ჰომოფობიური, ანტიდასავლური და ქსენოფობიური გზავნილები საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე
23.05.2017
ორშაბათს, 22 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში გადაცემა “არგუმენტების დროს” მეორე ნაწილის სტუმარი “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, თამაზ მეჭიაური იყო. მეჭიაურმა გადაცემაში ნეგატიურ კონტექსტში ისაუბრა დასავლეთთან დაკავშირებით და ხელი შეუყწო ანტითურქული განწყობების გაღვივებას. გადაცემის სტუმარს ჰქონდა ჰომოფობიური გამონათქვამებიც, თუმცა, მაყურებლის სწორად ინფორმირების მიზნით, წამყვანის მხრიდან რაიმე რეპლიკა არ გაკეთებულა, მეჭიაურს თავისუფლად ეძლეოდა შესაძლებლობა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი გამოეყენებინა დეზინფორმაციის, ჰომოფობიისა და სიძულვილის ენის ტრიბუნად.

“თვითონ “ქართულმა ოცნებამ”, ალბათ იმ უცხოელების ზეწოლით, მაინც უფრო ამერიკის, ლიბერალური ფრთის, მისი ელჩის მეთაურობით, ზეგავლენით და უხეში ჩარევებით ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესების მიღმა დაეტოვებინათ ის ეროვნული ძალები, რომლებიც არ იმართებოდნენ დასავლეთიდან. კერძოდ, რომლებიც სკეპტიკურად უყურებდნენ ევროატლანტიკურ არჩევანს და ღიად არ უჭერდნენ მას მხარს,” - განაცხადა მეჭიაურმა გადაცემაში სტუმრობისას.

მეჭიაურმა აღნიშნა, რომ ის ნატოში საქართველოს შესვლის პერსპექტივას ვერ ხედავს, შესვლის შემთხვევაში კი ოკუპირებულ ტერიტორიებს დავკარგავდით, რაც გავრცელებული ანტიდასავლური მესიჯია და რაც რეალობას არ შეესაბამება. ყოფილი დეპუტატი შეეხო საქართველოში დიდგორობის დღესასწაულის დაწესებასაც, რომლის დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზად, თურქეთის მხრიდან ზეწოლა დაასახელა. გარდა ამისა, მისი ყურადღების არელში მოექცა საქართველოში მეჩეთის მშენებლობის საკითხიც.



“უკვე აქვთ [მეჩეთი] ყველა სოფელში, მაინც მეტს თხოულობენ,” - დასძინა ყოფილმა დეპუტატმა. რასაც მოჰყვა ჟურნალისტის კითხვა, რომელიც თავისი შინაარსით შესაძლოა, იყოს ანტითურქული პათოსის მატარებელი.

“პრობლემა ის არის, რომ მეჩეთებს საქართველოში აშენებენ, თუ პრობლემა ის არის, რომ უთანასწორო მდგომარეობაა და მეჩეთებს აშენებენ საქარველოში, მაგრამ ჩვენ იგივეს უფლებას არ გვაძლევენ თურქეთში ან აზერბაიჯანში? იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მიმართულება, შეიძლება მეტნაკლებად იყოს გარკვეული დისკუსიის საგანი და მეორე მიმართულება, თუ უშუალოდ მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებთ, ეს შეიძლება თქვენ მიმართ ძალიან ნეგატიური განწყობის საფუძველიც გახდეს,” - აღნიშნა წამყვანმა.

საუბრის მეორე ნაწილში სტუმარი ამბობდა, რომ თურქეთი ოკუპანტია და მას საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.

თამაზ მეჭიაური: ის ნაწილი საქართველოსი, რომელიც არის თურქეთის მიერ ოკუპრებული, და მოდი ნუ დავარქმევთ, რა, მეგობრულად მიერთებული არ არის. იმას ავტონომიის ფორმაც კი არ აქვს...

წამყვანი: თუ ტაო-კლარჯეთს და ლაზეთს გულისხმობთ, თავისთავად, რა თქმა უნდა...

მოგვიანებით კი, მეჭიაურმა აღნიშნა, რომ მალე შესაძლოა, საქართველოს ხვეწნა დასჭირდეს აჭარასა და სამცხე-ჯავახეთზე.

“ბოლო-ბოლო ავე მარია, რომ ისმინო ყოველწუთს 24 საათი ის მოგწყინდება, ეხლა, პავაროტის შესრულებით, ალბათ, ერთი და იგივე და სადღაც სხვა აღმსარებლობის ლოცვებს რომ უსმინო კიდე ყოველდღე, ის მოგწყინდება, მაგრამ ამასაც იტანს,” - თქვა მეჭიაურმა. (სტილი დაცულია)

გადაცემის ბოლო ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საკითხს შეეხო. საკითხის განხილვას ჰომოფობიური გამონათქვამების გარეშე არ ჩაუვლია.

“ვიღაცებს, რომ უნდათ, ეხლა, რომ გამოიყვანონ, რომ მოდით, ყველა ტოლი იყოსო. ერთ-ერთი, არავის რელიგიას არ შეურაცხვყოფ, მაგრამ ეპისკოპოსი, თუ რაღაც, რომ გამოდის და ლაპარაკობს ჰომოსექსუალიზმის და ეს ერთი და იგივეაო და ღმერთის ხატები არიან ყველაო და ამას ქადაგებს და ეხლა აქ, ზოგი არშემდგარი პოეტი, ლამის არის მესიებად ჰყავთ და წირვებს ატარებენ ერთად,” - თქვა მეჭიაურმა. (სტილი დაცულია)

იმის მიუხედავად, რომ გადაცემის სტუმარმა არაერთხელ გააჟღერა ანტიდასავლური გზავნილები, სიძულვილის ენა სხვადასხვა ჯგუფის მისამართით, წამყვანმა არც ერთხელ არ შეაწყვეტინა სტუმარს, არ გაემიჯნა გავრცელებულ სიძულვილის ენას, არ შეეწინააღმდეგა დეზინფორმაციას, გადაცემაში არ დასმულა არცერთი კრიტიკული კითხვა, რომელიც მაყურებელს სტუმრის არასწორ დამოკიდებულებებზე მიუთითებდა.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" მეშვიდე პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

პრინციპის განმარტებით ნაწილში მითითებულია, რომ: “პირდაპირი ეთერის შემთხვევაში, ჟურნალისტი უნდა გაემიჯნოს დისკრიმინაციულ განცხადებას და დაუპირისპირდეს მას, რაც გულისხმობს შემდეგს: ჟურნალისტმა ან სხვა სტუმარს უნდა მისცეს სიტყვა, რომელიც გამოთქვამს საპირისპირო აზრს, ან თავადვე ამცნოს აუდიტორიას, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრება, რომელიც აქვს საზოგადოების ნაწილს“. რაც შეეხება გადაცემის ჩანაწერს, ან სტატიას, განმარტებითი ნაწილის მიხედვით, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია: „საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამები უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი შეიძლება ამოუჭრას, თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის. ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს“.

მსგავს ჩანაწერს ვკითხულობთ “მაუწყებლთა ქცევის კოდექსშიც”. კოდექსის მიხედვით, მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე. ამავე კოდექსით, თუ წყარო პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას, რელიგიურ მრწამსს, სექსუალურ ორიენტაციას, როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს, ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აჰყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით.

ავტორი : გელა ბოჩიკაშვილი;
თეგები : სიძულვილის ენა; პროპაგანდა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ