10.04.2017
რეალურად, ნამდვილი კრიტიკა პროდუქტის "სრულქმნილად" მიმოხილვაა - კარგის მოწონება და ცუდის დაწუნება, მერე ერთმანეთთან ყველაფრის ოსტატურად გაერთიანება და საზოგადოების "სამსჯავროზე" ახალი საკრიტიკო მასალის გამოტანა... იმ მასალისა, რომელსაც უკვე სხვა კრიტიკოსები "სრულქმნილად" მიმოიხილავენ, კრიტიკის ავტორს კარგს მოუწონებენ, ხოლო ცუდს, რასაკვირველია, დაუწუნებენ...
ასე გაგრძელება "უსასრულოდაც" შეიძლება ... ინსპირაციას მოჰყვება პირველი კრიტიკა; კრიტიკას - კრიტიკა; მერე კრიტიკის კრიტიკას - კიდევ კრიტიკა; მერე კრიტიკის კრიტიკის კრიტიკას - კრიტიკა და ვიდრე თემა არ ამოიწურება, ერთი თემა შეიძლება მიმოიხილოს ათეულობითა ავტორმაც კი... უკლებლივ ყველას მიაჩნდეს, რომ ჭეშმარიტებას ღაღადებს, ხოლო მისი ოპონენტები მცდარნი და შემცდარნი არიან.
წესით, ასე გარდაიქმნება კრიტიკა პოლემიკად... დისკურსად. ასე, ამ აზრთა ჭიდილში ყალიბდება დამოკიდებულება საგნისა და მოვლენის მიმართ. ასე იხვეწება თავად საგანიც.
სხვათა შორის, არათუ მე-19 საუკუნეში, გასული საუკუნის 70-იან, 80-იან და 90-იან წლებშიც კი მიმდინარეობდა არაერთი საჯარო პოლემიკა სხვადასხვა თემაზე. მახსოვს, გაზეთი "7 დღე" ერთ კრიტიკოსს უთმობდა გვერდებს, ხოლო მას გაზეთ "ივერია ექსპრესის" სხვა ავტორი პასუხობდა საკუთარი გვერდებიდან... არც დათოს და არც ფიქრიას (გვარებს შეგნებულად არ დავასახელებ) არაფერი სწყენიათ ერთმანეთისგან... მეტიც, "ენამწარეობის", უფრო კი ენაკვიმატობის მიუხედავად არ მიუ-დაურღვევიათ ეთიკის ნორმები... ესთეტიკური თვალსაზრისით კი, ორივეს წერილები იყო იმგვარი "შედევრები", რომ, კითხვისას, უნებურად, ხან ერთის არგუმენტებს იზიარებდი და ხან - მეორისას.
აღარაფერს ვიტყვი მე-19 საუკუნის და, ვთქვათ, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მიმდინარე ერთ დისკუსიაზე, რომლის შედეგადაც გამოიძერწა ზღაპრის გმირ ნაცარქექიას სრულიად ახალი სახე - დევის თავზე შემოსკუპებული ეს უქნარა კაცი ჩვენ თვალწინ გარდაიქმნა გონიერ პირად, რომელსაც უზარმაზარი დევის გაცურებაც შეუძლია... ამ ყველაფერს სიმბოლურ პოლიტიკურ კონტექსტსაც თუ შევძენთ - დევს გველვეშაპად, ანუ სახელმწიფოებრიობის მოწინააღმდეგე ქვეყანა რუსეთად წარმოვაჩენთ, აღმოვაჩენთ, რომ ღონე სულაც არაა აუცილებელი მაშინ, როცა გონება გვიჭრის და მოწინააღმდეგის დამარცხებას ხერხით ვცდილობთ.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ნაცრის ქექვა და ყველის დევის თავზე გაწურვა საუკეთესო გზაა? რასაკვირველია, არა. თუმცა, რადგან ამ თემაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს, ამაზე აღარ გავხურდები. ხოლო ამ თემის დასასრულ (ვიდრე ძირითად სათქმელამდე), იმას კი ვიტყვი, რომ, ჩემი დაკვირვებით, ამგვარი პოლემიკები მოისპო თუ დასრულდა 90-იანი წლების მიწურულს, როდესაც ერთმა, ხელისუფლებისაგან მხარდაჭერილმა ლიტერატურულმა გამოცემამ და მისმა "მარადმა" რედაქტორმა სიძულვილის ტირაჟირება დაიწყეს.
ეს მათ ყოველთვის გასდიოდათ - გაზეთს პოლიტიკას, ხოლო კრიტიკოსს კვიმატ ენას იმდენად ძალიან უწონებდნენ ძლიერნი და მმართველნი... ოპუს-პასკვილებს დამოუკიდებელი საქართველოს ცენტრალურ კომიტეტშიც მიმოიხილავდნენ და არც სახლმწიფო სუბსიდიებს იშურებდნენ მათთვის.
... ასე ყალიბდებოდა სახელმწიფო პოლიტიკა... დამატებით ასე იკვეთებოდა დამოუკიდებელი საქართველოს წითელი ინტელიგენტის მჭმუნვარე სახე.
ამ კონიუნქტურამ მთავარ კრიტიკოსს მიმდევრებიც გაუჩინა.
მე არ ვიცი, რა დავარქვა მათ - თამაზისტები?.. თუმცა, ამას მნიშვნელობა არც აქვს... მთავარი მაინც ისაა, რომ ჰამლეტისეული - "სიტყვები, სიტყვები, მხოლოდ სიტყვები..." , უფრო კი შინაარსისაგან დაცლილი ღვარძლის ტირაჟირება ქართულ პერიოდიკაში ახლაც გრძელდება.
... და თუ კრიტიკის მიუღებლობაზეც ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ კიდეც - გასაკრიტიკებელ, მაგრამ იმავდროულად კვალიფიციურ პირებს ერთგვარი შიში, უფრო კი მიუღებლობა აქვთ დამკვიდრებული თამაზისტების მიერ დამკვიდრებული კრიტიკის სტილის მიმართ. ჰგონიათ, რომ უკლებლივ ყველაფერი ცილისწამება და პასკვილია.
***
"სრულქმნილი" და ნამდვილი კრიტიკა მოვლენის, პროდუქტის და პიროვნების "სრულქმნილ" შეფასებას კი მოითხოვს, მაგრამ მათ ქებას - არავითარ შემთხვევაში (შესაქი, ანუ, საქები, თუ პოეტებს დავესესხებით მხოლოდ ორია - ნიკორწმინდა (გალაკტიონ ტაბიძე) და ქართული ენა (იოანე ზოსიმე).
ამდენად, მეც არ შევუდგები კოლეგათა ქებას (უფრო კი დიდებას), თუმცა აღვნიშნავ:
ბოლო დროის მსოფლიო მოვლენა - სირიის ავიაბაზის სარაკეტო იერიში და სხვა თანმდევი მოვლენები (მსოფლიოს ლიდერთა რეაქციები, წარსულის მიმოხილვა, გლობალური კონტექსტის ანალიზი და ა.შ.) პრაქტიკულად სრულყოფილად გააშუქა ორმა ქართულმა არხმა - საზოგადოებრივი მაუწყებლის (მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომათა მიმოხილვა) და რუსთავი 2-ის სიუჟეტები არაინფორმირებულ მაყურებელსაც კი "მოიყვანდა აზრზე" თემაზე - რა ხდება ახლო აღმოსავლეთში.
ერთადერთი, ვისურვებდი, რომ ეს, უდავოდ საინტერესო სიუჟეტები, საეთერო ბადეებში განთავსებულიყო უკეთეს დროს. (მე მესმის ტელემენეჯერებისა, რომლებიც უპირატესობას ლოკალურ ამბებს ანიჭებენ, მაგრამ, მეორე მხრივ, მოვლენები, რომლებმაც შეიძლება მსოფლიოს შეცვალოს (დღის წესრიგს ნამდვილად ცვლის), ჩემი აზრით, უფრო ადრე ანუ წინ უნდა ხვდებოდეს საინფორმაციო გამოშვებებში).
ეს უკანასკნელი შენიშვნა, ცხადია, სუბიექტურია... საერთოდაც - კრიტიკა ყოველთვის სუბიექტურია... და მეტიც, ჟურნალისტიკაც სუბიექტურია (გარდა ახალი ამბისა) და, მაგალითად, ტოქშოუს ავტორს ნამდვილად უნდა ჰქონდეს საკუთარი დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენის მიმართ.
მედია კარგია სწორედ მაშინ, როდესაც ის სუბიექტურია, ოღონდ სუბიექტურობა გამდიდრებული უნდა იყოს კვალიფიკაციითაც. ანუ მედია უნდა იყოს სუბიექტური და ყოვლისმომცველი.
დასმული სუბიექტური აქცენტები კი არაა მისი - მედიის პრობლემა, არამედ, სწორედ არასრულფასოვანი, ზერელე მიმოხილვები აქტუალური თემებისა.
სირიის თემის გაშუქებას თუ მივუბრუნდებით, ხსენებულმა ორმა არხმა საუკეთესოდ გააშუქა მოვლენები, თუმცა, მათ კიდევ ერთ შენიშვნას ვკადრებ - ალბათ უკეთესი იქნებოდა, მაყურებელს ენახა ოდნავ ხანგრძლივი ინტერვიუებიც (და არა კომენტარები) ქართველ და არა მხოლოდ ქართველ ექსპერტებთან (თანამედროვე ტექნოლოგიები -მაგალითად, სკაიპით ჩართვა, იძლევა საშუალებას, საინფორმაციო პროგრამებშიც კი ჩავრთოთ ექსპერტები ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან, ბერლინიდან, პარიზიდან თუ ანკარადან... მედია, მათ შორის, ხსენებული არხებიც, ამ შესაძლებლობას არ ან იშვიათად იყენებენ).
თუმცა, თემათა უფრო სრული მიმოხილვა შეიძლება ტოქშოუებშიც... აი, აქ კი გვარიანად გვიჭირს - მოვიშველიებ სიტყვას - პროვინციული და - სწორედ პროვინციული ყვითელი თემები სჭარბობს ტოქშოუთა უმრავლესობაში. ხსენებული სირია, ან, ვთქვათ, რუსული პროპაგანდის მეთოდები და გავლენა საქართველოში, უკუგდებული, მეორეხარისხოვანია.
აქაც, ამ შემთხვევაშიც, კარგ ანალიზს გვთავაზობს სამი არხი - ხსენებული ორის გარდა, "ტვ პირველიც" არაფრით ჩამოუვარდება ამ ორ "მონსტრს".
სხვა არხებს აშკარად უჭირთ - ისინი, გიბოდიშებთ სიტყვისთვის და "აკატავებენ" უცხოურ მასალებს, ამასთან, თუ დავუკვირდებით, პირველწყაროდ გამოყენებულია არა მხოლოდ რუსული არხების ვიზუალური მასალები, არამედ, ის ვერბალური გზავნილებიც, რომლებიც რუსული მედიიდან ისმის.
არადა, ცალსახაა კოლეგებო - აშშ-მ სარაკეტო იერიში მიიტანა იმიტომ, რომ ასადის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი კიდევ ერთხელ გამოიყენა... რუსული არხების და მისი პოლიტ.ელიტის ვიშვიში, რომ, თურმე, ჯერ კიდევ შესასწავლია იყო თუ არა ქიმიური იარაღი, არაფერია, გარდა სიცრუისა და ტყუილების შეგნებულად გავრცელებისა, რომლის მიზანიც იმ პირთა გაორებაა, ვისაც რუსეთი შესაძლოა, არ მოსწონს, მაგრამ არც ცივილიზებულ სამყაროზე ამოსდის მზე და მთვარე.
როდესაც რუსული, ვიმეორებ, რუსული!!! არხები ტყუიან, ეს შეუცვლელი რეალობაა... მაგრამ, როდესაც რუსულ შინაარსს ავრცელებენ ქართული არხები, ეს, უკეთეს შემთხვევაში, არაკვალიფიციურობაა.
***
ყურადღებას მიაქცევდით, სტატიაში შეგნებულად არ დამისახელებია ის არხები (და მით უფრო კონკრეტული კოლეგების გვარები), ვინც ამ მხრივ მართლაც გასაკრიტიკებელია. იმედია, ისინი კრიტიკას, როგორც იტყვიან, ჯანსაღად მიიჩნევენ და თუ მიპასუხებენ, პასუხის პასუხსაც, ბუნებრივია, არ დავზარდები.
***
P.S.
სტატიის წერტილის დასმამდე თვალი მოვკარი ეკა ქადაგიშვილის სიუჟეტს რუსთავი 2-ის P.S-ში... კი ვთქვი მანამდე, კოლეგებს არ ვაქებ–მეთქი, მაგრამ ამ შემთხვევაში თავს ვერ შევიკავებ.
ეკა, შენი სიუჟეტი რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდაზე ქრესტომათიულია... მე რომ რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი (ან გადაწყვეტილების მიმღები) ვიყო, მას სასწავლო პროგრამაში ჩავრთავდი.
ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი, გადაცემა "ვექტორის" წამყვანი