ჰომოფობია, როგორც ანტიდასავლური პროპაგანდის იარაღი
18.05.2017
ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გაშუქება ქართულ ანტიდასავლურ მედიაში, ძირითადად, ერთი და იგივე სტერეოტიპების გამყარებას ემსახურება. აღნიშნული მიდგომები თითქმის არ იცვლება, შესაბამისად, უცვლელია ის ძირითადი დისკრიმინაციული გზავნილებიც, რასაც ჰომოსექსუალობის თემის გაშუქებისას ანტიდასავლური პროპაგანდა ემყარება.

გზავნილები მკაფიო და პირდაპირია:

ისევე, როგორც სხვა არაერთ საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნული მედიასაშუალებები ორიგინალურები არც ამ შემთხვევაში არიან – ისინი თითქმის ისევე აშუქებენ ჰომოსექსუალობასთან და ლგბტ პირთა უფლებების საკითხებს, როგორც რუსული მედიის უდიდესი ნაწილი.

პირველი და უმთავრესი, რაც მსგავსი ტიპის მედიასაშუალებებში გვხვდება, ეს არის შეურაცხმყოფელი, გაუგებარი ტერმინები და საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომების უგულვებელყოფა. მაგალითად, მეცნიერების რეკომენდაციის შედეგ, ჰომოსექსუალობა ფსიქიური დაავადებების ნუსხიდან აშშ-ში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში ამოიღეს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კი აღნიშნული 27 წლის წინ, 1990 წელს გააკეთა. მიუხედავად ამისა, ანტიდასავლური პროპაგანდის წყაროები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ეს არის დაავადება, რომლისგანაც განკურნება შეიძლება. უფრო მეტიც, შეიძლება მისი ვინმესთვის “თავსმოხვევა” და ამით “ეროვნულ იდენტობასთან ბრძოლა”.

“ჰომოსექსუალობის მთავარი სამიზნე ოჯახი და ეკლესიაა, ჰომოსექსუალობა ცოდვაა”

ოჯახი და რელიგიური რწმენა არის ის საკითხები, რომლითაც ანტიდასავლური პროპაგანდის წყაროები ყველაზე ხშირად და აქტიურად მანიპულირებენ. ამ საკითხზე საუბრისას, ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვის გამო, თითქმის მთელი მსოფლიო, გარდა რუსეთისა, წარმოჩენილია ოჯახისა და მართლმადიდებლობის მტრად. მაგალითად, ერთ-ერთ სტატიაში “საქართველო და მსოფლიო” დისკრიმინაციული ენით პირდაპირ წერს (სტილი დაცულია): “ფაშიზმისა და ლგბტ-თა მოძრაობის მშობელი “განათლებული” ევროპაა, საიდანაც ჰომოსექსუალიზმმა პურიტანულ ამერიკაშიც შეაღწია და გასული წლის ზაფხულში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ამერიკის ყველა შტატში დაკანონდა და, აბა, აშშ-ის სატელიტი ევროკავშირი რაღა საკითხავია: ევროპის უმრავლეს ქვეყანაში - დე იურედ, ხოლოდ დანარჩენებში დე ფაქტოდ არის აღიარებული ჰომოსექსუალური ქორწინებები, პლუს ლგბტ–პედერასტებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიები, რომელმაც ზემოხსენებული კლასიკური განმარტება დემოკრატიისა თავდაყირა დააყენა და ახლა, დემოკრატია კი არა, დემოტრაკია მეფობს ამერიკა–ევროპაში, რაც უღმერთო სატანისტი უმცირესობის დიქტატურაა მორწმუნე უმრავლესობაზე”.

იგივე მედიასაშუალება წერს, რომ “ჰომოსექსუალიზმის მთავარი სამიზნე ოჯახი და ეკლესიაა”. აღნიშნულ ჰომოფობიურ მოსაზრებას კი იმით “ასაბუთებს”, რომ დასავლურ სახელმწიფოებში სოციალური სამსახურები აქტიურად ერევიან ბავშვთა უფლებების დაცვაში, რის გამოც, “მშობლებს არ აქვთ უფლება, განსაზღვრონ შვილების სექსუალური ორიენტაცია”.

რუსული მედია დასავლეთს ხშირად აკრიტიკებს სწორედ ლგბტ პირთა უფლებების დაცვის გამო და არც თუ იშვიათად მომხმარებლებს სთავაზობს კონკრეტულ მაგალითებს, თუ როგორ უარყოფით გავლენას ახდენს ოჯახებზე. მაგალითად, რუსულმა გამოცემა Lიფენეწს-მა დაწერა ოჯახის შესახებ, რომელიც თითქოს ლონდონიდან რუსეთის ერთ-ერთ სოფელში გადასახლდა იმის გამო, რომ მათი შვილები ყოველდღე ხედავდნენ “გეებს პირსინგებითა და ტატუებით”.

რუსულ მედიაში საინტერესო იყო საქართველოში მიმდინარე დისკუსია ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციით განსაზღვრის შესახებ. ერთ-ერთი რუსული გამოცემა წერს: “როგორც ჩანს, ევროპას აღიზიანებს, რომ ილია მეორე საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულია, ქართველების უმრავლესობა კი მორწმუნეა”.

ქართული ანტიდასავლური მედიის ნაწილი, ისევე როგორც რუსული მედია, აქტიურად აშუქებს მართლმადიდებელი მღვდლების ჰომოფობიურ ინტერვიუებსა და ქადაგებებს, სადაც ისინი ამბობენ, რომ “ჰომოექსუალიზმი სასიკვდილო ცოდვაა”, ასევე “რასიზმი, ფაშიზმთან და ჰომოსექსუალიზმთან ერთად, ადამიანის დაცემული ბუნების ერთ-ერთი გამოვლინებაა და მასაც უნდა ებრძოლო!”

“ჰომოსექსუალობა არის დაავადება და მისგან განკურნება შესაძლებელია”

იმის მტკიცება, რომ ჰომოსექსუალობა “დაავადებაა” და მისგან “განკურნება” შესაძლებელია, ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული გზავნილია. მედიასაშუალებების ნაწილი ამას ამტკიცებს ისე, რომ ეს არ ეყრდნობა არანაირ აღიარებულ სამეცნიერო კვლევას, ან მიგნებას, ათასში ერთხელ, წყაროდ შეიძლება გამოყენებული იქნეს რუსეთის რომელიმე ოლქში მცხოვრები ექიმის პირადი მაგალითი, მოსაზრებები და “მკურნალობის მეთოდები”.

მას შემდეგ, რაც გასულ თვეს ცნობილი გახდა რუსეთში, კერძოდ ჩეჩნეთში გეების წამებისა და მკვლელობების შესახებ, Lენტა.რუ-მ მოამზადა სტატია იმის შესახებ, ნიჟნი ნოვგოროდში მცხოვრები ფსიქიატრი როგორ “კურნავს ჰომოსექსუალობისგან” მამაკაცებს. სტატიაში მოთხრობილია ერთ-ერთი ფინანსისტის ისტორია, რომელიც სხვა არაერთი კაცი მსგავსად "ჰომოსექსუალობისგან განიკურნა”. რუსული გამოცემა ამტკიცებს, რომ ამ ფსიქიატრს “გეების მკურნალობის” 50-წლიანი წარმატებული ისტორია აქვს.

სპეციალისტებისა და სასულიერო პირების პოვნა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჰომოსექსუალობა “დაავადებაა”, არც ქართული მედიის ნაწილს უჭირს. მაგალითად, გამოცემა “კარიბჭესთან” ინტერვიუში, ერთ-ერთი მღვდელი სწორედ “ფსიქიკურ სნეულებას” უწოდებს ჰომოსექსულობას და აღნიშნული არანაირი არგუმენტით გამყარებული არ არის.

ქართულმა გამოცემა “ჯორჯიან ტაიმსმა” კრიტიკული კონტექსტის გარეშე გააშუქა პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის მიერ “გეობისგან განსაკურნებელი” წამლის ათ წელიწადში გამოშვების დაანონსება.

მსგავსი აბსურდული, უსაფუძვლო სტატიები სხვა მედიასაშუალებებშიც მრავლადაა. მაგალითად, “საქართველო და მსოფლიო” ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნავს, რომ “მრავალი მედიკოსის დაკვირვებით,ჰომოსექსუალები 20-30 წლით მალე ამთავრებენ სიცოცხლეს, ვიდრე ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანები.”

“ჰომოსექსუალები არიან გარყვნილები და პედოფილები”

დასავლურ ღირებულებებთან ბრძოლის საქმეში, მედიასაშუალებების ნაწილი ისეთ აბსურდამდე მიდის, როგორიცაა, მაგალითად, “ილუმინატის აღსარების” გამოქვეყნება. სტატია აღნიშნული სათაურით “ჯორჯიან ტაიმსმა” გამოაქვეყნა. შესავალში აღნიშნულია, რომ აღნიშნული “აღსარება” მდიდარმა მასონმა ნავთობბარონმა სიკვდილის წინ ჩააბარა მღდელს. სხვადასხვა ანიდასავლურ გზავნილთან ერთად, პუბლიკაციაში ერთსა და იმავე კონტექსტშია საუბარი ჰომოსექსუალობის, ნარკომანიის და პორნოგრაფიის შესახებ.

რუსული მედია ხშირად ამტკიცებს, რომ პედოფილები, ძირითად შემთხვევაში, გეები არიან და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი რუსეთის ხელისუფლებისთვის, რომელმაც კანონით აკძალა “გეი პროპაგანდა”. მათი თქმით, ეს სწორედ ბავშვთა “მავნე ზეგავლენისგან დაცვის” მოტივით გაკეთდა.

რუსული მედასაშუალებები აქტიურად წერენ იმის შესახებ, თუ როგორ მოიცვა “გეი პროპაგანდამ” საბავშვო ფილმები, მათ შორის “ლამაზმანი და ურჩხული”, რომლის პრემიერაც რამდენიმე თვის წინ გაიმართა. აღნიშნულ ფილმში ერთ-ერთი პერსონაჟი გეია, რის გამოც რუსეთში მის აკრძალვასაც კი აპირებდნენ.

“გარყვნილებისგან დაცვის” მოტივით “გეი პროპაგანდის” აკრძალვის აუცილებლობაზე არაერთხელ დაუწერიათ ქართულ ანტიდასავლურ მედიასაშუალებებს. როგორც წესი, მათი შიშები პედოფილიასა და ჰომოსექსუალიზმის შესაძლო კავშირის შესახებ, სტატისტიკური მონაცემებით, ან ავტორიტეტული კვლევებით გამყარებული არ არის და ძირითადად, მათ მოსაზრებებს ემყარება.

“დასავლეთი ჰომოსექსუალობის დაკანონებას გვავალდებულებს”

ანტიდასავლური მედია ამ შემთხვევაშიც იმეორებს რუსული მედიის პრაქტიკას და “ჰომოსექსუალობის გავრცელების” მთავარ წყაროდ აშშ-სა და ევროპას წარმოაჩენს, დამცველად კი - ერთმორწმუნე რუსეთს.

ჯერ კიდე მაშინ, როცა საქართველო ევროპისგან უვიზო მიმოსვლაზე თანხმობას ელოდა, ანტიდასავლური მედია განგაშით ამცნობდა მკითხველს, რომ ეს გამოიწვევდა საქართველოს ვალდებულების აღებას, დაეკანონებინა ერთნაირსქესიანთა ქორწინება.

დასავლური სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, ხშირ შემთხვევაში, მთელ მსოფლიოში ეკლესიის მოწინააღმდეგე აგრესორებად არიან წარმოჩენილნი. მაგალითად, “საქინფორმი” ერთ პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ “გაერო აგრძელებს იდეოლოგიური იერიშების განხორციელებას კათოლიკურ ეკლესიაზე. გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტი ეკლესიისგან მოითხოვს მოძღვრებების გადახედვას აბორტების, კონტრაცეფციისა და ჰომოსექსუალიზმის საკითხებში”.

მსგავსი მიდგომები ანტიდასავლურ მედიაში ახალი არ არს. ჯერ კიდევ გასულ წერს თB24 წერდა “სააკაშვილს უხუმრია- თუ ევროკავშირში შევდივართ, ერთი პედერასტი მინისტრი ჩვენც გვყავდეს კაბინეტში, როგორმე ავიტანთო”.

რუსულ მედიაში ხშირად შეხვდებით ისეთ ტერმინებს, როგორიცაა “გეების ლობი”, “ცისფერი მაფია” და ა.შ. როგორც წესი, ამ თემებზე მომზადებულ ვრცელ პუბლიკაციებში დეტალურადაა მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ მართავს მსოფლიოს “გეების ლობი”.

როგორც წესი, ანტიდასავლური პროპაგანდის წყაროების მიერ მომზადებული სტატიები გაჯერებულია ლგბტ პირთა მიმართ დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი ტერმინებით, მსჯელობითა და დასკვნებით, რომელიც, ძირითადად, ემყარება სტერეოტიპებს, სიცრუესა და დეზინფორმაციას.

თეგები : პროპაგანდა; სიძულვილის ენა;
ავტორი : თაზო კუპრეიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ