სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები ქვემო ქართლის ტელევიზიის ეთერში
19.09.2017
18 სექტემბერს ქვემო ქართლის ტელევიზიამ, გადაცემაში “არჩევნები 2017” რუსთავის მერობის კანდიდატები მიიწვია. ჟურნალისტის ერთ-ერთი შეკითხვა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის მიმართ სტერეოტიპული იყო და შესაბამისად, ამგვარმა შეკითხვამ რესპონდენტის მხრიდან ასევე სექსისტური და სტერეოტიპული პასუხი განაპირობა.

მაშინ, როცა რესპონდენტი ზოგადად დასაქმების პოლიტიკაზე საუბრობდა, წამყვანმა მას ჰკითხა: რომელ სფეროს ანდობდით ქალებს, ბატონო ირაკლი?

რესპონდენტი: რომელ სფეროს ვანდობდი ქალებს? ნუ, ქალებთან ზოგადად მუშაობა ჩემი პრობლემა არ არის იმიტომ, რომ ჩემი სტილი მუშაობის არის გუნდური პრინციპი - იქ ქალებიც მოიაზრებიან, მამაკაცებიც და უფრო მიმართულებას მივცემდი, კულტურის სფეროს მიმართულებას მივცემდი აუცილებლად, სოციალურ კუთხეს ჩავაბარებდი.

წამყვანს რესპონდენტისთვის აღარ უკითხავს, რატომ წარმოუდგენია მას ქალების როლი მაინცდამაინც კულტურასა და სოციალურ სფეროში, რატომ ფიქრობს, რომ ქალისთვის სწორედ ამ სფეროების “მინდობა” იქნება გამართლებული.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის გენდერის საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით, მედიამ არ უნდა გააშუქოს ამბავი ისე, რომ გენდერული როლების შესახებ საზოგადოებაში არსებული არასწორი წარმოდგენები გაძლიერდეს, არ მიანიჭოს „ქალურისა“ და „კაცურის“ იარლიყი რომელიმე პროფესიას თუ ქმედებისას. სახელმძღვანელო წესებში ასევე აღნიშნულია:

“მედიამ არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას, არამედ უნდა ებრძოლოს მას. ყურადღებით იყავით, რომ თქვენი მასალა არ აძლიერებდეს სოციუმში გავრცელებულ მოსაზრებას ქალის და კაცის როლის შესახებ.

სხვა პირთა მიერ სტერეოტიპული ენის გამოყენების შემთხვევაში პასუხისმგებლობა არ ეხსნება მედიას. ასეთ დროს ისევე უნდა მოიქცეთ, როგორც სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევაში. თუ პირდაპირი ეთერია, იქვე უნდა გაემიჯნოთ, ჩანაწერის დროს კი, შესაბამისად უნდა დაარედაქტიროთ თუ, რა თქმა უნდა, გაშუქების მიზანი არ არის ის, რომ აჩვენოთ როგორ შეუფერებელ ტერმინოლოგიას იყენებს ესა თუ ის საჯარო პირი”.


თეგები : სექსიზმი; სიძულვილის ენა;
ავტორი : გელა ბოჩიკაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ