომელიც პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ, მათ შორის გენდერის და გენდერული მიკუთვნების მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას ახდენდა. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში კი, „გენდერს“ და „გენდერულ მიკუთვნებას“ 45(4) მუხლის „ბ“ პუნქტიდანაც ამოიღებენ.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილების განმარტებითი ბარათის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობიდან „ხელოვნურად შექმნილი“ ტერმინის - „გენდერი“ ამოღება და მის ნაცვლად საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცება აუცილებელია.
კანონპროექტის ინიციატორი, „ქართული ოცნების“ 19 დეპუტატი განმარტავს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, „უცხოური გავლენისა და მათი წარმომადგენლების აქტიური ლობირებით, მიზანმიმართულად ხდებოდა ხელოვნური ტერმინის - „გენდერის“ დანერგვა“, რაც მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ერთგვარი „ანარეკლი“ იყო და „სახელმწიფოსთვის, რიგ შემთხვევებში, გადაულახავ დაბრკოლებას წარმოადგენდა აღნიშნული ტენდენციის საწინააღმდეგო მიმართულებით პრინციპული პოზიციის დაკავება“.
დეპუტატები აღნიშნავენ იმასაც, რომ დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სულ უფრო მეტად გააქტიურდა საუბარი „აღნიშნული ხელოვნური პროცესის არაკეთილსინდისიერი მოტივებისა და მართულობის შესახებ. ცხადი გახდა, რომ აღნიშნული იდეოლოგიის ლობირების უკან იდგა არა ადამიანის უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი, არამედ სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევისა და მათზე გავლენის მოპოვების პრაგმატული გათვლა“.