ბავშვი ქველმოქმედების ობიექტად - რა საფრთხეს შეიცავს მსგავსი ტიპის გაშუქება
05.08.2019

“ ჟურნალისტმა უნდა მოძებნოს ყველა გზა, რათა დაიცვას მთავარი პრინციპი  - „არ ავნო“. ეს არ არის ქველმოქმედება, ამან შესაძლოა კიდევ უფრო დიდი ზიანი მოიტანოს”, - გვეუბნება ფსიქოლოგი მაია ცირამუა სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების შესახებ მომზადებულ ისეთ მასალებზე, რომლებშიც ამ ბავშვების იდენტიფიცირება ხდება და ისინი ქველმოქმედების ობიექტებად არიან წარმოჩენილი.

ასეთი მასალები ონლაინ მედიის ნაწილსა და სხვადასხვა საიტებსა და ჯგუფებში, პერიოდულად, ვირუსულად ვრცელდება. ხშირ შემთხვევებში ინფორმაცია ზედაპირული და ცალხმრივია, არასრულწლოვნები ყვებიან როგორ ენატრებათ საჭმელი, ტკბილეული, ტირიან… გვაჩვენებენ მათ განცდებს, სახეებს ახლო კადრებით.

მაგალითად, ბოლო რამდენიმე დღეა, ონლაინ მედიის ნაწილსა და სხვადასხვა საიტზე, აქტიურად ვრცელდება მასალა იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ არასრულწლოვან გოგოზე, რომელმაც საკვების ფულის საშოვნელად თმა გაყიდა.

ამბავი პირველად ფეისბუკში საქველმოქმედო მიზნით შექმნილ ერთ-ერთ გვერდზე გამოქვეყნდა. ვიდეომასალაში, სევდიანი მელოდიის ფონზე, 7 წლის გოგო ყვება, როგორ ენატრება ისეთი გემრიელი საჭმელი, როგორის სუნიც მეზობლების სახლიდან გამოდის და როგორ ჩააბარა თმა სილამაზის სალონში. მასალაში არასრუწლოვანი სრულად არის იდენტიფიცირებული - ახლო კადრებით ჩანს ვიდეოში, დასახელებულია მისი ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი.


«მედიის მთავარი ამოცანა უნდა იყოს არა ის, რომ დახმარების მუხტი გააღვიძოს ადამიანებში, არამედ მედიის ამოცანაა, რომ გააშუქოს პრობლემები და რაც შეიძლება მეტი "აკაკუნოს" იმ იმ ინსტიტუციების კარზე, რომელთა პირდაპირი ვალდებულებაა, რომ დაეხმაროს სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებს» - მაია ცირამუა, ბავშვთა ფსიქოლოგი



ამბავი მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახის შესახებ, უცვლელად გამოაქვეყნდა „პალიტრავიდეოს“, რადიო „ფორტუნას“, „რეზონანსის“, „ალიას“, „ნიუპოსტის“, „პრაიმტაიმის“, "სააგენრო პირველის" და სხვა ონლაინ გამოცემების გვერდებზე, მომზადდა სიუჟეტი "მაესტროზე". ფოტო ან/და ვიდეო კადრებით, ბავშვის სახელის და გვარის, ოჯახის მისამართის დასახელებით, თითოეულ მასალაში არასრულწლოვნები პირდაპირ იყვნენ იდენტიფიცირებული.

არცერთ გამოცემას არ უცდია ეს ამბავი გამოეყენიბინა ბავშვთა სიღარიბეზე, რაც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ ბოლო ანგარიშის მიხედვით, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა საქართველოში (ბავშვების 22,1% საარსებო მინიმუმის, 6.8% კი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს), როგორც სისტემურ პრობლემაზე სამსჯელოდ, დაკავშირებოდა პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, ესაუბრა ბავშვთა სიღარიბის მიზეზებზე, შედეგებსა და გამოსავალზე.

ბავშვთა სიღარიბე მედიის დღის წესრიგში მუდამ რომ უნდა იყოს, ამაზე არავინ დაობს. თუმცა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელოს მიხედვით, მედიას უნდა ახსოვდეს, რომ მსგავს თემებზე მუშაობისას უპირატესი ბავშვის ინტერესია, მასალები ისე უნდა მომზადდეს, რომ ხელი არ შეეწყოს არასრულწლოვნების სტიგმატიზებას და მათი უფლებების დარღვევას.

altბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა ფიქრობს, რომ სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვების იდენტიფიცირება ძალიან სახიფათოა:

„სარისკოა, იმიტომ, რომ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, სოციალური პრობლემების მქონე ბავშვები ძალიან ხშირად ხდებიან ჩაგვრის ობიექტები თანატოლების მხრიდან და არა მხოლოდ თანატოლების - მე მინახავს შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებს ბავშვს. მსგავსი ტიპის გაშუქებით, ეს რისკები იზრდება და, შესაძლოა, ისინი ჩაგვრის ობიექტები გახდნენ. როდესაც ბავშვი ხდება მოწყალების ობიექტი, ჩვენ არ ვიცით ეს ყველაფერი სამომავლოდ როგორ აისახება მის მიმართ დამოკიდებულებაზე, როგორ ჩაიწერება ეს მის ბიოგრაფიაში და ა.შ.“

მისივე თქმით, კონკრეტული შემთხვეევბის გაშუქებისას, მედიის მთავარი აქცენტი სწორედ სისტემური პრობლემის ჩვენება უნდა იყოს: „მედიის მთავარი ამოცანა უნდა იყოს არა ის, რომ დახმარების მუხტი გააღვიძოს ადამიანებში, არამედ მედიის ამოცანაა, რომ გააშუქოს პრობლემები და რაც შეიძლება მეტი „აკაკუნოს“ იმ იმ ინსტიტუციების კარზე, რომელთა პირდაპირი ვალდებულებაა, რომ დაეხმაროს სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებს.“

ისე როგორც 7 წლის გოგოს შესახებ მასალაში, სხვა ამგვარ შემთხვევებშიც, ხშირად ჩანან არასრუწლოვნების მშობლები, რაც გვაძლევს იმის გარაუდის საფუძველს, რომ არსებობს მშობლის თანხმობა ბავშვების გადაღებაზე. თუმცა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უთითებს, რომ მშობლის თანხმობა არ ათავისუფლებს ჟურნალისტს პასუხისმგებლობისგან, თავად გადაწყვიტოს რამდენად სწორი იქნება ამა თუ იმ საკითხზე ბავშვის კომენტარის ჩაწერა, ან ფოტოს გამოქვეყნება.

„მან თავად უნდა შეაფასოს ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოჰყვეს. ზოგჯერ მშობლები ნაკლები ინფორმაციის, განათლების თუ უბრალოდ მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, ვერ იაზრებენ, რა საფრთხეების მომტანია მასალაში ბავშვის იდენტიფიცირება“, - ვკითხულობთ ქარტიის სახელმძღვანელო წესებში.


«ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის», - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია , მე-8 პრინციპი



მაია ცირამუა კი აღნიშნავს, რომ მაშინაც კი, როდესაც მშობლის თანხმობა არსებობს, ბავშვის ინტერესი უნდა იყოს ამოსავალი პრინციპი ყველასთვის და მედიამ ყველა გზა უნდა მოძებნოს, რომ დაიცვას ბავშვთა უფლებები.

„შესაძლოა, მშობელს ყველა რესურსი ამოწურული აქვს და მისთვის ფიზიკური გადარჩენაა მნიშვნელოვანი, შესაძლოა მან ვერ გაიაზროს ის რისკები, რასთანაც ბავშვის იდენტიფიცირება არის დაკავშირებული. ზოგჯერ, მშობელი ბავშვის ინტერესის დამცველი არ არის. მე მგონია, რომ ჟურნალისტს არა მხოლოდ პროფესიული, არამედ სამოქალაქო პასუხისმგებლობაც აკისრია. - ჟურნალისტმა უნდა მოძებნოს ყველა გზა, რათა დაიცვას მთავარი პრინციპი - „არ ავნო“. ეს არ არის ქველმოქმედება, ამან შესაძლოა კიდევ უფრო დიდი ზიანი მოიტანოს”, - ამბობს მაია ცირამუა.



„უპირველესად ბავშვის უფლებების დაცვას ხაზგასმით უთითებს ქარტიის მე-8 პრინციპიც:

„ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.

ქარტიის პრაქტიკაში არსებობს საქმეები, სადაც სწორედ ბავშვთა სიღარიბის ზემოთმოთხრობილი პრობლემური გაშუქების გამო, მე-8 პრინციპის დარღვევა დადგინდა.

მაგალითად, 2018 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, რომელიც ტელეკომპანია “ობიექტივში” გასულ მასალას ეხება, საბჭო უთითებს, რომ მასალაში,რომელიც 7 და 6 წლის არასრულწლოვნებს შეეხებოდა, ჟურნალისტს სავარაუდოდ ჰქონდა მიზანი შემდგომში დახმარების იმედით შეჭირვებული არასრულწლოვანების მიმართ გამოეწვია საზოგადოების თანაგრძნობა, თუმცა საკითხს არ მიუდგა განსაკუთრებული სიფრთხილით.

“ჟურნალისტს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება შეაფასოს თუ რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ამ სიუჟეტმა ბავშვებზე. ასაკის გამო ბავშვი ვერ აფასებს და ვერ იღებს გააზრებულ გადაწყვეტილებას თუ რამდენად შეესაბამება მის ინტერესებს, რომ საზოგადოების ფართო ფენამ ნახოს მისი გაჭირვება, ემოციები და ა.შ. ჟურნალისტმა უნდა შეაფასოს, სიუჟეტი ხომ არ გამოიწვევს მის სტიგმატიზებას, დაცინვას მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრების და მიტოვების გამო. საბჭო მიიჩნევს, რომ ბავშვის ამ კონტექსტში წარმოჩენა არ ემსახურებოდა მის საუკეთესო ინტერესს”, - ვკითხულობთ ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებაში.

 

რედ.: სტატიის მთავარ ფოტოდ გამოყენებულია Unicef-ის ფოტო 


თეგები : ბავშვთა საკითხები;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ