როცა დღის წესრიგს მედია არ ადგენს
06.06.2016
ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების მიხედვით, საინფორმაციო გამოშვებაში გასული ყველა ამბავი შერჩეული უნდა იყოს რედაქციის მიერ, მედიასაშუალება თავად უნდა წყვეტდეს, რომელი მოვლენა არის საზოგადოების ინტერესის საგანი და საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად წყვეტდეს რა გავიდეს ეთერში და რა - არა. სწორედ ამას ისახავს მიზნად „მაუწყებლობის შესახებ კანონის 661-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება”.

მაუწყებელმა აუდიტორია შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს. მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ კონკრეტული ინფორმაცია იმიტომ მოხვდა საინფორმაციო გამოშვებაში, რომ მას აქვს საინფორმაციო ღირებულება და არა იმიტომ, რომ რომელიმე უწყებამ თანხა გადაიხადა ეთერში მოსახვედრად.

თუმცა, საქართველოს კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს და ამბობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება „საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით“. სწორედ ამ ჩანაწერით ხდება გამართლება ეთერში დაფინანსებული სიუჟეტების გაშვებისას.

2016 წლის 28 მარტს „მედიაჩეკერმა“ გამოაქვეყნა სტატია “კონტრაქტები ტელემედიას ხელისუფლებისგან”, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რეგიონული ტელევიზიებისგან მომსახურებების შესყიდვას ეხებოდა. სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტები მედიასაშუალებებისგან საინფორმაციო გამოშვების დროსაც ყიდულობენ. მაგალითად, რუსთავის გამგეობამ „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ (რუსთავი) საინფორმაციო გამოშვებების საეთერო დრო შეიძინა. ხელშეკრულება სენაკის გამგეობასა და ტელეკომპანია „ეგრისს“ შორისაც დაიდო. ტელეკომპანიის ხელმძღვანელი მედიაჩეკერთან საუბარში ამბობდა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში სიუჟეტები საინფორმაციო გამოშვებებშიც გადიოდა.


მაშინ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაადასტურა, რომ კანონით დაუშვებელია საინფორმაციო გამოშვებების და საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემების ნებისმიერი ფორმით დაფინანსება მესამე პირების მიერ. იქვე დაგვპირდა, რომ ამ საკითხს შეისწავლიდნენ.

მოგვიანებით, მარეგულირებელმა საკითხი მართლაც შეისწავლა და დასკვნაში მხოლოდ კანონის მუხლი გაიმეორა, აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ „ეგრისისა“ და „ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიის“ სატელევიზიო მომსახურების შესყიდვა „არ ჩაითვლება კანონდარღვევად თუ აღნიშნული მოხდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით“.

რამდენად არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაც ამ კონტრაქტის ფარგლებში ეთერში რეალურად გადის?

„ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის" გენერალური დირექტორი გიორგი მგალობლიშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბარისას ამბობდა:

“ვაშუქებთ, მაგალითად მერი გავიდა და მოსახლეობას შეხვდა. ვწერთ მერს და ვწერთ კმაყოფილ ან უკმაყოფილო მოსახლეობას. ძირითადად ასეთია. ასევე ტოკ-შოუში დროს ყიდულობენ და მოდიან”.

სენაკის მუნიციპალიტეტთან 20 ათას ლარიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ „ეგრისის“ დირექტორი მერაბ ჩიქობავა ამბობს, რომ გამგეობამ ამ ტენდერით საინფორმაციო გამოშვებაში სიუჟეტების გაშვებაც შეისყიდა:

“ვაშუქებთ რაღაც-რაღაცებს რაც ხდება სენაკში, საინფორმაციოში სიუჟეტებს ვაკეთებთ. ყველანაირი სიუჟეტი შეიძლება იყოს. მაგალითად, გზები რომ კეთდება, ახალი რამე რომ გაიხსნება, სტუმარი ჩამოვა და ა.შ. საინფორმაციოში ვუშვებ და ისედაც ვუშვებ, თვითონ აკეთებენ, თავისი გადაცემები მოაქვთ”,- ამბობს ჩვენთან საუბარში ჩიქობავა.

არის თუ არა მოსახლეობასთან მერის შეხვედრა, გზების გაკეთება, სტუმრის ჩამოსვლა და რეგიონში მომხდარი „რაღაც-რაღაცეები“ საზოგადოებრივად იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ მის გასაშუქებლად მართებულია კანონის გამონაკლისის გამოყენება? - კომისიის დასკვნის მერეც გაუგებარი რჩება.

როგორ სრულდება კანონი პრაქტიკაში, ასრულებს თუ არა მიზანს და რა გავლენას ახდენს მედიაბაზარზე ამგვარი კონტრაქტების ფარგლებში მომზადებული მასალები, ეს ჯერ არ შესწავლილა.

მანამდე კვლავ ფორმდება სახელმწიფო სტრუქტურებთან „მომსახურების შესყიდვით“ დასათაურებული ხელშეკრულებები სადაც ასეთ პირობებსაც ამოიკითხავთ:

„მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს საქმიანობის ამსახველი სიუჟეტების საინფორმაციო გამოშვებაში გაშვება; ტელეკომპანიის საეთერო ბადეში არსებულ თოკ შოუებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლების მიწვევა (პირდაპირი ეთერი ან ჩანაწერი); ტელეკომპანიის ეთერში, თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ გასულ გადაცემებში თვითმმართველობის თანამშრომლების არაქონებრივი უფლებების (პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია ან პირადი ინფორმაციის შემლახავი ცნობა) დაცვა“.

მაყურებელს კვლავაც ეგონება, რომ თავად ტელევიზიამ გადაწყვიტა მაგალითად ტოქ-შოუს თემა, სტუმრები და ეთერში გადაცემული ინფორმაციაც საზოგადოების ინფორმირებისთვის მნიშვნელოვანია. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, წარწერა დაფინანსების შესახებ ეკრანზე არსად ჩანს.

ბლოგის ავტორი : ნატა ძველიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ