მოქალაქეთა ერთი ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე საკუთარი დიქტატის დამყარებას ცდილობს - სამეურვეო საბჭოს 8 წევრის განცხადება
27.01.2025



„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 8 წევრი „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოხატავს იმის გამო, რომ „ცალკეული ლიდერები და აქტივისტები მიმართავენ აქციის მონაწილეებს, თითქოს დღესდღეობით ქვეყანაში საზმაუსთვის ბრძოლა მიმდინარეობდეს და მოუწოდებენ მათ, რომ 29 იანვარს შეიკრიბონ და გაიმარჯვონ საზმაუზე, რაც თურმე სტრატეგიული გამარჯვება იქნება ხელახალი არჩევნების მოსაპოვებლად“.

სამეურვეო საბჭოს 8 წევრი ფიქრობს, რომ ამგვარი მოწოდებების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, „ვინაიდან, თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ ემოციურ ფონს, ზოგიერთებმა შეიძლება მართლაც დაიჯერონ, რომ საზმაუზე „გამარჯვება“ სტრატეგიული წარმატების საწინდარი იქნება, არადა ამგვარ მოწოდებას შეიძლება გაუთვალისწინებელი ქმედებები და მძიმე შედეგები მოჰყვეს“.

„ამ ვითარებით სარგებლობს მოქალაქეთა ერთი ნაწილი (რომელთა შორისაც განსაკუთრებით აქტიურობენ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული კერძო ტელევიზიების თანამშრომლები) და საზოგადოებრივ მაუწყებელზე საკუთარი დიქტატის დამყარებას ცდილობს. სულ უფრო დაჟინებით ამკვიდრებენ აზრს, რომ ახალი არჩევნების დანიშვნისთვის აუცილებელია სრული კონტროლი მოიპოვონ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ამ მიზნით საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარეობს მძიმე ბულინგისა და მუქარის კამპანია.

მთელი საზოგადოების თვალწინ ყოველდღიურად ხორციელდება ზეწოლა მედიაზე, უგულებელყოფილია დემოკრატიის ელემენტარული სტანდარტი, თითქოს დავიწყებას მიეცა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია კონსტიტუციითა და კანონით და მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა დაუშვებელია, ისევე როგორც მიუღებელია, მაუწყებელს ვინმე კარნახობდეს, ვინ მიიწვიოს სტუმრად. უშუალოდ ტელევიზიის თანამშრომლების გარდა მიმდინარეობს იმ სტუმრების ბულინგი და დევნა, ვინც ამ ჯგუფისგან განსხვავებული მოსაზრების გამოთქმას ბედავს.

გახშირდა მოწოდებები საზმაუზე გამარჯვების მოპოვების და მენეჯმენტის შეცვლის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და მედიაზე უხეში ზეწოლის ფორმას იძენს.

კანონით დადგენილია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ირჩევს პარლამენტი, ხოლო სამეურვეო საბჭო ირჩევს დირექტორს. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი მოწოდება იმის შესახებ, რომ ვინმე განახორციელებს მენეჯმენტში ცვლილებებს და ახალ დირექტორის დანიშნავს, კანონთან სრულიად შეუსაბამოა და, ამასთანავე, შეიცავს პირდაპირ მინიშნებას ძალადობის გამოყენებაზე.

ვფიქრობთ, რომ საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, როგორ და რა მეთოდით აპირებს ეს ჯგუფი საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამარჯვების მოპოვებას, ანუ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ხელში ჩაგდებას?! რა გზით აპირებენ არსებული სამეურვეო საბჭოს და მენეჯმენტის ტელევიზიიდან ჩამოცილებას და მათთვის სასურველი დირექტორის დანიშვნას?!

ჩვენ ამ კითხვებზე მხოლოდ ერთ პასუხს ვხედავთ, იძულებას! ანუ საბჭომ და მენეჯმენტმა იძულებით უნდა დატოვონ ტელევიზია და ამით, ამავე დროს, საზოგადოებრივი მაუწყებელი სრულად გავა კანონის სივრციდან. ან იქნებ ვინმეს სხვა პასუხი აქვს ამ კითხვებზე?!"- ვკითხულობთ განცხადებაში.

სამეურვეო საბჭოს 8 წევრის შეფასებით, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საზოგადოებრივ საკუთრებასა და სიკეთეს წარმოადგენს და „არ შეიძლება, რომ მისი დაცვა მხოლოდ ტელევიზიის თანამშრომლების ნერვების და ფსიქიკის დაზიანების ხარჯზე ხდებოდეს“.

„ქალაქის ცენტრში მთელი საზოგადოების თვალწინ მიმდინარეობს მედიის ბულინგი და ჩაქოლვა მხოლოდ იმიტომ, რომ იქიდან განსხვავებული აზრი არ გაისმას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სამეურვო საბჭოც და მენეჯმენტიც ბოლომდე შევასრულებთ ჩვენზე კანონით დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა, ჩვენს დიდ წუხილს იწვევს, რომ ტელევიზიის თანამშრომლები, რომლებიც კეთილსინდისიერად და თავაუღებლად შრომობენ იმყოფებიან მუდმივი სტრესის პირობებში.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მტრად შერაცხვა, მასთან ბრძოლა და, მით უმეტეს, მასზე „გამარჯვების“ მოპოვების მცდელობა დიდ და გამოუსწორებელ შეცდომად გვეჩვენება, ვინაიდან, ამგვარი ფსევდოგამარჯვება მთელი საზოგადოების დამარცხების ტოლფასი იქნება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს. რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილის გემოვნებასა თუ მსოფლმხედველობას ვერ მოერგება.

ყველა მხარეს დაბეჯითებით მოვუწოდებთ, რომ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ბრძოლის ნაცვლად, განაგრძონ თავიანთი მსოფლმხედველობის საჯარო სივრცეში დამკვიდრება და საზოგადოების დანარჩენი წევრების დარწმუნება მათი იდეების ჭეშმარიტებაში, ხოლო საზოგადოებრივ ტელევიზიას დაუტოვონ უფლება და საშუალება – მაყურებლამდე მიიტანოს ეს პროცესი“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: თამილა დოლიძე, გიორგი იაკობაშვილი, გიორგი კოხრეიძე, ვასილ მაღლაფერიძე, გრიგოლ მურღულია, ბონდო მძინარაშვილი, იზაბელა ოსიპოვა და სოსო სტურუა.

სამეურვეო საბჭოს წევრების ამ განცხადების გამოქვეყნებამდე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის წინ საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ბრიფინგი გამართეს და 29 იანვარს, 19:00 საათზე ტელევიზიასთან აქცია დააანონსეს.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ