მანიპულაცია ციფრებით
12.10.2015
გამოკითხვები, ზოგადად სოციოლოგიური კვლევები, საქმეში ჩახედულ ადამიანებს რომ ჰკითხოთ, ძალზე შრომატევადი სამუშაოა. ის, მართალია, ცოტაოდენ მათემატიკას, მაგრამ დიდ დროს და ბევრ ანალიზს მოითხოვს. მონაცემთა გროვას სპეციალური ფორმულებით ალაგებენ და გამოყავთ ზუსტი ციფრები და პროცენტები, რომლითაც იზომება განწყობა, ხედვა, რეიტინგი თუ საჭიროება.

მაგრამ რამდენადაც გამოკითხვები სასარგებლო და მძიმე სამუშაოა, იმდენად უმადური საქმეა პოლიტიკურად ისეთ პოლარიზებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

ავიღოთ, თუნდაც, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული კვლევები. მისი შედეგები ყოველთვის იწვევს ვნებათაღელვას, მწვავე დისკუსიებს. ხშირად ციფრები, რაოდენ ობიექტურიც არ უნდა იყოს, მანიპულაციის შესანიშნავი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით პოლიტიკოსებისთვის, თუმცა, მათ ხშირად არც მედია ჩამორჩება, ეს იმის მიხედვით ხდება, ვის მიმართ აქვს სიმპათია, რომელ პოლიტიკოსს ემხრობა ან „ვერ იტანს“.

მაგალითისთვის NDI- დაკვეთით ჩატარებულ ბოლო კვლევას მოვიყვან თვითმმართველობის საკითხებზე, რომელსაც მედია ახლა აშუქებს და რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ეს დღეები კიდევ ბევრჯერ მიუბრუნდება.

მაშ ასე, ნეტგაზეთი აქვეყნებს ინფორმაციას, სათაურით: „თვითმმართველ ქალაქებში ყველაზე დაბალი რეიტინგი გორის და თბილისის მერებს აქვთ“.

ტექსტის ლიდიც და მთლიანად შინაარსიც სათაურის გაგრძელებაა და გრაფიკულად გამოსახული შედეგებით არის გამყარებული. ნეტგაზეთი წერს: „გორის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 7%, ხოლო ცუდად 19%; თბილისის მერის დავით ნარმანიას საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 12%, ხოლო უარყოფითად - 36%. რეიტინგის მიხედვით, ბოლოდან მესამე ადგილზე ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, რომლის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 15%, ხოლო უარყოფითად 19%“.

ახლა ვნახოთ როგორ ეხმაურება ამ თემას ახალი ამბების სააგენტო PIA. სათაური: „დავით ნარმანიას საქმიანობას, გამოკითხულთა 56% დადებითად აფასებს“. ლიდიც სათაურის გაგრძელებაა: „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების თანახმად, თბილისის მერის დავით ნარმანიას საქმიანობას, გამოკითხულთ ნახევარზე მეტი დადებითად აფასებს.

მაგრამ ლიდს შემდეგ „გზას აცდენილი“ ტექსტი მოსდევს: „კითხვაზე, როგორც შეაფასებდით მერის საქმიანობას, 12% მიიჩნევს, რომ კარგად. 44% - საშუალოდ, 36% - ცუდად და კითხვაზე არ ვიცი პასუხი აქვს 7%-ს.“

სიმართლე გითხრათ, ნეტგაზეთამდე PIA-ს ტექსტი მომხვდა თვალში, ჩავყევი მოკლე ტექტს და კინაღამ კალკულატორს ვეცი იმ 56% დადებითი განწყობის გამოსათვლელად. ბედად ნეტგაზეთმა მომისწრო, მერე სხვა სააგენტოებიც გადავამოწმე, ბოლოს თავად კვლევაც გამომიგზავნეს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ PIA-ს რედაქციაში ვერ ერკვევიან ელემენტარულ არითმეტიკაში, ეს კონკრეტული მაგალითი უფრო იმაში მარწმუნებს, რომ ვიღაცის საამებლად და მკითხველზე ზეგავლენისთვის აქ მონაცემებით მანიპულირებას მიმართეს.

ზოგადად, ადამიანებს იზიდავს ციფრებით გამოსახული ფაქტები და ციფრებით შეზავებულ ნებისმიერ ტყუილსაც სიმართლის ელფერი დაკრავს ხოლმე. რამდენადაც სოციოლოგია რთული და უფრო მეტად ჰუმანტარული მეცნიერებაა, ვიდრე ზუსტი, ამდენადაც ადვილია მის მიერ გამოყვანილი შედეგების საკუთარ თარგზე მორგება. მაგრამ ერთია, როცა ამას მიმართავს კვლევის ობიექტი, ვთქვათ, რომელიმე ჩინოვნიკი ან პოლიტიკური ორგანიზაცია, და მეორე - მედია.

PIA-ს შემთხვევა არც პირველია და, რაღა თქმა უნდა, არც უკანასკნელი იქნება, იმის გათვალისწინებითაც, რომ 2016 წელი მოდის, არჩევნების წელი, რომელსაც თან სდევს რეიტინგების ომი.

ომი კი სწორედ მედიის ხელით წარმოებს.

თეგები : მანიპულაცია;
ბლოგის ავტორი : დავით მჭედლიძე, ჟურნალისტი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ