დავით კეზერაშვილმა თავის საკუთრებაში არსებული ტელეკომპანია
„ფორმულას“ წილი (26%) მიხეილ მშვილდაძეს სრულად, სიმბოლურ ფასად - 1
ლარად გადასცა. მშვილდაძე, რომელიც არხის 12.25%-იან წილს ფლობდა, ამ
ცვლილებით, ტელევიზიის ყველაზე დიდი წილის (38.25%) მფლობელი
გახდა.
„ფორმულას“ გენერალურ დირექტორს, ზურაბ გუმბარიძეს 10-10% 1 ლარად გადასცეს არხის 12.25-12.25%-იანი წილის მფლობელებმა, ირაკლი საღინაძემ და გიორგი ლიფონავამ. გუმბარიძე აქამდე არხის 12.25%-ს ფლობდა.
მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება 5 მარტს გაფორმდა, „ფორმულას“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებები კი დღეს, 11 მარტს აისახა.
რეესტრის დღევანდელი ამონაწერის მიხედვით, ტელეკომპანია „ფორმულას“ წილები ასე ნაწილდა:
მიხეილ მშვილდაძე - 38.25%
ზურაბ გუმბარიძე - 32.25%
ირაკლი საღინაძე - 2.25%
გიორგი ლიფონავა - 2.25%
„თავისუფლების ფორმულა“ - 25%
თებერვალში კეზერაშვილი თავისი წილის ზურაბ გუმბარიძისთვის გადაცემას აპირებდა. გუმბარიძემ „ფორმულას“ მონაცემებში შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 7 თებერვალს მიმართა. თუმცა, რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება იმავე დღეს შეაჩერა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა.
ტელეკომპანია „ფორმულა“ საჯარო რეესტრში 2019 წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა, მაუწყებლობა კი 1 ოქტომბრიდან დაიწყო. „ფორმულა კრეატივის“ გუნდმა ტელეკომპანია მას შემდეგ დააარსა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაეცა და არხის დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. მაშინ „რუსთავი 2“ თანამშრომლების ნაწილმა დატოვა და ნაწილი - „ფორმულას“, ნაწილი კი „მთავარ არხს“ შეუერთდა.
თავდაპირველად, კომპანიის 25%-იან წილებს მიხეილ მშვილდაძე, ზურაბ გუმბარიძე, ირაკლი საღინაძე და გიორგი ლიფონავა ფლობდნენ, 2019 წლის სექტემბერში კი ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის (51%) მფლობელი დავით კეზერაშვილი გახდა. 2023 წელს, კეზერაშვილმა კუთვნილი 51%-დან 25% ა(ა)იპ „თავისუფლების ფორმულას“, ტელევიზიის თანამშრომლებს სიმბოლურად 1 ლარად გადასცა.