უკრაინელი ჟურნალისტი რუსეთის პატიმრობაში გარდაიცვალა
11.10.2024

ფოტო: censor.net

უკრაინელი ჟურნალისტი, ვიქტორია როშჩინა რუსეთის პატიმრობაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სახალხო დამცველმა, დმიტრო ლუბინეცმა საკუთარ Telegram არხზე გაავრცელა.

„მაქვს რუსული მხარის ოფიციალური დოკუმენტური დადასტური უკრაინელი ჟურნალისტის, ვიქტორია როშჩინას გარდაცვალების შესახებ, რომელსაც რუსეთმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ვიქტორიას ოჯახს და მეგობრებს,“ – აღნიშნულია ლუბინეცის განცხადებაში.

ომბუდსმენის თქმით, ჟურნალისტი 2023 წლის აგვისტოში, აღმოსავლეთ უკრაინაში რეპორტაჟის გასაკეთებლად  ჩასვლის შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუჩინარდა.  2024 წლის მაისში კი, რუსეთმა დაადასტურა, რომ ჟურნალისტი დააკავეს და ის რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. დმიტრო ლუბინეცის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმაც.

„ჟურნალისტების უკანონო დაკავება და გატაცება არის რუსეთის ფედერაციის იარაღი სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ! რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია ჟენევის კონვენცია და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი,“ - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიქტორია როშჩინას გარდაცვალებას ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტიც გამოეხმაურა. CPJ-ის  ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორის თქმით, ჟურნალისტის სიკვდილზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება.

„CPJ შოკირებულია რუსეთის მიერ მისი უკანონო პატიმრობის დროს ვიქტორია როშჩინას გარდაცვალების შესახებ. ჩვენ ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ მის ოჯახს და ახლობლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც უკრაინული მედიასაშუალებები წერენ, როშჩინა სხვადასხვა დამოუკიდებელ საინფორმაციო სააგენტოებთან თანამშრომლობდა.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ