შოუდ ქცეული ადამიანური ტრაგედიები
01.05.2015
რამდენიმე წლის წინ ტელეეთერში გადაცემა „პროფილის“ გამოჩენამ მაყურებელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი მიიჩნევდა, რომ გადაცემა მდარე პროდუქტს აჩვევდა მაყურებელს, ნაწილს - წამყვანის კითხვები და რეაქციები აღიზიანებდა. მოგვიანებით პროტესტი ჩაცხრა - ხალხი მიეჩვია.

„პროფილი“ მაშინ პირველი იყო. შემდეგ სხვა მსგავსი გადაცემებიც გაჩნდა. გადაცემები, რომლებშიც არანაკლები სიცხარით მსჯელობენ ყვითელზე ყვითელ თემებზე და ერთმანეთზე ძლიერი სიშმაგით ცდილობენ მაყურებლის გაოცებას - გამოსდით კიდეც.

თუ ერთ შოუში ვიღაც “coming out“-ს გააკეთებს, მეორე მისი პარტნიორის ინტერვიუს შემოგვთავაზებს, თუ ერთი წამყვანი დაინტერესდება, არის თუ არა რესპონდენტი ბოზი, მეორე თინეიჯერს ჰკითხავს, ჰქონია თუ არა ოდესმე სექსი. ერთი თუ 12 წლის ორსულზე რეპორტაჟს მოამზადებს, მეორე - გადაცემაში მოიყვანს და ასე უსასრულოდ.

მაყურებელიც გაოცებას, გაოგნებას და აღშფოთებას გამოხატავს -თანმიმდევრულად და ეფექტურად ან იმდენად ინდიფერენტული ხდება, რომ გაშიშვლებულ სტუმარზეც კი აღარ აქვს რეაქცია. (აკი, ეთერში ასეთი შემთხვევაც გვქონია...)

სიყვითლე ტირაჟისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. სიყვითლე ყველგან იყიდება და დიდი რეიტინგი აქვს, თუმცა ამ პუბლიკაციის თემა ეს სულაც არ გახლავთ. თემა ის შოუა, რომელსაც ჩვენი გასართობი გადაცემები რიგითი მოქალაქეების პირად ტრაგედიებზე დგამენ. შემთხვევებზე, რომლებზეც საჯაროდ ადამიანები მხოლოდ უკანასკნელი იმედის გადაწურვის შემდეგ საუბრობენ, როდესაც იმედოვნებენ, რომ ამ ნაბიჯით გასაჭირს „მომგვარებლებამდე“ მიიტანენ..

ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ეთერში და-ძმა გაუპატიურებული დედის შემთხვევაზე ყვება და ამბობს, რომ ციხიდან გამოსული დამნაშავე საზოგადოებისთვის კვლავ საშიში იქნება, ეს არის მიზეზი, რის გამოც შვილმკვდარი დედა თავის ამბავს გვიამბობს, რის გამოც პედოფილიის მსხვერპლი ხუთი წლის ბავშვის დედა ეთერში მიდის... ამ ადამიანებს შედეგი სურთ და ჰგონიათ, რომ სახალხოდ გამოთქმული საყვედურით გამომძიებელი უკეთ ამუშავდება, დამნაშავეს შერცხვება, დანაშაულზე ხელის დამფარებელს გული აუჩუყდება, სინამდვილეში კი გაუაზრებლად აღმოჩნდებიან ხოლმე გადაცემის მესვეურთა მსხვერპლნი, რადგან მათი პირადი ტრაგედიებით ისინი შოუს დგამენ და ცდილობენ, პირად და ინტიმურ ამბებზე რაც შეიძლება დეტალურად მოაყოლონ, რეალური პრობლემის განხილვის ნაცვლად - სკანდალური შოუ გამართონ და საოცნებო რეიტინგი ამ გზით აიმაღლონ.

„ეს უკვე სხვა გადაცემის ფორმატია, ეს ის დეტალებია, რომელსაც, ალბათ, უფრო, საინფორმაციო გამოშვევები გაარკვევენ, მე მეგონა, ბავშვის პრობლემების შესახებ უფრო მეტი ეცოდინებოდა ოჯახის წევრებს“, - ასე აწყვეტინებს შვილმკვდარ დედას ერთ-ერთი გადაცემის ავტორი და წამყვანი სიტყვას, როდესაც ეს უკანასკნელი ცდილობს, გამოძიებას კიდევ ერთხელ, ამჯერად - ტელეეთერიდან მიმართოს და შვილის თვითმკვლელობის საკითხის შესწავლაში დახმარება სთხოვოს...



მედიამ კარგად იცის, რომ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების გარდა, არაფრისმომცემია ეჭვმიტანილის დაუძლურებული მამის ეთერში ჩართვა, თუმცა ამას მაინც აკეთებს - მაყურებელს კაცის მორალური განადგურებით „შეკაზმულ“ შოუს სთავაზობს და იცის, გადაცემის ბოლოს კონკურენტებთან რეიტინგით იამაყებს.

ჟურნალისტებმა ისიც იციან, რომ გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ სტუმარს რეიტინგისთვის სასურველ კითხვებს დაუსვამენ. ასე ეკითხებიან 19 წლის ბიჭს, ჰქონია თუ არა სექსი. მოგვიანებით ატეხილ აჟიოტაჟს კი მედგრად იგერიებენ არგუმენტით, რომ რესპონდენტი ტელევიზიაში დაასაქმეს და ოპერაციას გაუკეთებენ.

რატომ მანიპულირებენ ჟურნალისტები ადამიანური ტრაგედიებით? გადაცემის რეიტინგი - ეს მთავარი არგუმენტია, რომელიც მათ პირველობის გარანტიას აძლევს, კრიტიკოსებს აჩუმებს, სტუდიაში მისულ შოუს გმირებსა და სეირის მოყვარულ მაყურებელს კი კმაყოფილს ტოვებს. გაშუქების ამგვარი ფორმა მეორეხარისხოვანს ხდის იმ პრობლემას, რომელიც ადამიანებს ეთერში მისვლას და მის საჯაროდ მოყოლას აიძულებს.

თეგები : ტრაგედიების გაშუქება ;
ბლოგის ავტორი : თამარ კარელიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ