მედია კლავს!
21.06.2016
მედია კლავს!

ეს ძალიან ღია და მყვირალა ფრაზა კარგა ხანს ეკიდა ჩემი კოლეგის სამუშაო მაგიდაზე. მგონი, უფრო გასაფრთხილებლად და გამოსაფხიზლებლად. ეს წარწერა საიაში მედიისათვის ყველაზე ხელმისაწვდომ ოთახში იყო და ჟურნალისტებიც ხშირად დაბნეულები გვიყურებდნენ მეც და ავტორსაც.

ბოლოს კი წარწერა გაქრა. ისე, რომ არავის უკითხავს, რას და როგორ კლავს მედია.

მე 10 წელზე მეტია მედიასამართლით ვარ დაინტერესებული, თუმცა ხანდახან მედიისაგან დაზიანებულ ადამიანებსაც ვიცავ ხოლმე (რადგან მედიასამართალი მედიისათვის უსამართლობაში ხელშეწყობას სულაც არ ნიშნავს). ჩემი ერთ-ერთი ემოციური საქმე ზურა ვაზაგაშვილის მშობლების, იური და ციალა ვაზაგაშვილების, წარმომადგენლობა იყო. 2012 წლის მაისში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრად (ანუ დამნაშავედ) მოიხსენია გარდაცვლილი ზურა ვაზაგაშვილი, მე და ჩემი კოლეგა კი მის მშობლებთან ერთად სამართლიანად მოვითხოვდით გარდაცვლილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, რადგან ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე კი მსგავსი რამ არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა, რადგან გარდაცვლილებს არ ასამართლებენ.

პირველ ჯერზე, საზოგადოებრივმა არხმა უარი განაცხადა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, არხის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანომ - სამეურვეო საბჭომ კი დააკმაყოფილა გარდაცვლილის მშობლების საჩივარი. მაშინ პირველი არხის საინფორმაციო სამსახურმა მოკლე პერიოდშივე გააშუქა სამეურვეო საბჭოს ეს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ის პროკურატურის მასალებს ეყრდნობოდა და იქ ზურა ვაზაგაშვილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრადაა მოხსენებული.

მოკლედ, ამ საქმეს არაფერი ეშველა.

ცხადია, ვერაფერი შეამსუბუქებდა შვილგარდაცვლილი მშობლების განცდებს, არაერთხელ მოყოლილ ისტორიას თავიანთ შვილზე, ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადადებულ შეხვედრებს. მაგრამ ჩვენს რჩევაზე, მიგვემართა მარეგულირებელი კომისიისათვის, მათ უარი განაცხადეს. თქვეს, რომ ძალა აღარ ჰყოფნიდათ...იურისტებს კი მათი მონაწილეობის და თანხმობის გარეშე არაფერი შეგვეძლო.

სწორედ მაშინ მივხვდი, როგორ კლავდა მედია ადამიანებს.

შვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის პროცესში დავინახე, როგორ მოკლა მედიამ იური ვაზაგაშვილი. მოკლა იქამდე, ვიდრე საკუთარი შვილის საფლავზე ვიღაც სხვა ააფეთქებდა...

არასოდეს დამავიწყდება, როგორ შეცვალა ბატონი ვაზაგაშვილის მკვლელობამ ჩემი ერთ-ერთი დაბადების დღე. არ დამავიწყდება იმიტომაც, რომ იმავე დღეს მედიას ვერ გადაურჩა გია სოსანაშვილის მამაც, რომელსაც კამერით და მიკროფონებით შეიარაღებულები დასდევდნენ. ეკითხებოდნენ და ეკითხებოდნენ, იყო თუ არა მკვლელი მისი შვილი. "ვერც ვეთანხმები და ვერც ვერაფერს ვფიქრობ. შოკირებული ვარ. თუ ჩემი შვილი მაგის ჩამდენია, მოკვდეს", - თქვა ბოლოს აკანკალებულმა მოხუცმა კაცმა.

ეს ამბავი არანაკლებ ემოციურმა პროცესმა გამახსენა. დღეს მედია მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესს აშუქებს და ყველა პროცესზე კლავს ამ ადამიანს, ადამიანის უფლებას - ჰქონდეს წარსული და მომავალი.

მედია დაუსაბუთებლად და გაუმართლებლად დაბალი სტანდარტით აწოდებს საზოგადოებას პროცესზე მომხდარ ამბებს, ავრცელებს იაფფასიან გადაუმოწმებელ ინფორმაციას მისი პირადი ცხოვრების თაობაზე და სასამართლოს მიერ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე ადანაშაულებს ქმრისა და შვილის მკვლელობაში ქალს, რომელსაც გამოპასუხებაც კი არ შეუძლია.

ისევე, როგორც ვაზაგაშვილის საქმეში, მედია პროკურატურის მხარესაა, რომელსაც საკუთარი ამოცანა - სახელმწიფო ბრალდების განხორციელება აქვს.

დღესაც მედიამ სრულად დაივიწყა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ან სასამართლო პროცესის გაშუქებისას, უნდა გააშუქოს საბოლოო განაჩენი და მიიღოს ყველა გონივრული ზომა ადამიანის რეპუტაციისათვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით. დაივიწყა, რომ ხანდახან გამომძიებელიც ცდება, პროკურატურაც, სასამართლოც და სიმართლე შეიძლება სადღაც და ოდესღაც, „ზედა ინსტანციებში“, გამოაშკარავდეს...

მედია კლავს!

ამ ფრაზას თავისი ამოხსნა აქვს. დიახ, მედიას შეუძლია გაანადგუროს გაუმჭვირვალობა, ნეპოტიზმი, ძალადობრივი სტერეოტიპები...მედიას აქვს ძალა გაანადგუროს ადამიანიც, ადამიანის პიროვნული ღირსებები და თავისუფლებები... მოკლედ, მედია აუცილებლად კლავს, თუმცა მხოლოდ საკუთარი არჩევანის მიხედვით.

ბლოგის ავტორი : ნათია კაპანაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ