02.02.2017
იყო თუ არა დაცული ჟურნალისტური სტანდარტები 31 იანვარს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ? ერთი შეხედვით კი, ჟურნალისტს ჰყავდა წყარო - მეზობლები და მათზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, მაგრამ თუ დეტალურად შევაფასებთ, მსგავს მოცემულობაში ჟურნალისტს გარდაცვალების მიზეზებზე ინფორმაცია არ უნდა გაევრცელებინა.
როდესაც ვამბობთ, რომ ჟურნალისტი ინფორმაციის გავრცელებისას უნდა დაეყრდნოს წყაროს, იგულისხმება, რომ წყარო რელევანტური უნდა იყოს. კერძოდ, უნდა ივარაუდებოდეს, რომ წყაროს, გარემოებებიდან გამომდინარე, ჰქონდა და აქვს საშუალება, რომ ჟურნალისტს მიაწოდოს სწორი, კომპეტენტური ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში „მეზობლები“ არ წარმოადგენენ ისეთი ლეგიტიმაციის წყაროს, რომლებმაც შეიძლება დაადგინონ გარდაცვალების მიზეზი.
გარდაცვალების მიზეზის შესახებ ჟურნალისტს ინფორმაცია უნდა მიეღო კომპეტენტური პირებისაგან. „ახალი ამბის“ ხასიათიდან გამომდინარე, თეორიულად დასაშვებია, რომ კომპეტენტური პირისაგან ჟურნალისტი ვერ იღებდა დადასტურებულ ინფორმაციას [მაგალითად ექსპერტიზა არ იყო ჯერ ჩატარებული], ამ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო საერთოდ გარდაცვალების მიზეზის მითითება. სასწორის პინაზე ერთის მხრივ, დევს ინფორმაციის სისწორე და მეორეს მხრივ, საზოგადოებრივი ინტერესი. ფაქტთან და გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი არსებობდა, მაგრამ გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაცია იმდენად არარელევანტურ წყაროზე დაყრდნობით იყო გავრცელებული, რომ ჟურნალისტს თავი უნდა შეეკავებინა მიზეზის დასახელებისაგან.
ეთიკური ჟურნალისტიკის მიზნები სტანდარტების ფორმალური დაცვით არ მიიღწევა. ჟურნალისტმა ასევე უნდა შეაფასოს წყაროს და ინფორმაციის სანდოობა და ის ნეგატიური შედეგი, რაც შეიძლება მოჰყვეს არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებას.