კატეგორია: ეთიკა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსთავი 2–თან
დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების
შეჩერებაზე, ანტიდასავლური პროპაგანდის მორიგი ტალღა გამოიწვია
სხვადასხვა ონლაინ გამოცემაში.
პრორუსული, ქართული მედიასაშუალებების სამი მთავარი გზავნილი იყო:
ანტიდასავლური მედიასაშუალებები, სარედაქციო წერილების გარდა,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებას გამოეხმაურნენ
ისეთი მოსაზრებების გაშუქებით, რომელიც ცალსახად აყენებს ეჭვქვეშ მისი
განჩინების ლეგიტიმურობას, ასევე, მსგავს სტატიებს თან დართული აქვს
მანიპულაციური, დამონტაჟებული ფოტოები.
„სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება უვიზო მიმოსვლის
სანაცვლოდ“
საქინფორმი არის ის მედიასაშუალება, რომლებმაც რუსთავი 2–თან
დაკავშირებული გადაწყვეტილება ანტიდასავლური მოსაზრებების გავრცელების
საბაბად გამოიყენა. მედიასაშუალების რედაქტორმა, არნო ხიდირბეგაშვილმა
სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა სათაურით “ევროპისკენ გზამ “ტაძრის”
მაგივრად, ტრ….სკენ მიგვიყვანა!”
აღნიშნულ სარედაქციო წერილში ხიდირბეგაშვილი წერს: “ბევრჯერ
გამიფრთხილებია თანამემამულეები, რომ ევროკავშირთან ასოცირებას,
უფლებების - მაგალითად, შენგენის ზონაში ყოველ 6 თვეში 90 დღის
განმავლობაში უვიზოდ ყოფნის - გარდა, „მედლის მეორე მხარეც“ აქვს. ეს
გულისხმობს კაბალურ მოვალეობებს, მაგალითად, უსიტყვო მორჩილებას
სტრასბურგის, ანუ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს
გადაწყვეტილებებისადმი, რომლებიც არაასოცირებული ქვეყნებისათვის
მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციებს წარმოადგენს”.
ხიდირბეგაშვილის მოსაზრება, რომ ამ გადაწყვეტილებას არაასოცირებული
ქვეყნებისთვის (ანუ საქართველოსთვის) სარეკომენდაციო ხასიათი აქვს,
სიცრუეა. როცა საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა, მან 1999 წელს
ხელი მოაწერა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას, რაც
სხვადასხვა ვალდებულებასთან ერთად, გულისხმობს ევროსასამართლოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილების პატივისცემას და დამორჩილებას. შესაბამისად,
ასევე სიცრუე და მანიპულაციაა პარალელის გავლება საქართველოსთვის
უვიზო მიმოსვლასა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას
შორის. ეს ორი მოვლენა ერთმანეთს არ უკავშირდება. საქართველომ
შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა 2017 წელს მიიღო საბოლოოდ.
მსგავს კონტექსტში სტრასბურგის გადაწყვეტილება გააშუქა ინტერნეტ
გამოცემა თბილისი 24 მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა საინფორმაციო
სააგენტო “ივერიონის” რედაქტორის, ზაურ ნაჭყებიას ფეისბუკ პოსტი
სათაურით: “ჭირსაც წაუღია „რუსთავი-2" .... რა თავში ვიხლით ასეთ
ვიზალიბერალიზაციას?”
არნო ხიდირბეგაშვილის მსგავსად, ნაჭყებიაც მიიჩნევს, რომ სტრასბურგის
გადაწყვეტილება “შეურაცხმყოფელია” და ეს უნდა გახდეს “ერის
გამოფხიზლების” ბოლო წვეთი. “ივერონის” რედაქტორი აგრძელებს
ხიდირბეგაშვილის ნარატივს და არარელევანტურ შედარებას აკეთებს
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასა და
საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას შორის.
„სტრასბურგის სასამართლო ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს“
ანტიდასავლური მედიასაშუალებების ერთ–ერთი მთავარი გზავნილი, რუსთავი
2–ის საქმის გაშუქებისას, იყო საქართველოს სუვერენიტეტის ეჭვქვეშ
დაყენება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი, არნო ხიდირბეგაშვილი სარედაქციო
წერილიში ასევე წერს, რომ თუ ხელისუფლება დაემორჩილება სტრასბურგის
სასამართლოს გადაწყვეტილებას, ქვეყანაში “ომი დაიწყება”: “თუკი დღეს
ხელისუფლება დათმობაზე წავა და დასავლეთის ზეწოლით მართლაც შეაჩერებს
შესრულებას - ანუ გააუქმებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას,
ამით, პირველ რიგში, საკუთარ განაჩენს მოაწერს ხელს, უღალატებს თავის
ამომრჩევლებს და საქართველოს, რომელიც სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომში
აღმოჩნდება ჩათრეული და როგორც სახელმწიფო, არსებობას შეწყვეტს!”
საქინფორმმა 7 მარტსაც გამოაქვეყნა ნიუსი სათაურით “ჩვენთან რევიზორი
ჩამოდის – საქართველოში მედიამეურვეებს - ცენზორებს აგზავნიან!”.
აღნიშნულ მასალაში ისევე, როგორც “საქინფორმის” სხვა სტატიებში,
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგნაირადაა ახსნილი:
“საქართველოს შეახსენეს, რომ ის მხოლოდ დასავლეთის პროტექტორატია, ანუ
- კოლონია”.
კიდევ ერთი ონლაინ მედიასაშუალება, რომელმაც ევროსასამართლოს
გადაწყვეტილება ანტიდასავლური ნარატივით გააშუქა, “მარშალპრესია”.
აღნიშნულმა გამოცემამ მკითხველს, ძირითადად, სხვა მედიასაშუალებებსა
და ასევე, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული უარყოფითი შინაარსის
შეფასებები შესთავაზა.
“მარშალპრესის” მსგავსად, “მკითხველს” ანტიდასავლური შინაარსის
შეფასებები შესთავაზა სააგენტო “რესპორტიორმაც”. აღნიშნული
მედიასაშუალების ვებსაიტზე გამოქვეყნდა მასალები შემდეგი
სათაურებით:
· ნიკოლოზ მჟავანაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას
პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს.
· ია მეტრეველი: „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს
გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისა ღირსების შელახვაა”
· გიორგი ფოფხაძე: ყარამანიშვილებსა და ხალვაშს შორის ატეხილი დავა
სტრასბურგის კომპეტენცია არ არის!
· დარეჯან ლიპარტელიანი: მოკალი, დაარბიე, სცემე, აწამე - სტრასბურგი
შენია!
· „სტრასბურგის სასამართლოს არანაირი ბერკეტი არ აქვს, „რუსთავი 2“-ის
საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალოს“
„სტრასბურგი მუშაობს ორმაგი სტანდარტებით. მისი გადაწყვეტილება
პოლიტიკურია“
სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით დაწერილ ანტიდასავლური
პუბლიკაციებში ერთ–ერთი მთავარი ხაზი იყო, რომ ის მუშაობს „ორმაგი
სტანდარტებით“. ამის დასტურად ავტორები იხსენებენ საქართველოდან
გაგზავნილ არაერთ საქმეს, რომელთა განხილვასაც წლები სჭირდება. თუმცა,
ამ მასალებში არ წერია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
განჩინება, რუსთავი 2–ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს
გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე, მხოლოდ დროებითი ღონისძიებაა,
სასამართლოს ჯერ წარმოებაშიც არ მიუღია საქმე. წარმოებაში მიღების
შემთხვევაში კი, სხვების მსგავსად, მის განხილვასაც, შესაძლოა წლები
დასჭირდეს. ანტიდასავლურ მასალებში არც ის არის ნახსენები, რომ
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება რუსთავი
2–ის იურისტებმა მოითხოვეს, საქმეების დიდ ნაწილზე კი, რომელსაც ისინი
ადარებენ, ან არავინ მოითხოვა მსგავსი რამ, ან არ იყო შესაბამისი
გარემოება.
„საქინფორმის“ რედაქტორმა, არნო ხიდირბეგაშვილმა თავისი
მედიასაშუალების ვებსაიტზე 10 მარტსაც გამოაქვეყნა წერილი სათაურით:
“გაგზავნის თუ არა იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგში საქინფორმის
განცხადებებს? ორმაგი სტანდარტები: და სად იყავით თქვენ 2007 წლის 10
აგვისტოს ღამეს?!”
ხიდირბეგაშვილის თქმით, “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, სტრასბურგის
სასამართლო, ევროკავშირი, საქართველოს პრეზიდენტი, ყველა ოპოზიციური
პარტია და მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები, აგრეთვე მთელი
“სამოქალაქო სექტორი” - სოროსის ფონდი და დასავლურ გრანტებზე შექმნილი
სხვა არასამთავრობოები” იცავენ მხოლოდ რუსთავი 2–ს და არ იცავენ სხვა
მედიასაშუალებებს.
“აი ისინი, თქვენი ევროპული ორმაგი სტანდარტები!” – ასკვნის არნო
ხიდირბეგაშვილი სარედაქციო სტატიის ბოლოს. საქინფორმის სხვა მასალებში
ის პირები, რომლებიც რუსთავი 2–ს მხარს უჭერენ, შეფასებულნი არიან
პრორუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ისეთი ტერმინებით,
როგორიცაა “გრანტიჭამიები”, “ლიბერასტები” და ა.შ.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას, გაცილებით შორს
წავიდა კიდევ ერთი ქართული ონლაინ გამოცემა თბილისი 24. აღნიშნული
გამოცემის ერთ–ერთ სტატიაში რუსთავი 2–თან დაკავშირებით ევროპის
ადამიანის უფლებათა სასამართლო შეფასებულია, როგორც სპეცოპერაცია
სააკაშვილისა და გვარამიას გადასარჩენად. სტატიის ავტორია “საერთო
გაზეთის” რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავა.
ხარჩილავა წერს: “შეიძლება საქმე გვქონდეს ქრთამთან, რომელიც, როგორც
ცნობილია, ჯოჯოხეთსაც კი ანათებს და, რა თქმა უნდა, ანათებს
ევროპაშიც, აზიაშიც, ამერიკის კონტინენტზეც და ა. შ. თუ საერთაშორისო
სასამართლო ქრონიკებს თვალს მივადევნებთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ
ქრთამს იღებენ ყველგან და, მათ შორის, ევროპაშიც”.
სტატიის ავტორი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაადგინოს
“რატომ დადგა ეს მოსამართლე [სტრასბურგის სასამართლოში]
"რევოლუციონერობის" ხასიათზე ასე მოულოდნელად და რატომ დაარღვია
დადგენილი ნორმები და წესები?”
სტატიის ბოლოს კი ავტორი ამბობს, რომ თუ სტრასბურგმა რუსთავი 2–ის
სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ “არ ყოფილა სამართალი ამ
ცოდვილ დედამიწაზე და ეგ არის...”
“ივერიონის” უარყოფითი დამოკიდებულება “რუსთავი 2–თან” დაკავშირებით
სტრასბურგის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, ძირითადად, სწორედ მისი
რედაქტორის წერილებში ჩანს. მაგალითად, ზაურ ნაჭყებიამ ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთი წერილი
მიუძღვნა სათაურით: “რუსთავი-2-ის“ გადარჩენაზე კი არა, სულის
გადარჩენაზე ვიფიქროთ და ქვეყანაც გადარჩება!”. აღნიშნულ მასალაში კი
გაკრიტიკებულია ის საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები,
რომლებმაც რაიმე ფორმით მხარდაჭერა გამოხატეს ტელეარხის მიმართ.
სტრასბურგის სასამართლოს შესაძლო პოლიტიკურ მოტივაციაზე წერდა
“მარშალპრესი”. მედიასაშუალებამ 9 მარტს გამოაქვეყნა ნაწყვეტი
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ჩაწერილი ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ
“რეზონანსში” დაიბეჭდა. საყვარელიძე აღნიშნულ ინტერვიუში აქცენტს
აკეთებს სტრასბურგში მომუშავე ქართველ მოსამართლეზე, ნონა წოწერიაზე,
რომელიც წლების წინ იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე
იყო. მასალაში ნათქვამია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი
2–ის საქმეზე, “ლობისტების ნამუშევარია”.
“მარშალპრესმა” მკითხველს ასევე შესთავაზა ორგანიზაციის, “ჩვენი
უფლებებისთვის”, თავმჯდომარის, დავით ლილუაშვილის კომენტარი, რომელიც
წერს: “იმედის მფლობელი და ჟურნალისტთა დასი ფეხებზე დაიკიდე და
მრავალი წელი უიმედობაში ამყოფე, ხოლო რუსთავი 2–ის აღვარღვარებულ
ცრემლებს ერთი დღეს ვერ გაუძელი? რა ქენი სტრასბურგი ესა?”
თუმცა, ამავე მასალაში ლილუაშვილი წერს, რომ “ევროპაზე ხელის ჩაქნევა
და გულის გატეხვა არ იქნებოდა სწორი”.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ზემოაღნიშნულმა
მედიასაშუალებებმა სტრასბურგის სასამართლოს 7 მარტის გადაწყვეტილება
აქტიურად გამოიყენეს ანტიდასავლური მოსაზრებების გასავრცელებლად
არარელევანტური პარალელების, რადიკალური შეფასებებისა და ცრუ ფაქტების
გამოყენებით.