მოგვეცით შესაძლებლობა, დაგეხმაროთ!
01.06.2016
ის, რომ ძველი თაობა ახალი თაობით უკმაყოფილოა, მხოლოდ დღევანდელი პრობლემა არ არის. ასე იყო ყოველთვის და, ალბათ, მომავალშიც ასე იქნება.

არ ვაპირებ იმის მტკიცებას, თუ როგორი კარგი თაობა ვართ, რომ ჩვენც ბევრს ვაკეთებთ – ეს ისედაც კარგად დაინახეს 13 ივნისის ტრაგედიის დროს, მაგრამ, როგორც ყოველთვის, უცბად ატაცებულ თემებს მალევე ივიწყებენ, იმის მიუხედავად, მნიშვნელოვანია თუ არა. და, ალბათ, ვერც ვერასდროს დააფასებენ ჩვენს თაობას, თუ ვინმე არ დაგვეხმარა თვითრეალიზებაში, თუ ვინმემ არ მოგვცა სტიმული, თუ ვინმემ არ დაგვინახა და წაგვახალისა ან, უბრალოდ, სწორად შეგვაფასა.

ამ მხრივ დიდი როლი აქვს მედიას.

მე, პირადად, თითქმის არ მახსენდება პოზიტიური რეპორტაჟი ჩვენს თაობაზე. რატომღაც, ჩამოყალიბდა ტენდენცია, რომ ბავშვებმა არაფერი იციან და მათ მხოლოდ მარიონეტებად თუ გამოიყენებენ ისევე, როგორც თოჯინების თეატრში – თოჯინას, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევს, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ის არის მნიშვნელოვანი ფიგურა. საუბრობენ ჩვენი თაობის „პრობლემებზე” (დიახ, ეს სიტყვა ბრჭყალებს მოითხოვს, რადგან ის, რაზეც უფროსები მედიაში საუბრობენ, ჩვენი თაობის პრობლემა კი არა, მათი პრობლემებია ჩვენთან ურთიერთობაში) და არასდროს კითხულობენ, რა გვაწუხებს სინამდვილეში, რაზე გვინდა საუბარი, რატომ ვართ განმსჭვალულნი ასეთი პროტესტის გრძნობით ან, იქნებ, პრობლემების გარდა იმით დაინტერესდნენ, თუ რა მოგვწონს, რას ვაპირებთ მომავალში, იქნებ ჩვენი გეგმები უფრო პერსპექტიული, ორიგინალური და თანამედროვეა, ვიდრე უფროსი თაობისა.

ბოლო დროს მედიაში არასწორად და დამახინჯებულად გავრცელებულმა ინფორმაციამ ჩვენი თაობის ზოგიერთ წარმომადგენელზე ბევრი პრობლემა შეუქმნა როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს, შიშის გრძნობა ჩანერგა ჩვენი თაობის მიმართ. ვიცი, მესმის, რომ ჟურნალისტმა მაყურებელს, მსმენელს, მკითხველს აუცილებლად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჟურნალისტმა დაზუსტებული ინფორმაცია უნდა გაავრცელოს და არა ჭორის დონეზე გაგონილი მასალა.

ყველას გვაქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და სხვა ვალდებულია, პატივი სცეს ჩვენს აზრს. მე ჟურნალისტებს მინდა მივმართო:

გამარჯობა, მე ელენე ვარ, 15 წლის. მომავალში ჟურნალისტობას ვაპირებ. იმისთვის, რომ წარმატებული და პროფესიონალი ჟურნალისტი ვიყო, ყველაფერს ვაკეთებ: დავდივარ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ვარ სასახლის ჟურნალის – „Online თაობის” კორესპონდენტი, ვცდილობ, მონაწილეობა მივიღო სხვადასხვა აქტივობაში... მაგრამ ჩემ გარშემო არიან ბავშვები, რომლებიც ასე აქტიურად ცხოვრებას ვერ ახერხებენ, ძირითადად, ინფორმაციის არქონის გამო.

მოგმართავთ თქვენ, ჟურნალისტებო! ჩვენც გვკითხეთ აზრი, მოგვეცით საშუალება, ფართო საზოგადოებას გავაცნოთ თავი, ჩვენთან ერთად იმსჯელეთ ამა თუ იმ საკითხზე, ჩვენთან ერთად ან ჩვენი დახმარებით გაიგეთ, რა არის ჩვენი პრობლემა და, იქნებ, ერთად უკეთესი გამოსავალი ვიპოვოთ.

მოგვეცით შესაძლებლობა, დაგეხმაროთ!

ელენე ტუშური, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მედიასტუდია „დრო“

ბლოგის ავტორი : ელენე ტუშური;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ