დღეს, 19:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან
[კოსტავას 68] მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ
ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“ ავრცელებს.
10 მარტს, თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილმა სასწავლებლის ადმინისტრაციისგან წერილი მიიღო, სადაც ეწერა, რომ უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, მათ სტუდენტის სტატუსი შეუწყდათ. ერთი დღით ადრე, 9 მარტს კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში დაკავებული სივრცის გათავისუფლება მოსთხოვა - ადმინისტრაციამ ახალგაზრდებს შეატყობინა, რომ შენობაში დეზინფექცია იყო ჩასატარებელი.
12 მარტს კი, ამ საკითხებზე სასაუბროდ „პირველი არხის“ გადაცემა „დღის თემაში“, სტუმრად თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მაკა ვასაძე მიიწვიეს, რასაც სტუდენტების პროტესტი მოჰყვა. ეთერის მიმდინარეობისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან სტუდენტები შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ შალუტაშვილი მათზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა და ეთერი სტუდენტების წარმომადგენლებსაც უნდა დათმობოდათ.
რამდენიმე საათიანი პროტესტის შემდეგ, როგორც არხთან, ასევე თეატრალური უნივერსიტეტის რექტორთან, შეთანხმება შედგა და პირდაპირი ეთერი პარასკევს, 22:00 საათზე ჩაინიშნა.
გუშინ, 13 მარტს კი, „ქართული ოცნების“ კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ შალუტაშვილმა ეთიკის კომისიის მიერ 10 სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და მათ სტუდენტური სტატუსი აღუდგინა. დავითულიანის ეს განცხადება თავდაპირველად სამთავრობო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, შემდეგ კი აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტის Facebook გვერდზეც გავრცელდა.
Facebook გვერდის - „საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“ ინფორმაციით, სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენის შემდეგ, აღნიშნული ეთერი შესაძლოა გაუქმდეს, რის გამოც, არხთან აქცია დაანონსდა.
„შეთანხმების მიუხედავად, წუხელ გავრცელებული ინფორმაციით, ეთერის პირობები შესაძლოა დაირღვეს, რადგან სტუდენტებს სტატუსი აღუდგათ უნივერსიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ აღდგენილი სტატუსი, პროტესტის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, პასუხგაუცემელი რჩება სტუდენტების მიმართ განხორციელებული არაერთი უსამართლო ქმედება. სატელევიზიო ეთერი, სწორედ ამ უსამართლობებზე საუბარს უნდა დაეთმოს. ასევე, ტელევიზიის მხრიდან პასუხგაუცემელია, თუ თავად რატომ არ მიიწვიეს სტუდენტები და რატომ არ უზრუნველყვეს მათთვის საეთერო დრო. ამიტომ, სტუდენტების მხარდამხარ, ვითხოვთ პირობის შესრულებას! ეთერი სტუდენტებს!,“ - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.