კომუნიკაციების კომისია 2024 წლის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგებს, რომელიც ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია, წლიურ ანგარიშში, არაუგვიანეს 1 ივნისისა, ასახავს
07.03.2025


კომუნიკაციების კომისიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის შედეგები ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.

„მედიაჩეკერს“ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით გაგზავნილ წერილზე კომუნიკაციების კომისიამ უპასუხა, რომ გასული წლის წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის შედეგები კომისიის წლიურ ანგარიშში აისახება, რომლის პარლამენტისთვის წარდგენის ვალდებულებაც არაუგვიანეს 1 ივნისისა აქვს. 

კომუნიკაციების კომისიას, გასული წლის 6 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში 2 შუალედური და ერთი შემაჯამებელი ანგარიში უნდა გამოექვეყნებინა:

„პირველი შუალედური ანგარიში 27 აგვისტო - 27 სექტემბრის პერიოდს, ხოლო მეორე - 28 სექტემბერი - 26 ოქტომბრის პერიოდებს მოიცავს“.

წინა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კომუნიკაციების კომისიამ 3 რაოდენობრივი და 3 თვისებრივი ანგარიში იმ წლის დეკემბრის ბოლომდე გამოაქვეყნა. 2020 წლის 174-გვერდიან ანგარიშში კი წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს მხოლოდ 3 გვერდი დაეთმო. 

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია, მათივე ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის ფარგლებში 24-საათიან რეჟიმში, 55-მდე ტელემაუწყებელს დააკვირდებოდა. რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი მონიტორინგი კი საზოგადოებრივ მაუწყებლებსა და 5 ყველაზე რეიტინგულ არხზე: „ტელეიმედზე“, „რუსთავი 2“-ზე, „პოსტვ“-ზე, „მთავარ არხსა“ და „ტელეკომპანია პირველზე“, 19:00-დან 24:00 საათამდე პერიოდში, განხორციელდებოდა. 

როგორც ComCom-ი წერდა, მონიტორები წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდებოდნენ. მედიამონიტორინგის ჯგუფის წევრები კი, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ექსპერტმა რასტო კუზელმა საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპული მეთოდოლოგიის შესაბამისად გადაამზადა.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

linked icon styling WI

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ