რუსული პროპაგანდა ბალტიისპირეთსა და პოლონეთში NATO-ს წინააღმდეგ
18.05.2017
2017-04-18 2016 წლის ივლისში ჩრდილო-ტლანტიკურმა ალიანსმა გადაწყვიტა, რუსეთიდან მომავალი პოტენციური საფრთხის გამო, აღმოსავლეთ ევროპაში გაეძლიერებინა თავისი წარმომადგენლობა, რის გამოც თავის წევრ ქვეყნებში ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში განალაგა თავისი სამხედროების ოთხი ბატალიონი. NATO-ს ეს ქმედება შეფასდა, “შეკავებისა” და “თავდაცვისთვის” გადადგმულ ნაბიჯად, ასევე ალიანსის შეთანხმების იმ ნაწილის შეხსენებად, რომლის მიხედვითაც “ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს”. ფაქტს, რასაკვირველია, მოჰყვა რუსეთის პოლიტიკური ელიტის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია, რუსეთმა გაზარდა სამხედრო აქტივობები ბალტიის ზღვასა და საზღვრისპირა რეგიონებში, თუმცა, ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ხაზი საინფორმაციო სივრცეში გაიხსნა. რუსულმა სახელმწიფო მედიასაშუალებებმა, ასევე, რუსეთისგან დაფინანსებულმა ადგილობრივმა გამოცემებმა, NATO-ს წევრ ოთხ ქვეყანაში NATO-ს ბატალიონების განთავსებაზე ათეულობით დეზინფორმაციული სტატია მოამზადეს.

“ატლანტიკური საბჭოს” Digital Forensic Research Lab-ის უფროსმა მკვლევარმა, ბენ ნიმომ, stopfake.org-ზე გამოაქვეყნა DFRLab-ის მიერ 2017 წლის თებერვლიდან აპრილამდე ჩატარებული მედიაანალიზის შედეგები, სადაც გამოკვეთილია ის ძირითადი დეზინფორმაციული, ნეგატიური ტენდენციები, თუ როგორ მოქმედებდა რუსული და პრორუსული მედია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

DFRLab-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, NATO-სთან დაკავშირებით, ძირითადად, რვა პროპაგანდისტული გზავნილი გამოიკვეთა და ესენია:

როგორც მკვლევარი წერს, რუსული პროპაგანდის ნარატივი დროთა განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა, თავიდან ყველაზე პოპულარული იყო “ NATO აგრესორია”, ასევე “ NATO-ს არ შეუძლია ბალტიის სახელმწიფოების დაცვა”.

მიმდინარე წლის მარტში ამერიკულმა გამოცემამ The National Interest გამოაქვეყნა ანალიზი, რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ NATO--რუსეთს შორის ომი გაჩაღდება. სტატიის მხოლოდ მცირე მონაკვეთში ეწერა, რომ ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, რუსეთთან ტერიტორიული სიახლოვის გამო, ბალტიის სახელმწიფოები დაზარალდებიან. ლიტვურმა და ლატვიურმა პრორუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა ამერიკული სტატიიდან მხოლოდ აღნიშნული ციტატა გააშუქეს, ილუსტრაციად კი დაურთეს რიგის ერთ–ერთი ღირსშესანიშნაობის ფოტო, რომელიც გრაფიკული დამუშავების შედეგად, „ნანგრევებად აქციეს“.


რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა მედიასაშუალებებმა, სპუტნიკმა და რია ნოვოსტიმ გაავრცელეს ყალბი ცნობა შემდეგი სათაურით: “ესტონელ ჯარისკაცებს ყაზარმებიდან კარვებში ასახლებენ NATO-ს ჯარისკაცების ჩასვლის გამო”. გარდა ამ ერთი კონკრეტული ფაქტისა, კიდევ არაერთი მასალა მიეძღვნა ბალტიისპირეთში მცხოვრები ქალების მიმართ NATO-ს ჯარისკაცებიდან მომავალ საფრთხეს. ამ სტატიებში ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ალკოჰოლი ბალტიისპირეთში იაფია, ქალები მარტოხელები არიან, რადგან ადგილობრივი კაცები “საზღვარგარეთ არიან სამუშაოდ წასულები”. რუსული მედიასაშუალებები ამ გარემოებების გათვალისწინებით, არ გამორიცხავენ მოსალოდნელ დებოშსა და ინციდენტებს.

ბლოგზე, auraspress.wordpress.com, რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა სტატია ლიტვაში მყოფი, NATO-ს გერმანელი ჯარისკაცის მიერ არასრულწლოვნის გაუპატიურების შესახებ. ლიტვურმა პრორუსულმა მედიასაშუალებებმა აიტაცეს აღნიშნული ყალბი ამბავი. რაც შეეხება პირველწყაროს, როგორც აღმოჩნდა, ბლოგი კონკრეტულად ამ ერთი ყალბი სტატიის გასავრცელებლად შეიქმნა, რადგან იქ ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული სხვა სტატიები, ბლოგის სხვა განყოფილებებში კი მხოლოდ შაბლონური ტექსტებია – არანაირი ინფორმაცია მისი ავტორისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ.

რუსულმა დეზინფორმაციულმა საშუალებებმა კიდევ ერთი ყალბი ცნობა გაავრცელეს იმის შესახებ, თითქოს NATO-ს ჯარისკაცებს საჯარო სივრცეებში დატენილი იარაღით გადაადგილების უფლება ექნებათ.

საბოლოო ჯამში, რუსული პროპაგანდის მანქანა ცდილობს, რომ რუსეთის მოსაზღვრე NATO-ს წევრ სახელმწიფოებში გააჩინოს დაუცველობის, შიშისა და გაურკვევლობის განცდა NATO-ს ძალების მიმართ, რომლებიც, რეალურად, ამ ქვეყნებში სწორედ რუსეთისგან მომავალი საფრთხის თავიდან ასაცილებლად იმყოფებიან.

წყარო: stopfake

თეგები : პროპაგანდა;
ავტორი : თაზო კუპრეიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ