Facebook-ის, Instagram-ის, Threads-ისა და WhatsApp-ის მფლობელმა ამერიკულმა კომპანია Meta-მ განაცხადა, რომ საკუთარ პლატფორმაზე ისეთ რუსულ სახელმწიფო პროპაგანდისტულ მედიებს ბლოკავს, როგორებიცაა: RT და მედიაჰოლდინგი Rossiya Segodnya.
Rossiya Segodnya-ს თავის მხრივ ჰყავს შვილობილი კომპანიები: „რია ნოვოსტი“, TV-Novosti, RT, Sputnik და Ruptly.
„დეტალური განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, გავაფართოვოთ ზომები რუსული სახელმწიფო მედიის წინააღმდეგ. Rossiya Segodnya, RT-სა და მათთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციებს, საზღვარგარეთ ჩარევის მცდელობის გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეკრძალებათ ჩვენი პლატფორმების გამოყენება,“ - აღნიშნულია Meta-ს განცხადებაში.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა კი, სექტემბრის დასაწყისში მედიაჯგუფ „როსია სევოდნიასა“ და მისი შვილობილი კომპანიების: „რია ნოვოსტის“, TV-Novosti-ის, RT-ს, Sputnik-ისა და Ruptly-ს წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
ამ თემაზე იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა: აშშ-მა „როსია სევოდნია“ და მისი შვილობილი 5 კომპანია დაასანქცირა