„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა“ გამოაქვეყნა
კვლევა - „ჟურნალისტების უსაფრთხოება 2024 წლის არჩევნების წინ“,
რომელიც წინასაარჩევნი პერიოდში ქართული მედიის მდგომარეობას
მიმოიხილავს.
CMIS-ის ანგარიშის მიხედვით, არჩევნების წინა პერიოდში
თავისუფალ მედიას მზარდი საფრთხეების ფონზე უწევს მუშაობა. კვლევის
შედეგები კი წარმოაჩენს იმ მძიმე გამოცდილებას, რაც მედიასაშუალებების
წარმომადგენლებმა ბოლო 6 თვის განმავლობაში მიიღეს. კვლევაში მონაწილე
ჟურნალისტები აღნიშნავენ დაშინების, თვალთვალის, დისკრედიტაციის,
ინფორმაციის შეზღუდვისა და თავდასხმების გამოცდილებებს.
„კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენელ
ჟურნალისტებს უპრეცედენტოდ მტრულ გარემოში უწევთ მუშაობა. უნდა
აღინიშნოს ისიც, რომ “უცხოეთის აგენტების” კანონის შემოღებამ მხოლოდ
გააღრმავა აქამდე არსებული კრიზისი, რაც ქვეყანაში ზოგადად სიტყვის
თავისუფლებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის მცდელობის
უფრო ფართო ტენდენციის ამსახველია.
კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ
საქართველოში ჟურნალისტების უმრავლესობა თავს ძალიან
დაუცველად გრძნობს. ფიზიკური ძალადობა, დისკრედიტაცია, ინფორმაციის
შეზღუდვა და ფარული მიყურადება ყოველდღიური რეალობის ნაწილი გახდა
მათთვის, ვისაც ძალაუფლებაში მყოფთა პასუხისმგებლობის დაყენების
ვალდებულება აქვს. ეს მოცემულობა არ შემოიფარგლება
კონკრეტული რეგიონით ან მედიასაშუალების ტიპით, არამედ იგრძნობა
ყველგან, რაც ხაზს უსვამს პრობლემის სისტემურ ხასიათს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დამოუკიდებელი
ჟურნალისტიკის მომავალი საფრთხის ქვეშაა, თუმცა მიუხედავად ამ
გამოწვევებისა, ჟურნალისტები მზად არიან მოქმედებისთვის და
საზოგადოების წინაშე საკუთარი ვალდებულებების შესრულებისთვის, რაც
წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული
პროცესების ხელშეწყობისთვის“.
„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების
ცენტრის“ კვლევის შედეგებით გამოვლინდა:
▪︎ გამოკითხული 93 რესპონდენტიდან
42% ამბობს, რომ ძალიან დაუცველად, ხოლო 38% დაუცველად გრძნობდა თავს
დემონსტრაციების გაშუქებისას. გამოკითხულთა 61% ამბობს, რომ ბოლო 6
თვის განმავლობაში მათ ან/და მათ თანამშრომელს გამოუცდია
პოლიციის/სპეცრაზმის მხრიდან შევიწროება. გამოკითხულთა 42%-ს ან/და
მათ თანამშრომელს გამოუცდიათ ფიზიკური თავდასხმა. რესპონდენტების
39%-ს ან/და მათ თანამშრომლებსაც გამოუცდიათ თვალთვალი. რესპონდენტთა
30%-ის თქმით, მათთვის ან/და მათი თანამშრომლისთვის დაუზიანებიათ
პირადი ქონება, ხოლო 18%-ის თქმით, თავად ან/და მათ თანამშრომლებს
გამოუცდიათ ჩასაფრება.
▪︎ კვლევის მონაწილეებს მიაჩნიათ,
რომ ისინი გამუდმებით არიან ფარული მიყურადების ქვეშ, ისევე როგორც
მათ მიმართ რეგულარულად ხორციელდება დეზინფორმაციული კამპანია.
გამოკითხულთა 54%-მა ამბობს, რომ დეზინფორმაციული კამპანიის ადრესატი
ყოფილა თვითონ ან/და მისი თანამშრომელი. რესპონდენტების 39% ასახელებს
მობილური ტელეფონით მიყურადებას, 25% დაჰაკვის გამოცდილებას, 24%-ის
თქმით ყოფილა კიბერთავდასხმის ადრესატი.
▪︎ გამოკითხვისას კომენტარის მიღება
პრობლემად დაასახელა გამოკითხულთა 82%-მა. რესპონდენტთა 79%-მა
დაასახელა საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის გამოცდილება, 61%-მა
კი საჯარო უწყებებში შესვლის შეზღუდვის გამოცდილება.
▪︎ „უცხოეთის აგენტების“ კანონის
წინაშე რესპონდენტების 65% საკუთარ თავს ძალიან დაუცველად, 23% კი
დაუცველად მიიჩნევს.
▪︎ გამოკითხულ რესპონდენტთა 78%-მა
დაასახელა შეურაცხყოფის/სიძულვილის ენის გამოცდილება, აქედან 56%
ამბობს, რომ მსგავსი გამოცდილება ჰქონია თავადაც და მის
თანამშრომელსაც. 52%-ის თქმით, მას ან/და მის თანამშრომელს გამოუცდია
დაშინება/მუქარა ციფრულ სივრცეში. სიტყვიერი დაშინება/მუქარის
გამოცდილება რესპონდენტთა 44%-მა დაასახელა.
CMIS-ის კვლევა უფრო ვრცლად
იხილეთ ბმულზე