28.12.2015
გადაცემის დაწყებისთანავე, სტუმრების წარდგენისას, ჟურნალისტმა საზოგადოებას ამცნო, რომ გადაცემის სტუმრები ასევე იქნებოდნენ ლევან მურუსიძის ოპონენტები, მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი ტყავაძე. მოგვიანებით, უშუალოდ მოსამართლეების ჩართვის წინ, გადაცემის წამყვანებმა განაცხადეს, რომ ამ მოსამართლეებს აქვთ პრეტენზიები და გამოთქვეს სურვილი კითხვები დაუსვან ლევან მურუსიძეს.
ცნობილი ფაქტია, რომ მოსამართლეები, რომლებიც გადაცემის განმავლობაში კითხვებს უსვამდნენ ლევან მურუსიძეს, არიან არა მისი ოპონენტები, არამედ მისი აქტიური მხარდამჭერები. მათ მედიაში არაერთხელ გააკეთეს ლევან მურუსიძის მხარდამჭერი კომენტარები და აქტიურად გამოდიან მის დასაცავად. ეს უნდა სცოდნოდათ გადაცემის ჟურნალისტებს და მის მომზადებაზე პასუხისმგებელ პირებს. მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებისა, მოსამართლეები, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი ტყავაძე გადაცემის წამყვანებმა წარმოაჩინეს როგორც ლევან მურუსიძის ოპონენტები და მის მიმართ პრეტენზიის მქონე პირები. თავად მოსამართლეებმაც სწორედ ამ სტატუსით დასვეს კითხვები. შესაბამისად, ცხადია, რომ ამგვარი „ოპონენტების“ მიერ დასმული კითხვები ვერ მოემსახურა საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზანს. მათთვის, ვინც აქტიურად ადევნებს თვალს ლევან მურუსიძის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, ადვილად შესამჩნევი იქნებოდა მანიპულაცია. ხოლო ისინი, ვისთვისაც ტელეკომპანია იმედის საშუალებით გახდა საკითხი ცნობილი, ამ გადაცემით შეცდომაში იქნენ შეყვანილი.
შემდგომ, გადაცემის მსვლელობამაც დაადასტურა რომ კითხვები, რომელთა დასმის მიზნითაც მოხდა მოსამართლეების გადაცემაში ჩართვა, შესაძლოა მიზნად არ ისახავდა საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხების სწორად წარმოჩენას. აღნიშნულზე ყურადღება ლევან მურუსიძის ოპონენტმა, შალვა შავგულიძემ გაამახვილა, გამოთქვა ეჭვი, რომ გადაცემა ლევან მურუსიძის პიარს ისახავდა მიზნად და მოსამართლეების მიერ გაჟღერებულ საკითხებზე კომენტირებისთვის დროის გამოყოფა მოითხოვა.
ჩემი აზრით, გადაცემაში დაირღვა მაუწყებლის ვალდებულება საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია, რაც დადგენილია როგორც ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებით, ისე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“, რომელიც მაუწყებელთათვის შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტია. აღნიშნული წესის 13.2. პუნქტი ადგენს, რომ „მაუწყებელი ვალდებულია მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება“.