სოციალური კვლევა, როგორც ვირუსი და მედია
07.03.2017
2017-03-07 ჩვენ დღემდე ვიყენებთ გამოთქმას - „მზე ამოდის“ გათენების აღსანიშნავად, მაშინ როცა მზე კი არ ამოდის რაიმე სიბრტყიდან, არამედ დედამიწა თავად ბრუნავს მზის გარშემო. იმის თქმა მინდა, რომ ეს ფრაზა კარგად ასახავს ადამიანური სამყაროსა და ფიზიკური გარემოს მიმართებას, სადაც ფაქტები და აღქმები მუდმივ დაპირისპირებაში არიან ერთმანეთთან და აღქმა სულაც არ იმეორებს ფაქტს, პირიქით, ხშირად განსხვავდება მისგან.

სოციალური კვლევებიც ადამიანური სამყაროს, ფაქტებისა და მოვლენების შესახებ კონკრეტული ჯგუფების დამოკიდებულებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ემსახურება და არა ფაქტების შეგროვებას. ადამიანთა აღქმების, რწმენა-წარმოდგენების დაფიქსირება გვაძლევს საშუალებას, გამოვარკვიოთ აქ და ახლა რატომ ფიქრობენ ადამიანები ამგვარად, რამ იქონია გავლენა მათი შეხედულებების ფორმირებაზე და რაც მთავარია, აქვთ თუ არა, და რა საფუძველი აქვთ ამგვარ შეხედულებებს.

მაშასადამე, სოციალური (სოციოლოგიური) კვლევა არ არის ფაქტობრივი მონაცემების ერთობა. ის თვისებრივი მეთოდის მეშვეობით სწავლობს საზოგადოებების, ჯგუფების რწმენა-წარმოდგენებს, შეხედულებებს და აღქმებს სოციალური სამყაროს შესახებ, ან გადაამოწმებს უკვე არსებულს. კვლევის რაოდენობრივი მეთოდოლოგია კი საშუალებას იძლევა, ეს შეხედულებები თუ რწმენა-წარმოდგენები ციფრებით გამოისახოს, რაც ხშირად დამაბნეველია, რადგან პროცენტული მაჩვენებლები ზუსტ მეცნიერებასთან ასოცირდება. ამგვარი მიდგომა კი სოციალურ მეცნიერებაში სტატისტიკურ ილუზიას ქმნის.

სოციალური კვლევის მედიაგაშუქება და მომხმარებელი

სოციალურ მედიაზე დაკვირვებით, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ინფორმაციის მთავარი მახასიათებელი ემოცია და მისი გაზიარების შესაძლებლობაა - სწორედ ეს ორი ნიშანი ქმნის იმ პროცესს, სადაც ადამიანები თავად ერთვებიან მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის გავრცელებაში. ადამიანს უჩნდება ემოცია ინფორმაციის მიმართ, რის გამოც ავრცელებს მას. ამგვარ ქცევას ხშირად, პოზიტიური მოტივაცია უდევს საფუძვლად, რითაც ისინი ავტომატურად, ტექსტის თუ სხვა სახის მულტიმედია ნაშრომის თანამოაზრედ და ხანდახან „თანაავტორადაც“ წარმოჩნდებიან. სწორედ, ამ პროცესში ვლინდება მანიპულირების მსუბუქი ნიშნები.

ონლაინ მედიას ქსელის ლოგიკა ახასიათებს და ვირუსივით ავრცელებს ინფორმაციას, ბოლო დროს სწორედ ამ ნაკადში მოხვდა სოციალური კვლევები. მედიაგაშუქებაში ძირითად ტენდენციად გამოიკვეთა კვლევების მიგნებების შერჩევითი გაშუქება (მხოლოდ ცალკეული თავები) და კონტექსტის, მეთოდოლოგიისა და კვლევის საგნის აღწერის უგულებელყოფა. ამგვარი მიდგომა, განსაკუთრებით რაოდენობრივი კვლევების მიმართ, ხელს უწყობს კვლევის მიგნების, როგორც ფაქტის გავრცელებას.

რაში ვხედავ პრობლემას?

ხშირად, მედიასაშუალებები კვლევების გაშუქებისას, პროცენტულ მაჩვენებელს, სტატიის სათაურში მტკიცებით ფორმაში გამოყოფენ ხოლმე. მაგალითად, ბოლო დროს ყველაზე ხშირად გაშუქებული იყო კვლევა - “თაობა გარდამავალ პერიოდში“. კვლევა მოცულობითია და შედგება 7 ვრცელი თემისგან, რომელთა გაშუქება ცხადია, ერთი სტატიის ფარგლებში, რთულია. კვლევის შესახებ დაწერილი სტატიების/ნიუსების ძირითადი სათაურები ასეთი ტიპის იყო: „ახალგაზრდების 75% მშობლებთან ერთად ცხოვრობს“. ამგვარად დასათაურებულ სტატიებს, სოციალურ ქსელში მოჰყვა ორი, შედარებით ყველაზე გავრცელებული შეფასება: 1. ნეგატიური განწყობა მშობლებზე დამოკიდებული ქართველი ახალგაზრდების მიმართ და 2. ახალგაზრდების უმუშევრობის პრობლემაზე მსჯელობა. მაშინ, როცა სტატია არ აღწერს ვის მოიაზრებს კვლევის ტექსტი ახალგაზრდაში, ამ მიგნებამ შიძლება ხელოვნური პოლარიზება გამოიწვიოს. კვლევის ტექსტში კი ვნახავთ, რომ გამოკითხვა 14-29 წლის ასაკის ადამიანებს ეხებათ, რაც დამოუკიდებლად ცხოვრების ან თუნდაც რესპონდენტთა სხვა შეხედულებების ერთმანეთთან შესადარებლად, რთულ კონსტრუქციას იძლევა, რადგან 14 წლის ახალგაზრდა არასრულწლოვანია და მოლოდინი, რომ ის ცალკე იცხოვრებს, ქართულ კულტურაში ნაკლებია, ხოლო 29 წლის ადამიანი უფრო გამოცდილია და მის მიმართ სხვა განწყობები იჩენს თავს.

სოციოლოგიური კვლევის მედიაგაშუქებისას მნიშვნელოვანია მითითება, რა კონკრეტულ კვლევას, მეთოდოლოგიას ეყრდნობა ესა თუ ის მონაცემი, როგორ, რა მეთოდით მოხდა შერჩევა და როგორია ცდომილება. სხვა შემთხვევაში მონაცემები სტატისტიკურ ფაქტად აღიქმება, რაც აუდიტორიას შეცდომაში შეიყვანს. აქვე, უნდა ითქვას სხვაობა სტატისტიკურ მონაცემებსა და კვლევის რაოდენობრივ მაჩვენებლებს შორის - ციფრები, რომლებსაც სტატისტიკური აღწერები გვთავაზობს, ეხება რაოდენობას, მაგალითად სტატისტიკური მონაცემი გვიჩვენებს: რამდენი ადამიანი ცხოვრობს სოფლად და ქალაქად, რამდენი ადამიანი ესწრებოდა კონცერტს და ა.შ. ხოლო, კვლევის რაოდენობრივი მაჩვენებელი მიუთითებს კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლობით ნაწილზე - მაგ: ახალგაზრდების გარკვეულ რაოდენობაზე და არა ყველა ახალგაზრდაზე. გარდა ამისა, არსებობს ცდომილება, რომელიც სტატისტიკურ მონაცემსაც და კვლევასაც აძლევს საშუალებას „შეცდეს“, ამიტომ, სოციალური რეალობის შესახებ რაოდენობრივი, თუნდაც თვისებრივი ან სტატისტიკური შედეგების გავრცელებისას, მნიშვნელოვანია, მეთოდოლოგიის აღწერა მანიპულაციების, სტიგმებისა და სტერეოტიპების თავიდან ასარიდებლად.

ქსელის ბუნებას აქვს კიდევ ერთი პოპულარული ტენდენცია, რომ კვლევების (და არა მარტო) შესახებ შეხედულებებს უმეტესად, აზრის ლიდერები გამოთქვამენ, დანარჩენები კი მხოლოდ იზიარებენ და აზიარებენ მას. აქ კიდევ ერთ ილუზიას ვაწყდებით, სადაც რამდენიმე ადამიანის შეხედულება საზოგადოებრივ აზრად ფორმდება. ამგვარ მიდგომათა ერთობლიობით, ვიღებთ აღქმებს ფაქტებად, ინტერპრეტაციებს ჯგუფების აზრებად, კვლევის მეთოდოლოგია ხდება უსარგებლო, რაც მას უკარგავს სოციალური სამყაროს შესწავლის ფუნქციას და მანიპულირების ძლიერ იარაღად აქცევს.

ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს კონტექსტში სოციალური კვლევა უმეტესად, არჩევნების პროცესს უკავშირდება და ეგზიტპოლების სინონიმად არის ქცეული. სოციალური კვლევისადმი ამგვარ აღქმაში ცხადია, მედიამ ნეგატიური როლი ითამაშა, რადგან აქამდე ის მხოლოდ პარტიული პოლიტიკის ჭრილში განიხილავდა კვლევებს და წარმოაჩენდა სახელმწიფო ძალაუფლებისთვის ბრძოლაში პარტიების ან ინტერეს-ჯგუფებისთვის დამხმარე იარაღად. ჩვენს მოცემულობაში (არა მხოლოდ საქართველოში) ეს მოსაზრება რეალობისგან შორს არ არის, თუმცა მედია ამ პროცესს ხელს უწყობს და აძლიერებს ისეთი ნაბიჯებით, როგორიც არის მხოლოდ საარჩევნო ან არჩევნებთან დაკავშირებული კვლევების გაშუქება და მეთოდოლოგიის კომპონენტის გამორიცხვა სტატიის/ნიუსის ტექსტიდან.

გავრცელების ფორმა და გავლენა სოციალურ პრაქტიკებზე

ვირუსივით გავრცელებული კვლევის გაშუქება არ ტოვებს განცდას, რომ მიზანი კვლევის გაშუქებაა. მედიის ლოგიკა და განსაკუთრებით ონლაინ მედიის, აჩქარებულ დროში მუშაობს, სადაც წამები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ პროცესში კი შინაარსისა და კონტექსტის წარმოჩენას ნაკლები დრო და ადგილი ეთმობა. ბოლო პერიოდში, კვლევების გაშუქება გავდა ინფექციის ეფექტს, ვირუსს, როცა პროცესში მონაწილე ყველა ცვლადი ნეგატიურად ზემოქმედებს ერთმანეთზე და ემსგავსება ინტოქსიკაციას, რომლის შემდეგაც ვითარდება პათოლოგიური პროცესი. გარდა დროისა, მედია ვერ იტევს დიდ ნარატივებს და ფრაგმენტებზეა ორიენტირებული, ამას ემატება საზოგადოებაში ტაბუირებული და სკანდალური საკითხები, რაც ჯაჭვურ რეაქციებს იწვევს და შედეგად ვიღებთ ფრაგმენტირებულ, არა შინაარსზე, არამედ კონკურენციასა და სისწრაფეზე ორიენტირებულ ინფორმაციას, რომლის მსხვერპლადაც სოციალური კვლევა იქცა, თუმცა ყოველდღიური „ნიუსისგან“ განსხვავებით, კვლევის შედეგების ამგვარ გაშუქებას, შიძლება უფრო მძიმე შედეგები მოჰყვეს.

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც სოციალური რეალობის გაგება ხდება ადამიანთა აღქმებით. სოციოლოგიური კვლევის მეთოდები ახდენენ აღქმების კატეგორიზაციას, დაჯგუფებას, აღწერასა და ბოლოს, ინტერპრეტაციას. მედია ამ მონაცემებს აშუქებს როგორც ფაქტს და ინფორმაციას აგზავნის ისევ იქ, საიდანაც ის წამოვიდა. გაფუჭებულ ტელეფონს ჰგავს და იმ მდგომარეობას, სადაც ერთადერთ ფაქტად მისი მცდარობა გვევლინება.

ის, თუ როგორ ხდება კვლევის ანგარიშში მეთოდოლოგიის აღწერა და როგორი არის შესრულებული ტექსტის ლოგიკურ-სისტემური ანალიზი, ვფიქრობ, სხვა, უფრო მძიმე და კრიტიკული განხილვის საგანია, თუმცა ამ პროცესში ონლაინ/სოციალურ მედიას არ ახასიათებს ე.წ. ჩასწორების, შევსების, გადამოწმების თვისება, რაც გულისხმობს დაინტერესებას კვლევის მეთოდოლოგიით, სამიზნე ჯგუფით, გეოგრაფიული არეალით, ჩატარების ვადებით და ზოგადად, იმ მონაცემების შევსებით, რაც მის გასაჯაროებულ ვერსიას შეიძლება აკლდეს.

რა ხდება კვლევის შედეგების გავრცელების შემდეგ?

ეს არის ის შეკითხვა, რის გამოც გადავწყვიტე ბლოგის დაწერა. რა ხდება მაშინ, როცა სოციალური კვლევებისა და მასზე შეფასებების ბოლი იფანტება? სოციალურ ქსელსა თუ ინტერნეტ ფორუმებზე იწყება მსჯელობა, სადაც კვლევის მონაცემები მოჰყავთ ფაქტებად. განსაკუთრებით კი პროცენტულ მაჩვენებლებს ავრცელებენ, როგორც ფაქტს. ამ ტიპის მსჯელობები არგუმენტირებულად შეფასდება ხოლმე სხვების მიერ, მაშინ როცა კვლევის მონაცემები, მეთოდოლოგიათა სისუსტის ან ბუნდოვანების გამო, სტერეოტიპებისა და სტიგმების გავრცელებას უწყობს ხელს.

სიტყვები „ვირუსული“ და „ინფექციური“ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არ მოხვედრილა ტექსტში. ბოლო დროინდელი კვლევების გაშუქება მართლაც ჰგავდა ინფექციას, რომელმაც მორალური პანიკის ნიშნები დატოვა საზოგადოებაზე.

ტერმინი „მორალური პანიკა“ უკავშირდება სამხრეთ-აფრიკელ სოციოლოგს სტენლი კოენს (Stanley Cohen; 1942-2013) , რომელმაც ბრიტანულ საზოგადოებაში ორი ახალგაზრდული სუბკულტურა და მედიაში მათზე არსებული რეაქციები შეისწავლა. ამ მონაცემებზე დაფუძნებით, თავის წიგნში Folk Devils and Moral Panics (1972) განავითარა მორალური პანიკის თეორია, რომელიც ხუთი საფეხურისგან შედგება, როცა:

1. ვინმე ან რამე აღიქმება როგორც საფრთხე სოციალური ჯგუფებისა და საზოგადოებრივი ნორმებისთვის.

2. მედია და საზოგადოების ჯგუფების წევრები საფრთხეს ასახავენ მარტივი სიმბოლოების მეშვეობით, რომ ის სწრაფად გახდეს ფართო საზოგადოებისთვის გასაგები.

3. ფართო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს მედიაში საფრთხის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფორმა/სიმბოლოები.

4. ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები რეაგირებენ მსგავს ინფორმაციაზე, იქნება ის რეალური თუ შეგრძნებითი, ახალი კანონებითა და პოლიტიკის შემუშავებით.

5. მორალური პანიკა და ხელისუფლების წევრების ქმედებები იწვევს ცვლილებებს.

აქედან, ცხადად ჩანს, რომ მორალური პანიკის მიკრო და მაკრო ფორმები, ჩვენს ვიწრო სოციალურ ჯგუფებსა თუ ქსელში ყოველდღიურად გვხვდება. სოციალური კვლევის ვირუსულ გაშუქებასაც მსგავსი ასახვა ჰქონდა. კოენის მიერ შემოთავაზებული მე-2 და მე-3 პუნქტები ვფიქრობ, კარგად მიესადაგება მედიაში კვლევის ვირუსულ გაშუქებას: მოკლე დროში, მარტივი სიმბოლოებით შემოთავაზებული კვლევის მონაცემები და მასზე აგებული სტატისტიკური და საზოგადოებრივი აზრის ილუზია. ამგვარი პროცესი აწარმოებს სტიგმებს და სოციალური კონტროლის სხვადასხვა ფორმას ამკვიდრებს. ხოლო მედია ხელს უწყობს სტიგმატიზაციას, სტერეოტიპებს და ანალიზს მოკლებული დასკვნების გავრცელებას.

ბლოგის ავტორი : ქეთი სართანია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ