გმირობა თქვენკენ მოიკითხეთ
18.06.2015
01 საათი და 30 წუთია. სახლში ვეღარ ვჩერდები. ასეთ დროს სახლში არასოდეს ვმჯდარვარ. ყოველთვის ვცდილობდი მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნას ჩემს ჯგუფთან ერთად. დღეს კი ტელევიზორს მივშეტერებივარ იმ იმედით, რომ რამეს გავიგებ. არც ერთ არხზე არაფერია. ალბათ, რაღაც საშინელება ხდება და თან მასშტაბური. ეტყობა, მზად არ იყვნენ ან ვერ ახერხებენ ეთერის დაწყებას.

1 საათი და 40 წუთი...უნდა წავიდე... მართალია, არც ერთ ტელევიზიაში აღარ ვმუშაობ, მაგრამ რამეს მაინც გავიგებ და სოციალურ ქსელში დავწერ. ყველას აინტერესებს რა ხდება, მინდა ინფორმაცია გავავრცელო, სანამ ტელევიზიები სპეციალურ გამოშვებას დაიწყებენ. სახლიდან ზოოპარკამდე მანძილი 10 წუთში გავირბინე. ზოოპარკის მაგივრად ტბა დამხვდა. ცხოველების ღმუილი და ხალხის ყვირილი ერთმანეთში ირევა. კადრების გადაღება მინდა, მაგრამ ტელეფონი ამის საშუალებას არ მაძლევს, არაფერი ჩანს. ასე ჩავწერე ჩემი პირველი ვიდეო, სადაც იმის აღწერა ვცადე, რაც იმ წუთას ხდებოდა ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

გასროლა... ვეფხვი მოკლეს. პირველ ვიდეოს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე ... და ცოტა ხანში, ჩემი პერსონალური „სპეციალური გამოშვება“ მაქვს ფეისბუკზე.

ვიცოდი, რომ ბევრი ადამიანი ადევნებდა თვალს ჩემს ფეისბუკ გვერდს. ისიც ვიცოდი, რომ ბევრი ჩემი საშუალებით იგებდა გარკვეულ ინფორმაციას. თუმცა, ნამდვილად არ მეგონა, რომ ვიდეოების ნახვების რაოდენობა 80 000–მდე იქნებოდა. როგორც ჩანს, იმ ღამეს „რეიტინგით“ ტელევიზიებსაც გავასწარი. გეფიცებით, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. ამ ამბების შემდეგ ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ რა მოხდა რეალურად და რამ გამოიწვია ჩემი ასეთი „რეიტინგულობა“.

იმ ღამეს ყველა ჩემი კოლეგა ჩემზე გაცილებით უფრო აქტიურად და „გმირულად“ მუშაობდა. თუმცა, სწორედ ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო, უმეტესობამ, როგორც ჩანს, დროულად ჯერ სამსახურამდე და მერე ეპიცენტრამდე მისვლა ვერ მოახერხა. შესაბამისად, მასალების არქონის გამო ვერ მოხერხდა ეთერში სპეციალური გამოშვებებით გასვლა. მე კი იქვე ახლოს ვცხოვრობ, არც სამსახურში მისვლის აუცილებლობა მქონდა და არც ოპერატორს არ ველოდი. შესაბამისად, ოპერატიულობის მხრივ უპირატესობა ჩემ მხარეს იყო.

ჩემი მუშაობის დეტალებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. ერთადერთი იმას გეტყოდით, რომ, როგორც ჩანს, თუ კამერით არ ხარ გადაღებაზე, სამართალდამცველებს მაინც უჭირთ შენი ჟურნალისტად აღქმა. აქ გაცილებით უფრო საინტერესო ეგრეთ წოდებული „ახალი მედიაა“, რომლის კარგი მაგალითიც ჩემი „რეპორტაჟებია“.

იმ ღამეს აღმოჩნდა, რომ ჩემი ფეისბუკ გვერდი ინფორმაციის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო იყო. ამ დღემდე ამ ეგრეთ წოდებულ „ახალ მედიასთან“ ასეთი აქტიური შეხება არასოდეს მქონია. სიმართლე გითხრათ, მომეწონა. თანაც ძალიან. არის მასში რაღაც განსხვავებული და საინტერესო. შენ ხარ შენი თავის პროდიუსერიც, შენი არხის დირექტორიც, ოპერატორიცა და ჟურნალისტიც. აუცილებელი არ არის, რომ იყო პროფესიონალი ჟურნალისტი. ახალი მედია დღეს ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია და ნებისმიერს შეუძლია იყოს „ მოქალაქე ჟურნალისტი“. ამას თავისი ხიბლი აქვს. მაგრამ ამ ყველაფერს ერთი პატარა ან დიდი მინუსი აქვს. ისეთი „არატრადიციული“ რეპორტაჟის დროს, როგორიც მე მქონდა, ძალზედ დიდი სიფრთხილე გმართებს. ჩემ მიერ გადაღებული ვიდეოების რაოდენობა გამოქვეყნებულს ორჯერ აღემატებოდა. მიზეზი კი ის არის, რომ შესაძლოა ამბის შესაბამისი კადრი ვერ აჩვენო, ძნელია ინფორმაციის გადამოწმებაც და შესაბამისად, გაცილებით უფრო მეტი სიფრთხილე გმართებს.

ამ ბლოგის წერისას ბევრი ვიფიქრე, თუ როგორ დამეწყო და დამესრულებინა. ბოლოს გადავყვიტე, რომ გუშინ მომხდარი ერთი პატარა ამბით დავასრულო.

16 ივნისი. საღამოს 6 საათი. ფილარმონიასთან ბავშვებს ვასეირნებ და სიამაყით ვუყურებ როგორ მოდიან გმირთა მოედნიდან ტალახში ამოსვრილი ახალგაზრდები. უცებ ერთი გოგო მომიახლოვდა:

– თქვენ ხართ?

– ვინ მე?

– აი, ვიდეოებს ვინც დებდა ფეისბუკზე ზოოპარკთან.

კი, მე ვარ-მეთქი ვუპასუხე და გავიღიმე. – თქვენ გმირი ხართ – ეს მითხრა და გადამეხვია.

გავშრი. პატარა გოგონა, რომელიც სტიქიის ადგილას მოხალისედ მუშაობდა, მე მეუბნება რომ გმირი ვარ?! შემრცხვა. მე არ ვიცი, ვინ იყო ეს გოგონა. არც მისი სახელი ვიცი. გული მწყდება რომ ვერაფერი ვუთხარი. არადა სიამოვნებით შევუბრუნებდი სიტყვას – „გმირობა თქვენკენ მოიკითხეთ...მე ერთი რიგითი ჟურნალისტი ვარ.“

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

თეგები : ტრაგედიების გაშუქება ;
ბლოგის ავტორი : გიორგი მანჯავიძე (gio fox);
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ