ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, 4-დან 7 ივნისის ჩათვლით
პერიოდში, საქართველოში სუიციდის ოთხი შემთხვევა მოხდა. ოთხიდან ერთი
გარდაცვლილი არასრულწლოვანი იყო. ოთხივე შემთხვევა მედიის დღის
წესრიგში მოხვდა, თუმცა, მედიასაშუალებების ნაწილმა მომხდარი ეთიკური
სტანდარტების დარღვევით გააშუქა - გამოაქვეყნეს გარდაცვლილის ფოტოები,
აღწერეს სუიციდის მეთოდი, გაასაჯაროვეს არასაჭირო დეტალები
გარდაცვლილთა პირადი ცხოვრებიდან, ისაუბრეს სუიციდის სავარაუდო
მიზეზებზე და ახალ ამბებად აქციეს გარდაცვლილთა ახლობლების მიერ
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური პოსტები. გარდა ამისა, ოთხი
ფაქტის გაშუქებიდან სამ შემთხვევაში სუიციდის რომანტიზებას ჰქონდა
ადგილი, რაც განსაკუთრებით სახიფათოა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სუიციდიაპრობლემურად შუქდება.
არაერთი სტატია იძებნება “მედიაჩეკერის”
არქივშიც. ყველა ამ მასალაში საუბარია, რომ თვითმკვლელობის
შემთხვევების გაშუქებისას მედიას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს,
რისკები განსაკუთრებულად დიდია, თუ საქმე არასრულწლოვანს ეხება.
ამ რისკებზე საუბრობს “მედიაჩეკერთან” ფსიქოლოგი მაია ცირამუაც. მისი
თქმით, განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს მოზარდები წარმოადგენენ, რადგან
ისინი ასმაგად უფრო იმპულსურები არიან, ვიდრე ნებისმიერი სხვა
ადამიანი: „ახლა უამრავი თინეიჯერი არის შეძრული იმ ამბებით,
რაც ხდება. თანამედროვე სამყაროში ისედაც ძალიან სერიოზული გამოწვევის
წინაშე არიან მოზარდები. ჩვენს ქვეყანაში კი, სადაც ზოგადად არ არის
ხალისიანი ცხოვრება, არაფერს არ სთავაზობს მოზარდს სახელმწიფო, რომ
მან ბედნიერად იცხოვროს - უფრო მეტად იზრდება რისკები. თინეიჯერები
პირდაპირ ახდენენ კოპირებას თავიანთ ცხოვრებაში იმ სულისკვეთების, იმ
მეთოდის, იმ მიზნის, რაც იკვეთება სუიციდის არსებულ სიტუაციებში.
ნაცვლად იმისა, რომ ვილაპარაკოთ პრევენციაზე, ჩვენ ვავრცელებთ და
ვატრიალებთ სარისკო და სახიფათო ინფორმაციას.“
მაია ცირამუა რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი
თქმით, განსაკუთრებით პრობლემურია სუიციდის შემთხვევების გაშუქებისას.
მათ შორის, მომხდარის დეტალების აღწერა და სუიციდის რომანტიზება.
“დეტალების აღწერა არის ცეცხლზე ნავთის დასხმა. კატეგორიულად არ
შეიძლება საუბარი თვითმკვლელობის ფორმაზე, მიზეზებზე, მითუმეტეს
მაშინ, როდესაც მიზეზით შესაძლოა მოხდეს ფაქტის რომანტიზება.
დაუშვებელია, ილაპარაკო სუიციდის საშუალებებზე, რადგან ის ადამიანი,
რომელიც მოწყვლადია ამ თვალსაზრისით და შეიძლება ამაში პოულობდეს
რაღაც „გზას“, შესაძლოა, შენ მას უკარნახო რა და როგორ გააკეთოს”, -
ამბობს იგი და ამატებს, რომ ე.წ. რომანტიკული თვითმკვლელობა გაცილებით
უფრო სარისკოა და უფრო ფრთხილად უნდა გაშუქდეს: “არც ვიცი, საერთოდ
უნდა გაშუქდეს თუ არა მიზეზის მითითებით. მე დავაკვირდი, რომ ბოლო
დღეებში გამოიკვეთა შემთხვევები, სადაც ფიგურირებს შეყვარებულის გამო
თვითმკვლელობა. ეს უკვე ძალიან სახიფათო სიგნალია”.
⇒ ამავე თემაზე: რა უნდა ვიცოდეთ სუიციდის გაშუქებისას
სუიციდის დეტალების აღწერა, პრობლემის გადაჭრის საშუალებად წარმოჩენა და ა ერთ მარტივ მიზეზამდე დაყვანა რომ დაუშვებელია, ამის შესახებ საუბარია სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესებშიც.
- “არ დაიყვანოთ სუიციდი მხოლოდ ერთ მარტივ მიზეზამდე, მაგალითად, პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემები, ფინანსური მდგომარეობა, ნარკოტიკები და აშ. განსაკუთრებით საშიშია სუიციდის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის (მაგალითად, ფსიქიკური პრობლემები) დასახელება. ამგვარი გაშუქება ფარულ მესიჯს ატარებს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის გამოსავალი სუიციდია”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.
უკანასკნელ დღეებში მომხდარი სუიციდის შემთხვევების გაშუქება მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი პრობლემებით არ დასრულებულა. გარკვეულმა გამოცემებმა მკითხველის ყურადღების მიქცევა გარდაცვლილების ახლობლების ემოციური განცხადებების გავრცელებითაც სცადეს.
„ნახეთ, რას წერს ტრაგიკულად გარდაცვლილის მამა“, „წაიკითხეთ დაღუპული გოგონას მამის პირველი კომენტარი“ - ამ და მსგავსი სათაურებით ონლაინ გამოცემების ნაწილმა სუიციდით გარდაცვლილის მშობლების ფეისბუკის პირად გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსები გამოაქვეყნა. მაია ცირამუას თქმით, მსგავსი შინაარსის ტექსტების გავრცელება განსაკუთრებით სარისკო და სახიფათოა.
„როდესაც მშობელი ემოციურ სტატუსს წერს თავის შვილთან დაკავშირებით, მას პატიებას სთხოვს, სიტყვა „მაპატიეს“ იყენებს და მისი ეს სტატუსი ელვისებური სისწრაფით ვრცელდება, ჩათვალეთ, რომ ეს ზრდის რისკს იმისას, რომ ვინც გაბრაზებულია მშობელზე, მან იპოვოს რაღაც „გზა“, - ამბობს ფსიქოლოგი.
მისივე თქმით, სუიციდი იმდენად მძიმე თემაა, რომ ზემოთჩამოთვლილი რეკომენდაციები არამხოლოდ ჟურნალისტებმა უნდა გაითვალისწინონ, არამედ მოქალაქეებმაც: “ჩვენ უნდა გვეყოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ადამიანობა, სიყვარული ბავშვების მიმართ, რომ ეს არ გავავრცელოთ”.
ისევე როგორც ბოლო დღეებში მომხდარ შემთხვევებში, სხვა დროსაც, ხშირად, მედიასაშუალებების ნაწილი მომხდარს ზედაპირულად აშუქებს. იფარგლება მხოლოდ მომხდარი ფაქტით და არ იწყებს მსჯელობას, რა არის აუცილებელი პრევენციისთვის, არ ცდილობს ადამიანების დახმარებას და არ აწვდის მათ ინფორმაციას მსგავს შემთხვევებში საჭირო სერვისების შესახებ.
სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ნათქვამია, რომ სუიციდის ფაქტის გაშუქებამდე, სასურველია მედია დაფიქრდეს, რატომ აშუქებს ამ კონკრეტულ შემთხვევას, რა არის მისი მიზანი.