30.07.2019
მასალაში აღწერილია ოჯახის საცხოვრებელი სახლი, სადაც არასრულწლოვნებს უმძიემს პირობებში უწევთ ცხოვრება. ასევე, ერთ-ერთი მშობლის კომენტარიდან ვიგებთ, რომ აღნიშნულ ბინაში ცხოვრება სახიფათოც არის, რადგან გაზქურა დაზიანებულია და ბუნებრივი აირი ჟონავს. მშობლის თქმით, ბავშვები, ტანსაცმლის არქონის გამო, სკოლაშიც არ დადიან.
მასალაში არ არის მსჯელობა იმის შესახებ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბავშვებმა უსაფრთხო, ნორმალურ გარემოში იცხოვრონ და დაცული იყოს მათი უფლებები. სტატიიდან ვერ ვიგებთ, აქვს თუ არა ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი, იღებს თუ არა შემწეობას ან რაიმე სახის დახმარებას. ასევე, ვერ ვიგებთ, იცის თუ არა სოციალურმა სამსახურმა ან ადგილობრივმა თვითმმართველობამ ამ ოჯახის შესახებ, რა სერვისებს სთავაზობს მათ სახელმწიფო და ა.შ. მიუხედავად მრავალი პრობლემისა, მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, დაკავშირებოდა საჭირო უწყებებს.
მსგავსი საკითხების ზედაპირული გაშუქება, აარასრულწლოვნების საქველმოქმედო ობიექტებად წარმოჩენა და არასაჭირო იდენტიფიცირება, მათ სტიგმატიზებას უწყობს ხელს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის „ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელოში“ ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტური მასალების მომზადებისას უპირატესი მნიშვნელობა ბავშვის ინტერესებს უნდა მიენიჭოს და ჟურნალისტმა არ უნდა მოამზადოს ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის. სახელმძღვანელო წესებში ასევე აღნიშნულია, რომ ბავშვი ქველმოქმედების ან მოწყალების მიმღებ ობიექტად არ უნდა იყოს წარმოჩენილი.