ვინ ქმნის დღის წესრიგს
06.04.2015
მასკომუნიკაციაში დღის წესრიგის თეორია ამბების შერჩევა და საინფორმაციო გამოშვების ბადესა თუ გაზეთის ფურცლებზე, მნიშვნელობის მიხედვით, მათი რიგითობის და თანმიმდევრობის განსაზღვრაა.

მიიჩნევა, რომ მედია აყალიბებს საზოგადოებრივ დღის წესრიგსაც. ეს ნიშნავს, რომ მედიის მიერ მნიშვნელოვნად აღქმულ ამბებს მოქალაქეებიც მეტ ყურადღებას აქცევენ. რაც უფრო ხშირად, სხვადასხვა რაკურსით და დიდი ქრონომეტრაჟითაა გაშუქებული თემა, მით უფრო პრიორიტეტული ხდება ის საზოგადოებისთვის. თემები, რომლებიც პრიორიტეტულია საზოგადოებისთვის, შესაბამისად გადადის ხელისუფლების დღის წესრიგშიც. ამიტომაც მედიის მიერ დღის წესრიგის ჩამოყალიბებას განსაკუთრებული შედეგები მოაქვს საზოგადოებისთვის.

ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამ ჯაჭვის რგოლებიც ბოლოს ერთდება - ვინ ახდენს გავლენას მედიის დღის წესრიგზე ანუ საიდან იღებს ის ინფორმაციას, რა კრიტერიუმებით არჩევს და როგორ აშუქებს მას? - სწორედ ამით დგინდება კორელაცია მედიის, საზოგადოების და პოლიტიკოსების დღის წესრიგს შორის.

ტოტალიტარულ ქვეყნებში მედიის და შესაბამისად, საზოგადოების დღის წესრიგს პოლიტიკოსები განსაზღვრავენ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში- პირიქით ხდება. კორელაციის ხარისხი ყველა შემთხვევაში სხვდასხვაა. ამ სამ სუბიექტს შორის კავშირი სახელმწიფოს შეფასების ერთგვარ ინდიკატორადაც გამოდგება.

საქართველოში მედიაზე ზედაპირული დაკვირვებაც საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდე - აქ ჟურნალისტები თემებს ნაკლებად ქმნიან. ისინი, ძირითადად, პოლიტიკოსების მიერ შეთავაზებულ ამბებს მიყვებიან. პრესკონფერენციები, ბრიფინგები, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გავრცელებული განცხადებები მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას დიდ წილს იკავებს.

Mediachecker - ის მონიტორინგის ჯგუფი ერთი კვირის განმავლობაში, (23-29 მარტი) აკვირდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის და კერძო კომპანია „რუსთავი 2“-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს. პირველ არხს დღის განმავლობაში საშუალოდ 2 მასალა აქვს მომზადებული, სადაც ჩანს, რომ თემა თავად მოიფიქრა ჟურნალისტმა. აქედან ერთი სიუჟეტი კულტურის ბლოკში ხვდება. უფრო მეტი თემის წამოწევას ცდილობს „კურიერი“, სადაც ერთ გამოშვებაში საშუალოდ სამ სიუჟეტში საკუთარი ინიციტივით წარმოჩენილია ესა თუ ის საკითხი. ორივე არხზე თემების უმრავლესობა ან პოლიტიკოსების მიერ ჩატარებული პრესკონფერენცია-ბრიფინგებია, ან მათი შეფასებები ერთმანეთის კომენტარებზე.

სიუჟეტების მთავარი სუბიექტი ნაკლებად არის მოქალაქე და ხშირ შემთხვევაში, მედია იმასაც არ უხსნის აუდიტორიას, თუ როგორ გავლენას მოახდენს მაგალითად, რომელიმე კანონის შეცვლა კონკრეტულად მასზე. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღებისას მოქალაქე მხოლოდ დამკვირვებლის როლშია და უმეტესწილად, ვერც ხვდება, რატომ ან როგორ ეხება მას საინფორმაციო გამოშვებაში ნაჩვენები თემები.

ზემოთნახსენებ წრეს რომ დავუბრუნდეთ და დღის წესრიგის თეორიას მივყვეთ, გამოდის, რომ საზოგადოებას ყველაზე მნიშვნელოვნად სწორედ პოლიტიკოსების შეფასებები მიეწოდება და ისინიც პრიორიტეტულად სწორედ იმ საკითხებს მიიჩნევენ, რაზეც ხელისუფლება აკეთებს აქცენტს. უშუალოდ საზოგადოების საჭიროებები მედიაში არ აისახება, შესაბამისად, ვერც გავლენას ახდენს პოლიტიკურ დღის წესრიგზე და მოქალაქე თამაშგარე მდგომარეობაში, პირდაპირი მნიშვნელობით - მაყურებლის როლში რჩება.

დღის წესრიგის ჩამოყალიბების თეორიას ხშირად ფრეიმინგის თეორიაც უკავშირდება, რაც გულისხმობს იმას, თუ რა კონტექსტში, როგორი მიმართულებით შუქდება ესა თუ ის თემა. პოლიტიკოსების გავლენა შინაარსზე კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. ასეთ დროს ცდილობენ მედიას ისე მიაწოდონ თემა, რომ ფოკუსირება იმაზე და ისე მოხდეს, როგორც მათ სურთ. სწორედ ამით შეიძლება გაიზომოს პასუხისმგებლიანი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი - თანამედროვე მსოფლიოში სხვდასხვა საკომუნიკაციო არხებით მედიამდე მისულ ინფორმაციას როგორ სელექციას უკეთებს რედაქცია, ვის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ირჩევს, რა ფრეიმს მოარგებს შემდეგ გასაშუქებლად და სად ხედავს ის ერთი რიგითი მოქალაქის ინტერესებს.

ავტორი : ნატა ძველიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ