პრობლემები “სამი წლის ბავშვის დაჭრის” ამბის გაშუქებაში
28.08.2019
თუკი გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერთ სიტყვათშეთანხმებას - “ბავშვის დაჭრა”, იხილავთ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული მასალების ბმულებს, რომელიც 27 აგვისტოს თბილისში მომხდარ შემთხვევას ასახავს. ყველაზე პოპულარული მასალების სათაურები ასე გამოიყურება:

  • მძიმე კადრები, რომლებშიც დეტალურად ჩანს პეკინზე სამი წლის ბავშვის დაჭრის შემთხვევა
  • კადრები, რომელიც იმ მომენტშია გადაღებული, როდესაც გამვლელმა ქალმა 3 წლის ბავშვი სახის არეში დაჭრა, ისმის ბავშვების განწირულ ხმა [გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს ემოციურად მძიმე კადრებს]
  • შეიძლება უცხოელი იყო, რომელსაც თავის შვილს არ აძლევენ და ბავშვებს რომ ხედავს, ჭკუიდან იშლება - როგორ აღწერს მოქალაქე ქალს, რომელმაც პეკინზე ბავშვი დაჭრა და მიიმალა
  • იძებნება! - ქალი, რომელმაც პეკინზე დანით 3 წლის ბავშვი დაჭრა
მასალებს თან ახლავს ქუჩის სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალები, რომლებიც აღწერს, თუ როგორ უახლოვდება ქალი ქუჩაში გადაადგილების დროს დედ-მამას ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად; მივარდება ერთ-ერთ ბავშვს, აყენებს სახის არეში ჭრილობას, ცდილობს მეორე ბავშვის დაზიანებასაც; ისმის ბავშვების შემზარავი ტირილი; დაბნეული მშობლები ცდილობენ ბავშვების დახმარებას; ამ დროს მოძალადე ტოვებს შემთხვევის ადგილს და ახერხებს მიმალვას.

ამის შემდეგ მედიასაშუალებები, ასევე, ცალკეული მომხმარებლები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ სავარაუდო მოძალადე ქალის ფოტოანაბეჭდებს ამ ვიდეომასალებიდან და აცხადებენ ძებნას მასზე. საბოლოოდ, 28 აგვისტოს სამართალდამცავებმა ქალი დააკავეს, თუმცა მოქალაქეები არ წყვეტენ მომხდარის განხილვას: ქალს “შეშლილად” აცხადებენ და ითხოვენ მის “ცოცხლად გატყავებას”, შეურაცხყოფენ ბავშვის მამას და ამ ამბის შემსწრე ყველა ადამიანს, რომლებმაც ვერ შეძლეს ადგილზე მოძალადის დაკავება.

“წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცის ცენტრის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ მედიამ არ უნდა შეუწყოს ხელი ისეთ გაშუქებას, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს სტიგმას ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების მიმართ.

alt“განსაკუთრებით მაღალი პასუხისმგებლობაა მედიაზე იმიტომ, რომ ჩვენ ხომ ვიცით, რომ წინსწრებად, სანამ არ არის ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ზოგადად, მოტივები არ არის დადგენილი, არ უნდა შეუწყოს ხელი იმას, რომ საზოგადოებამ ერთმნიშვნელოვნად ამ ადამიანზე გამოიტანოს თავისი განაჩენი, თავისი დასკვნები. ჩვენ ვხედავთ რამხელა აჟიოტაჟია ამ საკითხან დაკავშირებით, ლამის საზოგადოება ითხოვს ლინჩის წესით მის გასამართლებას და ამასთანავე ძალიან ცუდი აქცენტები კეთდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე, რომლებიც განიხილებიან, როგორც მოძალადეები. ანუ ყველა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი არის მოძალადე - დაახლოებით, აი, ასეთი აზრის განმტკიცებას შეუწყო ხელი მედიის დამოკიდებულებამ და გაშუქების სტრაგეგიამ, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ამ ამბის მოხდენიდან დღემდე”, - აცხადებს მაია ცირამუა “მედაიჩეკერთან” საუბარში.

უფლებადამცველი ანა არგანაშვილი “ფეისბუკში” გამოეხმაურა ამ საკითხს და აღნიშნა, რომ არარაციონალურია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესაძლო პრობლემაზე პანიკური რეაქცია:

“იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ქალს [ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს] არ აღმოაჩნდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, ჩვენი პანიკური რეაქციით გავაუარესებთ ქვეყანაში მდგომარეობას... თავი დავანებოთ იმას, რომ სტატისტიკურად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები გაცილებით მეტად ხდებიან დანაშაულის მსხვერპლი, ვიდრე ჩამდენი,” - წერს ანა არგანაშვილი.

მაია ცირამუას თქმით, მედია უნდა იყოს მოწოდებული იმისკენ, რომ აქცენტი გადაიტანოს ძალადობაზე, ძალადობრივი ქცევის პრევენციაზე, რომელიც სახელმწიფოს პრეროგატივაა.

“მედიის აქცენტი ეს უფრო უნდა იყოს და კიდევ ვფიქრობ, რომ მედიას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს პირიქით, აი, ამ აღშფოთების, ბრაზის განეიტრალებას, რასაც ვხედავთ და ეს უკავშირდება იმ ადამიანებს, რომლებიც შეესწრნენ შემთხვევას. ჩვენ ვკითხულობთ უამრავ სტატუსს, კომენტარს სოციალურ ქსელებში, სადაც საუბარია იმაზე, რომ აი, მამა როგორ არ დაეხმარა საკუთარ შვილს, რომ ის არის მშიშარა, ასევე, იქ შემსწრე საზოგადოებაზე. მედიას შეუძლია უბრალოდ ამოიღოს მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აი, ასეთ, ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ, მოულოდნელად თავს დამტყდარ სიტუაციებში გაშეშება არის ერთ-ერთი ბუნებრივი რეაქცია,“ - ამბობს მაია ცირამუა.

ნათია კუპრაშვილი, “ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ამბის ტირაჟირებითა და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა სტიგმატიზებით სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გაასწრეს მედიასაშუალებებს.

alt“მედია, ასე ვთქვათ, აყვა “ტრენდს”. მშობლების ბულინგით დაწყებული, თვითმხილველთა შეურაცხყოფით, ლინჩის წესისა და სასტიკი წამების მოთხოვნით დამთავრებული კომენტარები არ დაკლებია ქართულენოვან სივრცეს. დამნაშავის მოძებნის მიზნით კადრების გავრცელებას ჰქონდა საფუძველი, არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი, მაგრამ ეს ვერ ვრცელდება ვერც დასახიჩრებული ბავშვის კადრების და ვერც დანაშაულის ხმების გავრცელებაზე. დღეს ამ კადრებს დაკარგული აქვთ საზოგადოებრივი ინტერესიც, რადგან დამნაშავე დაკავებულია,”- აცხადებს ნათია კუპრაშვილი “მედიაჩეკერთან” საუბარში.

იგი ფიქრობს, რომ დაზარალებულ ოჯახს აქვს დავიწყების უფლება.

“ეს ევროსასამართოს მიერ არარერთგზის აღიარებული უფლებაა და იმედი ვიქონიოთ, რომ ამ უფლების რეალიზებისთვის დაზარალებულებს სასამართლოს პროცესი არ დაჭირდებათ. მიხარია, რომ რამდენიმე მედიასაშუალება უკვე გამოეხმაურა, მაგალითად, ტვ 25-მა საკუთარი თვითრეგულირების ფარგლებში აიღო შესაბამისი კონტენტი,” - აცხადებს ნათია კუპრაშვილი.

altნინო ჯაფიაშვილი, რადიო “თავისუფლების” ქართულენოვანი სამსახურის მმართველი რედაქტორი გვიზიარებს, თუ რა საკითხებზე იმსჯელეს რედაქციის შიგნით, ვიდრე 27 აგვისტოს თბილისში მომხდარი ამ შემხთხვევის შესახებ ვიდეომასალას გამოაქვეყნებდნენ. მისი თქმით, მსჯელობის საგანი იყო ძალადობის შემცველი კადრების გამოყენება; მსჯელობის საგანი იყო ბავშვის იდენტიფიცირების საკითხი და ასევე, ის, ხომ არ მიადგებოდა ბავშვს რაიმე სახის ზიანი, თუნდაც მისი ვინაობის დაფარვის შემთხვევაში, ამასთან - კარდები არ იყო უშუალოდ რადიო თავისუფლების მიერ გადაღებული.

“ძალიან ცალსახა იყო ჩვენთვის ის, რომ თავდამხსმელი ქალის იდენტიფიცირებაც არ მოგვეხდინა, მითუმეტეს სოციალურ მედიაში შექმნილი ფონის და კონტექსტის გამო”, - უთხრა ნინო ჯაფიაშვილმა “მედიაჩეკერს”.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პოლიციამ დააკავა თავდამსხმელი, რადიო თავისუფლებამ გამოქვეყნა 1 წუთიანი ვიდეო, რადგან რედაქციამ მიიჩნია, რომ ვიდეოფორმატით ამ ამბის მოყოლა იყო მნიშვნელოვანი და ეფექტური გზა საზოგადოების სწორი ინფორმირებისთვის.

“მთავარი ამოცანა იყო ის, რომ: 1. ბავშვის იდენტიფიცირება არ მოხდარიყო; 2 აუცილებლად წინასწარ გაგვეფრთხილებინა აუდიტორია, რომ ეს მასალა შეიცავს ძალადობის ამსახველ კადრებს და 3. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მასალა არ გაგვეშვა სარედაქციო დამუშავების გარეშე, ანუ უკონტექსტოდ. ამოცანა იყო აუდიტორიისთვის კონტექსტი სწორად მიგვეწოდებინა. სენსაცია არ შეგვექმნა”, - ამბობს ნინო ჯაფიაშვილი.

მისივე თქმით, სარედაქციო გადაწყვეტილების მიღებას, თუ როგორ უნდა გაეშუქებინათ ეს საკითხი, წინ უძღოდა რედაქტორების განხილვა, ასევე, კონსულტაციები საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებთან.

იმის მიუხედავად, რომ მოგვიანებით რამდენიმე მედიასაშუალებამ წაშალა საკუთარი გვერდიდან სათვალთავლო ვიდეოკამერით მოპოვებული ვიდეომასალა და თავდამსხმელის ფოტოსქრინებიც, ისინი ვირუსულადაა გავრცელებულ სოციალურ ქსელებში და სხვა სახის ვებგვერდებზე.

თეგები : ბავშვთა საკითხები;
ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ