დეზინფორმაცია ვიზალიბერალიზაციაზე და სიძულვილის ენა "ალიაში"
10.04.2017
გაზეთ „ალიას“ 3-9 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, სანდრო ბრეგაძესთან. ტექსტი შეიცავდა ჰომოფობიას და სიძულვილის ენას სხვადასხვა ეროვნების ადამიანების მიმართ.

კითხვას, რომელიც სირიელი ლტოლვილების ბანაკების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებას ეხება, რესპონდენტი ვიზალიბერალიზაციასა და ევროინტეგრაციას უკავშირებს. იმის შესახებ, რომ ეს დეზინფორმაციაა და საქართველოს ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა ლტოლვილთა ბანაკების აშენების სანაცვლოდ არ მიუღია, მედიაჩეკერიც წერდა.

გარდა ამისა, რესპონდენტი სხვადასხვა ეროვნულ იდენტობას დანაშაულებრივ და ანტისოციალურ ქმედებებსაც უკავშირებს, აღნიშნავს პირთა იდენტობას მაშინ, როცა ეს ინფორმაცია არანაირი დამატებითი ცნობის შემცველი არ არის:

√ „წინა კვირას სამმა თურქმა გააუპატიურა ქართველი ახალგაზრდა გოგონა, რომლის ოჯახიც ფულის გადახდის შემდგომ გააჩერეს“.

√ „მანამდე ვნახეთ როგორ სცემეს ჩინელებმა ქართველი მუშები“.

√ „ამ ბოლოს ვნახეთ ქართველი ყველაზე საზიზღარი და ამაზრზენი შემთხვევა, როდესაც ეკლესიის კარებს ანგრევდა არაბი ექსტრემისტი“.

√ „და კიდევ ყველაზე საშინელება, რაც ბოლო დღეებში მოხდა: ბათუმში თურქებმა დაანგრიეს ეკლესიის გალავანი იმისათვის, რომ იქ თავისი კომერციული საქმიანობა ეწარმოებინათ”.

მასალაში საუბარია ლტოლვილების ქვეყნიდან დეპორტაციაზე: „ჩვენი თითოეული მოქალაქე უნდა გავწმინდოთ ამ გაურკვეველი წარმოშობის აზიელი, აფრიკელი პიროვნებებისაგან, რომლებიც არც საქართველოს სცემენ პატივს და საერთოდ, არანაირი პოლიტიკური დევნილები ისინი არ არიან!“

გაზეთ „ალიას“ ამავე ნომერში, 28-ე გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაშიც გვხვდება ჰომოფობიაც. ტექსტში ვკითხულობთ: „პედერასტებს თმიდან ბეწვიც რომ ჩამოუგდოს ვინმემ, სახალხო დამცველის აპარატი საერთაშორისო სკანდალს ატეხს“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

თეგები : პროპაგანდა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ