საქართველო
კატეგორია - საქართველო



„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა ანგარიში - „დემოკრატიის მდგომარეობა 2020-2024 წლებში: კორუფცია, სასამართლო, პარლამენტი და მედია“. ანგარიში ბოლო 4 წლის განმავლობაში არსებულ მედიის მდგომარეობასაც მიმოიხილავს:

  • მედიაგარემოს გაუარესების კვალდაკვალ, გამოვლინდა ისეთი საგანგაშო შემთხვევები, როგორებიცაა - ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმები და ძალადობა, რასაც „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებაც მოჰყვა. ასევე, სამართლებრივი საქმეების აღძვრა კრიტიკული მაუწყებლების მფლობელებისა და დამფუძნებლების მიმართ და მათი დაკავება.
  • საგანგაშოა მართლმსაჯულების სისტემის, კომუნიკაციის კომისიისა და ხელისუფლების დაქვემდებარებაში არსებული სხვა სტრუქტურების კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოყენება; 
  • განსაკუთრებით სახიფათოა მმართველი უმრავლესობის ინიცირებით მიღებული არაერთი კანონი და ნორმა, რომლითაც კიდევ უფრო შეიზღუდა და გართულდა ჟურნალისტური საქმიანობა.


საქართველოს მედიაგარემო 2020-2024 წლებში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, მედიაგარემო საქართველოში წლიდან-წლამდე სისტემურად უარესდება და მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ პლურალისტურია, მნიშვნელოვან გამოწვევად მკვეთრი პოლარიზება რჩება. 

„ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა სამაუწყებლო მედიის კონტექსტში, რადგანაც უკვე წლებია, პოლიტიკური აქტორების მხრიდან ტელევიზია პოლიტიკური ბრძოლისა და ვიწრო პარტიული ინტერესების გატარების მთავარ ინსტრუმენტად არის აღქმული. ამდენად, პოლიტიკურ კლასს შორის არსებული მწვავე დაპირისპირება პირდაპირ გავლენას ახდენსმედიაგარემოზე. საქართველოში მედიაგარემოს გაუარესება აღნიშნულია საერთაშორისო ანგარიშებშიც. მაგალითად, მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (Reporters Sans Frontières - RSF) ბოლო, 2024 წლის კვლევით, საქართველომ მედიის თავისუფლების ინდექსი 26 ქულით გააუარესა და 180 ქვეყანას შორის 10-ე ადგილი დაიკავა".


TI-ის შეფასებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა:

  • ჟურნალისტებზე როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური თავდასხმების, მუქარისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევები, მათ შორის, მმართველი უმრავლესობის წევრებისა და სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან.
  • კვლავაც საგანგაშო ტენდენციად შენარჩუნდა მმართველი გუნდის მხრიდან მართლმსაჯულების სისტემის, ასევე სამართალდამცველი და მისი გავლენების ქვეშ მყოფი სხვა სტრუქტურების, მათ შორის, კომუნიკაციების კომისიის კრიტიკული მედიის შევიწროებისა და ზეწოლის იარაღად გამოყენება.
  • განსაკუთრებით საგანგაშოა მმართველი უმრავლესობის ინიცირებით მიღებული არაერთი კანონი და ნორმა, რომელთაც კიდევ უფრო შეზღუდეს და გაართულეს ჟურნალისტური საქმიანობა. ნათელია, რომ ამგვარი ინიციატივების საბოლოო მიზანი ხელისუფლებისადმი კრიტიკული არხების შესუსტება, შეზღუდვა და საბოლოო გაქრობაა.
  • გამოწვევად რჩება დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდაც, რომლის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ხელისუფლებას მწყობრი, ქმედითი გეგმა არ გააჩნია. მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ის თავად გვევლინება დეზინფორმაციის გავრცელების მთავარ წყაროდ, რასაც იგი ოპონენტებისა და მისი კრიტიკოსების დისკრედიტაციისთვის აქტიურად იყენებს. ამას მოწმობს ბოლო წლებში Facebook-ის მიერ საკუთარი პლატფორმებიდან ათობით გვერდისა თუ მომხმარებლის წაშლაც, რომლებიც ქართულ ოცნებასთან იყვნენ დაკავშირებულნი. ამგვარ აქტივობებში ჩართულნი იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
  • ერთ-ერთ გადაულახავ წინაღობად რჩება საგნობრივი და თემატური პოლიტიკური დებატების გაქრობა სატელევიზიო სივრციდან. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კვლავაც ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან კრიტიკულ ტელევიზიებთან და უარს ამბობენ მათთან გადაცემებში სტუმრობაზე. მეორე მხრივ კი, თითქმის არ ისმის ოპოზიციური ხმა პროსამთავრობო ტელევიზიების ტოქ-შოუებში, რაც მაყურებელს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო ერთმანეთისგან განსხვავებული, არგუმენტირებული მსჯელობის მოსმენის შესაძლებლობას მისცემდა. სამწუხაროდ, ჯეროვანი პოლიტიკური დებატების გამართვას არც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უზრუნველყოფს, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა. ეს განსაკუთრებით პრობლემურია წინასაარჩევნო პერიოდში, რადგანაც ამგვარი მანკიერი პრაქტიკა ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევნის გაკეთების შესაძლებლობის გარეშე ტოვებს.

თავდასხმები ჟურნალისტებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა

TI-ის ინფორმაციით, საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა სულ უფრო საშიში და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ხდება, რასაც წლიდან-წლამდე ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი სხვადასხვა ტიპის დანაშაულების მზარდი სტატისტიკა მოწმობს. მხოლოდ 2023 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 45-მდე საჯაროდ დაფიქსირებული ასეთი შემთხვევა დათვალა.

ორგანიზაციის განცხადებით, ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს ასეთ დანაშაულებზე არასაკმარისი რეაგირება, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის საქმეებზე წარმოებული გამოძიების დროში გაჭიანურება და დამნაშავე პირთა არასათანადოდ დასჯა, რაც ამგვარ დანაშაულებს კიდევ უფრო ახალისებს და მთლიანობაში, ჟურნალისტური საქმიანობისადმი მტრულ გარემოს აყალიბებს. 

„ამ მხრივ განსაკუთრებით დრამატული იყო 2021 წლის ივლისი, როდესაც ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე ჰომოფობიური თავდასხმისას, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა კი - მასზე ძალადობიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა. საგულისხმოა, რომ ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დასჯილან“.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო უსაფრთხო არც საკუთარი მთავრობების მხრიდან დევნილი უცხოელი ჟურნალისტებისთვის არის. დოკუმენტში საუბარია იმ რუს, ბელარუს და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებზე, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში მმართველი ელიტების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი, იდევნებიან და ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. 

ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე, აფგან სადიგოვზე. ის 3 აგვისტოს დააკავეს და 4 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. სადიგოვი 21 სექტემბრიდან შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია.


სამართლებრივი დავები კრიტიკული მაუწყებლების მფლობელებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, ბოლო ოთხ წელს წითელ ხაზად გასდევდა ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანიების – მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტელეკომპანია პირველის მფლობელებისა და დამფუძნებლების წინააღმდეგ წარმოებული სამართლებრივი დავები. 

ორგანიზაციის შეფასებით, საგანგაშო ტენდენციის ხასიათი ჰქონდა ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელევიზიებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დაწყებულმა ცილისწამების, ე.წ. SLAPP-ების (საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სარჩელები) სარჩელების გააქტიურებასაც, რომლებსაც ხელისუფლება კრიტიკული მედიის შევიწროების დამატებით ბერკეტად იყენებს. 

„ამგვარი სამართლებრივი დავები საქართველოში 2021 წლიდან დაიწყო და ბოლო 3 წელიწადში უკვე 40-მდე ასეთი სარჩელი აღირიცხა. მომჩივნები ძირითადად მმართველი გუნდის წარმომადგენლები ან მათთან დაახლოებული პირები არიან და მაუწყებლებისგან „ზიანის ასანაზღაურებლად“ სოლიდურ კომპენსაციას ითხოვენ, რაც ისედაც ფინანსური კრიზისის პირობებში მყოფ მაუწყებლებს დამატებით წნეხად აწვებათ“.

გაუარესებული კანონმდებლობა


როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშში ვკითხულობთ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, დრამატულად გაუარესდა საკანონმდებლო ბაზაც, რამაც მედიის საქმიანობა კიდევ უფრო შეზღუდა და შეაფერხა. 

„ამ კონტექსტში, განსაკუთრებით საგანგაშოა მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ქართული ოცნების მიერ ე.წ. რუსული კანონის შემობრუნება, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლური ფონდებიდან ფინანსდებიან, უცხოური გავლენის გამტარ ორგანიზაციებად რეგისტრაციას აიძულებს.

ამასთან, გასული წლის ოქტომბერში, პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის გარეშე განიხილა და მიიღო „მაუწყებლობის შესახებ” კანონში უმრავლესობის დეპუტატების მიერ წარდგენილი სადავო ცვლილებები, რომლითაც სიძულვილის ენა და უხამსობა თვითრეგულირების სფეროდან რეგულირების სფეროში გადავიდა. ამ ორის საკითხის განხილვისა და შესაბამისი სანქციების დაწესების უფლებამოსილება კომუნიკაციების კომისიას მიენიჭა, რომელიც, თავის მხრივ, ხელისუფლებისადმი მიკერძოებულობაშია მხილებული“.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს გასული წლის დასაწყისში, საქართველოს პარლამენტის მიერ ამოქმედებულ აკრედიტაციის ახალ წესზეც, „რითაც საკანონმდებლო ორგანო კრიტიკული მედიისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე გახდა“. 

TI-ის შეფასებით,აკრედიტაციის წესი ერთგვარ სადამსჯელო მექანიზმადაც იქცა, რომლის საფუძველზეც პარლამენტში შესვლის უფლება კრიტიკული მედიის არაერთ წარმომადგენელს შეუჩერეს. 

„ამასთან, ახალმა წესმა კიდევ უფრო გააუარესა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ისედაც გაუარესებული პრაქტიკა და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირების ხარისხიც“.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, კრიტიკული მაუწყებლების ისედაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია 2022 წლის მარტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ამოქმედებულმა ცვლილებებმაც, რომლითაც აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა, რასაც მაუწყებლები მოუმზადებლები შეხვდნენ და შედეგად 2022 წელს სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი 7.6%-ით შემცირდა.


კომუნიკაციების კომისია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ წერს კომუნიკაციების კომისიის მკვეთრად უარყოფით როლზეც, რომელიც მან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებისადმი კრიტიკულ მედიებთან მიმართებით ითამაშა. 

„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ის ხელისუფლების ყველა შტოსგან დამოუკიდებელი ორგანოა, უკვე წლებია, რაც კომისიის საქმიანობის მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს ხელისუფლებისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებისა და არაერთი სადავო ინიციატივის გამო, რომელიც ქვეყანაში კრიტიკული აზრის შეზღუდვისაკენ არის მიმართული. საანგარიშო პერიოდში, კომისიამ არაერთი სადავო გადაწყვეტილება მიიღო და მმართველი გუნდის საჩივრების საფუძველზე კრიტიკული მაუწყებლები სოლიდური თანხებით არაერთხელ დააჯარიმა“.

TI-ის ანგარიშის მიხედვით, კომისია განსაკუთრებით გააქტიურდა მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში: „მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე ხელისუფლებისადმი კრიტიკულ ტელევიზიებს არაეთიკური საარჩევნო რეკლამების გაშვებაზე უარისთვის სამართალდარღვევის უკვე არაერთი სადავო ოქმი შეუდგინა, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ ისინი დააჯარიმა“.

კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე სამართალდარღვევის ოქმი პროსამთავრობო მაუწყებლებსაც შეუდგინა, თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით, „მთლიანობაში, ეს ვერ დააბალანსებს იმ გამოუსწორებელ ზიანს, რაც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებით კრიტიკულ ტელევიზიებსა და ზოგადად წინასაარჩევნო გარემოს უკვე მიადგათ“.


პროსამთავრობო მედია

„მათ შორის გამორჩეულია „იმედი ჰოლდინგი“, რომელიც ტელეკომპანიებს – „იმედს“, „მაესტროსა“ და GDS-ს აერთიანებს და სადაც ყველაზე დიდი ფინანსური რესურსია თავმოყრილი. ტელეკომპანია „იმედი“ სატელევიზიო რეიტინგების სათავეშია. „იმედის“ ერთმა-ერთმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენია, მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ისიც თქვა, რომ „მისია“, რომელიც მას და მის ტელეკომპანიას აქვთ, არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „მასთან აფილირებული პირები არასდროს დაბრუნდნენ ქვეყნის სათავეში““.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სამთავრობო პროპაგანდის გავრცელებასა და ხელისუფლების კრიტიკოსთა დისკრედიტაციის კამპანიაში აქტიურ როლს თამაშობს კიდევ ერთი პროსამთავრობო ტელევიზია „პოსტვ“, რომლის 52%-იან წილსაც მმართველი უმრავლესობის დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს.

“„იმედთან“ და „პოსტვ-სთან“ ერთად, პროსამთავრობო ხაზს ატარებს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ც“, რომლის მფლობელი, ქიბარ ხალვაში ასევე „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენია“.



საზოგადოებრივი მაუწყებელი

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აღნიშნავს, პოლიტიკური და მედიაპოლარიზაციის პირობებში, მოვლენების დაბალანსებული, მიუკერძოებელი გაშუქებისთვის კიდევ უფრო დიდია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ როლი და მნიშვნელობა. 

„თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ამ დრომდე ვერ შეძლო ფართო საზოგადოების ნდობის მქონე მედიად ჩამოყალიბება. უკვე წლებია, რაც კითხვის ნიშნები არსებობს მისის ხელისუფლებისადმი მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. სკეპტიციზმს კიდევ უფრო ამძაფრებს მაუწყებლის მმართველი რგოლის ხელისუფლებასთან აფილირებული პირებით დაკომპლექტება. 

მოცემული მომენტისთვის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს ვასილ მაღლაფერიძე თავმჯდომარეობს, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. მაღლაფერიძეს მანამდე, 2017-2020 წლებში მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა ეკავა, საიდანაც გადადგომის შემდეგ, 2021 წელს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე მსახურობდა. 16 ოქტომბერს ვასილ მაღლაფერიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი შენობის გახსნაზე ბიძინა ივანიშვილს პერსონალური მადლობაც გადაუხადა“.

ვასილ მაღლაფერიძის გადადგომის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი გახდა, რომელიც წლების განმავლობაში მაუწყებელში სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე მუშაობდა.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმასაც, რომ 2022 წელს მაუწყებლის უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა არხის ხელმძღვანელობა ცენზურის მცდელობაში დაადანაშაულეს. გასულ წელს კი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დაიხურა რამდენიმე ისეთი გადაცემა, რომელთა წამყვანებიც აქტიურად აკრიტიკებდნენ ე.წ. “რუსული კანონის” ინიცირებას. მათ შორის იყო გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ და „კაცები“. 

„კანონის ხელახლა შემობრუნებას აპროტესტებდნენ გადაცემა „აკუსტიკის“ წამყვანებიც, რომლებიც მაუწყებლიდან მიმდინარე წლის ივლისში გაათავისუფლეს“.

 
კატეგორია - საქართველო


თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „იმედი“ და „რუსთავი 2“ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის  განუთავსებლობისთვის გუშინ, 20 ოქტომბერს 5-5 ათასი ლარით მეორედ დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიებს „ძლიერი საქართველოს“ ვიდეორგოლის განუთავსებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმები მეორედ 18 ოქტომბერს შეუდგინა.

ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს.

ComCom-მა „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს „ძლიერი საქართველოს“ რეკლამის განუთავსებლობისთვის ოქმები პირველად 13 ოქტომბერს შეუდგინა. სასამართლომ კი, მეორე დღეს ისინი 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა და ვიდეორგოლების ტელეეთერში განთავსებაც დაავალა. 

კოალიციის იურისტის, თორნიკე ართქმელაძის განმარტებით, პირველ ჯერზე სასამართლომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ტელეკომპანიების ინტერესების დამცველების თქმით კი, მათ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 10-დღიანი ვადა აქვთ. 

ComCom-ის განცხადებით, კომისიაში შევიდა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, მიუხედავად ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების თაობაზე ტელევიზიასთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და ამ საკითხზე ComCom-ისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა, მაუწყებლები „ძლიერი საქართველო“ რეკლამას კვლავ არ ათავსებენ. 

გუშინ, 20 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2“ სამართალდამრღვევად სცნო „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვისაც. როგორც ComCom-ი წერს, კომისიაში პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი შევიდა, რომლის თანახმადაც, 10 ოქტომბრიდან „რუსთავი 2“-ის ეთერში აღარ გადის მათ მიერ მიწოდებული უფასო პოლიტიკური რეკლამები. 

10 ოქტომბერს „იმედმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“და „ფორმულა“ „ქართული ოცნების“ ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებს, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეკლამებს ისიც აღარ განათავსებს. „იმედის“ გადაწყვეტილება გაიზიარა „პოსტვ“-მაც. 

„საჩივრის ავტორის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განცხადება არ გაუვრცელებია „რუსთავი 2“-ს, სწორედ იმავე პერიოდიდან, მათ ეთერში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეორგოლი აღარ გადის“, - ვკითხულობთ ComCom-ის განცხადებაში. 

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“  უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის სასამართლომ 5-5 ათასი ლარით უკვე დააჯარიმა „იმედი“, POSTV და „მაესტრო“.  
კატეგორია - საქართველო

შენიშვნა: ქავერზე გამოყენებულია Ezz Gaber-ის 20 ოქტომბრის აქციის ამსახველი ფოტო.


ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, თითქოს „მთის ამბები“ და „ტვ პირველი“ მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ძველი აქციების კადრებით აშუქებს. 

სამთავრობო მედიამ დღეს, 21 ოქტომბერს საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა მასალა სათაურით - „„მთის ამბები“ და „ტვ პირველი“ ოპოზიციის პრაიდზე მისული ხალხის სიმცირის გამო, ძველი აქციების კადრებს იყენებენ“. როგორც „იმედი“ წერს, „იმ მიზეზით, რომ 20 ოქტომბერს, ოპოზიციის და არასამთავრობოების მიერ დაგეგმილ მარშს მოსახლეობის მცირე რაოდენობა შეუერთდა, აღნიშნულ მედიასაშუალებებს, ხალხის სიმრავლის წარმოსაჩენად ძველი კადრების გამოყენება მოუხდათ“. 

იდენტური შინაარსით მასალა გამოაქვეყნა Postv-მაც. „იმედზე“ დაყრდნობით კი, ინფორმაცია გაავრცელეს newshub-მა, kvira.ge-მ და digest.ge-მ.  სამთავრობო მედიასაშუალებებმა შესაბამისი ინფორმაციის ამსახველი იდენტური ქარდები გამოაქვეყნეს ფეისბუკის საკუთარ გვერდებზეც. 



აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ მოგვიანებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ქარდი შეცვალა, კოლაჟიდან „მთის ამბების“ ფოტო წაშალა და „ტვ პირველის“ საარქივო მასალის ე.წ. სქრინით ჩაანაცვლა. 



„ტვ პირველს“ მასალის - „პროტესტის გზა“ აღწერაში თავად აქვს მითითებული, რომ მაყურებელი ვიდეოში სხვადასხვა აქციის კადრებს ნახავს. ეს საკუთარ მასალაში „იმედმაც“ აღნიშნა. სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას, თითქოს „მთის ამბები” „კადრებს ძველი აქციებიდან 20 ოქტომბრის პრაიდის კადრებად ასაღებს“ გამოეხმაურა „მთის ამბებიც“.

„აუდიტორიისადმი პატივისცემის გამო, გვინდა, განვმარტოთ, რომ ვიდეომასალა, რომელიც ასახავს 20 ოქტომბერს, საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციას, გადაღებულია „მთის ამბების“ მიერ, 20:10 – 20:30 მონაკვეთში და მასში არცერთი ძველი კადრი არ არის გამოყენებული“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

20 ოქტომბრის მარშის - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ამსახველი  ფოტოების ნახვა შესაძლებელია დამოუკიდებელი ფოტოგრაფის Ezz Gaber-ი ფეისბუკის პირად გვერდზე.

აქციის მონაწილეთა რაოდენობის შეფასება შესაძლებელია სხვა მედიების მიერ გავრცელებული კადრებითაც. მაგალითად, "რადიო თავისუფლების" ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული მასალით. Visioner-ის ინფორმაციით კი, აქციას 90 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პირველივე პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. მე-11 პრინციპის მიხედვით კი, ფაქტის განზრახ დამახინჯება ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს. 

მედიაში შესწორების სტანდარტის სახელმძღვანელო წესებით: „გამოქვეყნებული მასალა უნდა შესწორდეს ისე, რომ აუდიტორიისთვის ცნობილი გახდეს თუ რა გასწორდა. ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და არ უწყობს ხელს ვინმესთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებას, მასალის ბოლოს შენიშვნის სახით უნდა მიეთითოს რა ეწერა მცდარ ვერსიაში“. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მე-5 პრინციპის მიხედვით კი, მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. 

გუშინ, 20 ოქრტომბერს თბილისში გამართული პროევროპული მარშის - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები 5 სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრნენ და თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. მსვლელობას, მოქალაქეებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. 

იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალები არქივიდან:

 

 
კატეგორია - საქართველო



ფოტო - „მედიაჩეკერი"/ ბაჩანა საჯაია


გუშინ, 20 ოქტომბერს გამართულ პროევროპულ მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ არაერთი უცხოური მედიასაშუალება გამოეხმაურა.

„თბილისში პროევროპულ მარშზე მნიშვნელოვანი არჩევნების წინ ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა“, - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია France 24 -მა. როგორც France 24-ი წერს, შაბათს [26 ოქტომბერს] პროდასავლური ოპოზიციური ძალების უპრეცედენტო ალიანსს დაუპირისპირდება „ქართული ოცნება“, რომელსაც ბრიუსელი ავტორიტარიზმსა და ევროპული გზიდან გადახვევაში ადანაშაულებს.

„ათიათასობით დემონსტრანტი აფრიალებდა ევროკავშირისა და საქართველოს დროშებს და ეჭირათ ბანერები, რომლებზეც ეწერა „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, - აღნიშნულია სტატიაში.

Aljazeera-მ გუშინ გამართულ აქციაზე სტატია გამოაქვეყნა სათაურით - „ქართველები, არჩევნების წინ, ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად გამოდიან“. Aljazeera მოახლოებულ არჩევნებს განიხილავს როგორც გადამწყვეტ გამოცდას, ქვეყნის დემოკრატიისა და მისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობისთვის.

პროევროპულ მარშს გამოეხმაურა Reuters-იც. „ევროკავშირმა გასულ წელს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, რაც საბოლოო წევრობისკენ პირველი ნაბიჯია, მაგრამ ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მაისში მიიღო კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რომელიც კრიტიკოსების თქმით, იმის მტკიცებულებაა, რომ გეზი რუსეთისკენ არის აღებული“, - ვკითხულობთ სტატიაში.

მარშზე სტატია მოამზადა Voice Of Americam-მაც. როგორც VOA წერს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომელიც განიხილება, როგორც გადამწყვეტი გამოცდა, ქვეყნის დემოკრატიისა და მისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობისთვის, ათიათასობით ქართველმა პროევროპული მიტინგი გამართა.  

გუშინ თბილისში გამართული პროევროპული მარშის - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები 5 სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრნენ და თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. მსვლელობას, მოქალაქეებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციას Visioner-ის ინფორმაციით, 90 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. 

 
კატეგორია - საქართველო


დღეს, 18 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის „იმედი“, „POSTV“ და „მაესტრო“ 5-5 000 ლარით დააჯარიმა და ვიდეორგოლის ეთერში განთავსება დაავალა. კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიებს სამართალდარღვევის ოქმები  გუშინ შეუდგინა. ComCom-მა „პოსტვ“ დამატებით სამართალდამრღვევად სცნო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონდარღვევით გავრცელებისთვის. 

ComCom-ის განცხადების მიხედვით, კომუნიკაციების კომისიაში პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი შევიდა, რომლის თანახმადაც, 10 ოქტომბრიდან „ტელეიმედის“, „პოსტვ“-ისა და „სტუდია მაესტროს“ ეთერში მათი უფასო პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამები აღარ გადის. ვიდეორგოლები 10 ოქტომბრამდე სამივე ტელევიზიის ეთერში გადიოდა.

10 ოქტომბერს „იმედმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სანამ „მთავარი“, „TV პირველი“და „ფორმულა“ „ქართული ოცნების“ ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებს, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეკლამებს ისიც აღარ განათავსებს. „იმედის“ გადაწყვეტილება გაიზიარა „პოსტვ“-მაც.

როგორც ComCom-ი წერს, განცხადება არ გაუვრცელებია „სტუდია მაესტროს“, თუმცა, იმავე პერიოდიდან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეორგოლი მის ეთერშიც აღარ გადის.

გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, „პოსტვ“-იმ, 9 ოქტომბერს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, არ მიუთითა გამოკითხვის დამკვეთი და ამასთან, არ იყო დაკონკრეტებული გამოკითხვა უფასო იყო თუ ფასიანი. 

ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს.

14 ოქტომბერს სასამართლომ „იმედი“ და  „რუსთავი 2“ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვისაც. დღეს კი, ComCom-მა „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს „ძლიერი საქართველოს“ რეკლამის განუთავსებლობისთვის ოქმები მეორედ შეუდგინა.

მთავარ არხს“, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ კი, „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ 4-4 სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქალაქო სასამართლომ ეს ტელევიზიები ჯამში 15-15 000 ლარით დააჯარიმა.

კატეგორია - საქართველო


კომუნიკაციების კომისიამ „იმედსა“ და „რუსთვი 2“-ს „ძლიერი საქართველოს“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები მეორედ შეუდგინა.

ComCom-ის განცხადებით, კომისიაში შევიდა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, მიუხედავად ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების თაობაზე ტელევიზიასთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და ამ საკითხზე ComCom-ისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა, მაუწყებლები „ძლიერი საქართველო“ რეკლამას კვლავ არ ათავსებენ. 

კომუნიკაციების კომისიამ „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს „ძლიერი საქართველოს“ რეკლამის განუთავსებლობისთვის ოქმები პირველად 13 ოქტომბერს შეუდგინა. სასამართლომ კი, მეორე დღეს ეს ტელევიზიები 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა და ვიდეორგოლების ტელეეთერში განთავსებაც დაავალა. 

ComCom-ის  განმარტებით: „საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ცესკოს და კომუნიკაციების კომისიას, კენჭყისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან, 5 კალენდარული დღის ვადაში, გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. ტარიფები ძალაში შედის 50-ე დღიდან. მაუწყებელი, რომელიც აქვეყნებს ტარიფს, ვალდებულია განათავსოს მისთვის წარდგენილი ფასიანი რეკლამა, ხოლო არ განთავსების შემთხვევაში, ის დაარღვევს კანონს. ამასთან, კომუნიკაციების კომისიის მიერ შემუშავებული გზამკვლევის თანახმად, მაუწყებელმა უნდა დაიცვას დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნა და თანასწორად უზრუნველყოს ყველა მსურველი საარჩევნო სუბიექტის მიერ სათანადოდ წარდგენილი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსება“.

კომუნიკაციების კომისიის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს.

გუშინ, ComCom-მა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა „იმედს“, „პოსტვ“-სა და „მაესტროსაც“. 

10 ოქტომბერს „იმედმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“და „ფორმულა“ „ქართული ოცნების“ ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებს, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეკლამებს ისიც აღარ განათავსებს. „იმედის“ გადაწყვეტილება გაიზიარა „პოსტვ“-მაც. 

„მთავარ არხს“, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ კი, „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ 4-4 სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქალაქო სასამართლომ ეს ტელევიზიები ჯამში 15-15 000 ლარით დააჯარიმა. 


ასევე ნახეთ "მედიაჩეკერის" მასალა: მედია ჩეკერი რეკლამების განუთავსებლობა და ოპოზიციური პარტიებისთვის დათმობილი დრო - „ოცნების“ საჩივრები და ჯარიმები კრიტიკულ მედიას (mediachecker.ge)
კატეგორია - საქართველო


თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო 2023 წელს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას დაზარალებული 18  ჟურნალისტისა და ოპერატორის სარჩელი. მედიის წარმომადგენლები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ, თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 10000 ლარის ოდენობით. 

მედიის წარმომადგენლების ინტერესებს „მედიაომბუდსმენი“ იცავს. ორგანიზაციის განცხადებით, „აქციების გადაღების დროს ჟურნალისტები და ოპერატორები ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის სამიზნე გახდნენ. სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა და აგრესია, მათ შორის, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის გამოყენება, მკაფიოდ მიუთითებს იმ სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილია საქართველოში“.

როგორც „მედიაომბუდსმენი“ წერს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო, თუმცა, დამნაშავე პირები ამ დრომდე არ გამოვლენილან და შესაბამისი პასუხისმგებლობის  დაკისრების საკითხი ბუნდოვანია.

რუსული კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტი გასულ წელსაც აპირებდა, თუმცა, 2023 წლის მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე ხელისუფლებამ ის უკან გაიწვია და მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ აღარ მიუბრუნდებოდა. მმართველი პარტიამ რუსული კანონი საბოლოოდ წელს მიიღო. 

რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისს ამოქმედდა. კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსს ანიჭებს.

 
კატეგორია - საქართველო


TV 24-ის დამფუძნებელსა და დავის ინიციატორებს, უხელფასოდ დარჩენილ თანამშრომლებს შორის მედიაციის პროცესი დასრულდა. ტელეკომპანიამ მოპასუხე მხარის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. შრომითი უფლებებისთვის ბრძოლას მედიის წარმომადგენლები სასამართლოში გააგრძელებენ.

TV 24-მა საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყო. ეთერში გასვლიდან ერთ თვეში კი, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ბიზნესმენ შოთა შალელაშვილის ოჯახის ტელევიზიამ რეორგანიზაცია გამოაცხადა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ხელფასი სრულად ჯერაც არ აუღიათ. სწორედ ეს გახდა 33 ჟურნალისტის კოლექტიური დავის დაწყებისა და მედიატორისთვის მიმართვის საფუძველიც.

დავის ინიციატორებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მხარეებს შორის პრობლემის მოგვარების მიზნით, მედიატორის დანიშვნის მოთხოვნით 2024 წლის 22 ივლისს მიმართეს. მედიატორი კი TV 24-ის საქმეში 16 სექტემბერს ჩაერთო. 

მედიაცია კონფლიქტების მოგვარების ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც მიუკერძოებელი მხარე (მედიატორი) მოდავე მხარეებს ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევაში ეხმარება.


დავის დაწყების საფუძველი

როგორც „კოლექტიური დავის დაწყებისა და მედიატორის დანიშვნის მოთხოვნის შესახებ“ განცხადებაშია აღნიშნული,  დავის დაწყების საფუძველი დამსაქმებელის მიერ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევა იყო.  დასაქმებულთა მოთხოვნები კი, ასეთი:

1.დაუყოვნებლივ მოხდეს შრომის ანაზღაურების პირობის შესრულება ყველა თანამშრომლის მიმართ;

2.შრომის ანაზღაურებასთან ერთად უზრუნველყოფილ იქნას შრომის კოდექსითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

3.დაუყოვნებლივ წარმოდგენილ იქნას წინადადება ხელშეკრულებაში ქმედითი მექანიზმების ასახვის შესახებ, რომელიც მომავალში გარანტირებულად უზრუნველყოფს ხელშეკრულების პირობების შესრულებას დამსაქმებლის მიერ;

4.დაუყონებლივ გამოვიდეს კონტაქტზე ორგანიზაციის სახელით მოქმედი უფლებამოსილი პირი, რომელიც ცხადად და გარკვევით გაგვაგებინებს, რა ხდება კომპანიაში, რას ნიშნავს დასაქმებულთა ნაწილისთვის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი წერილები რეორგანიზაციისა და შემდეგ უკვე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. 


დასაქმებულთა მოთხოვნებზე TV 24-ის პოზიცია, რომელსაც ხელს ტელეკომპანიის ამჟამინდელი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, ირა ფიჩხაძე აწერს ასეთია:


1. დასაქმებულთა ძირითადმა ნაწილმა შრომის ანაზღაურება მიიღო. დარჩენილი ნაწილი კი დასაქმდა დირექტორის [იგულისხმება ნანა ლეჟავა] ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დამფუძნებელთან შეთანხმების გარეშე. დირექტორმა დაარღვია სიტყვიერი შეთანხმება, არხი უნდა ჩართულიყო ივნისის თვეში და ანაზღაურებად სამსახურში თანამშრომლების აყვანა უნდა მომხდარიყო ამ თვეში. დირექტორმა შეუთანხმებლად დაიწყო ხელშეკრულებათა გაფორმება და აიყვანა იმაზე მეტი თანამშრომელი (გამოსაცდელი ვადის გარეშე), ვიდრე არხის დამფუძნებელს ჰქონდა გათვალისწინებული. შემდგომ დირექტორმა შეატყობინა დამფუძნებელს, რომ 10 ივნისს არხს ვერ რთავდა, რადგან თანამშრომელთა გარკვეულ ნაწილს სურდა წინასწარ ხელფასის აღება, რაც შემდგომში დაკმაყოფილდა. შესაბამისად, დასაქმებულთა 1-ლი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კომპანია უარს აცხადებს.

2. პირგასამტეხლოს მოთხოვნა არის უსაფუძვლო, რადგან იგი არ ყოფილა გათვალისწინებული შრომით ხელშეკრულებაში.

3. ხელშეკრულებაში ქმედითი მექანიზმების ასახვის მოთხოვნა არარელევანტურია, რადგან 9 ივლისს გამოცხადდა რეორგანიზაცია, გათავისუფლდა თანამშრომლები და ტელევიზია ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს. რეორგანიზაციას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის მიერ მიზანმიმართულად საინფორმაციო გადაცემის ჩაგდება (მათი მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები).

4. მეორე მოთხოვნა ინფორმირებასთან დაკავშირებით უკვე შესრულებულია, რადგან დასაქმებულებს გაეგზავნათ რეორგანიზაციისა და გათავისუფლების შეტყობინება, შესაბამისად მათთვის ცნობილია ტელევიზიის უფუნქციო რეჟიმში გადასვლის შესახებ.

როგორც ტელეკომპანიის ამ პოზიციიდან ვგებულობთ, არხმა რეორგანიზაცია 9 ივლისს გამოაცხადა. თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში კი, რეორგანიზაციის თარიღად 15 ივლისია დასახელებული. 




ამ შეტყობინებიდან რამდენიმე დღეში, 19 ივლისს, თანამშრომლებმა სამსახურიდან წასვლის შესახებ ხელმოსაწერად გამზადებული განცხადებებიც მიიღეს.



„ჩემ ნაცვლად დაწერილი ტექსტი იყო, რომ თითქოს, მე ვტოვებდი სამსახურს ჩემი ნებით და თანახმა ვიყავი ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ ნახევარი თვის ანაზღაურება მიმეღო“, - ამბობს „მედიაჩეკერთან“ საუბრისას TV24-ის ჟურნალისტი თამთა ჯანაძე, რომელსაც ივნისის ხელფასი არ აუღია. მან ტელეკომპანიის ახალი ამბების დეპარტამენტში მუშაობა1 მაისიდან (გამოსაცდელი ვადის გარეშე) დაიწყო.

ჯანაძის თქმით, კუთვნილი ანაზღაურება მხოლოდ ერთხელ, მაისის თვეში აიღო და ისიც ხელშეკრულების დარღვევითა და დაგვიანებით. ანაზღაურების დარჩენილი ნაწილის ბედი კი ამ დრომდე გაურკვეველია, ვინაიდან ის არ დათანხმდა, 15 დღის ხელფასის სანაცვლოდ, გათავისუფლების ბრძანებაზე ხელი მოეწერა.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, დირექტორის მხრიდან კადრების თვითნებურად დასაქმებასთან დაკავშირებული ტელევიზიის არგუმენტი „მტკნარი სიცრუეა“, რადგან სანამ თანამშრომლები ხელშეკრულებაზე ხელს მოაწერდნენ, მათ პირადად სანდრო თოფურია (დამფუძნებლის ნდობით აღჭურვილი პირი) ესაუბრებოდა და ინფორმირებულიც სრულად იყო რა პოზიციაზე, რა დროიდან და რა ვადით მიდიოდნენ ისინი ტელეკომპანიაში სამუშაოდ. 

„თანამშრომლები მუშაობდნენ მანამ, ვიდრე არ დარწმუნდნენ, რომ ტელევიზიის მენეჯმენტი გაუგებარი მიზეზებით არ აპირებდა მათთვის კუთვნილი ანაზღაურების მიცემას. ამ დრომდე არ მიმიღია ინფორმაცია, ვარ თუ არა TV 24-ის თანამშრომელი, ან თუ არ ვარ, რა რიცხვიდან ვარ გათავისუფლებული,“ - აღნიშნა თამთა ჯანაძემ.

ტელევიზიის მიერ წარდგენილ პოზიციას წარმოუდგენელ სიცრუეს უწოდებს ნანა ლეჟავა, TV 24-ის მაშინდელი დირექტორი.

„ეს წარმოუდგენელი სიცრუეა. ხელფასები არ მიუღია ჟურნალისტებისა და წამყვანების დიდ ნაწილს. როგორ შეიძლება ჟურნალისტი, რომელიც მისი მოვალეობის შესრულების დროს ჩანდა ეკრანზე, არ ყოფილიყო ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული. თუ არ იყო შეთახმებული, მაშინვე დაეფიქსირებინათ პოზიცია, ეკრანზე რომ ხედავდნენ მაგალითად, თამთა ჯანაძეს, ეს ვინ არის, ჩვენ არ მიგვიღია სამსახურშიო. ჯიბეში ხომ არ ვისვამდი თანამშრომლებს და ჩუმად დავატარებდი სამსახურში".

ლეჟავას თქმით, მას მხოლოდ ერთი თვის ხელფასი ჩაერიცხა და ისიც არასრულად: „ხელფასი დამაკლეს, რაზეც ნათქვამი იყო (სანდრო თოფურიასგან), რომ მოგვიანებით დამირიცხავდნენ და მეორე თვის საერთოდ არ ამიღია. ეტყობა, მეც მათთან შეუთანხმებლად ვმუშაობდი. ხელფასი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის მორალური ზიანი და სტრესი, რაც ამ ადამიანებისგან მივიღე. ეს ადამიანები თაღლითები არიან“.


სარჩელები სასამართლოში და ყადაღა არხის ანგარიშებს

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა სამსახურიდან წასვლის შესახებ ხელმოსაწერად გამზადებული წერილები მიიღეს, რედაქციამ კი მათ კითხვებს არ უპასუხა, თანამშრომლების ნაწილმა სასამართლოს მალევე მიმართა, ნაწილი კი სამართლებრივი დავის დასაწყებად მედიაციის პროცესის დასრულებას დაელოდა. 

შორენა კახიანი, თამარ შარიქაძე, ნიკოლოზ მეტრეველი და დარეჯან მგელიაშვილი TV 24-ის ის თანამშრომლები არიან, რომელთა სახელზეც ტელეკომპანიის ანგარიშებს 10 ოქტომბერს ყადაღა დაედო. მათი კოლექტიური სარჩელი საქალაქო სასამართლოში 12 სექტემბერს შევიდა. ისინი კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ.

„მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ საბანკო ანგარიშს ყადაღა დაადოს ჩვენი ხელფასის ერთი წლის თანხის ოდენობით“, - ამბობს თამარ შარიქაძე. 

დღის გამოშვებების პროდიუსერის, შორენა კახიანის თქმით, მას არც შეტყობინება მიუღია იმის შესახებ, თუ როდის შეწყვიტა კომპანიამ მათთან თანამშრომლობა.

„ერთი თვის ხელფასი აქვთ ასანაზღაურებელი, თუმცა, შეტყობინება იმის შესახებ, რომ კომპანიამ ჩემთან თანამშრომლობა შეწყვიტა ან რაიმე მსგავსი, არაფერი მიმიღია. ჩვენი უფლებები მათი მხრიდან დაირღვა და ჩვენი მოთხოვნაა, შეასრულონ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და კომპენსაცია აგვინაზღაურონ“.

TV 24-ის წინააღმდეგ სარჩელი ინდივიდუალურად აქვს შეტანილი ჟურნალისტ დავით ცაგარელს. მან სასამართლოს დაახლოებით ერთი თვის წინ მიმართა და ისიც კუთვნილი ანაზღაურების მიღებას ითხოვს.

„ჩემი სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო და მეორე მხარეს ველოდებით, როდის ჩაიბარებს სარჩელს. ერთ მისამართზე გავაგზავნეთ და არ ჩაიბარეს, ახლა მეორე მისამართიდან ველოდებით ფოსტას“.

მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ ტელეკომპანიასთან სამართლებრივი  დავის დასაწყებად ემზადება ჟურნალისტი სოფო ზედელაშვილიც. 

„რეალურად, მედიაციის მიზანი ზუსტად ის იყო, რომ სასამართლოსთვის თავი აგვერიდებინა, მაგრამ რადგან, სამწუხაროდ, დამსაქმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს, სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავ. მომიწევს, რომ სასამართლოს მივმართო და ბუნებრივია, მოვითხოვ დავალიანების დაფარვას“.

ზედელაშვილის თქმით, TV 24-ის თანამშრომელთა დაღვეული უფლებების აღდგენა, როგორც პრეცედენტი, პრინციპული საკითხია, რათა მომავალში სხვა დამსაქმებლებმა „თავს უფლება აღარ მისცენ, ასე მოექცნენ დასაქმებულებს“.

მედიაციის პროცესის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს ტელევიზიის ახალი ამბების ტოქშოუს პროდიუსერი, ირაკლი აბსანძეც.

„არხის ადმინისტრაციას მივმართეთ წერილით, სამწუხაროდ, ვერ ჩაბარდა, ვინაიდან არც ფაქტობრივ და არც იურიდიულ მისამართზე არ არსებობენ. საერთოდ ხელფასი არ ამიღია და წერილიც არ მომსვლია. ფაქტობრივად, ისევ მათ თანამშრომლად ვითვლები. ჯერ საერთოდ გაგვარკვიონ, თანამშრომლობის ხელშეკრულება მოქმედია თუ არა, როდიდან არ არსებობს არხი. ფაქტობრივი მონაცემებით, მათ ამ დრომდე უწევთ ხელფასის გადახდა“.

„მედიაჩეკერმა“ შოთა შალელაშვილსა და სანდრო თოფურიასთანაც სცადა დაკავშირება. შალელაშვილმა რედაქციას მოკლე ტექსტური შეტყობინებით უპასუხა, რომ „იურისტი შესაგებებელს ამზადებს, შინაარსობრივად არ ვფლობ ინფორმაციას“. თოფურიამ კი მოგვწერა, რომ არხთან შეხება არ აქვს.

შოთა შალელაშვილის მეუღლემ TV 24 მიმდინარე წლის 29 იანვარს 50 000 აშშ დოლარად იყიდა. შალელაშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და მილიონერი ბიზნესმენია. მან IX მოწვევის პარლამენტი 2019 წელს დატოვა. TV24-მა საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყო. არხის საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელად იმედა დარსალია, ხოლო ტელეკომპანიის დირექტორად ნანა ლეჟავა დაინიშნა.

საცდელი მაუწყებლობის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში, TV24 დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთმა წამყვანმა, ნანა ლეჟავამ თანამდებობა დატოვა. ცნობილი რომ ლეჟავამ TV 24 დატოვა, 8 ივლისს გახდა, თუმცა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ის დირექტორობის თანამდებობიდან 6 ივლისს გათავისუფლდა და დირექტორი ისევ ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი, შოთა შალელაშვილის მეუღლე, ირა ფიჩხაძე გახდა. ლეჟავამდე ტელეკომპანიის დირექტორი სწორედ ფიჩხაძე იყო.


ამ თემაზე იხილეთ „მედიაჩეკერის“ სხვა მასალებიც:

კატეგორია - საქართველო

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ხარაგაულის მერის მიერ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტს გმობს. 

ქარტიის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა უხეშობა და ადგილობრივი ჟურნალისტების მიმართ უდიერი დამოკიდებულება უკვე სამწუხარო ტენდენციად ჩამოყალიბდა. 

„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლთა მსგავსად, ძალას არ იშურებენ ჟურნალისტების უარყოფით ჭრილში წარმოსაჩენად და მოსახლეობაში მედიის, როგორც ინსტიტუციის, მიმართ ნდობის შესარყევად. ისინი ჟურნალისტებს საჯაროდ მიმართავენ შეურაცხმყოფელი და მასტიგმატიზირებელი ეპითეტებით, აკნინებენ მათ როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დაუსაბუთებლად და უსამართლოდ სდებენ მათ ბრალს მიკერძოებულობასა და ანგარებაში. ამ დროს ისინი ინსტრუმენტად იყენებენ რუსულ კანონს, რომელმაც ნოყიერი ნიადაგი შექმნა მედიის შესავიწროებლად და საზოგადოებრივი პროცესებიდან გასარიყად მათი „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად“ მონიშვნით". 

ხარაგაულის მერმა, კობა ლუსმანაშვილმა გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორი ლაურა გოგოლაძე 16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეკრებაზე არ დაუშვა და მასთან კამათისას გამოიყენა ფრაზა: „მიყიდული, გაყიდული“. 

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ სოლიდარობას უცხადებს ლაურა გოგოლაძეს და „ჩემი ხარაგაულის“ გუნდს, კობა ლურსმანაშვილს კი შეახსენებს, რომ „ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლით ის არღვევეს კანონს და სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფორმაციის გარეშე ტოვებს იმ ქალაქის მაცხოვრებლებს, რომლებზე ზრუნვაც მისი პირდაპირი და მთავარი მოვალეობაა".

ორგანიზაცი ხარაგაულის მერს მოუწოდებს, შეცვალოს რიტორიკა ადგილობრივი მედიის მიმართ და ადგილობრივი ჟურნალისტები ყველა იმ ღონისძიებასა და საჯარო სივრცეში დაუშვას, სადაც მათ ყოფნის უფლება კანონით აქვთ.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია.

 
კატეგორია - საქართველო



ქართული რუსულენოვანი გამოცემა Sova იტყობინება, რომ ძველ ვებგვერდზე წვდომა დაებლოკა, დომენი - sova.news „უცნობმა პირმა“ მიიტაცა და ახლა რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივს ავრცელებს. 

Sova-ს განცხადებით, sova.news-ი რუსული პროპაგანდისტული მანქანის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა და ამჟამად რედაქციას მათ საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

როგორც Sova წერს, ახლა მათი ოფიციალური გვერდი sovanews.tv-ია.

„აღმოჩნდა, რომ Sova-ს კუთვნილი დომენი იყიდა უცნობმა პირმა და ამ მისამართზე ქსელში ჩვენი რესურსის ყალბი ვარიანტი გამოჩნდა ნაწილობრივ მოპარული შინაარსით. თუ ვიმსჯელებთ საიტის ახალი შინაარსით, სადაც ჩვენი იურიდიული პირის სახელწოდება sova.news-ია გამოყენებული, რესურსის მანიპულაციების უკან რუსული პროპაგანდა დგას, რომელიც ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი აუდიტორიის,“ - ნათქვამია განცხადებაში.
კატეგორია - საქართველო


კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედს“, „პოსტვ“-სა და „სტუდია მაესტროს“ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა. ComCom-მა „პოსტვ“ დამატებით სამართალდამრღვევად სცნო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონდარღვევით გავრცელებისთვის. 

ComCom-ის განცხადების მიხედვით, კომუნიკაციების კომისიაში პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი შევიდა, რომლის თანახმადაც, 10 ოქტომბრიდან „ტელეიმედის“, „პოსტვ“-ისა და „სტუდია მაესტროს“ ეთერში მათი უფასო პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამები აღარ გადის. ვიდეორგოლები 10 ოქტომბრამდე სამივე ტელევიზიის ეთერში გადიოდა, 

10 ოქტომბერს „იმედმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“და „ფორმულა“ „ქართული ოცნების“ ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებს, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეკლამებს ისიც აღარ განათავსებს. „იმედის“ გადაწყვეტილება გაიზიარა „პოსტვ“-მაც.

როგორც ComCom-ი წერს, განცხადება არ გაუვრცელებია „სტუდია მაესტროს“, თუმცა, იმავე პერიოდიდან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეორგოლი მის ეთერშიც აღარ გადის.

გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, „პოსტვ“-იმ, 9 ოქტომბერს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, არ მიუთითა გამოკითხვის დამკვეთი და ამასთან, არ იყო დაკონკრეტებული გამოკითხვა უფასო იყო თუ ფასიანი. 

„საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას მაუწყებელმა უნდა მიუთითოს გამოკითხვის დამკვეთი, გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ასევე, ორგანიზაცია რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა, გამოკითხვის თარიღი, მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და შესაძლო ცდომილების ფარგლები“.

ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს.

14 ოქტომბერს სასამართლომ „იმედი“ და  „რუსთავი 2“ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვისაც.

„მთავარ არხს“, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ კი, „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ 4-4 სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქალაქო სასამართლომ ეს ტელევიზიები ჯამში 15-15 000 ლარით დააჯარიმა.

ასევე ნახეთ "მედიაჩეკერის" მასალა : მედია ჩეკერი რეკლამების განუთავსებლობა და ოპოზიციური პარტიებისთვის დათმობილი დრო - „ოცნების“ საჩივრები და ჯარიმები კრიტიკულ მედიას (mediachecker.ge)

 
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დღეს, 17 ოქტომბერს, 16 მედიაორგანიზაციის , 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით რუსულ კანონსა და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს.

მომჩივანი მხარე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე იდავენებ.

„საიას“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, რუსული კანონი არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ კრიტიკული ხმის ჩახშობასაც ემსახურება.

„დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან რუსული მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს, არამედ ასევე, ძირს უთხრის ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით“.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, მომჩივანი ორგანიზაციები ისეთ საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობენ, როგორიცაა: გარემოს დაცვა, შშმ პირთა დახმარება, ქალთა და ბავშვთა ძალადობისაგან დაცვა, სასამართლოს რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა და ა.შ.

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს ნაწილობრივ განიხილავს.

რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსს ანიჭებს და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციას ავალდებულებს.