მედიის კოალიცია „მთავარი არხის“ გარშემო მიმდინარე პროცესებს თავისუფალი მედიისთვის სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს
28.01.2025



„მედიის ადვოკატირების კოალიცია“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, „მთავარი არხის“ გარშემო განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოხატავს და მიმდინარე პროცესებს აფასებს, როგორც სერიოზულ საფრთხეს თავისუფალი მედიის ფუნქციონირებისათვის.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ეს ნეგატიური ტენდენცია მიმდინარეობს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ პერიოდში, როდესაც ყოველდღიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მასობრივი ძალადობა და უკანონობა ხორციელდება მედიისა და აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. შესაბამისად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული მედიის მხრიდან პროცესების სრულფასოვანი გაშუქება“.

კოალიცია „მთავარი არხის“ თანამფლობელ ზაზა ოქუაშვილსა და დირექტორ გოგი ქურდაძეს მოუწოდებს, შეწყვიტონ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ტელევიზიის საქმიანობის გაძლიერების კი არა, არამედ მისი საქმიანობის შეზღუდვის და საბოლოოდ შეწყვეტისკენ არის მიმართული. 

„კრიტიკული მედიის ფუნქციონირების შეზღუდვა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტული მედიასაშუალების ფუნქციონირებას, არამედ პირდაპირ აზიანებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაშუქებას და საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ“.

კოალიციის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ კრიტიკულ პერიოდში დაცული იყოს მედიის უფლებები, მათ შორის „მთავარი არხის“ თანამშრომლების, რომლებიც არაერთხელ გახდნენ ძალადობისა და თავდასხმის ობიექტები და არ მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის შემცირება და გაშუქების შეზღუდვა.

„მთავარი არხის” 27 იანვრის განცხადებით, ტელევიზიის თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი გეგმაზომიერად მიჰყვება რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ გზას და არხს ეტაპობრივად ხურავს.

“”მთავარი არხი" უკვე გაითიშა ყველა მომხმარებლისთვის, ვინც ჩვენს სიგნალს საქართველოს რეგიონებში ან საზღვარგარეთ სატელიტის საშუალებით იღებდა. მიზეზი მარტივია - ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორი, გოგი ქურდაძე უარს ამბობს სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის იმ თანხის გადარიცხვაზე, რომელიც უკვე თვეების განმავლობაშია დაგროვილი გაყიდვების სახლის ანგარიშზე. უფრო მეტიც - ოქუაშვილის დირექტორი საერთოდ არ იძლევა ამ თანხების არხის სასარგებლოდ გამოყენების უფლებას, ჩვენს პარტნიორ კომპანიებს კი უსაფუძვლო ბრალდებებისა და მუქარის შემცველ წერილებს უგზავნის.

ამავე მიზეზით თებერვლის დასაწყისიდან "მთავარი არხის" გავრცელება კიდევ უფრო შეიზღუდება, ვინაიდან ჩვენი სიგნალი გაითიშება  საკაბელო ტელევიზიების დიდი ნაწილისთვისაც.

ზაზა ოქუაშვილის მცდელობით, უკვე ერთი თვეა ეთერში აღარ გადის რეკლამა და არხმა დაკარგა ყველა სპონსორი, რადგანაც გაყიდვების სახლთან კონტრაქტი ამოიწურა, მისი განახლების საშუალებას კი, ისევ ოქუაშვილის მითითებით, მისი დირექტორი, გოგი ქურდაძე არ იძლევა.

"მთავარ არხს" შეუწყდა რეიტინგების მაჩვენებელთა მიწოდებაც, ჟურნალისტები კი, ძირითად შემთხვევებში, ვეღარ ახორციელებენ პირდაპირ ჩართვებს მოვლენათა ეპიცენტრებიდან, ვინაიდან ჩართვის აპარატების სერვისი გადაუხდელობის გამო აგრეთვე გათიშულია.

ზაზა ოქუაშვილის და მის მიერ მართული დირექტორის, გოგი ქურდაძის ქმედებები წარმოადგენს კომპანიის განზრახ დაზიანებისა და კრიტიკული მედიის დახურვის მცდელობას, რაც ემსახურება "ქართული ოცნების" მიზნებს და აშკარად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს”, - ვკითხულობთ ტელევიზიის განცხადებაში.

„მთავარმა არხმა“ განცხადება გაავრცელა 2024 წლის 11 დეკემბერსაც, მაშინ არხის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ „ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი““. 

„მთავარი არხის“ დირექტორმა, გიორგი ქურდაძემ კი გასული წლის 24 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა, რომ  დაერეგისტრირებინა ცვლილება ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას თანამდებობის დატოვების შესახებ, თუმცა რეესტრმა განცხადების სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ