არც საქართველოა ჩრდ.კორეა და არც ბიძინა - კიმ ჩენ ირი!
01.05.2017
სამყარო რომ უფრო თუხთუხებს, ვიდრე, ვთქვათ, 10 წლის წინ, მგონი, ვთანხმდებით.

დღე არ გავა, მსოფლიოს რომელიმე წერტილიდან ისეთი ცნობა არ გავრცელდეს, წინა დღისას რომ ფარავს, მეორეხარისხოვანს ხდის, ისტორიის მოსახვევებში კარგავს.

ინფორმაციის გავრცელების ტემპმაც თავისი როლი შეასრულა ამ დინამიზმში - ის, რაც დროის შემდეგ ვრცელდებოდა, ვთქვათ, მე-20 საუკუნის მიწურულს, წამებში ვრცელდება 21-ე საუკუნის ათიან წლებში. ამ საუკუნის გარიჟრაჟიდან კი არა, ბოლო ათ წელიწადში ბევრი რამ თვალხილული გახდა ყველაზე მივიწყებული ადგილიდანაც კი.

ვინ გააკეთა ეს? ვინ გარდაქმა სამყარო პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე?.. ვინ აათავდაყირავა ყველაფერი?

პოეტი რომ ვიყო, ან, თუნდაც, ცუკერბერგის ან ჯობსის "კარის მწერალი", ამ კითხვებს პასუხს ასე გავცემდი:

"ეჰ, მარკ და სტივ, რომ არა თქვენ - ადამები 21-ე საუკუნიდან, ვინ იცის, იქნებ ბევრი რამ შეუცნობელიც გამხდარიყო ბევრი ჩვენგანისათვის და, ამდენად, წინასწარ კი არ ვიცით, გადარჩება თუ არა რომელიმე მომავალი ნოეს კიდობანი წარღვნისას (თუ ის, რა თქმა უნდა, მოხდა), მაგრამ ის კი ვიცით, რომ წარღვნამდე თუ წარღვნის შემდეგ (გადარჩენის შემთხვევაში), თქვენ უთუოდ დაგიდგამენ ძეგლებს"... :)

ამას რომ დავწერდი, ელფოსტით გავაგზავნიდი ხელმოწერილ კონტრაქტს და მშვიდად დავიძინებდი მორიგ განცდამდე, რომ: "მონა ვარ მისი მუდამ ჟამ და მისი შემამკობელი" .

... მაგრამ, არც მწერალი, არც პოეტი (მით უფრო, ბესიკის ნიჭისა) და ამგვარი ხოტბაც, GOOGLE - ისა თუ FACEBOOK - ის ოფისებში ალბათ არავის სჭირდება. ამდენად, ახლა მაინც უნდა ვანებო თავი ფუჭ ოცნებას და რეალური პრობლემები უნდა აღვწერო.

***

მაშ ასე - ინფორმაციის გავრცელების სისწრაფემ თავდაყირა კი დააყენა წარმოდგენები ბევრ კუნჭულზეც კი, თუმცა, სამწუხაროდ, დახშულობის პრობლემა ამით ბოლომდე სულაც არ აღმოფხვრილა.

მსოფლიოში, სამწუხაროდ, ჯერაც არსებობს არაერთი სივრცე, რომელშიც ვერც "სიტყვის ჩიტი" აღწევს შიგნით და ვერც ამ სივრცეების მცხოვრებლებს გამოაქვთ გარეთ ამბები.

მაგალითად, ჩვენ ვიცით, როგორი ქვეყანაა ჩრდ.კორეა... მაგრამ, ეს ცოდნა სულაც არაა სრულყოფილი, ყოველდღიურად განახლებული... ხოლო ჩრდ.კორეელებს წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ მათი შეშლილი ლიდერის შექმნილის მიღმაც არსებობს სხვა სამყარო - ანუ დანარჩენი მსოფლიო და ეს მსოფლიო მათზე მინიმუმ დარდობს... მათ გათავისუფლებას თუნდაც უბადრუკად ცდილობს.

წარმოიდგინეთ - ჩრდ.კორეაში უმრავლესობას არათუ არ უნახავს, არამედ არც იცის კომპიუტერის, პლანშეტის, მობილური ტელეფონის, ინტერნეტის არსებობის შესახებ... და რომ იცოდეს კიდეც, ეს მათ ცხოვრებაში ბევრს ვერაფერს შეცვლის - შეშლილი ლიდერი სჯის ყველას, ვისაც თავისუფლების იოტისოდენა სურვილი უჩნდება.

ამიტომ, როცა ვფიქრობთ ამ ქვეყანაზე, ჩვენ ვართ არა ხსენებული და და-დითირამბებული ცუკერბერგის ან ჯობსის სასწაულების, არამედ მხოლოდ იმის იმედად, რომ ამ ქვეყნის ჩინეთთან საზღვარს სიცოცხლის რისკის ფასად გადმოლახავენ ჩვეულებრივი ჩრდ.კორეელები და ჩვენ - "ცივილიზებულებს" გვიამბობენ, რას ჩადის კიმ ჩენ ინი...

ეს "განახლებული" ცნობები ამ შემთხვევაში მოხვდება ტრადიციულ მედიაში თუ FACEBOOK-სა და სხვა ქსელებში და იქნებ ამის შემდეგ მაინც მოიფიქრონ "სამყაროს ძლიერებმა", როგორ მოუგრიხონ კისერი ხსენებულ შეშლილ დიქტატორს.

***

ჩრდ.კორეის პრობლემა საყოველთაოა, იქ, როგორც ვთქვი, "სიტყვის ჩიტი" შიგნით ვერ აღწევს... ჩვენ კი ჩვენი ვთქვათ სათქმელი - ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ქვეყანაში სიტყვის, უფრო კი თავისუფალი სიტყვის გავრცელებზე.

***

ჩვეულებრივი ფაქტია, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული ქსელია სწორედ FACEBOOK–ი, რომელშიც, დაუზუსტებელი ცნობებით, 600-650 ათასი მომხმარებელია რეგისტრებული.

თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ 3.7 მილიონი მოქალაქიდან მილიონამდე პენსიონერი და ამდენივე არასრულწლოვანია, გამოდის, რომ დაახლოებით ყოველი მეორე სარგებლობს ამ "ჯადო წიგნით".

ფაქტია ისიც, რომ სოციალურმა ქსელებმა (და, განსაკუთრებით FACEBOOK- მა) სრულიად დაანგრია ოდინდელი (და არა მხოლოდ საბჭოთა) წარმოდგენები სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდულობაზე...

ცუკერბერგის და სხვების სასწაულთა გაჩენამდე არსებობდა სტერეოტიპი, რომ აზრის საზოგადოებისთვის გაცნობა (საზოგადოებამდე მიტანა) მხოლოდ მედიის საშუალებებით იყო შესაძლებელი.

სოციალურმა ქსელებმა ჩამოაყალიბა ახალი - სტატუსის შემქმნელთა "კასტა" და სულაც არაა აუცილებელი, გქოდეთ ჟურნალისტური განათლება (საერთოდაც, სისულელეა ეს ჟურნალისტური განათლება, რადგან ჟურნალისტობა წესით მეორადი პროფესიაა, ანუ კარგი ფეხბურთელიც კი შეიძლება გარდაიქმნას კარგ ჟურნალისტად არცთუ დიდხნიანი წვრთნის შემდეგ).

მოკლედ, სასწაულმა გვითხრა - კარგი ჟურნალისტი, უფრო ზუსტად, კარგი მთხრობელი შეიძლება იყოს კარგი ექიმიც, მასწავლებელიც, ინჟინერიც და მემანქანეც კი, ვისაც ტელეფონის კლავიატურა ემორჩილება.

რასაკვირველია, "მასწავლებელი ჟურნალისტი" ზუსტად ისე ვერ შეედრება "პროფესიონალ ჟურნალისტს", როგორც ეს უკანასკნელი ვერ გაეჯიბრება მას პედაგოგობაში, მაგრამ, მეორე მხრივ, საკმარისია, გქონდეთ ინტერნეტთან მიერთებული მობილური ტელეფონი (ჩვენს შემთხვევაში ჩატვირთული ქართული შრიფტით) და FACEBOOK - ი, რომ შეიძლება გაავრცელოთ გაცილებით ღირებული ინფორმაცია, ვიდრე "სასიქადულო" და ცნობილმა ყველა ჟურნალისტმა (ჩემი ჩათვლით) ერთად.

აღარაფერს ვიტყვი ისეთ "ჭეშმარიტებაზე", როგორიცაა ... ბლოგერობა - ხსენებული კარგი ექიმი (სათანადო მოკლევადიანი მომზადების შემდეგ) შეიძლება გახდეს ბლოგერი... (მთავარია, მან წეროს მედიცინაზე და არა ინჟინერიაზე); კარგი პედაგოგიც (სათანადო, მცირეხნიანი მომზადების შემდეგ) - განათლების (და არა პოლიტიკის) ბლოგერი... დაპატარევებულ და შეცვლილ სამყაროში კარგად გამოჩნდა, რომ კარგი ჟურნალისტი არა ხელოვანი, არამედ ხელოსანია და ეს ხელოსნობა დასაძრახი სულაც არაა.

***

... და ახლა მთავარი!

რას ვხედავთ ჩვენ ჩვენივე სოციალურ ქსელებში? მიმდინარეობს კი "მოქალაქე ჟურნალისტების", უფრო კი ბლოგერების (ექიმების, მასწავლებლების, სპორტსმენების, მეპურეების, მეწაღეების, მემანქანეების და ა.შ.) პროფესიული მსჯელობა თავიანთ სფეროებზე?

მაგალითად - გინახავთ სადმე, რომ ცალკეული ექიმი წერდეს დაახლოებით შემდეგს:

"მე, მზევინარ მთვარიაშვილი, კარგად ვიცნობ სამედიცინო სფეროს და ჩემს სამსახურში ყოველდღიურად ვაწყდები პრობლემას, რომელიც ექიმთა შრომის ანაზღაურებას ეხება... აი, შესაბამისი ფაქტიც... აი, ჩემეული ხედვა, როგორ უნდა გამოსწორდეს ვითარება"

არა, ამგვარი დისკუსიის ინსპირაცია ჩვენში არ ხდება!!!

ისევე, როგორც ვერ ვხედავთ რკინიგზის თანამშრომელთა პროფესიულ მსჯელობას რკინიგზის პრობლემებზე... მეპურეთა მსჯელობას ფქვილის ხარისხზე... პედაგოგთა მსჯელობას სკოლის პრობლემებზე.

მეტიც - უფლებაშელახულებიც კი (და მე ვიცი სამი გაუხმაურებელი ფაქტის თაობაზე), არაფერს წერენ თემაზე – როგორ დაარღვია სახელმწიფომ მათი უფლებები (ერთ შემთხვევაში პოლიციაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქეს)... ისინი, უკლებლივ ყველანი, ამჯობინებენ არა მხოლოდ დუმილს ტრადიციულ მედიასთან (არ აწვდიან მათ ცნობებს), არამედ, დუმილს სოციალურ ქსელებშიც კი.

რა არის ამის მიზეზი?

ჩვენ არ ვართ კიმ ჩენ ირის სამფლობელო...

და ხეებს კი დაატარებს, მაგრამ, საბედნიეროდ, არც ბიძინაა კიმ ჩენ ირი და არც კვირიკაშვილია ჩრდ.კორეის დე-ფაქტო მმართველი.

მეტიც, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს სათავეში მყოფი უკლებლივ ყველა ხელისუფალის დამსახურებით, ჩვენგან დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების მექა სახელმწიფოებამდე გაცილებით მოკლე მანძილია ვიდრე ჩრდილოეთ კორეიდან საქართველოს დღევანდელ მდგომარეობამდე...

ჩვენი ტრადიციული მედია ისედაც "დაუნდობლად" საკრიტიკოა მისივე ზედმეტად ხშირი სიყვითლის გამო (მათ შორის, საინფორმაციო პროგრამებში)... და ასევე იმ მიზეზით, რომ ნაკლებად ინტერესდება ვიწრო თემებით (მეპურეთა, ექიმთა, მასწავლებელთა და ა.შ. პრობლემებით)... მაგრამ, რაში გვჭირდება ტრადიციული მედია, როცა არსებობს ხსენებული FACEBOOK–ი? რა საჭიროა პროფესიონალი ოპერატორის მიერ გადაღებული კადრი მაშინ, როცა ვცხოვრობთ IPHONE -ანდროიდის ეპოქაში?

დიახ, ვაღიაროთ, რომ ტრადიციულ ქართულ მედიას არც დრო და არც რესურსი ჰყოფნის უკლებლივ ყველა თემის გაშუქებისთვის და მეტიც, სამწუხაროდ, ამჯობინებს რა სიყვითლეს, ის არც ინტერესდება ყველა თემა-პრობლემით.

ვაღიაროთ ისიც, რომ ტრადიციულმა მედიამ საზოგადოებას დაუბრუნა ამ უკანასკნელის მიერ დაკვეთილი ყვითელი (მე ამას ქართულად ყვითელს უფრო ვუწოდებდი) პროდუქტი, რომელიც მეტწილად დამყნობილია არა იმდენად უტყუარ, გადამოწმებულ ფაქტზე, რამდენადაც შეგრძნებებზე, ემოციებზე... ემოციებით მანიპულაციაზე.

ვაღიაროთ და შევეგუოთ - ვიდრე ეკონომიკურად გაჭირვებულია ქვეყანა, სიყვითლეზე ზუსტად ისევე იქნება მოთხოვნა, როგორც, ვთქვათ, ძვირ ფულზე, იაფ ლომბარდზე და ბევრ სიგარეტზე... მაგრამ აღიარების შემდეგ თავად ჩვენ - მოსწავლეებმა, სტუდენტებმა... ინჟინრებმა, ექიმებმა და სხვა პროფესიების წარმომადგენლებმა, თავად უნდა გამოვჩორკნოთ, გამოვძერწოთ ჩვენი აწმყოც და მომავალიც - დავიწყოთ დისკუსიები არსებულ პრობლემებზე "თანამედროვე ადამის" - მარკ ცუკერბერგის (თუ სხვათა) შექმნილ სივრცეში და ასე უნდა მივაწვდინოთ ხმა გადაწყვეტილებების მიმღებთ.

მხოლოდ ამგვარი დისკუსიების სიხშირე გამოძერწავს პასუხისმგებლიან და ინფორმირებულ ამომრჩეველს, რომელიც ძალზედ საჭიროა ჩვენივე ქვეყნის განვითარებისათვის.

მხოლოდ ამგვარი პროტესტები და "მიკრორევოლუციები" შეცვლის სფეროებს - განათლების სფეროს, სამედიცინო სფეროს... ხელს შეუწყობს დაქირავებულთა უფლებების დაცვას... შეამცირებს და აღმოფხვრის მოქალაქეთა უფლებათა დარღვევას.

***

გვეშინია?

დარწმუნებული ვარ - არა!

რეალურად, არც საშიში ადამიანები არიან ჩვენ გვერდით...

პრობლემებს გავურბივართ?

დარწმუნებული ვარ - არა!

ყველა პრობლემისგან თავის არიდება, რეალურად, ზრდის ამ პრობლემათა რაოდენობას.

მაშ, რაღა გვიშლის ხელს?

***

"ინფორმაციის გავრცელების ტემპი შეცვლის სამყაროს", - თქვა სტივ ჯობსმა.

მე ვეთანხმები და ცვლილებებიც მინდა!

ბლოგის ავტორი : ირაკლი ტაბლიაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ