როდესაც კადრში ბავშვია
28.04.2015
მახსოვს, 2010 წელი იქნებოდა, “მაესტროს” პერიოდი, ბავშვთა საკითხების მონიტორინგი ახალი დაწყებული იყო, ერთი შენიშვნა უკვე მიღებული მქონდა იასგან (ია ანთაძეს ვგულისხმობ) და ცოტა არ იყოს, დამფრთხალი ვიყავი. შევაწუხე ზარებით, ხან რაზე ვრეკავდი, ხან რაზე. ერთხელ, სიუჟეტი გვქონდა უკიდურესად გაჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახზე. რთულია აღწერა, როგორ სიღარიბეში ცხოვრობდნენ. დედა საწოლზე იჯდა, გვერდით სამი თუ ოთხი ბავშვი მოესვა, ორიც - კალთაში და ისე ყვებოდა კამერასთან საკუთარ გაჭირვებაზე, სათითაოდ ბავშვებზე - რომელს რა უჭირდა, რა სტკიოდა, რა წამალი სჭირდებოდა, რისი ანალიზი, რომელს რომელი საჭმელი ენატრებოდა… დავრეკე ისევ და პასუხის მიღების შემდეგ სერიოზული პრობლემის წინაშე დავდექი. ამდენი ბავშვი უნდა დამეფარა კადრში. რაღა რჩებოდა, “ბლარებიდან”თავამოყოფილი დედა, რომელიც საუბრობდა შვილებზე, რომლებიც არ ჩანდნენ. (“გავბლაროთ”, “დავბლაროთ” ასე უწოდებენ ტელევიზიაში ადამიანის სახის დაფარვას, როდესაც ვინმეს გამოჩენა არ გინდა).

ტელევიზია კადრია. მაყურებელი ძირითად ინფორმაციას სწორედ კადრებიდან იღებს, შემდეგ მოდის ხმა და“ბუნებრივი ხმაური”, ე.წ. „ინტერშუმი“ (ესეც ყოველდღიური სატელევიზიო ტერმინია) და ბოლოს ჟურნალისტის ტექსტი და მისი შინაარსი. როდესაც კადრში არაფერი ჩანს, საყურებელიც არაფერია. ამიტომაც, ძალიან კარგად მესმის იმ რედაქტორებისა და ჟურნალისტების, რომლებიც “დაფარეს” თქმაზე მწარედ ამოიოხრებენ ხოლმე, რადგან “დაფარო”, ნიშნავს, კადრი გააფუჭო. გარკვეულწილად სტიგმაც გააძლიერო, რადგან მგონია, რომ სახედაბლარული ადამიანის დანახვა მაყურებელისთვის რაღაც დანაშაულთან ასოცირდება, სურათთან, როდესაც პოლიციელები მიაცილებენ დაკავებულს, რომლის სახესაც ვერ ხედავს.

მეც გავაფუჭე მაშინ ის კადრი და კიდევ, ალბათ, ბევრი სხვა კადრიც, ვიდრე არ მივხვდი, რომ ის, ვისი გამოჩენაც არ გვინდა ან არ შეიძლება, კი არ უნდა გადავიღოთ და მერე დავფაროთ, არამედ ჯერ დავფაროთ და მერე გადავიღოთ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ჯერ უნდა გვეფიქრა.

გვეფიქრა იმაზე, როგორ გადაგვეღო ვინმე, მათ შორის ბავშვი, ისე, რომ ბავშვიც დაენახა მაყურებელს, პრობლემაც აღექვა და არც ემოცია დაეკარგა.

ვიცი, რომ ასე იქცევიან ხოლმე ჩემი კოლეგებიც - ბევრ კადრს აფუჭებენ, რადგან, როგორც წესი, მხოლოდ ნიუსრუმში დაბრუნების შემდეგ, ზოგჯერ სამონტაჟოში აღმოაჩენენ, რომ კადრში ბავშვია, რომლისთვისაც სიუჟეტში გამოჩენა, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს. ხან კი, სიფრთხილის გამო, საერთოდაც უარს ამბობენ ბავშვების გადაღებაზე. ვიცი, რომ ახალ ამბებში დრო ყველაზე შეზღუდული რესურია, საეთერო დროც და ეთერისთვის მზადების დროც, მაგრამ ვიდრე ბავშვის გადასაღებად წახვიდოდეთ ან შეცდომის დაშვების შიშით, უარს იტყოდეთ მის გადაღებაზე, მინდა ეს რამდენიმე წუთიანი ვიდეო ნახოთ და მერე გადაწყვიტოთ, არსებობს თუ არა გამოსავალი, თანაც ისეთი, რომელიც ამბავსაც ბოლომდე მიგატანინებთ მაყურებელთან და შეცდომისგანაც დაგაზღვევთ. ამ გამოსავალს სწორი და ამავე დროს, საუკეთესო ფორმის მოძებნა ჰქვია, ისეთის, როგორიც ამ ფილმის ავტორმა იპოვა და ისეთის, რომელშიც დეტალები ავსებენ კადრსაც და ამბავსაც.

თამარ რუხაძე

თეგები : ბავშვთა საკითხები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ