25.03.2018
საკითხის გაშუქებისას, ონლაინმედიის ნაწილმა ძირითადი აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ თითქოსდა, ბრალდებულმა შეყვარებულს მესამე პირთან ინტიმური ურთიერთობის დროს შეუსწრო. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია ბრალდებულის ადვოკატმა მიაწოდა და მისი ეს კომენტარი სრულიად უკონტექსტოდ, ცალკე ამბად გახდა მედიის ინტერესის საგანი: “ადვოკატი - ლადო გრიგალაშვილმა ანა ნაცვლიშვილს "ბე-ემ-ვეს" მძღოლთან ინტიმური ურთიერთობისას შეუსწრო” - ამ სათაურით მასალა გამოაქვეყნა ინტერპრესნიუსმა, Ambebi.ge-მ, CyC.ge-მ, რადიო ფორტუნამ, ww.ge-მ mediamall-მა, fortuna.ge-მ. გაუგებარია, რა საზოგადოებრივი ინტერესის, ან რა მნიშვნელოვანი საინფორმაციო ღირებულების მატარებელია ადვოკატის ამ განცხადების ამგვარი სათაურებით, კონტექსტის გარეშე გამოქვეყნება. რას ემსახურება ის, საჯარო ინტერესს, თუ ერთი მხრივ, საზოგადოების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას, მეორე მხრივ კი პირდაპირ ან ირიბად იმის ხაზგასმას, რომ როცა კაცი ქალზე ძალადობს, ან უფრო მეტიც, კლავს მას, როგორც წესი, ქალია დამნაშავე, სწორედ მან გამოიწვია მოძალადე, რადგან “ღირსეული ქალისთვის შეუფერებელი” ცხოვრებით ცხოვრობდა. როცა მედია მეზობლების, ნათესავების, ადვოკატების თუ სხვა აქტორების ამ ტიპის კომენტარებს სრულიად უკონტექსტოდ სთავაზობს აუდიტორიას, ფაქტობრივად აძლიერებს სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც, სწორედ ქალი და მისი შეუფერებელი საქციელია დანაშაულის გამომწვევი და მამაკაცის წონასწორობიდან გამომყვანი მიზეზი.
palitranews უფრო შორსაც მიდის და ერთ-ერთი მეზობლის მოსაზრებასაც გვთავაზობს: “ძალიან კარგი გოგო იყო, პატიოსანი. ახლანდელი გოგოებივით რესტორანი, ბარი, დისკოთეკა მისთვის გამორიცხული იყო”, - რეალურად რა მნიშვნელობა აქვს მსხვერპლი ბარებში და კლუბებში დადიოდა თუ არა, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამას საქმესთან, მასალიდან არ ჩანს.
ამგვარ კონტექსტში შუქდებოდა კიდევ ერთი საქმე, დეა გოშხეთელიანზე ქმრის მხრიდან ძალადობის ფაქტიც. მედიაში მაშინაც გაჩნდა სტატიები სათაურებით: “ასეთი დედა ამბობს, რომ მსხვერპლია” - რას ყვება კაცი, რომელიც ყოფილ ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული?”, “ვინ არიან ცნობილი პირები, რომლებიც ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ?”, “სკანდალური მორიგების აქტი, დედამ მხოლოდ ორი ღამე ისურვა შვილის ნახვა. ბაკურაძეები ყოფილი რძლის მიმართ სარჩელს ამზადებენ”. ფეისბუკზე ძალადობაში ბრალდებულის მხარდასაჭერად გვერდიც შეიქმნა, სახელწოდებით - “მოძალადე თუ მსხვერპლი?”. ყველა ამ მასალაში ჩანდა მცდელობა, დაზარალებული ასე ვთქვათ, უღირსი ქალის როლში, დედობისთვის შეუფერებელ კონტექსტში წარმოეჩინათ, თითქოს, ბრალდებული ამ ზომამდე სწორედ მისმა, ქალისთვის შეუფერებელმა საქციელმა მიიყვანა და მანაც დამსახურებული მიიღო.