უმიზეზობის მიზეზი - რატომ ცვლიან ხოლმე პოლიტიკას მაუწყებლები?
03.09.2017
„თუ ნამდვილად გსურთ რამის გაკეთება, გზასაც იპოვით. თუ არა და, იპოვით მიზეზს!" - ახლა ჯიმ რონის ამ სიტყვებით თუ შეიძლება აიხსნას სურვილი, რომლითაც ტელეკომპანია „იმედი“ დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების მომზადებას. არგუმენტად კი ასახელებს სურვილს, შეცვალოს არსებული გადაცემების ფორმატი და შეიმუშაოს თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც მაუყურებელი 2016 წლიდან იხილავს.

სწორედ ასეთი მარტივი, რამდენიმე აბზაციანი განცხადებით დახურა კერძო არხმა ორი გადაცემა - ინგა გრიგოლიას “რეაქცია” და “იმედის კვირა”. ზუსტად ვერავინ იტყვის, რისი გაკეთება სურდა ან არ სურდა ტელევიზიას, რომლის კურსი და გემოვნება დაარსების დღიდან განხილვის საგანია, თუმცა არსებობს რამდენიმე საეჭვო გარემოება:

1. ცვლილება ახალი სეზონის წინ - ვფიქრობ, კერძო მაუწყებლის სურვილები- შეცვალოს გადაცემების ფორმატი, გადაღებოს სტუდია, განაახლოს კოსტიუმები ... თითქმის იდენტურია, თუ ეს გეგმაზომიერად და ლოგიკურად ხორციელდება. „იმედის“ შემთხვევაში კი ცვლილების საჭიროება ახალი სეზონის დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე დაინახა გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა;

2. განცხადების ტექსტი - დაწესებულებამ, რომელსაც ყველაზე აქტიური შეხება აქვს გამართულ ვერბალურ გამოხატვასთან და გრამატიკის წესებთან, ასევე ლოგიკასთან და დასაბუთებასთან, მხოლოდ რამდენიმე აბზაცში ნაჩქარევი და „გაკრული ხელით დაწერილი გრამატიკით“ გამოაცხადა ცვლილება;

3. ჟურნალისტების წინასწარი ინფორმირება და ეჭვები - აღნიშნული გადაცემების მომზადებაში ჩართული პირები - პროდიუსერები და ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი ბრუნდებოდნენ შვებულებიდან და აპირებდნენ ჩვეული სამუშაო რეჟიმის გაგრძელებას. უფრო მეტიც, მათ გაავრცელეს ერთობლივი გამოხმაურება, სადაც საეჭვოდ მიაჩნიათ, რომ არხის მესვეურებს თავად მიეღოთ გადაწყვეტილება რეიტინგული და კომერციულად მომგებიანი გადაცემების გაუქმების თაობაზე. გამოთქვამენ ვარაუდს, თითქოს ეს არის პოლიტიკური ხასიათის ნაბიჯი, დაკავშირებული ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის უკმაყოფილო დამოკიდებულებასთან;

4. უცნაური პოლიტიკური შეფასებები - მოქმედი პოლიტიკოსები გადაცემების დახურვის მიზეზად არხის არაობიექტურობას (გოგი თოფაძე) ან მაუწყებლის ირგვლივ ინტრიგისა და შეხლა-შემოხლის შენარჩუნებას ასახელებენ (გიორგი ვოლსკი);

5. მოახლოებული წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქების გარდაუვალობა - „იმედი“ ეროვნული მაუწყებელია და მას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი (მუხლი 55), ასევე „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი (მუხლი 50 და მუხლი 51) აკისრებს ვალდებულებას გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ამასთან არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში. ამდენად, ტელეკომპანია, თუ არა ავტორიზაციის შეჩერება ან სამაუწყებლო ფორმატის შეცვლა, სხვაგვარად საარჩევნო საკითხების გაშუქებას თავს ვერ აარიდებს. წინასაარჩევნო პერიოდი 50 დღიანია ტელევიზიისათვის. ეს კი მოსახლეობის ინფორმირებულობისათვის ძალიან მცირე დროა. ამიტომ ჩნდება ახალი კითხვა - აპირებს თუ არა კერძო ტელეკომპანია გააგრძელოს მაუწყებლობა არჩეული კურსით ან აპირებს თუ არა მუშაობის გაგრძელებას საერთოდ?

6. „იმედის“ და პოლიტიკური ინტერესების კვეთა - ქართულ მედიაში წინა ხელისუფლების მიერ მედიის საქმიანობაში ჩარევა ყველაზე უხეში ფორმით სწორედ „იმედთან“ დაკავშირებით 2007 წლის ნოემბერში განხორციელდა. მას შემდეგ ტელეკომპანიას არ შეუცვლია არც გავრცელების არეალი და არც მაყურებლების ნაკლებობას განიცდის, შესაბამისად, არც პოლიტიკოსების ინტერესები უნდა შემცირებულიყო მისი კონტენტის მიმართ.

საგულისხმოა, რომ მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, კერძო მაუწყებლის მფლობელები თავიანთი გადაწყვეტილების თაობაზე ღიად არ საუბრობენ მედიასთან. ამიტომ დღეს კითხვაზე - რისი გაკეთება სურდა ზოგადად „იმედს“ - პასუხის მიღება მათსავე ვებგვერდზეც შეიძლება - „ითვალისწინებს რა დღევანდელობის მოთხოვნებს, მოვლენების დინამიკურ განვითარებასა და საზოგადოების დაკვეთას, "ტელეიმედი" მუდმივი განახლებისა და ძიების პროცესშია.“ - მითითებულია არხის შესახებ ინფორმაციაში. ამ ჩანაწერით აღმოჩნდა, რომ არხის მფლობელების გადაწყვეტილება არხის პოლიტიკის წინააღმდეგაცაა, რადგან საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა არ ითვალისწინებს დღევანდელობის მოთხოვნებს, არ ეხმაურება საზოგადოების დაკვეთას და ეს ყველაფერი არ ტოვებს განახლების და ძიების შთაბეჭდილებას.

სამწუხაროდ, მედიამფლობელებმა საქართველოში ძალიან ბევრჯერ დაივიწყეს მარტივი ჭეშმარიტება, რომ მედია ბიზნესის ყველაზე საპასუხისმგებლო ფორმაა. ის, როგორც უნიკალური მექანიზმი, უზრუნველყოფს დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობას გამოხატვის თავისუფლების მეშვეობით. იქნებ ამიტომაცაა, რომ მედიის საქმიანობაში საეჭვო გარემოებების ერთობლიობას პირველ რიგში პოლიტიკური გავლენებისაკენ მივყავართ ხოლმე. ბუნებრივია, რომ იდენტური ვარაუდები ჩნდება „იმედის“ ახალი გეგმების მიმართაც.

ამ საქმეში უმიზეზობაც მიზეზია

ბლოგის ავტორი : ნათია კაპანაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ