საზოგადოებრივი მაუწყებლის მოკრძალებული ხიბლი
16.03.2017
... როდესაც სატელევიზიო კომენტარის გაკეთება გიწევს, ან როცა რომელიმე LIVE თოქ-შოუში მონაწილეობ, თავმოყრილი აზრების უმრავლესობის გადმოცემას მიზეზთა გამო ვერ ახერხებ, - კომენტარისას ეთერში მხოლოდ ის ნაწილი ხვდება, რომელიც სიუჟეტის ავტორს მოსწონს, ხოლო თოქ-შოუთა დიდი ნაწილი იმდენად სწრაფი და მხოლოდ რეიტინგზე ორიენტირებულია, ცოტა ემოციური თუ ხარ, წნევამ, როგორც ამბობენ, შეიძლება, გხიოს!

ტელევიზიას ვერ ანაცვლებს ვერც სოციალური ქსელი, FACEBOOK-ის ვრცელ, ანალიტიკურ, რესპექტაბელურ, აკადემიურ ბლოგს არ ჰყავს ბევრი მკითხველი. კვლევებიც ადასტურებს, ქსელის მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის მაქსიმუმ ერთაბზაციანი, ანუ, აი, თვალის ერთი მიმოვლებით აღქმად-კითხვადი სტატუსია უფრო საინტერესო... ხოლო თუ ვიდეოს გადაიღებ და შესთავაზებ მკითხველ-მნახველს, მეათე წამიდან უმრავლესობა მას უბრალოდ აღარ უყურებს.

რაღა შეგრჩენია ამ დინამიკურ, ზედაპირულ და ყოვლისმომცველ მედიაგარემოში? როგორ, რა საშუალებით უნდა მიაწვდინო ხმა გადაწყვეტილების მიმღებთ... ფართო აუდიტორიას... თუნდაც ერთგულ მკითხველს?

სვეტი ამ მხრივ, შესაძლოა, იდეალურიცაა - თავსაც მოუყრი აზრებს, გამოქვეყნებამდე გადახედავ, სიტყვასაც აწონი და თუ რედაქციის ხელმძღვანელობისაგან გაქვს გარანტია, რომ სასვენი ნიშანი მძიმე რაა, მძიმესაც არ შეცვლიან, შენი ნააზრევის MICROSOFT WORD-ის ფაილში კლავიატურით დატანა არ უნდა გაგიჭირდეს.

ამავე დროს, წერისას უნებურად მაინც გიტივტივდება კითხვები და ვიდრე სტატიის ბოლო წერტილს დასვამ, მოუსვენრად ხარ.

მაგალითად: კითხვა - რომ არ წაიკითხონ?! - დასაწყისშია აქტუალური, ხოლო მეორე კითხვა: არის კი საკმარისად პოპულარული ეს გვერდი?! - სადღაც შუაში გირევს ფიქრებს.

ბოლოს კი, როგორც წესი, ასე ხდება - ყველა კითხვა უმნიშვნელოდ მაშინ გეჩვენება, როცა შემკვეთს ელექტრონული ფოსტით გადაუგზავნი წერილს.

აი, აქედან იწყება "თვითტკბობა":

- "კარგი წერილი გამომივიდა..."; "რედაქციას, იმედია, აქვს ამ წერილის რეკლამირების თანხა..."; "იმედია, მკითხველს მოეწონება" და ა.შ.

განსაკუთრებით იმედიანად ხარ მაშინ, როცა წერილის სათაური მომხიბვლელად თავადვე გეჩვენება... აი, ახლაც, დააკვირდით - წერილი ასე დავასათაურე: „საზოგადოებრივი მაუწყებლის მოკრძალებული ხიბლი"... მე რომ ვიყო ამ სათაურის სტატიის მკითხველი, მას ბოლომდე ჩავიკითხავდი.

***

მაშ ასე - ვიდრე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მოკრძალებულ ხიბლზე ვისაუბრებდეთ, გავიხსენოთ ჟურნალ NEWSWEEK-ის რამდენიმე წლის წინანდელი სარედაქციო წერილის ერთი მონაკვეთი:. "ჩვენი კვალიფიციური ჟურნალისტიკა სულ უფრო ცოტა თქვენგანს აინტერესებს... ჩვენ უკვე ვმარცხდებით ბაზრის კონიუნქტურასთან ბრძოლაში" - ეწერა დახურვის პირას მისული NEWSWEEK-ის EDITORIAL-ში.

NEWSWEEK–ი იდგა იმ დილემის წინაშე, რომელიც შემდგომ გახდა თვალხილული სხვა არაერთი რესპექტაბელური გამოცემისათვისაც - უკლებლივ ყველა არხის, ყველა გაზეთის, ყველა ჟურნალის და ზოგადად მედიის ყველა საშუალების რედაქციებში დაისვა მთავარი, ჩერნიშევსკი-ლენინისეული კითხვა: რა ვქნათ? ...და უკლებლივ ყველამ (NEWSWEEK-ის ჩათვლით) ამ კითხვას შესაბამისი ინდივიდუალური პასუხი გასცა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ დღევანდელი TIMES - იც კი აღარ ჰგავს ოდინდელს... WASHINGTON POST - მაც მიაყვითლა საკუთარი გვერდების ნაწილი... კონიუნქტურამ განაპირობა "საპნის ოპერათა" მოყვარული საზოგადოების გემოვნების გათვალისწინება, მისი დაწესებული თამაშის წესების უპირობო მიღება.

ამ კონიუნქტურამ ოდნავ გააყვითლა, სხვაგვარად რომ ვთქვა, გაა-SUN -ა INDEPENDENT-იც კი... აშშ-ს მედიის საშუალებებსაც კი შეაცვლევინა "სტერეოტიპული მიდგომები" მედიის როლის, მისიის და ფუნქციის მიმართ.

მედიამ, უფრო ზუსტად, კომერციულმა მედიამ და უფრო კონკრეტულად მედია-მაგნატებმა, თავად გასცეს ამ გამოწვევას პასუხი:

- ბიზნესია - ითქვა ლამის ერთხმად და ზოგიერთმა მთლიანად დათმო "ოდინდელი და ნამდვილი ჟურნალისტიკის" მთავარი პრინციპები, ხოლო უმრავლესობამ მხოლოდ ნაწილობრივ, შეფარვით და ტაქტიკურად დაიხია უკან.

***

რასაკვირველია, ამასობაში გამოჩდნენ იდეალისტებიც, რომლებიც დღესაც აგრძელებენ შეურიგებელ ბრძოლას "მწარე რეალობასთან".

- რატომ უნდა გარდაიქმნას Mainstream აკადემიური მედია? - კითხულობენ ისინი და თავადვე პასუხობენ ამ კითხვას - "თუ ყველაფერი ნელ-ნელა ან ერთბაშად გაყვითლდა, საზოგადოებას აღარ ექნება ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა... ამას დაუმატეთ 21-ე საუკინისთვის დამახასიათებელი საინფორმაციო პროპაგანდა და მიხვდებით, რომ მედიას მოკვლა კი არა, გადარჩენა სჭირდება".

არავინ კამათობს, ლოგიკურია მათი არგუმენტები... თუმცა, არავინ კამათობს იმაზეც, რომ მედია, როგორც აღვნიშნეთ, ბიზნესია!

***

ეს ამბავი კომერციულ მედიას შეემთხვა... მედიას, რომელიც იძულებული იყო, ფეხი აეწყო ბაზრის კონიუნქტურისთვის. უფრო ზუსტად, ფეხს მას ისედაც უწყობდა, უბრალოდ, მე-20 საუკუნის მიწურულიდან და უფრო 21-ე საუკუნიდან ბაზარი, ანუ მომხმარებლის იერი სწრაფად, საოცრად შეიცვალა... გადასხვაფერდა.

ეხება თუ არა ეს ამბავი, ანუ, კონიუნქტურა არაკომერციულ მედიასაც?.. საჭიროა კი ის, საერთოდ?!

ბრიტანეთში ამას არ კითხულობენ - BBC-ის სტანდარტი და რეიტინგიც იმდენად მაღალია, რომ საზოგადოებას უღირს გადაიხადოს ფული მის უკლებლივ ყველა არხში... (თუმცა, ბრიტანეთშიც ისმის კრიტიკა თემაზე - რატომ გაიხსნა ვთქვათ არაბულენოვანი BBC რამდენიმე არხის დახურვის ხარჯზე).

სამაგიეროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას ეჭვქვეშ აყენებენ კონტინენტური ევროპის რამდენიმე იმ სახელმწიფოში, რომლებშიც ამგვარი მაუწყებლები არ, ან ძნელად შედიან კონკურენციაში კერძო, კომერციულ არხებთან.

რასაკვირველია, დისკუსია ვთქვათ, დანიაში გაცილებით კვალიფიციურია, ვიდრე, ვთქვათ, ქართული კოლექტიური "ასავალ-დასავალის" მიერ შემოთავაზებული, სიძულვილით გაჟღენთილი რიტორიკა, მაგრამ, დისკუსია რომ მიმდინარეობს, არც ესაა უარსაყოფი.

მაუწყებლის ადვოკატებს ერთი, როგორც იტყვიან, შეუვალი არგუმენტი აქვთ - მედიასტანდარტებს ყველაზე კარგად იცავს სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი და, თუ დაბალ რეიტინგზე ვსაუბრობთ, ამის მიზეზი, შესაძლოა, სწორედ ეს ბალანსის ვალდებულებაცაა.

დანია მშვიდი სახელმწიფოა, კომპრომისის პრაქტიკა ამ სამეფოში დიდი ხანია არსებობს... არამშვიდ საქართველოში, სადაც საზოგადოების ერთი ნაწილი მკვეთრადაა დაპირისპირებული მეორესთან, სტანდარტების შენარჩუნებაზე ორიენტირებული მედიის არაპოპულარობა გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს.

***

მივუბრუნდეთ BBC - ის. კონტინენტურ ევროპაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ექსპორტიორი სწორედ ეს მედიაგიგანტია. მისი ბიუჯეტი 3,8 მილიარდი ფუნტი სტერლინგია, ანუ თითქმის 13-13.5 მილიარდი ლარი (შედარებისათვის, საქართველოს ბიუჯეტიც დაახლოებით ამდენივეა, ხოლო BBC - ის ბიუჯეტი დაახლოებით 300-ჯერ აჭარბებს ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს).

შესაბამისად, ამ მედიაგიგანტს აქვს ბევრი ტელე და უფრო მეტი რადიომაუწყებელი. ერთ-ერთი მხოლოდ კლასიკურ მუსიკას სთავაზობს მაყურებელს.

ყოველი წლის ბოლოს BBC - ის მეურვეები სხდებიან და ყველა არხის სამომავლო პრიორიტეტებს, აგრეთვე, ბიუჯეტს განსაზღვრავენ. ყოველი წლის ბოლოს იზრდება კლასიკური მუსკის არხის ბიუჯეტი.

რატომ? რატომ ხდება ასე? რა არის მათი ამ გადაწყვეტილების რეალური საფუძველი? პასუხს თავადვე შემოგთავაზებთ - მათ არ სურთ, რომ კლასიკური მუსიკა ჩაყლაპოს პირობითმა "ლედი გაგამ"... სხვაგვარად რომ ვთქვათ - არ ეთმობათ ბეთჰოვენი "განგამსტაილის" სასარგებლოდ.

აქვს თუ არა უძლიერეს BBC-ის ამის უფლება?

რასაკვირველია, აქვს... მით უფრო, რომ გარდა ხსენებული კლასიკურისა მუსიკის არხისა, მას აქვს საზოგადოებასთან კომუნიკაციის კიდევ 25 მედიასაშუალება და თუ კლასიკური მუსიკის არხის რეიტინგი დაბალია (შესაბამისად, ის დოტაციურია), დანარჩენები მეტ-ნაკლებად შედიან კონკურენციაში კერძო მაუწყებლებთან და მეტიც, პრაქტიკულად ყოველთვის ამარცხებენ მათ.

აი, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს კი, ჯერ ერთი, სულ რაღაც 40-45 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტი, მეორე - ამ ძალიან შავ-თეთრად მოფიქრალ საზოგადოებაში მის მიერ დაცული ბალანსი და სხვა სტანდარტები "არავის სჭირდება" და მთავარი - რეიტინგი აქვს იმდენად დაბალი (რომ ამბობენ - პულსი არ ესინჯებაო), რომ და ეს მართლაც დამაფიქრებელია.

***

იმისათვის, რომ კრიტიკა, უფრო კი ფიქრი ობიექტური იყოს, ჯერ თავად მაუწყებლის მისიაზე უნდა ვისაუბროთ.

როგორი მაუწყებელი უნდა საზოგადოებას?.. როგორი მაუწყებლის ხილვა სურს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ელიტებს? რა შეიძლება იყოს მისი მისია? ეს დღემდე პასუხგაუცემელი შეკითხვებია.

ერთადერთი, რაც კანონმდებელმა განსაზღვრა, პროგრამული პრიორიტეტებია... მაგალითად, ითქვა, რომ ეთნიკური უმცირესობების ენებზე უნდა მზადდებოდეს საინფორმაციო გამოშვებები... თუმცა, როდესაც ამ ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადებული საინფორმაციო პროგრამის კვლევა ჩატარდა, აღმოჩნდა, რომ თბილისელ... თბილისელ კი არა, ვაკე-ვერელ მოქალაქეებში ამ გადაცემის პოპულარობა მინიმალურ ნიშნულს ვერ ასცდა.

რატომ არ გაიზომა მარნეულის თუ ახალქალაქის მოსახლეობის ინტერესი ამ კონკრეტული გადაცემის მიმართ?

პასუხი მარტივია - ვერ გაიზომა, ყოველ შემთხვევაში, იმ რაოდენობრივი მთვლელებით, რომლებსაც ყველა არხი ეყრდნობა, რომელსაც იყენებს საზოგადოებრივი მაუწყებელიც და რომლებიც, რბილად რომ ვთქვა, არასრულყოფილია თუნდაც იმიტომ, რომ მარნეულ-ახალქალაქში დამონტაჟებული არაა.

სხვა კვლევა არავის ჩაუტარებია - ჩვენ არ ვიცით, მოსწონს თუ არა "მოამბე აზერბაიჯანულ ენაზე" აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას... ან მოსწონს თუ არა "მოამბე სომხურ ენაზე" ჯავახეთის რეგიონის საზოგადოებას.

***

კიდევ ერთხელ გავიმეოროთ მთავარი კითხვა - როგორი მაუწყებელი უნდა საზოგადოებას?.. როგორი მაუწყებლის ხილვა სურს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ელიტებს? რა შეიძლება იყოს მისი მისია?

ვთქვათ შემდეგიც - კანონმდებლობიდან გამომდინარე, მაუწყებელი, რომც მოინდომოს, ვერ შეიძენს იმ ძვირადღირებულ პროდუქციას, რომელსაც გარე სტუდიები ან უკვე ამზადებენ, ან მომავალში დაამზადებენ... აქაც, კვლევის არ იყოს, ფასზე და მხოლოდ დაბალ ფასზეა დამოკიდებული, როგორ პროდუქციას შემოიტანს გარე სტუდიებიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი.

შესაბამისად, გადაცემათა ხარისხის (რაც ბუნებრივად აისახება რეიტინგზეც) გამოსწორება, მოცემულ ეტაპზე, პრაქტიკულად შეუძლებელია - წესია ასეთი - რაც იაფია, ის უხარისხოა და პირიქით - რაც ძვირია, ის ხარისხიანია.

(სხვაგვარად რომ ავხსნათ - თუ მაგალითად გოგი გვახარიას გადაცემაში მეტ ინვესტიციას განახორციელებს მაუწყებელი, ვთქვათ, თუ მოახდენს ამ გადაცემის სათანადო და ძვირ რეკლამირებას, მისი რეიტინგი ავტომატურად გაიზრდება).

მაგრამ, ესეც არაა მთავარი - მაუწყებლს ჰყავს და უნდა ჰყავდეს კიდეც სპეციფიური მაყურებელი. ვთქვათ, ხსენებულ "წითელ ზონას" ალბათ იშვიათად ნახავენ სპორტის მოყვარულები, ხოლო საბავშვო გადაცემას მუსიკის მოყვარულები ასევე იშვიათად ჩაუსხდებიან.

ჩვენს პირობებში, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს არაერთი ვალდებულება, მისი რეიტინგი შეიძლება იყოს არა მაღალი, არამედ - მზარდი... ვიმეორებ, ზოგადად არხებისა და არა ცალკეული გადაცემებისა მის ოთხ (ორ ტელე და ორ რადიო) არხზე.

ხოლო იმისათვის, რომ მაუწყებლის პოპულარობა იყოს მზარდი, ხელმძღვანელობამ უნდა გამოიყენოს საზოგადოებასთან კომუნიკაციის სხვადასხვა, მათ შორის, ინოვაციური ფორმები.

(დღეს მიღებული პრაქტიკაა რომელიმე გადაცემის წამყვანის პორტრეტით ბილბორდის განთავსება მეტროს შესასვლელთან და შემდეგ თვითტკბობა, რომ გადაცემის სათანადო რეკლამირება მოხდა).

უმნიშვნელო როდია ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა - დღესაც კი, მაუწყებელი ზოგადად და კონკრეტულად მისი ცალკეული გადაცემები რეკორდს რეკორდზე ხსნიან ინტერნეტში (მაგალითად, გასულ წელს ყველა გადაცემის მომხმარებელთა რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა. სამწუხაროდ, ამ თემაზე ყურადღება არავის გაუმახვილებია).

მოსაფიქრებელია ე.წ. გადახვევით გადაცემების მნახველთა რაოდენობის განსაზღვრის მექანიზმის კვლევაც, რადგან, ბუნებრივია, რომ მაგალითად "უცნობი მუსიკა" კონკურენციას ვერ გაუწევს კომერციული არხის იმ გადაცემას, რომელშიც კატების გატყავებაზე და მათი სისხლის სმის საზეიმო რიტუალზე საუბრობენ... თუმცა, მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი, შესაძლოა გადახვევის სისტემით უბრუნდება შესანიშნავ - "უცნობ მუსიკას".

***

ზემოთქმული მაინც ვერ პასუხობს მთავარ კითხვას - რა არის მაუწყებლის მისია? რა არის მისი არსი?

ჩემი აზრით, აუცილებელია, საზოგადოებამ გაიაზროს მთავარი - საზოგადოებრივი მაუწყებელი (წლიდან წლამდე გარანტირებული მზარდი ბიუჯეტით) ვერც იქნება და არც უნდა იყოს კომერციულ არხთა კონკურენტი, მისი მისიაა დაბალანსებული და მეტ-ნაკლებად ობიექტური ინფორმაციის გადაცემა. მოვლენების მიმოხილვა-ანალიზი ისე, რომ მაქსიმალურად იყოს წარმოჩენილი ყველა აქტორის პოზიცია; პროგრამული პრიორიტეტების დაცვა (სხვა საქმეა, რომ შეიძლება მათი გადასინჯვა); ქსელური კავშირების შექმნა (მაგალითად, სკოლის მოსწავლეები ეჯიბრებიან სკოლის მოსწავლეებს) და ა.შ. სწორედ ესაა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მოკრძალებული ხიბლი.

***

დაბოლოს - ორიოდე აბზაცი (რედაქციას აქვს უფლება, წაშალოს ეს აბზაცები): გასული საუკუნის 90-იან წლებში შევუყევი ჟურნალისტის პროფესიის "მძიმე" აღმართს.

ჩემს რედაქტორ – მასწავლებელთა შორის იყვნენ გამორჩეულებიც - მამუკა ფაჩუაშვილი, პაატა ვეშაპიძე, ვასილ მაღლაფერიძე... უკვე შემდგომ 95-96 წლებში, კახა გაბუნია... მერე პაატა ნაცვლიშვილი და მარინა ვაშაყმაძე... ბევრი ვისწავლე გოგი ჩოჩიშვილისაგანაც.

თუ არ ვცდები, 1999 წელს, როდესაც მარინა ვაშაყმაძისაგან ვსწავლობდი "გაზეტჩიკობას", დიდ მაგიდაზე გაფენილი იყო ბევრ-ბევრი, ერთმანეთზე უკეთესი ფოტოები... მარინა გულმოდგინედ არჩევდა საპირველგვერდოს და შემდეგ პირველი გვერდის სვეტს წერდა (თუ ქართული პერიოდიკის მკვლევარები ოდესმე შეისწავლიან 90-იანი წლების ძალიან კარგ გაზეთებს, უთუოდ დაასკვნიან, რომ "ახალი ქართული გაზეთის" პირველი გვერდები იყო შედევრები და მხოლოდ შედევრები).

ვიჯექი მარინას გვერდით და თვალებდაჭყეტილი ვსწავლობდი სასწავლს.

"რთული პროფესიაა, ირაკლი" - მითხრა ერთხელ მან შუაღამისას, მაშინ, როდესაც ლამის ღამენათევებს გაზეთი დასასტამბად უნდა გაგვეშვა...

ვფიქრობ, რთულ პროფესიას დღეს განსაკუთრებით უჭირს, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა პროფესიის გადარჩენისათვის... რადგან ოდესმე, შესაძლოა, ძალიან გვიან... მაგრამ უთუოდ დადგება დრო, როცა საზოგადოება ზურგს აქცევს სიყვითლეს და აღმოაჩენს, რომ მოკრძალებული ხიბლი ნამდვილ ჟურნალისტიკასაც ჰქონია.

ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი, გადაცემა "ვექტორის" წამყვანი

ბლოგის ავტორი : ირაკლი ტაბლიაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ